საქართველოს სამეფო კანცელარიის 2010 წლის განცხადების დანართი №3

The Crown of Georgia

საქართველოს სამეფო კანცელარიის 2010 წლის განცხადების

დანართი №3

ქართული დინასტიური სამართლის წესები

(განხილული ისტორიულ და გენეალოგიურ კონტექსტში)

დღეს ბაგრატოვანთა სახელოვან გვარს 150-ზე მეტი შთამომავალი ჰყავს საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ. ბუნებრივია, რომ საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე ყველა ვერ იქნება, ამიტომ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ მკვლევარების წინაშე დადგა საქართველოს სამეფო ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრის დადგენის საკითხი.

Giorgi_XII - 2საქართველოს სამეფო ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრის დადგენისათვის კი, პირველრიგში, საჭირო იყო გათვალისწინებულიყო ის ფაქტორი, რომ საქართველომ, მიუხედავად 200 წლიანი რუსეთის ბატონობისა, ერთიანი სახელმწიფოს სახით მოაღწია დღემდე და არა დაყოფილი – კახეთის, ქართლის და იმერეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოების სახით. სწორედ ამიტომ, ერთიანი საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრის გამოსავლენად მკვლევართათვის პირველ რიგში, საჭირო იყო დადგენილიყო, მოაღწია თუ არა დღემდე საქართველოს უკანასკნელი მეფის – გიორგი XII-ის სამართალმემკვიდრე ოჯახმა, და ასევე, მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტორიც, თუ რომელი ოჯახი მომდინარეობდა ერთიანი სახელმწიფოს დაშლამდე მყოფი (XV საუკუნე), ერთიანი საქართველოს ბოლო მეფის – გიორგი VIII-ისაგან, რისი დადგენაც აუცილებელი იყო საერთაშორისო სამართალის მოთხოვნის თანახმად. საქართველო რომ არ დაშლილიყო სამ სამეფოდ, სწორედ გიორგი VIII-ის მემკვიდრეები გააგრძელებდნენ ერთიანი საქართველოს მართვას (იხ.”In the Duty of Man and Citizen, წიგნი 2, თავი 10, N0. 12, გვ. 135; ჟან ჟაკ ბურმალაკი,”The Principles of Politic Law: being a Sequel to The Principles of Natural Law”, ნაწილი 2, თავი 3, № 42(1); ემერიხ დე ვატტელი, ”The Law of Nations”,, წიგნი 1, თავი 5, № 66. ასევე, დოქტორ შტეფან კერრის ახლად გამოცემული წიგნი ”Non-Territorial Sovereignty”, რომელშიც ზედმიწევნით არის მოყვანილი არამოქმედი სამეფო ტახტის მემკვიდრეთა უფლებები და წესები).

VIII-IX სს. მიჯნაზე მიმდინარეობს ტაო-კლარჯეთის სამთავროს ჩამოყალიბების პროცესი ბაგრატიონთა დინასტიის მეთაურობით. ეს ახალწარმოქმნილი პოლიტიკური ერთეული იმ პერიოდის საქართველოს ტერიტორიაზე ერთ-ერთი უძლიერესი გაერთანებაა, რომელიც ფაქტობრივად ძველი ქართული მიწების (რომელიც მეფე ფარნავაზისა და მეფე ვახტანგ გორგასლის დინასტიებს ეპყრათ და შემდგომ, არაბობის პერიოდში დაქუცმაცდა) გასაერთიანებლად იბრძვის (იხილეთ მეფე ვახტანგ VI-ის გენეალოგიური სქემა).

წმ. აშოტ I დიდის გადაწყვეტილებით მმართველობის ტიტული მიიღო მისმა შუათანა ვაჟმაბაგრატმა, რაც მისი უფროსი ძმის ადარნასეს თანხმობით მოხდა (გიორგი მერჩულე, “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება” X.). სწორედ ამ ისტორიული წყაროდანაც დასტურდება ქართული ტრადიციული მემკვიდრეობითი წესი, რომლის თანახმადაც ტახტის მემკვიდრეობა უმცროს ძმაზეც შეიძლებოდა გადასულიყო და უფროსი ძმის არსებობის მიუხედავად ტახტის მემკვიდრეობა უმცროსით გაგრძელებულიყო, რასაც სრულებით გამორიცხავს მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში არსებული ე.წ. “სალიკური” წესი.

როგორც აკადემიკოსი როინ მეტრეველი აღნიშნავს: “ნიშანდობლივია, რომ დავით აღმაშენებელმაც 1125 წლის საანდერძო განკარგულებაში, …შესაძლებლად დაუშვა უმცროსი შვილის გამეფება” (აკადემიკოსი როინ მეტრეველი, “სხვაობა ექვსასი წელი, დავით აღმაშენებელი და პეტრე პირველი”, თბილისი, 2008 წ., გვ. 38). 

შემდგომში, ბაგრატ I კურაპალატი ხდება გენეალოგიურად უმცროსი შტოს – ტაოს ბაგრატიონთა სახლის ფუძემდებელი, რომელიც ძირითად მმართველ შტოდ გვევლინება კლარჯეთის შტოსთან მიმართებაში. ამ შტოს წარმომადგენლები, IX საუკუნიდან დავით IV აღმაშენებლის მეფობამდე, კურაპალატის ტიტულს ატარებდნენ (კურაპალატი საპატიო ტიტულია, რომელსაც ბიზანტიის იმპერატორები ქართველ მეფეებს ანიჭებდნენ).

ეს ისტორიული მოვლენა, რომელიც შემოგვინახა “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” შესანიშნავმა ძეგლმა, ნათელს ჰფენს, თუ როგორი იყო ბაგრატიონთა დინასტიური სამართლის ტრადიციული წესი და ეს წესი იყო ბიზანტიურ-სპარსული წესის ანალოგიური, რომლის თანახმადაც სამეფო ტახტზე ასვლა შეეძლო, არა მარტო უფროს ვაჟს, არამედ უმცროსსაც და თუ ვაჟი არ იყო სამეფო სახლში (ოჯახში), მაშინ ქალსაც (რის მაგალითებსაც, უკვე ნათლად ვხვდებით XII-XIII საუკუნეების პერიოდში) და არავითარ შემთხვევაში საგვარეულოს გვერდითი არასამეფო შტოს წარმომადგენელს.

BAGRAT III - 2მე-IX საუკუნის ბოლოს (898 წ.) ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა დინასტიის ტაოს შტოს წარმომადგენელი ადარნასე II (898-923) ღებულობს “ქართველთა მეფის” წოდებას (იგულისხმება ტაო-კლარჯეთი და ქართლის გარკვეული რეგიონები). როგორც უკვე აღვნიშნეთ, IX-X სს.-ში ტაო-კლარჯეთში უმაღლეს ხელისუფლებას ფლობდნენ აშოტ I კურაპალატის შუათანა ძის ბაგრატ I კურაპალატის მემკვიდრეები. სწორედ ამ შტოს წარმომადგენელი იყო ბაგრატ III (975-1014) – რომლის დროსაც კვლავ გაერთიანდა ქართული მიწები. კერძოდ, ბაგრატ III იყო მეფეთ-მეფე გურგენ II-ის შვილი, ანუ ტაო-კლარჯეთის ჩრდილოეთ ნაწილის და ქართლის გარკვეული ტერიტორიის ლეგიტიმური მემკვიდრე, ხოლო ტაო-კლარჯეთის სამხრეთ ნაწილის მმართველის – დავით III კურაპალატის მიერ ბაგრატის შვილობის აქტით, ბაგრატი ხდება მთელი ტაო-კლარჯეთის, აფხაზეთის (დედის მხრიდან) და ქართლის (მამის მხრიდან) სამართალმემკვიდრე. ეს ისტორიული მაგალითი მიგვითითებს იმაზე, რომ შვილობის აქტი მიღებული წესი იყო გარკვეული მემკვიდრეობითი უფლებების ლეგიტიმურად გადაცემისა ნაშვილებ პიროვნებაზე.

X-XI საუკუნეები ერთიანი საქართველოს მონარქიის ფორმირებისა და განმტკიცების ხანაა. XII-XIII საუკუნეებში საქართველო წინა აზიის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოა.

ქართული დინასტიური სამართლის ტრადიციული წესების დარღვევა მიუღებელი იყო ბაგრატიონთათვის საუკუნეების მანძილზე. თუკი, რომელიმე მათგანს სურვილი უჩნდებოდა ამ წესების დარღვევისა, მას შეძლებისდაგვარად სახელმწიფო აპარატი წინააღმდეგობას უწევდა და განხორციელების საშუალებას არ აძლევდა. ასე მოხდა, მაგალითად საქართველოს მეფის, წმ. დემეტრე I-ის (1125-1156) დროს, როდესაც მისმა უფროსმა ვაჟმა, ტახტის კანონიერმა მემკვიდრემ, ვერ მოითმინა მამის ხანგრძლივი მეფობა, აუჯანყდა მას, “…ურჩ დიდგვარიანებს მიემხრო და თავის მამას – დემეტრეს ებრძოდა” (კ.გრიგოლია, რას მოგვითხრობს “ქართლის ცხოვრება”, მეორე შევსებული და შესწორებული გამოცემა, თბილისი, 1971 წ., გვ. 157.)

