საქართველოს სამეფო სახლის განცხადება

temp23მოგეხსენებათ, რომ თითქმის 200 წლიანი წყვეტის შემდგომ, საქართველოს სამეფო სახლის მეთაურმა, საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის მემკვიდრემ, ბატონიშვილმა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ აღასრულა მისი უშუალო მეფე-წინაპრების სურვილი და 2010 წელს შესაბამისი დეკრეტით დააფუძნა სამი დინასტიური ორდენი.

ეს ინიციატივა გამოწვეული იყო წარსულის იმ რეალობიდან, რასაც ერეკლე მეფის ევროპისაკენ სწრაფვის პოლიტიკა ერქვა. კერძოდ, ცარისტული რუსეთის მიერ საქართველოს სამეფოს უკანონოდ ანექსირებამდე, საქართველოს ეკონომიკურ-პოლიტიკური კურსი ევროპული იყო, რაც გამოიხატებოდა, თუნდაც სამეფოს ადმინისტრაციულ-თანამდებობრივ ეშელონებში ევროპული ტერმინოლოგიის დაფუძნებით (ცერემონმეისტერი, რექტორი, ფელცეხმეისტერი, კანცლერი, კაპიტანი და ა.შ.).

ევროპული კურსის გამოხატულებადვე უნდა ჩაითვალოს სამეფო ოჯახში, კერძოდ ბატონიშვილთა შორის ფიქრი, ევროპული ყაიდის რაინდული ორდენების დაარსების თაობაზეც, რომლის ტრადიციაც საქართველოს სამეფოში მანამდე არ არსებობდა.

რაინდთა ორდენის შემუშავებაზე დიდად უღვაწია ღვაწლმოსილ ქართველს, ბატონიშვილ იოანეს, რომელმაც 1799 წელს თავის მამას – გიორგი XII-ს წარუდგინა ოთხი რაინდული ორდენის – წმ.დავით აღმაშენებლის, წმ. თამარ მეფის, წმ. ქეთევან წამებულისა და წმ. გიორგის ორდენთა დაარსების გეგმა, რაც საქართველოს უკანასკნელმა გვირგვინოსანმა ძალიან მოიწონა. სამწუხაროდ, ამ გეგმას განხორციელება არ ეწერა, რადგან მალევე გიორგი XII გარდაიცვალა და რუსეთმა გააუქმა საქართველოს სამეფო ტახტი, სამეფო ოჯახის წევრები კი ძალით გადაასახლა რუსეთში.

სწორედ, ამიტომაც, დღეს, საქართველოს სამეფო სახლის მეთაური, ბატონიშვილი ნუგზარი, მის მიერ დაარსებული რაინდული ორდენის მეშვეობით სიმბოლურად გამოხატავს მის წინაპართა მიერ ევროპისაკენ სწრაფვის მტკიცე კურსს და ამასთანავე, აღადგენს ერთგვარ სულიერ კავშირს თავის უშუალო წინაპრებთან. მნიშვნელოვანია, რომ ბატონიშვილი ნუგზარი ამ ორდენის მინიჭებით გამოხატავს მადლიერებას მამულიშვილთა მიმართ, რომელთაც გარკვეული დამსახურებები გააჩნიათ საქართველოს წინაშე.

სამწუხაროა, რომ მთელი 200 წლის განმავლობაში სამეფო ოჯახი, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა რეჟიმების გამო, დღემდე მოკლებული იყო გამოეყენებინა, საერთაშორისო სამართლით აღიარებული მისი იურიდიული უფლება, მიენიჭებინა რაინდობა ბუმბერაზ მამულიშვილთათვის და ამით, მოკრძალებულად დაეფასებინა მათი უზარმაზარი ღვაწლი ქვეყნის წინაშე.

საქართველოს სამეფო სახლს, ასევე სურს გამოეხმაუროს ხელოვნურად შეთხზულ, იმ უსაფუძვლო მითქმა-მოთქმას, რომ, თითქოსდა, სამეფო სახლის მეთაურის მიერ რაინდული ინსტიტუტის დაარსება პირდაპირ კავშირში იყოს დღესვე, ან ხვალვე, ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის შემოღებასთან.
გვსურს დავაფიქსიროთ, რომ ასეთი დეზინფორმაციის გავრცელება მიზანმიმართულად ხდება იმ ადამიანების მიერ, რომელთაც სურვილი აქვთ მოსახლეობაში ხელოვნურად გამოიწვიონ აურზაური და ამით მონარქიული იდეის დისკრედიტაცია მოახდინონ.

ტეგები:  

გამოხმაურება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.