საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის 2010 წლის განცხადების
დანართი №6
ერთიანი ქართული სამეფოს დაშლა XV საუკუნეში
პარადოქსი ის არის, რომ, ერთის მხრივ დადებით მოვლენას, რაც მეფე გიორგი VIII-ში დავით ულუსა და დავით ნარინის სამეფო ხაზების გაერთიანებით დაგვირგვინდა, სამწუხაროდ შემდგომ მოჰყვა საქართველოს სამეფოებად და სამთავროებად დაშლის პროცესი, რაც გამოწვეული იყო მრავალი ფაქტორით.
XV ს.-ის 50-იან წლებში მსოფლიო რუქაზე არსებითი ხასიათის ცვლილებები მოხდა, რამაც საქართველოს საგარეო მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბა. 1453 წლის 29 მაისს თურქებმა სულთან მეჰმედ II-ის (1451-1481) მეთაურობით ბიზანტიის იმპერიის არსებობას მოუღეს ბოლო და მისი დედაქალაქი კონსტანტინეპოლი დაიპყრეს.
თურქების მიერ კონსტანტინოპოლის აღება ევროპის სახელმწიფოების ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. მათ გადაწყვიტეს თურქების წინააღმდეგ ერთიანი ძალით გამოსვლა. ანტიოსმალური კოალიციის ინიციატორი რომის პაპი პიუს II (1458-1464) გახდა, რომელმაც აღმოსავლეთის ქრისტიანულ ქვეყნებს დასავლეთ ევროპის გაერთიანებულ ლაშქრობაში მონაწილეობის მისაღებად მოუწოდა. 1459 წელს კონსტანტინოპოლის გასათავისუფლებელი გეგმის გასაცნობად რომის პაპის წარმოგზავნილი ლუი ბოლონიელი თბილისში ჩამოვიდა.
გიორგი VIII-ის მოწოდებას ლაშქრობაში მონაწილეობაზე დადებითად გამოეხმაურნენ ქართველი მეფის ვასალები. მეფე გიორგი VIII-თან ერთად ისინი საომარი მოქმედების გეგმასაც განიხილავდნენ.
მეფე გიორგი VIII-მ ტრაპიზონის იმპერატორს და მცირე სომხეთის მფლობელს თავის ლაშქრობაში ერთობლივი მონაწილეობისკენ მოუწოდა. ქართველები მზად იყვნენ ლაშქრობაში 120 ათასიანი გაერთიანებული ჯარი გამოეყვანათ. ირანის თურქმანთა აქ-ყოიუნლუს (თეთრბატკნიანების) ბელადმა უზუნ-ჰასანმა (1453-1478) ასევე გამოთქვა სურვილი ლაშქრობაში მონაწილეობაზე. მას იმედი ჰქონდა, რომ ამით მცირე აზიაში გარკვეულ ტერიტორიებს მიითვისებდა. მოკავშირეებთან შეთანხმებით მეფე გიორგი VIII-მ რომში ელჩების გაგზავნა გადაწყვიტა, რათა საომარი მოქმედების დაწყების თარიღი დაენიშნათ. 1460 წელს მოკავშირეების ელჩები რომის პაპის წარმოგზავნილ ლუი ბოლონიელთან ერთად უნგრეთისა და გერმანიის გავლით რომში ჩავიდნენ. ტრაპიზონის იმპერატორის, სამცხის ათაბაგის, მცირე სომხეთის მფლობელისა და უზუნ-ჰასანის წარმომადგენლების გარდა ელჩობაში საქართველოს მეფის წარგზავნილი ეპისკოპოსი ნიკოლოზ ტფილელი მონაწილეობდა. ისინი რომში დიდი პატივით მიიღეს, მაგრამ დასავლეთ მოკავშირეთა შეუთანხმებლობის გამო პაპმა პიუს II-მ ლაშქრობის კონკრეტული თარიღი ვერ დაასახელა; სამაგიეროდ შესთავაზა ლაშქრობაში მონაწილეობის თხოვნით მათ ევროპის სახელმწიფოთა მეთაურებისათვის მიემართათ. იმავე წელს ელჩები საფრანგეთში ჩავიდნენ და მეფე კარლ VII-თან (1422-1461) დაიწყეს მოლაპარაკება, მაგრამ ის მალე გარდაიცვალა. ისინი დაესწრნენ მისი მემკვიდრის ლუი XI (1461-1483) მეფედ კურთხევის ცერემონიას, მაგრამ მასთან მოლაპარაკებას ნაყოფი არ მოჰყოლია (დ.პაიჭაძე. ევროპული ქვეყნების ანტიოსმალური კოალიცია და საქართველო XV საუკუნის 60-იან წლებში. თბ., 1989).