თავად გამეფდა დავით V-ის (1155) სახელით, ხოლო დემეტრე მეფე მონასტერში ბერად აღიკვეცა. მეფის სურვილის წინააღმდეგ წასვლით მან შელახა ქართული დინასტიური სამართლის წესი, რის გამოც მას დაუპირისპირდა მამის, დემეტრე მეფის მომხრე პოლიტიკური დასი, რის შედეგადაც ის იქნა დამარცხებული ბრძოლაში.

დემეტრე პირველი (2)მეფე დემეტრე დაბრუნდა ტახტზე. ქვეყნის ინტერესების დასაცავად დემეტრე ენერგიულად ჩაერთო სახელმწიფო საქმეებში, მან თანამმართველად უკვე თავისი უმცროსი შვილი გიორგი გამოაცხადა. როგორც ისტორიკოსი ნუგზარ მოლაშვილი განმარტავს: ქართველი კაცის ბუნება ისეთია, რომ დაჩაგრულის მხარესაა თითქმის ყოველთვის, ემოციურადაც დემნა გასამეფებლად გვემეტება, მაგრამ კანონის მხრივ რომ შევხედოთ იურიდიული აპექტით, ტახტის მემკვიდრე გახლავთ მეფის შვილი, და რადგან ტახტზე ისევ დემეტრე დაბრუნდა, უნდა გამეფებულიყო მისი შვილი, გიორგი მესამე” (მედია-ჰოლდინგი “დრონი.ჯი”, ”ბაგრატიონთა დინასტიის ყველაზე სისხლიანი ისტორია”, 30.09.2013). ეს ისტორიული მაგალითი, უპირველესყოვლისა მიგვითითებს იმ წესსზე, რომ მირონცხებული მეფის ტახტიდან ჩამოგდება ძალადობრივად, მისი ნების საწინააღმდეგოდ, დინასტიური სამართლის უხეში დარღვევაა.

მეცნიერთა განმარტებით, გიორგი III-ის გამეფებაზე ობიექტურად მსჯელობა რთულია, რადგან საქართველოს ისტორიის ეს მონაკვეთი სუბიექტურადაა აღწერილი, როგორც ქართულ, ასევე სომხურ წყაროებში. ქართული წყაროები მეფე გიორგი III გავლენითაა დაწერილი, სომხური კი საქართველოდან გიორგი მეფის მიერ განდევნილ ორბელთა გვარის შთამომავლების მონაყოლზე დაყრდნობითაა შექმნილი, რომელთა წინაპარიც უზურპატორ დავით V-ის ვაჟის – დემნას სიმამრი და მისი პოლიტიკური დასის წარმომადგენელი იყო, ამიტომ სავსებით სავარაუდოა, რომ მათი პოზიცია გარკვეულ წილად ტენდენციურიც ყოფილიყო.

დემეტრეს გარდაცვალების შემდეგ, ის, თუ რატომ ვერ ადის ტახტზე დამარცხებული მოძალადე მეფის, დავითის ძე დემნა, შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით ყოფილიყო გამოწვეული, ერთი ის, რომ შესაძლოა იგი მამის დანაშაულის გამო მემკვიდრეობიდან იქნა მოკვეთილი მირონცხებული ბაბუის მიერ, მეორე, თავისი მცირეწლოვნობის გამო ვერ ადის სამეფო ტახტზე, რის გამოც შესაძლებელია, დემნასა და ბიძამის გიორგის შორის რაიმე შიდადინასტიური გარიგება არსებობდა, როგორც ამას უკვე მოგვიანებით, წმ. თამარ მეფისაგანაც დევნილი ორბელთა გვარის ერთერთი წარმომადგენელი, სტეფანოზი წერს.

საყურადსაღებოა ისტორიკოს ვაჟა კიკნაძის მოსაზრება: “აშკარად დემნა გამოიყენეს უბრალოდ, როგორც ფარი, რომლის უკანაც სერიოზულმა ძალებმა მოიყარეს თავი და ეს არ იყო ქართული სახელმწიფოს სასიკეთოდ. მე დარწმუნებული ვარ დემნა მხოლოდ სათამაშო იქნებოდა მათ ხელში” (მედია-ჰოლდინგი “დრონი.ჯი”, ”ბაგრატიონთა დინასტიის ყველაზე სისხლიანი ისტორია”, 30.09.2013).

GIORGI III (2)ფაქტია, რომ გვირგვინს იდგამს დემეტრე მეფის უმცროსი შვილი გიორგი, შემდგომში მეფე გიორგი III. დემნამ, მოგვიანებით, მაინც მამამისივით აჯანყება არჩია, უკვე მირონცხებული ბიძის წინააღმდეგ, რის გამოც იგი დაისაჯა და შედეგად 1178 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ, გიორგი III-მ უკვე თავისი უფროსი ქალიშვილი თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა, რომელიც 1184 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, ქართული დინასტიური წესის თანახმად ავიდა ტახტზე.

დღეს, მავანნი, რომელნიც გაცხარებულნი ეწინააღმდეგებიან ზოგადად ქალის გამეფებას საქართველოში (ვინაიდან ბატონიშვილ ნუგზარს ქალიშვილები ჰყავს) და ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ტახტი ეკუთვნოდა დემნას და არა თამარს, ვერ ხვდებიან, რომ ისინი ამ საქციელით, ნებსით თუ უნებლიედ, შეურაცხყოფენ წმიდა თამარის სახელს, რადგან ამით, თამარი “ტახტისათვის” მებრძოლი გამოჰყავთ. სინამდვილეში, თუ “ბრძოლა ტახტისათვის” მართლაც მიმდინარეობდა, ეს მხოლოდ გიორგი III და დემნას შორის ხდებოდა და ეს ბრძოლა დემნას სასარგებლოდაც რომ გადაწყვეტილიყო და მასაც მხოლოდ ქალიშვილები შესძენოდა მომავალში, რასაკვირველია დემნას უფროსი ქალიშვილი ავიდოდა საქართველოს სამეფო ტახტზე და არა რომელიმე გვერდითი, არასამეფო შტოს ვაჟი ბაგრატიონი, ვინაიდან, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოში ტახტის მემკვიდრეობის სპარსულ-ბიზანტიური წესი იყო და ამ წესის განმარტება, ჯერ კიდევ 1990 წელს, ტრადიციონალისტ აკაკი ასათიანს მოჰყავს მონარქისტულ გაზეთ “ძლევაი”-ში, სადაც ავტორი წერს: “ეს პრინციპი ყველა სამართლებრივ და, მათ შორის, რასაკვირველია, ქართულ მონარქიაშიც გულისხმობდა და გულისხმობს მეფობის უფლების გადაცემას მამიდან შვილზე (თუ შვილი რამდენიმეა – უფროს ვაჟზე, თუ ერთია, ასულიც რომ იყოს – მასზე), ხოლო მეფის უშვილობის ე.ი. პირდაპირი მემკვიდრის უყოლობის შემთხვევაში, ძმიდან მომდევნო ძმაზე (თუ ძმა არ ყავს – დაზე), და თუ არც ძმა ყავს და არც და, მაშინ უახლოეს ნათესავზე ჯერ მამრობითი და მერე მდედრობითი ხაზით; როცა მემკვიდრე ქალია, სპეციფიკური წესით, რომელიც მხოლოდ სამეფო ოჯახებზე ვრცელდება, იგი არამარტო მეფობის უფლებას იღებს, არამედ გვარსაც აგრძელებს, როგორც ეს თამარის დროს მოხდა… ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივია, რომ გიორგი IV ლაშა თამარის ძედ იხსენიება და არა დავითის (სხვათა შორის მსგავსი ვითარებაა, მაგალითად, დღეს ინგლისის, დანიის, ჰოლანდიის და რუსეთის სამეფო სახლებში)” (იხ. გაზეთი “ძლევაი”, “ვის ეკუთვნის საქართველოს ტახტი?”, აკაკი ასათიანი, №1, 1990 წ., გვ. 4).

იქნებ, ვინმემ ისიც თქვას, რომ სახელმწიფო დასს იმის ინფორმაცია არ გააჩნდა, რომ იმ დროისათვის არსებობდა ბაგრატიონთა რამოდენიმე გვერდითი შტო, კერძოდ ლორე-ტაშირისა, ჰერეთის (არსებობს ვარაუდი, რომ შოთა რუსთაველი სწორედ ამ პროვინციის ბაგრატიონთა სამეფო შტოს წარმომადგენელია), ან იგივე ოსური შტო, რომელსაც მიეკუთვნებოდა დავით სოსლანი (იხ. დანართი № 1).

როდესაც თამარ მეფის ახალი სავაზირო შეუდგა თამარის შეუღლების საკითხის განხილვას, ამას ეძლეოდა დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა. სახელმწიფო მესვეურნი, პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სამხედრო კავშირების გაძლიერებაზე ორიენტირებულნი, ეძებდნენ ძლიერ და გავლენიან სახელმწიფოს უფლისწულებს ზედსიძედ (მეუღლე-კონსორტად). როგორც ისტორიკოსი სერგი მაკალათია წერს: “ამასთანავე რელიგიურ რწმენასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და ყოველთვის უპირატესობა ეძლეოდა ერთმორწმუნე სახელმწიფოს უფლისწულებს. საქართველოს სამეფო ტახტზე ზედსიძედ უნდა მოეწვიათ უცხო ტომის ისეთი პირი, რომელიც რწმენით ქრისტიანე უნდა ყოფილიყო ან მიეღო ქრისტიანობა” (სერგი მაკალათია, თამარ მეფე, თბილისი, 1942, გვ.19). 

