საქართველოს სამეფო ოჯახის გენეალოგიური ხე, რომელზეც ასახულია საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრის, ბატონიშვილი ანას გვირგვინოსანი წინაპრები – ადარნასე ბაგრატიონიდან (VIII ს.) დღევანდელ დღემდე.

Scientific publications
საქართველოს სამეფო ოჯახის გენეალოგიური ხე, რომელზეც ასახულია საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრის, ბატონიშვილი ანას გვირგვინოსანი წინაპრები – ადარნასე ბაგრატიონიდან (VIII ს.) დღევანდელ დღემდე.

†
საქართველოს სამეფოს არსებობის პერიოდში სარაინდო ორდენით დაჯილდოვების ტრადიცია საქართველოში არ არსებობდა. ქვეყნის წინაშე დამსახურებისა და ერთგულებისათვის ქართველი გვირგვინოსნები, ევროპელებისგან განსხვავებით, თავიანთ ქვეშევრდომებს აჯილდოვებდნენ ხმლით, მამულით, ციხესიმაგრით ა.შ. თუმცა, საქართველოს სამეფოს არსებობის ბოლო წლებში, სარაინდო ორდენის დაარსების პირველი პროექტი მაინც იქნა შემუშავებული, კერძოდ, 1799 წლის 10 მაისს, ჯერ კიდევ ქართული სახელმწიფოს არსებობის დროს, საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის შვილმა, ბატონიშვილმა იოანემ, თავის გვირგვინოსან მამას წარუდგინა სარაინდო ორდენთა დაარსების გეგმა/პროექტი. აღნიშნულ პროექტში შემუშავებული იყო ოთხი სახის ორდენი და მანამდე არსებული ტრადიციული ჯილდო – მოჭედილი ხმალი. მეფე გიორგიმ მოიწონა ეს გეგმა, თუმცა სამწუხაროდ იგი ვერ განხორციელდა, რადგან დასნეულებული მეფე გიორგი წელიწადნახევარში გარდაიცვალა, ხოლო 1801 წელს ქართული სახელმწიფო რუსეთის იმპერიის მიერ ვერაგულად იქნა გაუქმებული.
ამ ისტორიული მოვლენიდან ორ საუკუნოვანი წყვეტის შემდეგ, 2009 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრემ, ბატონიშვილმა ნუგზარმა, გამოსცა სპეციალური დეკრეტი, რაც გულისხმობდა მისი უშუალო წინაპრების მიერ თავის დროზე განუხორციელებელი პროექტის აღდგენას. ღვთის შეწევნით, 2009 წლის დეკრეტის თანახმად, დაარსდა საქართველოს სამეფო სახლის შემდეგი სარაინდო ორდენები: “საქართველოს სამეფოს გვირგვინის სამეფო ორდენი”, “მეფე ერეკლე მეორის სამეფო ორდენი”, “დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სამეფო ორდენი” და “წმინდა დავით მეფსალმუნის სამეფო ორდენი”.
♦ წმინდა დავით მეფსალმუნის სამეფო ორდენი

‘წმინდა დავით მეფსალმუნის სამეფო ორდენი’ განკუთვნილია მსოფლიოს სხვა ლეგიტიმური და ავთენტური სამეფო სახლების მეთაურებისთვის. ეს პატივი ასევე შეიძლება მიენიჭოთ ეკლესიის იერარქებს და სხვა სუვერენული ქვეყნების მეთაურებს. აღნიშნული ორდენი შეიძლება მიენიჭოთ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც. სამეფო ოჯახის ორდენთა იერარქიაში ‘წმინდა დავით მეფსალმუნის სამეფო ორდენი’ პატივით უმაღლესი ორდენია და ყველა დანარჩენ ორდენზე მაღლა დგას.
♦ დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სამეფო ორდენი

გადაეცემათ იმ პირებს, რომლებსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვთ საქართველოს სამეფო სახლის წინაშე და/ან წვლილი შეიტანეს ქართველი ხალხის ან მართლმადიდებლური ეკლესიის კეთილდღეობის საქმეში. ის განსაზღვრულია როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის.
♦ მეფე ერეკლე მეორის სამეფო ორდენი
‘მეფე ერეკლე II-ის სამეფო ორდენი’ გაიცემა ექსკლუზიურად საქართველოს მოქალაქეებზე მხოლოდ და წარმოადგენს ჯილდოს იმ პირთათვის, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ქვეყნის განვითარებასა და კეთილდღეობაში. აღნიშნული ორდენის წევრები შეიძლება გახდნენ მთავრობის, ეკლესიის, სახელოვნებო, სპორტის, სამეცნიერო და სხვა სფეროების წარმომადგენლები.
♦ საქართველოს სამეფოს გვირგვინის სამეფო ორდენი

‘საქართველოს სამეფოს გვირგვინის სამეფო ორდენი’ არის ჯილდო, რომელიც ენიჭება პირებს, რომლებიც ემსახურნენ საქართველოს სამეფო სახლს და/ან წვლილი შეიტანეს ქართველი ხალხის კეთილდღეობის საქმეში. ორდენი შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.
საქართველოს სამეფო ოჯახი XIX საუკუნის ბოლოს. სურათზე გამოსახულნი არიან ბატონიშვილები ილია, მიხეილი და პეტრე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკები დედასთან – ელენე თარხან-მოურავთან ერთად (სურათი №1).
ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო ოჯახი XIX საუკუნის ბოლოს. ქვემოთ ზის ბატონიშვილი პეტრე ალექსანდრეს ძე, დღევანდელი სამეფო სახლის მეთაურის, ბატონიშვილი ნუგზარის ბაბუა (სურათი №2).
1453 წელს ბიზანტიის იმპერიის გაუქმების შემდეგ, საქართველოს სამეფო აღმოჩნდა რთულ ვითარებაში. გაერთიანებული საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი VIII (1446 – 1466) თავის თავში აერთიანებდა, როგორც აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოს (მამის მხრიდან მეფე დავით ულუს სამეფო ხაზს), ისე დასავლეთ საქართველოს სამეფოს (დედის მხრიდან მეფე დავით ნარინის სამეფო ხაზს), რაც პრაქტიკულად ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ერთიანი საქართველოს სამეფო შტოს ლეგიტიმაციის გამყარებისათვის.
გიორგი VIII-ის მეფობის ხანაში ოსმალეთმა ყოველ ღონეს მიმართა, რათა ჩაეშალა საქართველოსა და ევროპას შორის არსებული კოალიცია, რამაც, საბოლოო ჯამში გამოიწვია საქართველოს სამ სამეფოდ და სამთავროებად დაშლა.
1466 წელს ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი VIII იძულებული შეიქმნა კახეთში გამაგრებულიყო, სადაც მან დამოუკიდებელი კახეთის სამეფოს ჩაუყარა საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ მეფე გიორგი აგრძელებს ბრძოლას ერთიანი საქართველოს აღდგენისათვის, იმ ეტაპზე რეგიონში გაბატონებული პოლიტიკა მას ამის საშუალებას არ აძლევს.
მომდევნო საუკუნეებში, მეფე გიორგი VIII-ის უშუალო შთამომავლები კახეთის სამეფო შტოდან, აგრძელებენ ბრძოლას ქვეყნის გაერთიანებისკენ, ზოგიერთი მათგანი წარმატებასაც აღწევს, მაგალითად როგორებიც იყვნენ: მეფე თეიმურაზ I (1605-1648). 1625 წელს იგი აერთიანებს ქართლისა და კახეთის სამეფოებს და ხდება გაერთიანებული ქართლ-კახეთის მირონცხებული მეფე. სამწუხაროდ, 1648 წელს ირანმა საქართველოში შემოჭრით გააუქმა ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გაერთიანება. შემდგომ თეიმურაზ მეფის შვილიშვილი ერეკლე I, რომელიც 1688 დან 1703 წლებში ქართლის ტახტზე ადის, ასევე ცდილობს ამ ორი სამეფოს გაერთიანებას, თუმცა მასაც ხელი ირანმა შეუშალა. კახეთის სამეფო შტოს წარმომადგენლებს შემდგომშიც მრავალი მცდელობა ჰქონდათ ქვეყნის გაერთიანებისა, მაგალითად მეფე ალექსანდრე III, რომელიც მეფობდა ქართლში 1735 დან 1737 წლებში, ასევე ცდილობდა გაერთიანებას. შემდგომში მეფე თეიმურაზ II, რომელიც 1744 წელს ადის ქართლის ტახტზე, თანაც სვეტიცხოველში მეფედ კურთხევის სრული წესის დაცვით და მისი შვილი ერეკლე II საბოლოოდ აერთიანებს ქართლ-კახეთის სამეფოს 1762 წელს.
1790 წელს დაიდო ე.წ. “ივერიელთა ტრაქტატი”, რომლის თანახმადაც მეფე ერეკლე II აღიარებულ იქნა სრულიად საქართველოს სუვერენულ მეფედ. ხელშეკრულებას ხელი მოაწერა საქართველოს პატრიარქმა ანტონმა, იმერეთის მეფე სოლომონ II, გრიგოლ დადიანმა (სამეგრელოს მთავარი) და სიმონ გურიელი (გურიის მთავარი). ამ ტრაქტატის შემდგომ მეფე ერეკლე II-ის ტიტული გახდა – ”მეფე სრულიად საქართველოისა და სხვათა” რაც შემდგომში მემკვიდრეობით გადავიდა მის ვაჟზე, გიორგი XII-ზე, რომელიც იყო საქართველოს ბოლო მეფე.
1801 წელს რუსეთის იმპერატორმა უხეშად დაარღვია საქართველოსა და რუსეთს შორის 1783 წელს დადებული ”გიორგიევსკის ტრაქტატი” და საქართველოს სამეფო გააუქმა. თუმცა, ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის შთამომავლებს სამეფო ღირსება არ გაუუქმა. 1801 წლიდან დაწყებული, რუსეთის იმპერიამ საქართველოდან რუსეთში ძალით გადაასახლა მხოლოდ სამეფო ოჯახის წარმომადგენლები (ბატონიშვილ ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკის უშუალო წინაპრები). არცერთ სხვა, გვერდითი შტოს ბაგრატიონებს ეს რისხვა არ შეხებიათ, რადგან ისინი, სამეფო ტახტის აღდგენის თვალსაზრისით რუსეთისათვის საშიშროებას არ წარმოადგენდნენ. ასეთ თავადურ განშტოებებს მიეკუთვნებოდნენ ბაგრატიონ-მუხრანელები, ბაგრატიონ-დავითიშვილები, ბაგრატიონ-ბაბადიშები.
დღეს, საქართველოს სამეფო სახლის მეთაური და საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე, ბატონიშვილი ნუგზარი არის სწორედ, მეფე ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის პირდაპირი მემკვიდრე.