როგორც ივანე ჯავახიშვილი წერს: ”საქართველოს მეფე-მთავართა კავშირის მონაწილეთა რამდენიმე სიაა შენახული. ორი ამ სიათაგანი გიორგი მეფისა და ყუარყუარე ათაბაგის წერილებშია მოყვანილი, ერთი კიდევ იმ აღწერილობაში მოიპოვება, რომელიც საქართველოთგან ევროპაში მისული ელჩების შესახები ცნობების აღნუხხვას წარმოადგენს. ამ სიებში სრული თანხმობა არ არის, მაგრამ არსებითი განსხვავება მაინც არ მოიპოვება და ყველაფერი გადამწერთა ან იქნებ ზოგან უკვე ჩამწერთა დამახინჯებით უნდა აიხსნებოდეს. დედნის აღდგენა ძნელი არ არის. გიორგი VIII თავის 1459 წლის ეპისტოლეში მოკავშირეებად ასახელებს: “Ego Georgius rex Persarum” – მე გიორგი მეფე პერსთა (sic, სპარსთა?) “Bedian rex Mingreliae” – ბედიანი სამეგრელოს მეფე “Georgora dux Georgianae” – ყურყუარე ქართველთა მთავარი “Rabia (sic) dux Anocaciae” – რაბია (sic) ანოკაციის მთავარი.
თვით ყუარყუარე ამავე წელს დაწერილსა და ბურგუნდიის მთავრისადმი გაგზავნილს წიგნში ამ საქმის მონაწილედ სთვლის თავის თავს და შემდეგ პირებს: “Ego Georgora dux Georgianae” – მე ყუარყუარე ქართველთა მთავარი “Georgius rex Persarum” – გიორგი მეფე პერსთა (სპარსთა?) “Bendian rex Mingreliae” – მენდიან სამეგრელოს მეფე “Rabia (sic) dux Anocasiae” – რაბია ანოკასიის მთავარი დასასრულ, საქართველოთგან ევროპაში 1460 წელს მისულს ელჩებს განუცხადებიათ, რომ ოსმალთა საწინააღმდეგო სამხედრო მოქმედებაში მონაწილეობას მიიღებდნენ:
“Bendas (sic) Mengreliac et – ბენდას (sic) სამეგრელოს და Abasiae rex et – აფხაზეთის მეფე და Pancratius Iberorum qui – ბაგრატი იბერთა, რომელნიც nunc Georgiani vocantur et – აწ გიორგიანებად იწოდებიან, და Mania (sic) marchio Goriae – მანია (=მამიას) გურიის ერისთავი et Fabia dux Angósiae” – და ფაბია ანგოსიის მთავარი.”
( „ივანე ჯავახიშვილი“, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტომი III, თბილისი, 1982წ.)