სავაზირო დასმა გადაწყვიტა თამარის მეუღლედ მოეწვიათ რუსეთის მთავრის, ანდრია დიდის ბოგოლუბსკის შვილი იური, რომელიც იმ დროს იმყოფებოდა ყივჩაღებში, ქალაქ სუნჯში. გიორგი რუსი იყო ქრისტიანი და ძლიერი მთავრის შვილი. თუმცა, თამარი არ იზიარებდა სავაზიროს გადაწყვეტილებას და დიდებულებს ეუბნებოდა: “კაცნო, ვითარ ღირს შეუტყობლად ესე ვითარისა საქმისა ქმნად: არა ვიცით კაცისა ამისთვის უცხოსა, არცა ქცევა, არცა საქმე, არცა ბუნებისა და ჩვეულებისა, არცა მხედრობისა და სიქველისა: მაცადეთ, ვიდრემდის განიცადოთ ყოველთა სიკეთე გინა სიდრკუე მისი” (სერგი მაკალათია, თამარ მეფე, თბილისი, 1942, გვ.20).

მეფეთ-მეფე თამარის სახელმწიფო დასის (დარბაზის) მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თავიდანვე გულისხმობდა ზემოთხსენებული ქორწინების ქართული დინასტიური სამართლის წესით განხორციელებას, კერძოდ ამოქმედდებოდა “ქართული საქორწინო სამართალი ზედსიძეობის შესახებ”, რაც გულისხმობდა იმას, რომ გაჩენილი ბავშვი იქნებოდა თამარის სამეფო გვარისა და ხაზის გამგრძელებელი.

სამწუხაროდ გამართლდა თამარ მეფის ეჭვები და განაწყენებული და პირადი ინტერესებით აღვსილ ფეოდალთა ნაწილის წაქეზებით გიორგი რუსმა მოინდომა გამხდარიყო “სრულუფლებიანი მეფე და არა თამარის უბრალო მეუღლე” (იქვე, გვ.21). რის გამოც იგი განდევნილ იქნა საქართველოდან, ხოლო მისი წამქეზებელნი კი დასჯილნი.

თამარ მეფის პირველი ქორწინების წარუმატებლობის შემდგომ, იგი დავით სოსლანზე გათხოვდა, რომელიც ბაგრატიონთა გვარის ერთერთ განშტოებას მიეკუთვნებოდა “რომელიც არ აცხადებდა არავითარ პრეტენზიებს საქართველოს სამეფო ტახტზე. იგი იყო თამარის ერთგული მეუღლე და თავის ვაჟკაცობით და გულადობით იცავდა თამარის მონარქიულ უფლებებს” მემატიანე მას ასე ახასათებს: “რამეთუ ოვსთა მეფისა შვილი იყო ყრმა იგი და გვარადაც ბაგრატოვანი” (სერგი მაკალათია, თამარ მეფე, თბილისი, 1942, გვ.19).

დავითი გიორგი რუსისგან განსხვავებით, თავიდანვე დაექვემდებარა ქართულ დინასტიურ სამართალს, რის თანახმადაც დავითი თამარის მოსაყდრე – მეუღლე-კონსორტი გახდა და ამ ქორწინებიდან შეძენილმა შვილმა წესისამებრ გააგრძელა დედის სამეფო ხაზი და იგი ისტორიულ სიგელებში მოხსენიებულია, როგორც მეფე გიორგი IV ბაგრატიონი, ძე მეფეთ-მეფე თამარისა და არა დავით სოსლანის ძე, ან “ბაგრატიონ-ბაგრატიონი” (?!) (ქართლის ცხოვრება. ტ.I. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. თბ., 1955, 369).  

მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე ლაკონურად აყალიბებს მეფეთ-მეფე თამარის მეუღლის სტატუსს ”…მისი (თამარის) მეუღლე მეფედ სახელიდებოდა, მაგრამ იურიდიულად ის იყო ”მოსაყდრე” (საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია. მეორე გამოცემა. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე., თბილისი, 2009 წ. გვ. 803).

ასევე, ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანე ასე ასათაურებს მეფის ცხოვრებას: „ცხოვრება გიორგი მეფისა, თამარის ძისა“ ( „ქართლის ცხოვრება“), და არა “დავითისა და თამარის” ძედ !

ქალის ტახტზე ასვლის მაგალითები საქართველოში თამარამდეც არსებობდა, მაგალითად ჰერეთის ბაგრატიონი დედოფლები – წმ. დინარა I (X ს.) და დინარა II (1000-1010). ბიზანტიაში კი მრავლადაა სუზერენი ქალების რაოდენობა, მაგალითად: იუსტინეს დინასტიიდან ტახტზე იჯდა თეოდორა I (527-548); ისავრიელთა დინასტიიდან ირინე, რომელიც ორჯერ ავიდა ტახტზე, პირველად 780-790 წლებში და მეორედ 797-802; ამორიის დინასტიიდან თეოდორა II (842-856); მაკედონელთა დინასტიიდან ტახტზე ადის ზოია 1042 წელს, ხოლო თეოდორა III, ჯერ 1042 წელს ადის ტახტზე, ხოლო მეორედ 1055-1056 წლებში. ასევე, სპარსეთში, მაგალითად: სასანიდების დინასტიიდან ტახტზე ადის მეფე ხოსრო II-ის ასული ბორანი 630-632 წლებში და იგივე მეფის მეორე ასული აზარმიდუხტი 632 წელს.

XVIII საუკუნეში, როდესაც შაჰ-თამაზს მოუკლეს ვაჟი მემკვიდრე და მას დარჩა მხოლოდ ქალიშვილები, ნადირ-ხანის ზეწოლით, დიდებულებმა და ჯარმა სთხოვეს ნადირს დაედგა შაჰის გვირგვინი. როგორც ისტორიკოსი მირზა მეხთი აღწერს თავის ისტორიულ თხზულებაში „ცხოვრება ნადირ შაჰისა“, ნადირი გამოვიდა კარვიდან და ბრძანა: „თანახმა ვარ, ოღონდ არასდროს წამოაყენებთ სეფიანთა გვარის ნაშიერს, არცა კაცსა და არცა ქალსა, რომელი მხრიდანაც არ უნდა გამოჩნდეს ის“. როგორც ჩანს, უზურპატორ ნადირ-შაჰს კარგად ესმის, რომ სეფიანთა დინასტიიდან დარჩენილი ქალი წარმომადგენლები ფლობენ ლეგიტიმურ უფლებას ტახტთან მიმართებაში და წინასწარ იზღვევს თავს მათგან, რადგან შესაძლებლად თვლის მათ გამეფებას.

ასევე, როდესაც რუსეთში გადახვეწილი იმერეთის მეფე არჩილ II-ის ვაჟი მემკვიდრეები: დავით, ალექსანდრე და მამუკა უკვე გარდაცვლილნი იყვნენ და მეფეს მხოლოდ ქალიშვილი დარეჯანი დარჩა, მეფემ გარდაცვალების წინ შექმნილ “ანდერძში რუსეთის იმპერატორს (პეტრე I-ს) თხოვდა, ყურადღება მიექცია მის ერთადერთ ქალიშვილ დარეჯანისთვის, ღირსეულად გაეთხოვებინა იგი და სამეფო გვარი გაგრძელებულიყო ქალიშვილის შტოთი(იხ. შანშე მეგრელაძე, ჩვენი სახელოვანი სამხედრო წინაპრები, თბილისი, 1979, გვ. 13).

ქალის მეშვეობით საქართველოში სამეფო სახლის უფლებების გადაცემის თაობაზე, ასევე აღნიშნავს მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე: “ბაგრატიონების სამეფო სახლმა ძველი – “ხოსროიანთა” სამეფო დინასტიისაგან მიიღო ქვეყნის მმართველობის ლეგიტიმური უფლება “მეფის” წოდებისა. ლეგიტიმურობის უფლება ასეთი გზით განხორციელებულა: ადარნასე ბაგრატიონის ქალიშვილი ლატავრი შეირთო ხოსროიან-გორგასლოვან მეფეთა შთამომავალმა ჯუანშერ არჩილის ძემ. ბიზანტიისა და იმდროინდელ ბიზანტიურ სამყაროში მიღებული წესის თანახმად, ქალსა და მის ნათესავებსაც მამაკაცთა დარად გადაეცემოდათ სახლის უფლება…  ლეგიტიმურობის გადაცემის უფლება ქალის გზით საქართველოშიც რომ ყოფილა გავრცელებული, ეს კარგად ჩანს “აბო თბილელის” წამებიდან: “განდევნილი ნერსე ერისთავის მაგიერ ქართლის ერისთავად არაბებმა დააყენეს სტეფანოზ გურგენის ძე… რადგანაც სტეფანოზი მისი დისწული იყო, დისწულისათვის “ერისთავობის” პატივის მინიჭება ნერსემ თავისი “სახლის უფლების” დაცვად მიიჩნია: “რამეთუ უფლებაი იგი სახლისა მისისაგან არა განაშორა ღმერთმან”… აქედან ჩანს, რომ სახლის ლეგიტიმური უფლება “ერისთავობისა” თუ “მეფობისა” გადაეცემოდა ქალის ნათესავებსაც” (იხ. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. საქართველოს საეკლესიო კრებები. წიგნი II. თბილისი, 2003, გვ.87-88)