საქართველოს მეფე გიორგი, რომელიც თავის თავს “პერსთა (ე.ი. სპარსთა) მეფეს” უწოდებდა, ივ. ჯავახიშვილის ვარაუდით, წერილის დედანში, “აფხაზთა მეფე” ეწერებოდა, მაგრამ გადამწერმა დაამახინჯა (ჯავახიშვილი ივ. ქართველი ერის ისტორია, გვ.67)
იმ დროისათვის დასავლეთ საქართველოს ისეთ კუთხეებში, როგორებიცაა გურია, საბედიანო (სამეგრელო) და აფხაზეთი, ძლიერი იყო სეპარატისტული ტენდენციები. მათი ერისთავები იურიდიულად ჯერ კიდევ გიორგი VIII-ის ქვეშევრდომები იყვნენ, მაგრამ საერისთავოს შიგნით მათი ძალაუფლება განუსაზღვრელად დიდი იყო, რისი მიზეზებიც უნდა ვეძებოდ თავად ალექსანდრე I დიდის რეფორმებში, რომელიც მან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცების მიზნით გაატარა. კერძოდ, ადგილობრივი ერისთავები ჩაანაცვლა სამეფო ოჯახის წევრებით, (ძმებით და შვილებით) ბაგრატიონებით. ეს იყო ისტორიული შეცდომა, რამაც თავი იჩინა მისი ძის – მეფე გიორგი VIII-ს დროს, რომელსაც აუმხედრდა სხვადასხვა რეგიონის მმართველი მისი მონათესავი ბაგრატიონები, რასაც ვერ გაბედავდნენ სხვა გვარის ერისთავები.
ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლა ნელი და თანდათანობითი პროცესი იყო და ქვეყნის სოციალურ-ეკონომოკური განვითარების შეჩერებას, სტაგნაციის შედეგს წარმოადგენდა. საზოგადოების განვითარების ნორმალური გზიდან აცდენის პირობებში, სამეფო ხელისუფლების ღონისძიებებს პროვინციებში თავისი შვილების ბატონიშვილებისა თუ უახლოესი ბაგრატიონი ნათესავებისთვის მფლობელობის მინიჭებით მიეღწიათ ქვეყნის ცალკეული ნაწილების შემომტკიცებისა და ხელისუფლების ცენტრალიზაციისათვის, წარმატება ვერ მოჰყვა.
XIV-XV ს.-ში შექმნილმა რთულმა საშინაო და საგარეო ვითარებამ, საქართველოსთვის მათმა არახელსაყრელად ურთიერთგადაჯაჭვამ, ამ მიზნით გატარებულ რეფორმებს სხვა ხასიათი მიანიჭა და სამეფო ტახტი ზოგ შემთხვევაში საწინააღმდეგო შედეგამდეც კი მიიყვანა. ამ ეპოქაში, როცა ფეოდალთა სეპარატიზმი ფრთებს შლიდა, ბუნებრივია, “ბატონიშვილობის” საკითხიც მწვავდებოდა და სხვაგვარად დაისმოდა: უფლისწულ-ბატონიშვილთა თუ გვერდითი შტოს ბაგრატიონთათვის მინიჭებული რეგიონები დროთა განმავლობაში ისეთ სამფლობელოებად იქცნენ, სადაც “ჯერეთ არ კურთხეული” ბაგრატიონები უკვე “მეფეებად” მოგვევლინნენ. მათი არსებობა, სხვა ცნობილ მიზეზებთან ერთად, ხელს უწყობდა ქვეყნის ისტორიული რეგიონების ცენტრისგან ჩამოცილებას, პროვინციების განკერძოებასა და იზოლირებულობას, ბაგრატიონთა სამეფო ტახტისთვის სოციალური საყრდენის – ვასალთა დაკარგვას, რაც სახელმწიფოს ცენტრს ძველ მიმზიდველობას უკარგავდა. ეს ყოველივე აღრმავებდა ერთიანი ქართული მონარქიის დაშლის პროცესს.
1461 წელს თურქები ტრაპიზონის იმპერიას დაეპატრონენ და პარალელურად გარკვეულ ქართულ საფეოდალოებში ცენტრიდანულ პროცესს აღვივებდნენ.