როდესაც საქართველოში მეფის რიგითი ქალიშვილები თხოვდებოდნენ მეზობელი ქვეყნების მეფეებზე, უფლისწულებზე, ან თუნდაც ქართველ თავადებზე, მაშინ მათ მიერ გაჩენილი შვილები შემდგომში აგრძელებდნენ მათი ქმრების საგვარეულო ხაზებს (გვარტომს). ხოლო, როდესაც საქართველოში სამეფო ტახტის მემკვიდრე იყო ქალი, მისი გათხოვებისას მოქმედებდა ქართული დინასტიური სამართლის წესი – “ქართული საქორწინო სამართალი ზედსიძეობის შესახებ”, რომელიც საუკუნეების მანძილზე დაცული იყო ქალი მეფეების ქორწინებების დროს და ამ შემთხვევაში გაჩენილი შვილები აგრძელებდნენ დედის სამეფო ხაზს (იხ. დ. ნინიძე “ბაგრატიონთა სახლის განშტოებათა ისტორია” (XII-XVIII სს) თბილისი, 2004, გვ.41).

ფაქტობრივად ასეც მოხდა მოგვიანებით, როდესაც მეფე თამარი დავით სოსლანზე გათხოვდა, ამ ქორწინებიდან შეძენილი შვილები – გიორგი IV ლაშა და რუსუდან I დედის – თამარ მეფის სამეფო ხაზის გამგრძელებლები არიან, რაც ასევე დასტურდება ლაშა-გიორგისა და რუსუდან I-ის დროინდელი ნუმიზმატიკიდანაც. კერძოდ, არსებობს გიორგი IV ლაშას ეპოქის 4 სახელმწიფო მონეტა: 1) შუბლი: ქართული ზედწერილი: “ქრისტე. გიორგი მეფისა, თამარის ძისასა, ჯავახთუფლისა”; ზურგი: არაბული ზედწერილი: “მეფე უმაღლესი, მშვენება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, გიორგი, ძე თამარისა, მესიის მახვილი”, (1207-1210 წწ.); 2) შუბლი: ქართული ზედწერილი: “გიორგი, ძე თამარისი. სახელითა ღვთისაითა იქნა ჭედაი ვერცხლისა ამის ქორონიკონსა 430″; ზურგი:“მეფე მეფეთა, მშვენება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, გიორგი, ძე თამარისა, მესიის მახვილი”, (1210-1222 წწ.); 3) შუბლი: ქართული ზედწერილი: “გიორგი, ძე თამარისი; ზურგი: არაბული ზედწერილი: “მეფე მეფეთა, მშვენება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, გიორგი, ძე თამარისა, მესიის მახვილი” (1210 წ.); 4) შუბლი: მეფე იმპერატორის ინსიგნიებით. ქართული ზედწერილი: გიორგი ძე თამარისა. ქორონიკონი 430″; ზურგი: არაბული ზედწერილი: “მეფეთა მეფე გიორგი, ძე თამარისა, მახვილი მესიისა. წელსა 606″, (1210 წ.).

მეფეთ-მეფე გიორგი IVლაშას სახელმწიფო მონეტა

GIORGI IV LASHA-1208-A             GIORGI IV LASHA-1208-R

ასევე, მეფეთ-მეფე რუსუდანის დროინდელი 4 ნუმიზმატიკური ნიმუში: 1) შუბლი: ქართული ზედწერილი: “რუსუდან. ქორონიკონი 447”; ზურგი: არაბული ზედწერილი: “დედოფალი მეფეთა და დედოფალთა. მშვენება ქვეყნისა, სამეფოსი და სარწმუნოებისა, რუსუდან, ასული თამარისა, მესიის თაყვანისმცემელი”, (1222-1245 წწ.); 2) შუბლი: ბერძნული ზედწერილი: “იესო ქრისტე”; ქართული ზედწერილი: “სახელითა ღვთისაითა იჭედა ქორონიკონსა 450”; ზურგი: ქართული ზედწერილი: “რუსუდან”, არაბულად – “დედოფალი დედოფალთა, მშვენება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, რუსუდან, ასული თამარისა, მესიის თაყვანისმცემელი”, (1230 წ.); 3) შუბლი: ბერძნული ზედწერილი: “იესო ქრისტე”. ქართული ზედწერილი: “სახელითა ღვთისაითა იჭედა ქორონიკონსა 450”; ზურგი: ქართული ზედწერილი: “რუსუდანი”, არაბულად – “დედოფალი დედოფალთა, მშვენება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, რუსუდან, ასული თამარისა, მესიის თაყვანისმცემელი”, (1230 წ.); 4) შუბლი: ქართულად – “სახელითა ღვთისაითა იჭედა ვერცხლი ქორონიკონსა 450”; ზურგი: ქართული ზედწერილი: “რუსუდან”. არაბულად – “დედოფალი დედოფალთა, მშვენება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, რუსუდან, ასული თამარისა, მესიის თაყვანისმცემელი”, (1230 წ.); 

მეფეთ-მეფე რუსუდან I-ის სახელმწიფო მონეტა

SUR-15-RUSUDAN         SUR-15-A-RUSUDAN

როგორც ზემოთ მოყვანილი ნუმიზმატიკური ნიმუშებიდან ჩანს, ქართველი მონარქები ქართულ ტრადიციულ დინასტიურ წესს, რასაც დედიდან შვილზე სამეფო ხელისუფლების გადაცემას გულისხმობს, არა მხოლოდ ქართულ მოსახლეობას, არამედ, იმ დროისათვის საერთაშორისო არაბულ ენაზეც კი ამცნობენ სამყაროს.

ეხლა განვიხილოთ მეფეთ-მეფე რუსუდანის (1223-1245) მაგალითი, რომელიც დაქორწინდა ერზერუმის სულთნის ტოღრულ-შაჰის შვილ მოღის-ედ-დინ სელჩუკიდზე, რომელიც რუსუდან მეფეთ-მეფის მოსაყდრე – მეუღლე კონსორტი იყო. ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ რუსუდან მეფის შთამომავლებს ლეგიტიმურად გაეგრძელებინათ ბაგრატიონთა სამეფო გვარი და შტო. მაგალითად, რუსუდანის შვილი, საქართველოს მეფე დავით VI ნარინი, რუსუდანის სამეფო ხაზის გამგრძელებელია, ანუ ბაგრატოვანთა გვარისა და იგი, ისევე როგორც მისი შემდგომი მეფე-შთამომავლები, როგორებიც იყვნენ: საქართველოს მეფე ვახტანგ II, დასავლეთ საქართველოს მეფეები – კონსტანტინე I, მიქელ I, ბაგრატ ერისთავი, იმერეთის პროვინციის მეფეები: ალექსანდრე I, გიორგი I, კონსტანტინე II ლეგიტიმურად აგრძელებენ ბაგრატიონთა სამეფო დინასტიას და არა სელჩუკიდებისას.

RUSUDANI copy

ეს შტო, ორი საუკუნის განმავლობაში მართავდა, ხან ერთიანი საქართველოს ტახტს, ხან დასავლეთ საქართველოსას და ხანაც პროვინციის ტახტებს. მათ ბაგრატიონობას ამტკიცებს ისტორიული დოკუმენტები, კერძოდ: 1271 წლის სიგელი დავით ნარინისა ხახულის ღმრთისმშობლისადმი “ქ. სახელითა ღმრთისათა, ჩუენ დავით ბაგრატოანმან, ძემან სულკურთხეულისა მეფეთ-მეფის რუსუდანისამან, ნებითა ღმრთისათა აფხაზთა, ქართველთა, კახთა და სომეხთა მეფემან, შარვანშა და შაანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა მპყრობელმან…” (ქართული ისტორიული საბუთები, IX-XIII სს. შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს თ.ენუქიძემ, ვ.სილოგავამ, ნ.შოშიაშვილმა. თბ., 1984, გვ.175); 

ასევე, 1287 წლის დავით ნარინისა და მისი ძის ვახტანგ მეფის სიგელი გაცემული ვახტანგ თულაისძისადმი – “ქ.ნებითა და შეწევნითა ღმრთისაითა, დავითისაგან ბაგრატონიანისა, ძისა რუსუდანისა და ძისა ჩუენისა ვახტანგ მეფისაი…” (ქართული ისტორიული საბუთები, IX-XIII სს. შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს თ.ენუქიძემ, ვ.სილოგავამ, ნ.შოშიაშვილმა. თბ., 1984, გვ.175). ამ საბუთს შემდგომში ამტკიცებს დავით VI ნარინის შვილიშვილი მეფე ბაგრატ მიქელის ძე. ამასვე ადასტურებს ქართული ისტორიული წყარო “ჟამთააღმწერელი. ასწლოვანი მატიანე”: “მესამეოცდაორე მეფენი დავით, ძე მეფის ლაშა გიორგისა, და დავით ძე მეფის რუსუდანისა, ბაგრატოანნი” (ჟამთააღმწერელი. წიგნში: ქართლის ცხოვრება. ტ.II. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ. თბ., 1959, გვ.226).