ევროპის ქვეყნებთან უნაყოფო მოლაპარაკების შედეგები, როგორც კი გახდა ცნობილი საქართველოში, მეფესა და მის ვასალებს შორის არსებულ შეთანხმებას ბოლო მოეღო და ურთიერთბრძოლამ ახალი ძალით იფეთქა. ამასთანავე, საქართველოს სამხრეთ საზღვრებს ირანის მბრძანებელი უზუნ-ჰასანი მოადგა, რომელიც ადრე საქართველოს მეფის მოკავშირე იყო. 1462 წელს ათაბაგმა ყვარყვარე II ჯაყელმა, უზუნ-ჰასანის მხარდაჭერით, მეფე გიორგი VIII-ს ომი გამოუცხადა და გაიმარჯვა მასზე. ამით, მეფე გიორგი VIII-ის სხვა ქვეშევრდომმა ფეოდალებმაც ისარგებლეს და მის წინააღმდეგ გამოვიდნენ. მათ შორის ყველაზე მეტად აქტიურობდა ქუთაისის (იმერეთის) მხარის ერისთავი, გიორგი VIII-ის ბიძაშვილი (ალექსანდრე I დიდის უმცროსი ძმის – გიორგის შვილი) – ბაგრატი. 1463 წელს იმერეთში, ქალაქ ჩიხორთან მომხდარ ბრძოლაში ბაგრატმა გაიმარჯვა და თავი იმერეთის მეფედ გამოაცხადა, თუმცა ქუთაისი მან ვერ აიღო, რომელიც საქართველოს მეფის კონტროლ ქვეშ რჩებოდა.
მეფე გიორგი VIII დახმარებისთვის ქართლში მობრუნდა, თუმცა სუზერენის წინააღმდეგ სამცხის ათაბაგმა კვლავ გამოილაშქრა ქართლში. 1465 წელს მეფე გიორგი VIII იძულებული გახდა ყვარყვარე II ჯაყელის წინააღმდეგ ბრძოლა განეახლებინა. ყვარყვარე ათაბაგმა ჯავახეთში ფარავნის ტბასთან გიორგი VIII ღალატით ტყვედ ჩაიგდო. მისი თანამებრძოლი, მეფის ნათესავი კონსტანტინე დემეტრეს ძე, რომელიც (უახლესი გენეალოგიური კვლევების თანახმად) საქართველოს მეფის ბაგრატ V-ის უმცროსი შვილის – დავითის შვილიშვილი იყო, ბრძოლის ველიდან დარჩენილი ჯარით ქუთაისში გადავიდა და გამაგრდა.
1466 წელს, აწ უკვე, იმერეთის მეფე ბაგრატ გიორგის ძე ქართლში გადმოვიდა. კონსტანტინე დემეტრეს ძემ და თავადების ერთმა ნაწილმა იმერეთ-ქართლში მის გამეფებას მხარი დაუჭირა, სადაც მან თავი მეფედ გამოაცხადა. კახეთის დიდგვაროვნები არ დამორჩილდნენ არალეგიტიმურ ბაგრატ VI, ვინაიდან ერთიანი საქართველოს ლეგიტიმური მეფის, გიორგი VIII-ის ტყვეობიდან დაბრუნებას ელოდნენ. ამასობაში, ყვარყვარე ჯაყელი მეფე გიორგი VIII-ს დაუზავდა და ტყვეობიდანაც გაათავისუფლა. გიორგი VIII-მ, მიუხედავად იმისა, რომ მოახერხა იმერეთისა და ქართლის დაბრუნება, ისინი მაინც ვერ შეინარჩუნა, რადგან მისი ერთწლიანი ტყვეობის შემდგომ, თავისი მომხრე იმერეთ-ქართლის დიდგვაროვნები განადგურებული დახვდა და 1466 წელს ის იძულებით კახეთში გამაგრდა, რითაც კახეთის სამეფოს ჩაუყარა საფუძველი. ასე წარმოიშვა ორი სამეფო – ბაგრატ VI-ის (1466-1478) იმერეთ-ქართლის და გიორგი VIII-ის (1466-1476) კახეთის სამეფო.