საქართველოს სამეფო ოჯახის მოწინააღმდეგე პიროვნებები ყოველ ღონეს მიმართავენ, რათა უარყონ ისტორიული ჭეშმარიტება, უგულებელჰყონ ქართული ტრადიციული დინასტიური სამართლის წესები, შელახონ ქალის მემკვიდრეობითი უფლებები. მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ რომ დიდი თამარისა და რუსუდანის ისტორიული მაგალითები პირწმინდად ასახავდნენ ქართულ დინასტიურ სამართალს, ამის შემდეგ უკვე მოიშველიეს დავით (XII) გამგებლის მიერ 1800 წელს დაწერილი პროექტი-ნაწარმოები, რომელსაც წარმოაჩენდნენ, როგორც მოქმედ კანონთა კრებულს სახელად „სამართალი ბატონის-შვილის  დავითისა“ და ამ ნაწარმოებზე დაყრდნობით 1812-1813  წლებში მის მიერვე შექმნილ თხზულებას სახელად „საქართველოს სამართლისა და კანონთმცოდნეობის მიმოხილვა“ – «Обозрение грузии по прав и законоведения», რომელიც პროფესორ აპოლონ როგავას რედაქციითა და გამოკვლევით 1959 წელს გამოიცა.

ზემოთხსენებული წიგნის ავტორი, ბატონი აპოლონი ერთერთ ადგილას აღნიშნავს: „სამართალი ბატონის-შვილის დავითისა“ წარმოადგენს პროექტს და არა მოქმედ სამართალს. ამ ძეგლის რიგ ადგილებში თვით ავტორი ამის შესახებ ჩვენ პირდაპირ გვაუწყებს კიდეც…  ცნობილია, რომ ორივე ძმას ეს პროექტები მხოლოდ ქაღალდზე დარჩა და სამეფო ხელისუფლებისაგან მათ სანქცია არც მისცემია სამეფოს სამართლის დარგში სახელმძღვანელოდ(დავით ბაგრატიონი. „საქართველოს სამართლისა და კანონთმცოდნეობის მიმოხილვა“, აპოლონ როგავას რედაქციითა და გამოკვლევით, თბილისი, 1959 წ. გვ. 36-37).

თითქოს, ეს ყოველივე, ისედაც საკმარისი უნდა იყოს მავანთა უსუსური პოზიციების გასაქარწყლებლად, რომელნიც ცდილობენ დავით გამგებლის ამ „პროექტის“ რეალურ ცხოვრებაში გატარებულ კანონებად წარმოჩენას და ამით ბატონიშვილი ნუგზარის მემკვიდრეთა უფლებების შებღალვას, რადგან, სინამდვილეში, მათ ინტერესს წარმოადგენს ამავე პროექტში არსებული მე-13 მუხლი, რომელიც ეხება ტახტის მემკვიდრეობის წესს.

ყურადღება მისაქცევია, რომ ამ „პროექტის“ ავტორი – დავით ბატონიშვილი, ზოგადი ფრაზებით კი არ აყალიბებს ამ კონკრეტულ მუხლს, რაც „კანონის“ აღწერის ბუნებრივი ფორმაა, არამედ პირდაპირ მოიხსენიებს ქვრივ დედოფალ დარეჯანს და თუ რატომ ხდება ეს, ისტორიისათვის კარგად არის ცნობილი, კერძოდ, ერეკლე მეფის გარდაცვალების შემდგომ, დედოფალმა დარეჯანმა ერთგვარი პრეტენზია გამოხატა ქვეყნის სათავეში დარჩენისა, რითაც მწვავედ დაუპირისპირდა მირონცხებულ მეფე გიორგი XII-ს და მის მემკვიდრეებს. ქვრივი დედოფლის ასეთი ქმედება პირწმინდად არღვევდა ლეგიტიმურობის პრინციპს და შესაბამისად ეწინააღმდეგებოდა ბაგრატოვანთა დინასტიურ სამართალს. ამის თაობაზე მოგვითხრობს პლატონ იოსელიანი თავის წიგნში “ცხოვრება მეფისა გიორგი მეათცამეტისა”, სადაც ავტორე მოგვითხრობს: “დარეჯან დედოფალი ცხადად არ აღიარებდა მას (გიორგის) მეფედ: “მე მინდა, – იტყოდა იგი, – მეფობა, ვითარცა ეკატერინა იყო დედოფლად რუსეთში”-ო (პლატონ იოსელიანი, ცხოვრება გიორგი მეცამეტისა, თბილისი, 1978 წ., გვ. 50).

დარეჯან დედოფლის მტრობას თავის წიგნში „ახალი მოთხრობა“, ბატონიშვილი ბაგრატიც ადასტურებს: „… რომელი იყო დედისნაცვალი მეფისა გიორგისა და სძულობდა გერსა თვისსა და სდევნიდა მიმთგომთა მისათა, თავადთა და აზნაურთა, და იყო მარადის შფოთსა და შეწუხებას შინა დროსევ ბატონიშვილობაშივე“ (ბაგრატ ბატონიშვილი, ახალი მოთხრობა, წიგნში “საქართველოს ისტორიის ორიგინალური წყაროები”, გამოსცა თამარ ლომოურმა, თბილისი, 1941 წ., გვ. 72).

სამეფო ოჯახის იმ დროინდელ შიდა „ბატალიების“ სიღრმისეულ გარჩევას აქ არ დავიწყებთ, ეს საკითხი ისტორიკოსების მიერ ისედაც შესწავლილია, თუმცა ვიტყვით, რომ, სწორედ ეს დაპირისპირება, რომელიც ფაქტობრივად დარეჯან დედოფლის გარდაცვალებამდე (1807 წ.) გრძელდებოდა, მწვავედ აისახა ტახტის მემკვიდრის განწყობებზე და რამაც გამოიწვია დავით გამგებლის (როგორც ამას თავად პროფესორი აპოლონ როგავა აყალიბებს) – „პირადი მოსაზრების მიხედვით შემუშავებულ ახალ კანონ-წესებში“ ამ კონკრეტული მუხლის გაჩენა: «Вдовствующая царица, ни другие особы женского пола, к царскому грузинскому дому принадлежащие, престола наследовать не могут».

ის, თუ რა განზრახვით წერდა ამ მუხლს დავით გამგებელი, ზემოთ მოკლედ მოყვანილმა ისტორიულმა სურათმა ლოგიკური ახსნა მისცა, მაგრამ აქვე იბადება კითხვა, ხომ არ ეყრდნობა ბატონიშვილი დავითი რაიმე ისტორიულ კანონთა კრებულს, რაც მას ამ მუხლის დაწერაში ეხმარება? არა, რადგან არსად, ქართული სამართლის ისტორიულ წყაროებში: გიორგი ბრწყინვალეს „ძეგლის დებაში“, ბექა-აღბუღას “კანონებში“, ვახტანგ VI-ის “დასტურლამალში” ან  „სჯულში“, ან ერეკლესა და გიორგის „მსაჯულთ შეკრებულებაში“, არ მოიძებნება ქალის ტახტზე ასვლის გამომრიცხავი არანაირი კანონი. ამასვე ადასტურებს პროფესორი აპოლონ როგავაც, რომელიც წერს: „მიმოხილვის“ მე-10 და მე-12-13 მუხლებში აღნიშნული კანონები ჩვენთვის ცნობილ ძველ ქართულ სამეფოს სამართლის ძეგლებში არ მოიპოვება(იქვე გვ. 115). გარდა ამისა წიგნის ავტორი სხვა ადგილასაც შენიშნავს: „ავტორს „მიმოხილვაში“ მოცემული აქვს საკუთრივ მის მიერ შემუშავებული ისეთი მუხლებიც, რომლებიც ერეკლესა და გიორგის სამეფოს მდგომარეობას, მართალია, ახასიათებენ, მაგრამ მათი ტექსტობრივი შესატყვისობა შეუძლებელია ვეძიოთ სამართლის რომელიმე სხვა ძეგლში(იქვე გვ. 46), სწორედ რომ ამ მე-13 მუხლს გულისხმობს წიგნის ავტორი, როდესაც ზემოთ მოყვანილ ფრაზებს ვკითხულობთ. ეს ყოველივე კი,ამყარებს იმ პოზიციას, რომ დავით გამგებლის ის მუხლები (მე-10, მე-12, მე-13), რომლებიც ტახტის მემკვიდრეობის წესებს ეხება, არის ავტორის მიერ ახლად შემუშავებული მუხლები, რომელთა ანალოგიები არცერთ ქართულ ისტორიულ სამართლის ძეგლებში არ მოიძებნება, ხოლო, კონკრეტულად მე-13 მუხლს კი აშკარად ეტყობა ქვრივ დედოფალთან ბატონიშვილის პირადი დამოკიდებულების ელფერი.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მე-12 მუხლი სრულებით არ გამორიცხავს იმ ქართულ ტრადიციულ წესს, რასაც „ქართული საქორწინო სამართალი ზედსიძეობის შესახებ“ ჰქვია, რადგან ეს უძველესი ქართული წესი მოქმედებდა მხოლოდ მაშინ, როცა ტახტის მემკვიდრე იყო ქალი, ანუ „როცა მეფეს ვაჟი არ მოეპოვებოდა, დაშვებულ იქნა სამეფო ტახტზე მისი ქალი“ (იქვე გვ. 115), აშკარაა, რომ დავით გამგებელი, ქართულ ტრადიციულ დინასტიურ სამართალში არსებულ ამ უძველეს კანონს, ან განზრახ იგნორირებს (შესაძლოა დარეჯანის ფაქტორის გამო), ან უბრალოდ არ იცის, ანდა სამეფო სახლში ვაჟი მემკვიდრის არ არსებობის მაგალითს ის არც კი განიხილავს თავის „პროექტის“ შედგენისას, რადგან, ერთის მხრივ იგი კონცენტრირებულია დარეჯანის ფაქტორზე, მისი გონება ქვრივი დედოფლის წინააღმდეგ ბრძოლით არის დაკავებული, ხოლო მეორეს მხრივ, იმდენად მრავალრიცხოვანია მის დროს საქართველოს სამეფო სახლის მამრობით წევრთა რაოდენობა (თოთხმეტი), რომ ამაზე იგი არც კი ფიქრობს. ბატონიშვილ დავითს თავისი „პროექტის“ შედგენისას, ალბათ ვერც კი წარმოედგინა, რომ, როდესღაც, საქართველოს სამეფო სახლს, მხოლოდ ქალი ეყოლებოდა ტახტის მემკვიდრედ, ისევე როგორც ეს მოხდა თამარ მეფის დროს, ალბათ არა, და ამიტომაც შესაბამისი მუხლი არც კი შეუდგენია.

სწორედ ამიტომ, დავით გამგებლის ეს კანონ-პროექტი, როგორც არასანქცირებული და არამოქმედი, ვერ ჩაითვლება ქართული დინასტიური სამართლის წესად.

Evdemoz_I copyერთიანი საქართველოს ბოლო მეფე გიორგი VIII-ის მემკვიდრეს, სვეტიცხოველში მირონცხებულ ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ I-ს, ირანმა ტახტი ძალით წაართვა და მასზე ქართლის ყოფილი მაჰმადიანი, თანაც უზურპატორი მეფის, დავით XI-ის უკანონო შვილი – როსტომ ხანი დასვა “როსტომ მეფეს ქართლი მისცა ყეენმან, დაუთხანის ნაბიჭვარი იყო” (წიგნი ქრონიკონნი: ქ~კბი II, გვ. 450). როსტომმა თავისი უშვილობის გამო მმართველობის ბოლოს, ტახტი ისევ გიორგი VIII-ის შთამომავალს – თეიმურაზ I-ს, ან მის ლეგიტიმურ მემკვიდრეებს კი არ დაუბრუნა, რაც უდავოდ მამულიშვილური და თანაც კანონიერი საქციელი იქნებოდა, არამედ პირიქით, მან უფრო მეტი ბოროტება ჩაიდინა, როცა თეიმურაზის ტახტზე დაბრუნების სამართლიანი მოთხოვნის გამო 1642 წელს, სასტიკად აწამა კათალიკოსი წმ. ევდემოზ II და იშვილა ზრდასრული თავადი ბახუტა მუხრანბატონი (ბახუტა-ბეგი), შემდგომში, ცნობილი უკვე როგორც მეფე ვახტანგ V შახ-ნავაზი. ამ ანტიეროვნულმა, ანტილეგიტიმურმა და ასევე თამამად შეიძლება ითქვას ანტიქრისტიანულმა საქციელმა როსტომის (ხოსრო-მირზას) მხრიდან, ხელი შეუწყო ქართლში ისლამის განმტკიცებას, ხოლო თეიმურაზ მეფის დიდი ძალისხმევით გაერთიანებული ქრისტიანული (ქართლ-კახეთის) სამეფო 50 წლით ისევ დაანაწევრა.

როგორც ვთქვით, ,„როსტომ-ხანმა მოაკვლევინა კათალიკოსი ევდემოზ დიასამიძე, რომლის სიკვდილით დასჯის შემდეგაც აღასაყდრეს ვინმე ურდუბეგაშვილი, როსტომ-ხანისთვის მისაღები ადამიანი, მის პროირანულ ორიენტაციასა და საქართველოს გათათრებას ხელს არანაირად რომ არ უშლიდა“ (სამეფო ოჯახი. თემურ გაბუნია, ალავერდის ეპარქიის სეზონური გამოცემა, ჟურნ. ალავერდი, № 4/7, შემოდგომა, 2014, გვ. 84).

“გაბოროტებულმა, ერისა და ეკლესიის მოღალატე როსტომ-ხანმა” წმიდა კათოლიკოსი ციხეში მალულად მოაკვლევინა. მისი დასჯის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი წერს: „შეიპყრა როსტომ მეფემან კათოლიკოზ ევდემოს და პატიმარ-ჰყო ტფილისს ციხესა შინა. შემდგომად გარდამოაგდო განჯის-ციხის კოშკიდამ“. „ქართლის ცხოვრება“ კი გვიამბობს: „შეიპყრა კათოლიკოზი ევდემოზ… და წარავლინა ქალაქის ციხეშია და ტყუე-ყო და ხანსა რაოდენამე უკანა, მუნვე ციხეში მოაშთობინა“ (გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 38 (296), 2004 წ. ).

ასევე ნიშანდობლივია, თავად ქართლის სამეფო შტოს გვერდითი თავადური განშტოების, კერძოდ, ბაგრატიონ-გოჩაშვილების ჩამომავალთა – გიორგისა და იორამ ბაგრატიონ-გოჩაშვილთა დამოკიდებულება როსტომ ხანისა და ვახტანგ V-სადმი: “გოჩა ბატონიშვილის ჩამომავალნი როსტომსა და ვახტანგ V-ს ქართლის სამეფო ტახტზე  ლეგიტიმურ მეფეებად  არ მიიჩნევენ – როსტომი, მათი არგუმენტაციით უცხო ძალის საშუალებით გამეფებული და უზურპატორი დაუდ-ხანის (დავით XI) უკანონო შვილია, ხოლო ვახტანგი, მართალია, მეფის მიერ ნაშვილები, მაგრამ მაინც გვერდით შტოს – მუხრანელი ბაგრატიონების ჩამომავალია” (იხ. დ.ნინიძე. ბაგრატიონთა სამეფო სახლის საგვარეულო განშტოებანი XVI-XVIII სს.-ში. კრებულში: ბაგრატიონები. სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობა. თბ., 2003, გვ.46). 

როსტომ მეფის გამეფების საკითხს დიდი ივანე ჯავახიშვილიც ეხება თავის “ქართველი ერის ისტორიაში”, სადაც ავტორი წერს: “დიაღ, როსტომი ქართლში გაბატონდა და მეფედ იქცა, მაგრამ როგორ? უცხო ძალის საშუალებით, მხოლოდ სპარსთა სამხედრო ძალით…” (ი.ჯავახიშვილი, “ქართველი ერის ისტორია”, წიგნი მეხუთე, თბილისი, 1953, გვ. 29).

„როსტომ-ხანის ჯარს სარდლობდნენ ვახტანგ (ბახუტა-ბეგი) მუხრან-ბატონი (შემდგომში შაჰ-ნავაზად წოდებული) და ზაალ ერისთავი. ეს იყო ყიზილბაშურ-ქართული ჯარი თეიმურაზის ქართული ჯარისა და ერთგული სახლთუხუცესის რევაზის წინააღმდეგ“ (სამეფო ოჯახი. თემურ გაბუნია, ალავერდის ეპარქიის სეზონური გამოცემა, ჟურნ. ალავერდი, № 4/7, შემოდგომა, 2014, გვ. 84).

როგორც ხედავთ, ირანის დახმარებით როსტომმა (მამის მსგავსად) ქართლის ტახტის მეორეჯერ უზურპირება განახორციელა, რასაც თავისივე ახლო ნათესავებიც კი (ბაგრატიონ-გოჩაშვილები) აპროტესტებდნენ იმ ეპოქაშივე. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ გიორგი გოჩაშვილი მოხსენიებულია იმ ქართველთა შორის, რომელნიც თეიმურაზ მეფეს ედგნენ მხარში: ”როსტომის წინააღმდეგ მოწყობილ ამ ახალ შეთქმულებაში მონაწილეობდნენ: ზაალ ერისთავი, იოთამ ამილახვარი, ნოდარ ციციშვილი, კათალიკოსი ევდემონ დიასამიძე, გიორგი გოჩაშვილი, სომხეთის მელიქი ყორხმაზბეგ ათაბეგისშვილი და სხვა ქართველნი” (საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია. მეორე გამოცემა. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე., თბილისი, 2009 წ. გვ. 725) ”…შეთქმულთა მიზანს ”ცოტას კაცით” ცხირეთს მყოფი როსტომ მეფის მოკვლა და მის ადგილზე თეიმურაზის გაბატონება წარმოადგენდა” ( გ.ჟორჟოლიანი, საქართველო XVII საუკუნის 30-50-იან წლებში, 1987 წ. გვ.71).

როსტომ-ხანის ანტიეროვნული მმართველობის გამო ქართლის დიდგვაროვნებს სურდათ თათბირის გამართვა, რისთვისაც მათ მეფე თეიმურაზისათვის მიმართვა გაუგზავნიათ, სთხოვდნენ ქართლში მათთან სათათბიროდ ჩასულიყო: “ამ თათბირში თურმე არაგვის ერისთავს (Фристоп князь), სომხეთის მელიქის ორ ძმას და სხვებსაც მიეღოთ მონაწილეობა. ალექსანდრე იმერთა მეფეს და გურიელსაც მათთვის დახმარება აღუთქვამთ ქრისტიანობის დასაცავად და როსტომის თბილისიდან განსადევნად… ქართლიდან მოსულ მომართვაში ამასთანავე აღნიშნული ყოფილა, რომ, რა წამს როსტომს თბილისიდან განდევნიდნენ, ქართლსაც მაშინვე თეიმურაზ მეფეს მისცემდნენ და მისი ერთგული იქნებოდნენ” (ი.ჯავახიშვილი, “ქართველი ერის ისტორია”, წიგნი მეხუთე, თბილისი, 1953, გვ. 57).

როგორც ნათლად ჩანს, ბაგრატიონ-გოჩაშვილები წმ. ევდემოზ კათალიკოსის დასის პოზიციებს იზიარებდნენ, რაც ქართლის ტახტზე ქრისტიანი თეიმურაზისა და მისი მემკვიდრეების დაბრუნებას გულისხმობდა, თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ იმ პერიოდში რუსეთში ერეკლე ბატონიშვილის (თეიმურაზის შვილიშვილი) სახით უკვე ქართლ-კახეთის ლეგიტიმური მემკვიდრეც იმყოფება, რომელიც მოგვიანებით, კერძოდ 1688-1703 წლებში გამეფდა კიდეც ქართლში ერეკლე I-ის (ნაზარალი-ხანის) სახელით.

ზოგადად თეიმურაზისა და როსტომ-ხანის ბრძოლა შეიძლება შეფასდეს, როგორც ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის, დამოუკიდებლობასა და მონობას შორის, რასაც თავის მხრივ ივანე ჯავახიშვილიც თავისებურად გადმოგვცემს: “ბრმისათვისაც ცხადი უნდა გამხდარიყო, რომ თეიმურაზ მეფის ბატონობა აღმოსავლეთ საქართველოს დამოუკიდებლობასა და მაინცდამაინც დამოუკიდებლობისათვის თავგანწირულს ბრძოლას მოასწავებდა, როსტომის მეფობა კი ჩვენი ქვეყნის მონობისა და სპარსთა ბატონობის მომავლინებელი იყო” (ი.ჯავახიშვილი, “ქართველი ერის ისტორია”, წიგნი მეხუთე, თბილისი, 1953, გვ. 29).

საბოლოო ჯამში კი დიდი ივანე ჯავახიშვილი ასე აფასებს როსტომის მმართველობას: “მას შემდგომ, რაც ქართლის სამეფო ტახტზე სპარსეთის შაჰმა 1634 წ. როსტომი დაამტკიცა, აღმოსავლეთ საქართველო სპარსეთის წამლეკავ გავლენის ასპარეზად იქცა. თვით სპარსეთის სამეფო კარზე აღზრდილი და სპარსულ-მაჰმადიანურ ზნეჩვეულებებისა და დაწესებულებათა თაყვანისმცემელი როსტომ მეფე ამ გავლენის გავრცელებას საქართველოში შეგნებულად უწყობდა ხელს”, რაც თავის მხრივ “…ქართულ ეროვნულ თვითშემეცნებას და არსებობასაც კი დიდს საფრთხეს უმზადებდა” (ი.ჯავახიშვილი, “ქართველი ერის ისტორია”, წიგნი მეხუთე, თბილისი, 1953, გვ. 59).

თეიმურაზისეული ქრისტიანული დასი, თავის სამართლიან ბრძოლას მაჰმადიანი როსტომ-ხანის გარდაცვალების შემდეგაც, აწ უკვე მისი დანატოვარი შვილობილის – მაჰმადიანი ვახტანგ V-ის წინააღმდეგ აგრძელებდა. სწორედ ასეთი შეუპოვარი პროტესტის გამო ”შეიპყრა მეფემან (ვახტანგ V-მ) და აღმო ადნა თუალნი და წარუხუნა მამულნი” იორამ ბაგრატიონ-გოჩაშვილს (იხ. დ.ნინიძე. ბაგრატიონთა სამეფო სახლის საგვარეულო განშტოებანი XVI-XVIII სს.-ში. კრებულში: ბაგრატიონები. სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობა. თბ., 2003, გვ.46).

სამწუხაროა, რომ დღეს ზოგიერთი პიროვნება წმ. ევდემოზ კათალიკოსის ბრძოლას მის პირად ინტერესებს უკავშირებს, რაც ჩვენის აზრით უზნეობაა და ამის საპასუხოდ მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის სიტყვებს მოვიყვანთ: ”არ შეიძლება ქართული ეკლესიის მეთაურის მონაწილეობა ამ შეთქმულებაში ავხსნათ პირადი დაინტერესებით, არამედ ეს იყო გამოხატვა ქართული ეკლესიის ბრძოლისა მაჰმადიანობის (და სხვა გავრცელებული რელიგიური მიმართულებების) წინააღმდეგ” (საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია. მეორე გამოცემა. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე., თბილისი, 2009 წ. გვ. 725).

როსტომ ხანის (ხოსრო-მირზა) ბოროტმა საქციელმა საქართველო გარყვნა და შებილწა, „ხოსრო-მირზა” ქართველ კაცს ცხოვრების წესს უცვლიდა. ქართველები ეჩვეოდნენ ყიზილბაშურ სამოსს, ანგარებას, ყაენის ჯამაგირს. როსტომს რჯულის უარმყოფელნი, „მეძავნი და ბილწების მოქმედნი“ დიდ პატივში ჰყავდა, ხოლო „სიმართლის-მოქმედნი და ცოდვის მორიდალნი“ კი – მოძულებულნი… ქართველები მუცელღორობას გადაყვნენ, ჭამდნენ, სვამდნენ და „არარას ზრუნვიდნენ“ შვილებისთვის. გამრავლდა მათ შორის „სიძვა და არაწმინდება, ცოდვა იგი სოდომ-გომორული და მეძაობა და დედათა თანა აღრევა“ *1. დამკიდრდა ტყვეთა გაყიდვაც“ (*1.ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით. გამ. „საბჭოთა საქართველო“, 1959, ტ. II, გვ.418.).

როსტომ-ხანის მიერ ლეგიტიმური პრინციპების დარღვევამ, მის მიერ ბახუტა-ბეგის შვილობის აქტმა, რამაც ამ უკანასკნელის ქართლის ტახტზე გამეფება გამოიწვია, რიგი სავალალო შედეგები გამოიღო, რაც გამოიხატა იმაში, რომ არც ვახტანგ V შახ-ნავაზს და არც მის მომდევნო ექვს მეფე-შთამომავალს არ ღირსებიათ ქართლის ტახტზე ქრისტიანული წესით (მირონცხებით) ასვლა და არც საქართველოს მიწა ღირსებიათ მათ განსასვენებელ ადგილად. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი არალეგიტიმური და ანტიეროვნული ქმედება იწვევს უფლის რისხვას, რაც სავალალო შედეგებით მთავრდება. 

ეს კონკრეტული საკითხი, ასევე უნდა განვიხილოთ სუფთა იურიდილ ჭრილშიდაც, მაგალითად დღეს, ეს ისტორიული ფაქტი, დინასტიურ სამართალში გაუთვითცნობიერებელ ადამიანებში გარკვეულ არასწორ შეხედულებებს იწვევს, თითქოსდა როსტომ ხანის მიერ ბახუტა-ბეგის (მუხრანის ბატონის) შვილობის ფაქტი – “…распорядившись записать его (Бахуту) своим сыном в грамотах” (ფარსადან გორგიჯანიძე. საქართველოს ცხოვრება. რუსულ ენაზე. თბილისი, 1990 წ. გვ. 123) ნიშნავდა მუხრანბატონთა თავადური შტოს გამეფებას (სამეფო დინასტიის შეცვლას), რაც დიდი შეცდომაა, რადგან დინასტიური კანონმდებლობით “შვილობის აქტი” ნიშნავდა და დღესაც იგივეს ნიშნავს, რომ ერთმა კონკრეტულმა პიროვნებამ (ჩვენს შემთხვევაში თავადმა ბახუტა-ბეგმა (“ბეგი” – თავადი) დათმო თავისი გვარ-ტომობა (“მუხრანელობა”) და გახდა მშვილებლის დინასტიური ხაზის (გვარტომის) გამგრძელებელი. ცნობილია, რომ ”გაგვარების” ისტორიული პროცესის თანახმად, ანუ ბაგრატიონთა საგვარეულოს გვერდითი შტოების ”ჩამოქვეითების””გაღარიბების” შედეგად, კერძოდ, სამეფო ხაზიდან მათი ოთხი თაობით დაშორების შედეგად, ისინი ყალიბდებოდნენ თავადურ სახლებად, რომელნიც თავისი სტატუსით უკვე უთანაბრდებოდნენ საქართველოს სხვა თავადურ სახლებს, შესაბამისად, რადგან (ბახუტა-ბეგის დროს) მუხრანბატონები უკვე ოთხი თაობით იყვნენ დაშორებულნი ქართლის სამეფო ხაზს, ისინი თავადურ გვარტომად განიხილებოდნენ (იხ. დ.ნინიძე. ბაგრატიონთა სამეფო სახლის საგვარეულო განშტოებანი XVI-XVIII სს.-ში. კრებულში: ბაგრატიონები. სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობა. თბ., 2003, გვ.41).

XVII ს-ის ისტორიკოსი ფარსადან გორგიჯანიძე, რომელიც უშუალოდ მომსწრეა იმ ეპოქის საქართველოს ვითარებისა, თავის ისტორიულ თხზულებაში ხაზს უსვამს მნიშვნელოვან დეტალს, კერძოდ ბახუტა მუხრანბატონის სტატუსს, იქამდე სანამ ამ უკანასკნელს როსტომ მეფე იშვილებდა და აღნიშნავს: “..მუხრანის ბატონს ბახუტა-ბეგს ბატონისშვილი დაუძახეს, სახელი გამოუცვალეს და ვახტანგ უწოდეს,..”  (ფარსადან გორგიჯანიძე. საქართველოს ცხოვრება. ქვეთავი: აქ ომი მეფის ალექსანდრესი და დადიანის ძმისწულის ლიპარის მოკვლა). ამ ისტორიული წყაროდანაც ნათლად ჩანს, რომ მუხრანბატონები ქართლის სამეფო სახლის წევრები არ იყვნენ და შესაბამისად არ ფლობდნენ ბატონიშვილის წოდებას.

ის რომ მუხრანბატონები ქართლის სამეფო სახლს არ მიეკუთვნებოდნენ, ამას პლატონ იოსელიანის სიტყვებიც ადასტურებს, როდესაც ავტორი ქართლ-კახეთის გაერთიანების მნიშვნელობაზე საუბრობს: “ამან კავშირმან დაავიწყა ქართლისა მეფისა გვარი, დაშთენილი რუსეთსა 1724 წლიდამ; ამან ერთობამან ნათესაობითმან მოსპო თქმულობა ქართლისა ერისა…“. ავტორს საქართველოში მცხოვრები მუხრანბატონები “ქართლისა მეფისა გვარის” (გვარტომის) ნაწილად რომ ჩაეთვალა, ასეთ რამეს რასაკვირველია არ დაწერდა (პლატონ იოსელიანი. ცხოვრება გიორგი მეცამეტისა, თბილისი, 1978, გვ. 13).

რაც შეეხება ნაშვილები ბახუტა ბეგის (ვახტანგ V-ის) უმცროს ძმას, კონსტანტინეს, მან პარალელურად, გააგრძელა მუხრანბატონთა თავადური გვარტომი, რომელსაც შემდგომი საუკუნეების მანძილზე არავითარი იურიდიულ-მემკვიდრეობითი კავშირი არ გააჩნდა ქართლის სამეფო სახლთან და რომელიც დღემდე მომდინარეობს ბაგრატიონ-მუხრანელთა თავადური ოჯახების სახით.

დღევანდელი სამოქალაქო კოდექსითაც, როდესაც მოქალაქე უპატრონო ბავშვთა სახლიდან იყვანს შვილს, იგი ხდება ახალი მშობლის გვარის გამგრძელებელი და მისი ქონების მემკვიდრე. ნაშვილები პიროვნების უმემკვიდრეოდ გარდაცვალების შემთხვევაში ქონება გადაეცემა მშვილებლის და არა ნაშვილების გენეტიკურ ნათესავებს, რომელთაც კანონმდებლობით არანაირი უფლება არ გააჩნიათ ხსენებულ ქონებაზე. ანალოგიურ ფაქტთან გვაქვს საქმე, როდესაც ვსაუბრობთ დღევანდელი ბაგრატიონ-მუხრანელების თავადური განშტოების აბსურდულ პრეტენზიებზე ქართლის ტახტთან მიმართებაში, მით უმეტეს, რომ 1762 წელს ქართლის სამეფო ტახტი წყევტს დამოუკიდებელ არსებობას და უბრუნდება ერთიანი საქართველოს მეფის – გიორგი VIII-ის მემკვიდრეებს.

დღეს, სამწუხაროდ, დესტრუქციული ძალები, თავიანთი ცრუ “ისტორიკოსების” დახმარებით, საზოგადოებას თავს ახვევენ ქართული დინასტიური სამართლის ისტორიაში დღემდე არარსებულ წესს, კერძოდ, მოითხოვენ მაგალითად ბატონიშვილი ნუგზარის შვილიშვილის – გიორგისათვის “ბაგრატიონ-ბაგრატიონის” გვარის მიცემას, სინამდვილეში ისინი ამით ცდილობენ, პატარა გიორგის გამოყენებით, ბაგრატიონ-მუხრანელთა თავადური განშტოება ქართლის სამეფო შტოდ წარმოგვიჩინონ და ამით “მუხრანელები” ტოლფარდოვანნი “გამოიყვანონ” ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო შტოსთან მიმართებაში, რაც ისტორიის გაყალბებაა, რადგან თავად “მუხრანელთა” თავადური განშტოების წარმომადგენლებსაც კი, არასოდეს საკუთარი თავი ქართლის სამეფო შტოს წევრებად ან მემკვიდრეებად არ წარმოუჩენიათ (გავიხსენოთ თავადი ირაკლი მუხრანელის 1942 წლის “ბერლინის არჩევნები”, ან თუნდაც ქალბატონი ლეონიდა მუხრანელის 1995 წლის ინტერვიუ).

მცდელობა, ბაგრატიონ-მუხრანელთა თავადური სახლის ხელოვნურად სამეფო შტოდ წარმოჩენისა, საერთაშორისო სამართლის თანახმად განიხილება, როგორც სხვისი სამეფო უფლებების მითვისება (უზურპაცია), რადგან ქართლის სამეფო შტოს სამართალმემკვიდრენი, მხოლოდ ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო ოჯახია დღეს. ამ სამართლებრივი წესის დარღვევის მცდელობა, როგორც სჩანს, მიმართულია მომავალში ბაგრატიონთა საგვარეულოში დინასტიური  ქაოსის შექმნისა და ქვეყნის სამომავლო დანაწევრებისაკენ.

გვსურს მავანთ შევახსენოთ, მიუხედავად იმისა, რომ მეფეთ-მეფე გიორგი IV ლაშას და მეფეთ-მეფე რუსუდანის ორივე მშობელი ბაგრატიონი იყო, რაც უკვე ზემოთ განვიხილეთ, არცერთ ისტორიულ სიგელში ისინი არ არიან მოხსენიებულნი ბაგრატიონ-ბაგრატიონად. მსგავსი მაგალითები ბაგრატიონთა დინასტიაში შემდგომშიც მრავლად გვხვდება. დედითაც და მამითაც ბაგრატიონები იყვნენ: საქართველოს მეფე გიორგი VIII, კახეთის სამეფო ხაზში: თეიმურაზ I, ერეკლე II; იმერეთის სამეფო ხაზში: ალექსანდრე IV, ალექსანდრე V, სოლომონ II; ქართლის სამეფო ხაზში: სიმონ I, გიორგი X, ბაგრატ VII, სიმონ II, ამათგან გიორგი X და სიმონ II ბებია-ბაბუითაც კი ბაგრატიონები იყვნენ, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილ მეფეთა ისტორიულ სიგელებში არცერთი მათგანი ბაგრატიონ-ბაგრატიონად და თუნდაც, სამგზის ბაგრატიონად არ მოიხსენიება.

ქართული დინასტიური სამართლის თანახმად,  სამეფო ტახტის მემკვიდრეზე სამეფო ღირსება, უფლებები და გვარი გადადიოდა იმ მშობლის მხრიდან (მიუხედავად სუზერენი მშობლის სქესისა), რომელიც რეალურად ფლობდა ამ უფლებებს.

მიუხედავად იმისა, რომ მეფეთ-მეფე რუსუდანის მეუღლე სამეფო ღირსების იყო (სასულთნო სახლი) და ტოლფარდოვნად ითვლებოდა რუსუდანთან მიმართებაში, იგი დაექვემდებარა ქართულ დინასტიურ სამართალს, მოინათლა მართლმადიდებლურად, მიიღო ქართული სახელი – დიმიტრი და თავისი შვილი – საქართველოს მეფე დავით VI ნარინი, ქართული დინასტიური სამართლის “ზედსიძეობის” თანახმად დედის გვარზე გამოაცხადა. სწორედ ამიტომაც დავით VI ნარინი სიგელებში მხოლოდ ბაგრატიონად იწერება და არა “ბაგრატიონ-სელჩუკიდად”.

ყოველივე ზემოთ განხილული ჩვენს წინაპრებს საუკუნეების მანძილზე ბრძნულად ჰქონდათ დადგენილი და მისი შეცვლის ან დამახინჯების უფლება არავის არ აქვს, მითუმეტეს როცა ამ ტრადიციულ წესებს საერთაშორისო სამართალიც აღიარებს და იცავს.

2010 წლის განცხადებაში დაბრუნება

Gerbi patara zoma