1478 წელს ბაგრატ VI გარდაიცვალა, რამაც სამეფო დინასტიის გვერდითი უმცროსი შტოს არალეგიტიმურ კონსტანტინე დემეტრეს ძეს ხელ-ფეხი გაუხსნა და 1478-1484 წლებში იგი უკვე ქართლ-იმერეთის ხელისუფლად მოგვევლინა. მეფე კონსტანტინე II გარკვეულ ღონისძიებებს მიმართავდა ქართლ-იმერეთის სამეფო ტახტის შესანარჩუნებლად, მაგრამ მას არ ემორჩილებოდა ბაგრატ VI-ის შვილი ალექსანდრე და ლიხთ-იმერეთში გამეფებას ცდილობდა. 1484 წლამდე მან მხოლოდ რაჭა-არგვეთში მოახერხა თავისი ხელისუფლების გავრცელება, სადაც “მეფედაც” იწოდებოდა.
ერთიანი ქართული სამეფოს დაშლის გარდაუვალობის პირობებში ალექსანდრე ბაგრატის ძე, ბუნებრივია, მიღწეულ უფლებრივ მდგომარეობას აღარ სჯერდებოდა და სრულიად იმერეთის მეფობისთვის იბრძოდა. მიუხედავად კონსტანტინე II-ის წინააღმდეგობისა 1489 წელს ალექსანდრემ მოახერხა რეალური ძალაუფლებით გამეფება, რითაც დამოუკიდებელი იმერეთის სამეფოს გაფორმებაც დამთავრდა. ამდენად, იგი იმერეთის დამოუკიდებელი სამეფოს პირველ მეფედ – ალექსანდრე II-დ მოგვევლინა.
მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული ქარტეხილების გამო, მეფე გიორგი VIII იძულებით კახეთში გამაგრდა, იგი ერთიანი საქართველოს ტახტის აღდგენას ცდას არ აკლებს და ამ ბრძოლას მისი პირდაპირი შთამომავლებიც აგრძელებენ შემდგომში. ქართლ-კახეთს ჯერ აერთიანებს მირონცხებული თეიმურაზ I (1625-1633), შემდგომ ქართლის ტახტზე ადიან ერეკლე I (1688-1703), კონსტანტინე II (1723-1724), ალექსანდრე III (1735-1737) და თეიმურაზ II (1744-1762), ხოლო ერეკლე II-მ 1762 წელს უკვე დააგვირგვინა ეს პროცესი, ლეგიტიმურად დაიბრუნა ქართლი და საბოლოოდ გააერთიანა ქართლ-კახეთი.
ერთიანი საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე კახეთის სამეფო შტოს წარმომადგენლის – ერეკლე მეფის დამოკიდებულება ქართლის სამეფოსადმი ნათლად აისახება მის 1782 წლის 21 დეკემბრით დათარიღებულ ისტორიულ წერილში, სადაც გმირი მეფე წერს: „ქართლი ძველადაც ჩემის პაპების სამკვიდრო იყო და მას უკან ნადირ შაიმ მამაჩემს უბოძა. იმჟამად მტრისაგან გაოხრებული და გახარაბებული იყო. მამაჩემი და მე დიდის ღვაწლის დადებით ამ ქვეყნის აშენებას ვეცადენით”.
ქართლ-კახეთის გაერთიანების შემდგომ ქართლის, როგორც დამოუკიდებელი სამეფოს არსებობა შეწყდა, რაც თავისთავად საქართველოს გაერთიანების გზაზე პროგრესული მოვლენა იყო. ამ პროგრესული პოლიტიკური ნაბიჯის შემდგომ უბრალოდ უზნეობაა დღეს ქართლის სამეფო ტახტზე, როგორც ცალკე დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულზე და მითუმეტეს, მის არარსებულ მემკვიდრეებზე საუბარი.
ერთიანი სახელმწიფო სამ სამეფოდ რომ არ დაშლილიყო, ერთიანი საქართველოს სამეფო შტოში მეფობას გიორგი VIII ხაზი გააგრძელებდა, რომლის პირდაპირი მემკვიდრე და ლეგიტიმური წარმომადგენელია დღეს ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკია.