თავი 3.
მისი სამეფო უმაღლესობის, ბატონიშვილი ანას მეორე ქორწინება
ქართული დინასტიური სამართლის თანახმად, საქართველოს ტახტის მემკვიდრის ოჯახს ნამდვილად არ სჭირდებოდა თავისი ქალიშვილის ხელმეორედ გათხოვება მემკვიდრეობითი ხაზის გაგრძელების მიზნით, რადგან ტახტის მემკვიდრეობით რიგში, მამის შემდგომ ლეგიტიმიზმის პრინციპის თანახმად იდგა და დგას ბატონიშვილი ანა და მის შემდგომ მისი ქალიშვილები, რასაც სამეფო სახლის მეთაურის მიერ 2009 წელს გამოცემული №2 დეკრეტიც ადასტურებს (იხ. დანართი №14, დოკუმენტი №12).
პირველ მეუღლესთან ბატონიშვილი ანას განშორებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, საპატრიარქომ ყურადღება შეაჩერა და სასიძოს კანდიდატურად მისაღებად მიიჩნია ესპანეთიდან საქართველოში გადმოსახლებული, მუხრანელ ბაგრატიონთა თავადური შტოს წარმომადგენელი – დავით ბაგრატიონი. რომელსაც საპატრიარქოში გამართულ სხვადასხვა წვეულებებზე პატრიარქი ახვედრებდა ბატონიშვილ ანას მშობლების თანდასწრებით.
ბატონიშვილი ანა ამ დროისათვის საკმაოდ ახალგაზრდა იყო, 32 წლის, ამიტომ მისი ხელმეორედ გათხოვება მშობლებისათვის მისაღები იყო. სხვა მხრივ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დინასტიური სამართლიდან გამომდინარე, მეორე ქორწინება ბაგრატიონ-გრუზინსკების ოჯახს არც არაფერს მატებდა და არც არაფერს აკლებდა ლეგიტიმაციის თვალსაზრისით. ამას ადასტურებს, თუნდაც დავით მუხრანელის ახლობელი, ისტორიკოსი ქ-ნი მ. ხომერიკი თავის ერთერთ ინტერვიუში: ”საერთოდ ეს ქორწინება ანაზე მეტად დავითისთვის იყო მომგებიანი…” (იხ. გაზეთ ”პრაიმ-ტაიმი”, 2 ნოემბერი, 2009წ).
ბატონიშვილი ნუგზარი ვარაუდობდა და იმედოვნებდა, რომ პატრიარქის ჩანაფიქრი – ბაგრატოვანთა ამ ორი შტოს დაქორწინების გზით გაერთიანება, დაასრულებდა ამ ორ ოჯახს შორის არსებულ დავას, რაც კერძოდ გამოწვეული იყო ემიგრაციაში (ესპანეთში) XX ს-ის 40-იან წლებში მყოფი მამა-შვილის, თავადიშვილების – გიორგისა და მისი ქალ-ვაჟის, ირაკლისა და ლეონიდა ბაგრატიონ-მუხრანელების მიერ საქართველოს სამეფო ტახტის ჭეშმარიტი მემკვიდრეების – ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო უფლებების მითვისებით (იხ. ვალერიან კიკნაძე, “საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე ოჯახი”, თბილისი, 2006 წელი).
არსებობდა ასევე იმედი, რომ ამ ქორწინების შედეგად, ბაგრატოვანთა 1300 წლოვანი სამეფო დინასტიისა და იდეის მოწინააღმდეგე ძალებს გამოეცლებოდათ ზემოთ უკვე ნახსენები დაპირისპირების მიზეზები. ამასთანავე, არსებული გაუგებრობები ამ ორ შტოს შორის მოგვარდებოდა და ძველი წყენაც დავიწყებას მიეცემოდა. სწორედ ამიტომაც მიენდო ბატონიშვილი ნუგზარი საქართველოს პატრიარქს.
ახალი ურთიერთობა ნელ-ნელა თითქოს ლოგიკური შედეგისაკენ მიემართებოდა,..
2008 წლის დეკემბერში, მისი უწმინდესობა, ილია II, მოსკოვში რუსეთის პატრიარქის ალექსი II-ის დაკრძალვიდან დაბრუნებისამებრ, შეხვდა სამეფო სახლის მეთაურს ბატონიშვილ ნუგზარს და მის სასიძოს, დავითს, რომელთაც შესთავაზა ქორწინება დანიშნულიყო 2009 წლის (აპრილს) აღდგომისათვის.
თავის მხრივ, ბატონიშვილმა ნუგზარმა შეხვედრის დროს, (სასიძოს – დავითის თანდასწრებით), მოითხოვა ქართულ დინასტიურ კანონმდებლობაზე დაყრდნობით ქორწილამდე გაფორმებულიყო დინასტიური საქორწინო ხელშეკრულება, როგორც დღეს ეს მიღებულია ცივილიზებულ სამყაროში. მოთხოვნა გულისხმობდა დოკუმენტში დაფიქსირებულიყო დასაქორწინებელ მხარეთა ისტორიული სტატუსები – ბატონიშვილი ანას უპირატესი დინასტიური უფლებები მისი მომავალი მეუღლის მიმართ, რის შესაბამისადაც, ამ ქორწინებიდან მომავალში დაბადებული შვილიც დაბადებიდანვე მიიღებდა დედის სამეფო გვარს და ტახტის მემკვიდრეობით უფლებას, ისევე როგორც პირველი ქორწინებიდან შობილმა შვილებმა მიიღეს.
ვაჟის დაბადების შემთხვევაში, ქართული დინასტიური სამართლის თანახმად (რადგან საქართველო ჯერ ევროკავშირის წევრი არ არის), იგი გაუსწრებდა უფროს დებს ტახტის მემკვიდრეობით რიგში. სიძე – თავადი დავითი გახდებოდა თანამოსაყდრე (მეუღლე-კონსორტი) (ისევე როგორც ამ სტატუსს ატარებდა ბატონიშვილი ანას პირველი მეუღლე), როგორც მომავალი ტახტის მემკვიდრის მამა და ოჯახის უფროსი და არა სამეფო სახლის, ან დინასტიის მეთაური, რაც დინასტიური კანონმდებლობით ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო ოჯახის უფლებაა და ეს უფლება შემდგომ ბატონიშვილ ანას მეშვეობით მის მომავალ ძეზე მემკვიდრეობით გადავიდოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ქორწინება არადინასტიურ ქორწინებად ჩაითვლებოდა და შობილი შვილი იქნებოდა მუხრანელ ბაგრატიონთა თავადური შტოს და არა სამეფო შტოს გამგრძელებელი.
მისმა უწმინდესობამ მოისმინა რა, ბატონიშვილი ნუგზარის კანონიერი მოთხოვნა, შესთავაზა, რათა ორივე მხარეს აღდგომამდე ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარმოედგინათ.
დინასტიური ქორწინების კანონიერად აღსრულებისათვის ბატონიშვილმა ნუგზარმა ყველა საჭირო ისტორიულ-გენეალოგიური დოკუმენტაცია საპატრიარქოს წარუდგინა.
ტრადიციისამებრ, სასიძო – თავადი დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ეწვია სამეფო სახლის მეთაურს სახლში, ქალიშვილის ხელის სათხოვნელად. მას ბატონიშვილთან ძალზედ გულწრფელი საუბარი ჰქონდა. ოჯახის წევრების გადმოცემით, მან ბოდიში მოიხადა იმ ქმედებებზე, რაც ბოლო სამოცდაათი წლის განმავლობაში მისი უშუალო წინაპრები უნებლიედ ჩადიოდნენ ემიგრაციაში ცხოვრების დროს. თავადმა დავითმა მათი საქციელი იმით გაამართლა, რომ მის წინაპრებს უბრალოდ ვერ წარმოედგინათ, რომ ბაგრატიონ-გრუზინსკების ჭეშმარიტი სამეფო შტო გადაურჩებოდა საბჭოთა რეპრესიებს და მან სიტყვიერად დააფიქსირა, რომ ის აღიარებდა ბაგრატიონი-გრუზინსკების უპირატესობას საგვარეულოში.
ბატონიშვილი ნუგზარისათვის, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან იყო ცნობილი ბაგრატიონ-მუხრანელთა ამ ოჯახის ეს პოზიცია, კერძოდ, როცა 1972 წელს, კულტურის მინისტრის მოადგილე, ბატონი აკაკი დვალიშვილი, სუხიშვილების ანსამბლის წარმომადგენლებთან ერთად ესპანეთში იმყოფებოდა, იგი ანსამბლის წევრებთან ერთად სტუმრებია ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელს სახლში, სადაც საუბრისას ირაკლი მუხრანელი განცვიფრებულა, როცა შეუტყვია ბატონი აკაკისაგან, რომ სამეფო ტახტის ჭეშმარიტი მემკვიდრე, ბატონიშვილი პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკი გადაურჩა საბჭოთა რეპრესიებს და ცხოვრობდა თბილისში (2005 წლის 20 მარტის ინტერვიუ აკაკი დვალიშვილთან).
2009 წლის იანვარში, ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, პატრიარქმა იხმო ბატონიშვილი ნუგზარი სასიძოსთან ერთად და სთხოვა მათ ქორწინების 8 თებერვლისათვის გადმოტანა. ბატონიშვილი ნუგზარი, იმის გამო, რომ საქორწინო ხელშეკრულებაზე მუშაობა ჯერაც არ იყო დაწყებული, მიხვდა, რომ ახალი თარიღისათვის ხელშეკრულების მომზადება ვერ მოესწრებოდა, ამიტომ ითხოვა ქართული ტრადიციის თანახმად, ჯვრისწერის ცერემონიალში მაინც დაფიქსირებულიყო მხარეთა სტატუსები, ხოლო ხელშეკრულება მოგვიანებით შედგებოდა.
საპატრიარქო შეუდგა წინასაქორწინო მზადებას. სამწუხაროდ, მოულოდნელად, მისი უწმინდესობა ილია II უეცრად ავად გახდა და ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა. იმის გამო, რომ მოსაწვევები საპატრიარქოს მიერ უკვე დაგზავნილი აღმოჩნდა მსოფლიოს სხვადასხვა მონარქიულ სახლებში, ამიტომ 2009 წლის 8 თებერვალს დანიშნული ქორწილის გადადება შეუძლებელი შეიქმნა.
სამწუხაროდ, პატრიარქის არყოფნის გამო ჯვრისწერის ცერემონიალშიც არ იქნა დაცული დინასტიური სამართლის მოთხოვნები. თუმცა, საქართველოს სამეფო სახლის მეთაურმა ბატონიშვილმა ნუგზარმა ქორწილში, დინასტიური კანონმდებლობის თანახმად, თავის მისასალმებელ სიტყვაში, ოფიციალურად დააფიქსირა ქორწინებაში შესული მისი ქალიშვილის, როგორც მომავალი ტახტის მემკვიდრის სტატუსი და უპირატესი დინასტიური უფლებები მის მეუღლესთან მიმართებაში. ეს განცხადება დამსწრე, უცხოელი და ადგილობრივი საზოგადოების მიერ, მიღებულ იქნა როგორც სამეფოს სახლის მეთაურის სიტყვიერი დეკრეტი.
ქორწილის შემდეგ, ბატონიშვილი ნუგზარის სიტყვიერ დეკრეტზე განრისხებულმა დავითმა თავის მეუღლეს, ბატონიშვილ ანას განუცხადა, რომ იგი თავად არის ტახტის მემკვიდრე და რომ მას შვილი არ სჭირდება. ქორწინებიდან, სულ რაღაც თვენახევარში, ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა დაიძაბა დავითის არაადექვატური და უღირსი საქციელების გამო.
შექმნილი ვითარების გამო, ბატონიშვილი ანა დაბრუნდა მშობლების სახლში. მდგომარეობა დაიძაბა…
საქორწინო ხელშეკრულების ქორწილამდე გაუფორმებლობამ თავისი უარყოფითი შედეგი მაინც გამოიღო. მიუხედავად ბატონიშვილი ნუგზარის სიტყვიერი დეკრეტისა და დავით მუხრანელის მიერ ქორწილამდე სამეფო ოჯახის წინაშე ერთგვარი მობოდიშებისა, მან მაინც გააგრძელა პირად ინტერნეტ გვერდზე საკუთარი თავის სამეფო სახლის მეთაურად და საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრედ გამოცხადება. ასევე უცხოეთში ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს ბატონიშვილ ნუგზარს მისთვის ქორწილში გადაეცა სამეფო სახლის მეთაურის უფლებები, რითაც, თითქოს, ამ ქორწინებით, ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო დინასტია ჩანაცვლდა მუხრანელი ბაგრატიონების თავადური დინასტიით.
შეიძლება ითქვას, რომ დავით მუხრანელი და მისი გარემოცვა, დღეს, XXI საუკუნეში, ცდილობს ინტერნეტ სივრცის მეშვეობით მოახდინოს სამეფო სტატუსის უზურპაცია. ქორწილის შემდგომაც განაგრძობენ ბაგრატიონ-გრუზინსკების ლეგიტიმური უფლებების უხეშ ხელყოფას. ამ გარემოცვამ დავითს ქართულენოვანი ინტერნეტ გვერდიც კი შეუქმნა, სადაც მისი წინაპრები მიზანმიმართულად XIX-XX ს. საქართველოს არარსებულ ”მეფეებად” წარმოაჩინა, მათ შორის ერთერთს – ალექსანდრე ბაგრატიონ-მუხრანელს, სურათის უქონლობის გამო, აკაკი წერეთლის სურათიც კი დაუდო, ვფიქრობთ, ამით მათ მიზანმიმართულად ხაზი გაუსვეს დავითის უცოდინრობას, რითაც, იმავდროულად, მოახდინეს მისი დისკრედიტაციაც (იხილეთ ამ გვერდების კოპირებული სურათები).
თავი 4.
საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის დაარსება
დრო გადიოდა… ქართული საზოგადოება სწორი ინფორმაციის უქონლობის გამო გაურკვეველ ვითარებაში აღმოჩნდა. საჭირო იყო ვითარების დარეგულირება.
სწორედ ამ მიზნით 2009 წლის 1 მაისს, საქართველოს ინტელიგენციის ნაწილმა მიმართა თხოვნით ბატონიშვილ ნუგზარს, რათა შექმნილიყო საქართველოს სამეფო სახლის კანცელარია, რაც თავისთავად შეძლებდა სამეფო სახლის ღირსების დაცვას (იხ. დანართი №14, დოკუმენტი №10)
2009 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის №1 დეკრეტით დაარსდა საქართველოს სამეფო სახლის კანცელარია. (იხ. დანართი №14, დოკუმენტი №11)
სამეფო სახლის კანცელარიამ საერთაშორისო დინასტიურ სამართალზე დაყრდნობით მოიძია ყველა საჭირო სამართლებრივი დოკუმენტაცია საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრეობის საკითხთან დაკავშირებით და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით კიდევ ერთხელ დაადასტურა ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ლეგიტიმურობა საქართველოს სამეფო ტახტთან მიმართებაში. ამის შემდგომ, სამეფო სახლის მეთაურმა გამოსცა დეკრეტი №2 (იხ. დანართი №14, დოკუმენტი №12). რითაც განსაზღვრა სამეფო ტახტის მემკვიდრეობითი ხაზი და მისი უფროსი ქალიშვილი, ბატონიშვილი ანა გამოაცხადა საქართველოს სამეფო ტახტის მომავალ მემკვიდრედ.
2009 წლის 15 დეკემბერს, საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიამ საქართველოს პატრიარქს გაუგზავნა წერილი და მიაწოდა თანდართული მასალა (62 გვერდი), სადაც დოკუმენტურად იყო გაანალიზებული შექმნილი სიტუაცია და ითხოვა შეხვედრა მის უწმინდესობასთან, რათა შექმნილი ვითარებიდან მოძებნილიყო ღირსეული გამოსავალი (იხ. დანართი №14, დოკუმენტი №13)
სამეფო სახლის კანცლერის პატრიარქთან საუბრისას გადაწყდა, რომ ქორწინების სამართლებრივ ჩარჩოში მოსაქცევად ორივე მხარის წარმომადგენლებს ერთობლივად შეემუშავებინათ დინასტიური ქორწინების დაგვიანებული ხელშეკრულება. ორმხრივი კომისია შეუდგა მუშაობას, შეხვედრის ოქმები პარალელურად ეგზავნებოდა პატრიარქს (იხ. დანართ №14, დოკუმენტი №15).
დინასტიური ხელშეკრულებით, სამეფო სახლის მეთაური ბატონიშვილი ნუგზარი, თავის სიძეს დავით ბაგრატიონ-მუხრანელს აძლევდა საქართველოს სამეფო სახლის წევრობას, თანამოსაყდრის (მეუღლე-კონსორტის) უფლებებით, ქორწინებიდან გაჩენილი მემკვიდრე, დინასტიური სამართლის თანახმად სამეფო ღირსებას მიიღებდა დედის – ბატონიშვილი ანას ხაზით.
რაც შეეხება დავითის ოჯახის მიერ სამეფო სახლის სახელით დაარსებულ, ეგრეთწოდებულ რაინდულ ორდენებს, ეს ორდენები უნდა გამხდარიყო, როგორც, აწ უკვე, სამეფო სახლის წევრის – მეუღლე კონსორტისა და მომავალი ტახტის მემკვიდრის მამის – დავით ბაგრატიონ-მუხრანელის პირადი და არა როგორც საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის ორდენები, შესაბამისად მას უნარჩუნდებოდა ამ ორდენის ერთპიროვნული მართვის უფლება.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ამ პერიოდში საქართველოს რუსეთის სინოდის წევრები ეწვივნენ. რუსეთის დელეგაციის ვიზიტის დღეებში დავით მუხრანელი გვერდიდან არ მოსცილებია სტუმრებს. ხოლო, დელეგაციის გამგზავრების შემდგომ, მიუხედავად იმისა, რომ დავითი თავიდან თანახმა იყო ხელშეკრულების გაფორმებაზე, ყველასათვის გასაკვირად მან ამ საქორწინო ხელშეკრულებას აღარ მოაწერა ხელი და უმალ ესპანეთში გაემგზავრა, რასაც მოჰყვა მის მიერ სხვადასხვა ქვეყნის პატრიარქებისადმი საკუთარი ორდენების იოლად გადაცემის პროცესი.
საზოგადოებაში მრავალი ეჭვი გაჩნდა მისი არალოგიკური საქციელის გამო. ფაქტობრივად მან უარი თქვა თანამოსაყდრეობაზე (მეუღლე-კონსორტობაზე), ასევე მომავალი ვაჟის (თუკი სამომავლოდ მათ ამ ქორწინებიდან შეეძინებოდათ ვაჟი) ბაგრატიონ-გრუზინსკების ხაზით საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრედ აღიარებაზე და მისი წინაპრის მიერ უკანონოდ, სამეფო ოჯახის სახელის გამოყენებით, დაარსებული რაინდული ორდენების შესაბამისი სტატუსის მინიჭებაზე.
ლომის წილი კი, ამ ყოველივეში, მართვად მასმედიასაც ეჭირა. თვეების განმავლობაში ტელეეკრანზე და გაზეთების ფურცლებზე ეწეოდნენ მონარქიის, როგორც ამას გონებამახვილურად უწოდა ჟურნალისტმა ბ. ამაშუკელმა, “შორენიზაციას” (იხ. გაზეთი “ასავალ-დასავალი”. 26.04.2010).
აქვე, კვლავ დავით მუხრანელის მეგობარ-ისტორიკოს მანანა ხომერიკს დავესესხებით, რომელიც თავის ერთერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ დავითმა ”მომავალ შვილზე იეჭვიანა. ფაქტობრივად ეს ქორწინება მემკვიდრის დაბადებაზე იყო გათვლილი და ბავშვის გაჩენის შემდეგ დავითი გამოდიოდა, როგორც სუროგატი მამა და მეტი არაფერი” (იხ. გაზეთ ”პრაიმ-ტაიმი”, 2 ნოემბერი, 2009წ).
ასევე, გაზეთ “პრაიმტაიმის” 12 აპრილის ნომერზე დაყრდნობით, ინტერნეტ საიტ “კომუნა.ჯე”-ს თანახმად ჟენევაში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, სახელწოდებით “საერთაშორისო რესპუბლიკური ლიგა”-ს, თავისი ყოველწლიური ჯილდოც კი გაუცია ქალბატონი ბეგაშვილისთვის – “ევროპის რუქაზე კიდევ ერთი მონარქისტული სახელმწიფოს არ გაჩენაში გაწეული ღვაწლისთვის…”.
ძალზედ საინტერესოა ასევე, რომ სამეფო სახლის მოთხოვნების იგნორირებისა და ოჯახის ნგრევის პარალელურად, დავით მუხრანელი 2011 წელს, როგორც ამას გაზეთ “ალიას” ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი თავისი სტატიიდან: “მეფე” ახალ სკანდალში ეხვევა!!!” გვაუწყებს, მასონთა ლოჟის წევრიც კი გამხდარა (იხ. გაზ. “ალია”, №79 (2634) 11.10 – 12.10, 2011, გვ. 8).
ასევე, გაზეთი ”პრაიმტაიმი”, მონარქიული იდეის აშკარა დისკრედიტაციის მიზნით, არ ერიდება ქორწილის ფოტომასალის გაყალბებასაც. თუ ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოებს დააკვირდებით ადვილად შესამჩნევი იქნება, თუ რა არაოსტატურად ჩაუმონტაჟებიათ გაზეთის მესვეურთ ბატონიშვილი ნუგზარის ადგილზე ვინმე ”ნარკობარონის”- ნუგზარ ბოჭორიშვილის ფოტოსურათი (იხ. ”პრაიმტაიმი”, 2010 წლის 11 ოქტომბრის ნომერი, ჟურნალისტ ერეკლე სტურუას სტატია ”რა კავშირი აქვს ქართველ ნარკობარონს ”მეფესთან”?”).
ძალზედ დამაფიქრებელია ის, რომ დავით მუხრანელს, არცერთ ზემოთ მოყვანილ ბრალდებაზე, საქმე არ აღუძრავს. დააკვირდით, რომ გაზეთები, ერთის მხრივ, მართლაც ბრჭყალებში სვამენ სიტყვა „მეფეს“ დავით მუხრანელთან მიმართებაში, თუმცა, ამით, მას საზოგადოებაში ხელოვნურად მაინც უმკვიდრებენ “მეფის” სახელს და იქვე, მას, მასონთა ლოჟის წევრობასა თუ ნარკობარონთან ურთიერთობაში “ამხელენ”, რითაც ეწევიან მის დისკრედიტაციასაც. მეორეს მხრივ, გაზეთები სრულებით იგნორირებენ საქართველოს სამეფო ტახტის ჭეშმარიტ მემკვიდრეს – ბატონიშვილ ნუგზარს. ანუ, სახეზეა ზემოთ უკვე ნახსენები „სცენარი“ – იგნორირება ჭეშმარიტი სამეფო ოჯახისა და ხელოვნურად, არასამეფო ბაგრატიონის წარმოჩენა სამეფოდ, თანაც იქვე მისივე დისკრედიტაცია.
სამწუხაროდ, გარკვეულ წილად, ამ სტატიებით თავის მიზანს მიაღწიეს და საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა მაინც გამოიწვიეს.
ასევე, საინტერესოა გაზეთ “პრაიმ ტაიმის” 2011 წლის 28 თებერვლის სტატია, რომელშიც ჟურნალისტი ლევან ღვინიანიძე მოგვითხრობს ჰოლივუდის ერთერთი კომპანიის “Warner Bros” მიერ გადაღებულ “ნიკიტას” ერთერთ სერიაზე და გვიყვება მის მოკლე შინაარსს: “…საქართველოს პრინცი და პრინცესა ამერიკას სტუმრობენ, სადაც პრინცზე შეტევა უნდა განხორციელდეს, მოკლან, მერე ეს ამბავი საქართველოს პრეზიდენტს დაბრალდეს და რეალურმა დამკვეთებმა ამის საფუძველზე, გადატრიალება მოაწყონ…” ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ იბადება მთავარი კითხვა, რატომ არ გამოიძია, ან “პრინცმა” დავითმა, ან თავად გაზეთ “პრაიმ ტაიმმა” თუ ვინ დააფინანსა და ვინ არის დამკვეთი ამ სერიის. ცხადია, რომ ბატონიშვილი ანა, რომლის პროტოტიპად აღნიშნულ ფილმში მკვლელობის დამკვეთი პრინცესაა გამოყვანილი, საკუთარი სახელის დისკრედიტაციისთვის ფილმს არ დაუკვეთავდა, მაშ ვინ უნდა იყოს ამ ფილმის დამკვეთი?!
საგულისხმოა შსს მინისტრ ვანო მერაბიშვილის განცხადებაც, როცა მან ეს ქორწილი “პრიმაკოვის პროექტად” მონათლა (იხ. გაზ. “სიახლე” 14 აპრილი, 2010.)
ის, რომ შსს-ს ხელმძღვანელს სამეფო სახლის კანცელარიაზე მეტი ინფორმაცია გააჩნია, ეს ფაქტია. სამწუხაროდ ბევრი საკითხის გამოკვლევისა და გამოძიების რესურსი ჩვენს ძალებს აღემატება, შესაბამისად, რთულია დღეს ვამტკიცოთ, იყო თუ არა ეს ქორწინება მართლაც პრიმაკოვის პროექტი, თუმცა სამეფო ოჯახის სიძის არაადექვატური ქცევები ამაზე ეჭვის გამოტანის საბაბს იძლევა. ამიტომ, სამეფო კანცელარიამ დაიწყო ამ მიმართულებითაც ინფორმაციის მოპოვება.
როგორც რუსეთის სათავადაზნაურო საკრებულოს წარმომადგენელმა, თავადმა სერგეი დადიანმა განაცხადა: “Поддержкой князя Давида занимаются в России “легитимисты”, они поддерживают Вел. княгиню Марию Владимировну и что бы скрыть ее морганатическое происхождение (брак Вел.князя Владимира Кирилловича и княгини Леониды Георгиевны Багратиони-Мухранели) им выгодно выдавать князя Давида за наследника трона Грузии…”
მოპოვებული ინფორმაციებიდან გამოიკვეთა, რომ დავით მუხრანელის ასეთი ქმედებები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მისი ბაბუის დის, ლეონიდა ბაგრატიონ-მუხრანელის შვილთან – მარია ვლადიმერის ასულ რომანოვასთან. რომელსაც სჭირდება მსოფლიოს თვალში თავადი მუხრანელების სამეფო შტოდ წარმოჩენა. წლების განმავლობაში ქალბატონი მარიას მომხრეები, წარმატებით ახერხებენ საკუთარ ინტერნეტ გვერდებზე გაყალბებული ისტორიულ-გენეალოგიური ფაქტების განთავსებას.
ლეგიტიმურობის მოსაპოვებლად ქალბატონ მარიას ხელს უშლის მისი დედის, ლეონიდა ბაგრატიონ-მუხრანელის არასამეფო წარმომავლობა. სწორედ, ამ მიზეზის გამო რომანოვთა სხვა საიმპერატორო ოჯახები, რუსეთის დინასტიური სამართლის თანახმად, ქალბატონ მარიას თვლიან მორგანეტული ქორწინებიდან შობილად და საიმპერატორო ტახტთან მიმართებაში მის პრეტენზიებს დღემდე არ ცნობენ. იხილეთ ინტერნეტ გვერდი: http://archive.today/www.monarchruss.org
ამ ინტერნეტ გვერდზე ცნობილი რუსი გენეალოგი რ. კრასიუკოვი ქალბატონ ლეონიდა მუხრანელზე ასე წერს: “Леонида Георгиевна со стороны отца происходит даже не от царствовавшего в Грузии Дома Багратидов, а от одной из линий представители которой никогда не занимали трона (Красюков Р. К проблеме престолонаследия в России // Держава, 1996 N 1(2), – С. 23- 25.)
ასევე იხილეთ მ. ნაზაროვის ინტერნეტ სტატია:
http://www.russia-talk.org/cd-history/naslednik/naslednik.htm
ავტორი ერთერთ სტატიაში ლაკონურად აყალიბებს მუხრანელ ბაგრატიონთა სტატუსს: “Мадридские Багратионы” находятся лишь в очень отдаленном родстве с Багратионами, царствовавшими в Грузии” (იხ. Анастасий Вонсятский. «Несостоявшаяся коронация», газета «Новая Заря» выходившей в Сан-Франциско, штат Калифорния, в номерах датированных 23 и 30 сентября 1961 г.) http://teopolitika.ru/index.php?option=com_content&view=article&id=41:2009-02-13-20-12-40&catid=6:2009-02-04-13-07-55
გარდა ამისა, ვფიქრობთ საინტერესო უნდა იყოს თავად ქალბატონი ლეონიდა მუხრანელის დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველთა მიმართ, რაც ნათლად გამოჩნდა მისი ვიზიტისას საქართველოში 90-იან წლებში. ამ ვიზიტის თაობაზე იგი ესაუბრება გაზეთ «Российская газета»-ს კორესპონდენტს ნიკოლაი პაკლინს, სადაც მუხრანელი ქალბატონი ასე პასუხობს მას: «…Да меня приглашал Шеварднадзе. Это умный политик. Но в Тбилиси меня поначалу пытались «огрузинить», представить исключительно как особу грузинской царской фамилии. Чтобы всё расставить по своим местам, я попросила российского посла в Грузии не отходит от меня ни на шаг. Кажется, грузинские хозяева поняли меня и даже «вспомнили» русский язык…» (გაზეთი «Российская газета», სტატია: «Четвёртый век династии», 30 დეკემბერი, 1995 წ., გვ. 29).
ცნობები ემიგრაციაში მყოფი “მადრიდელი” ბაგრატიონების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ინტერნეტ გვერდებზეც: http://www.monarchruss.org/index.php?option=com_content&task=view&id=264&Itemid=37; ასევე, http://newsland.com/news/detail/id/99191/
http://za.zubr.in.ua/2013/05/13/21079/
http://www.specnaz.ru/articles/203/27/1891.htm
ამ ინტერნეტ საიტებზე მოყვანილი ზღვა რაოდენობის ბრალდებები, თუ რამდენად შეესაბამება ჭეშმარიტებას, ჩვენ ვერ დავდებთ თავს, მაგრამ ის, თუ რატომ არასოდეს არ გაუპროტესტებია ბაგრატიონ-მუხრანელთა ამ ოჯახს ეს ბრალდებები, ნამდვილად ბადებს კითხვებს.
თავი №5
ბერლინში გათამაშებული ფარსი
დღეს, თავადი დავით ბაგრატიონ-მუხრანელი და მისი ”გუნდი” უტიფრად აგრძელებენ იმის განცხადებას, რომ თითქოს მუხრანელი ბაგრატიონები ქართლის სამეფო შტოს წარმოადგენენ, არადა XX საუკუნის 40-იან წლებამდე ამ ოჯახს არავითარი პრეტენზია არ გააჩნდა სამეფო ღირსებაზე, რაც ნათლად ჩანს ირაკლისა და ლეონიდას მამის – გიორგის მიერ 1915 წელს თბილისის სათავადაზნაურო საკრებულოსადმი წარდგენილ თხოვნით წერილში, სადაც იგი ითხოვდა თავისი შვილების ჩვეულებრივ თავადთა ნუსხაში აღრიცხვას. ამ მოთხოვნას გიორგი ასაბუთებდა მისი წინაპრების თავადური წარმომავლობით, რაც იმას ადასტურებს რომ ეს შტო “უგანათლებულესი თავადის” სტატუსს არასდროს ფლობდა (იხ. დანართი №14, დოკუმენტი №20), საინტერესოა ამის შემდგომ, კერძოდ 1942 წელს, თუ რა ძალებმა გაუჩინა ამ ოჯახს პრეტენზიები სამეფო ტახტთან მიმართებაში?!
ამ საკითხის სიღრმისეული განხილვა ჩვენს წინარე დანართებშიც მოვახდინეთ, თუმცა, აქვე დამატებით გვსურს ბატონი ვალერიან კიკნაძის წიგნის მოშველიება, რომელიც ავტორმა შალვა ამირეჯიბის არქივის შესწავლის შემდეგ დაწერა და საიდანაც ნათლად ჩანს, რომ თავადმა ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელმა, მშვენივრად იცოდა, რომ ის არ მიეკუთვნებოდა არცერთ სამეფო შტოს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი, 1942 წლის ეგრეთწოდებულ ბერლინის “ორკაციან არჩევნებზე”, საკუთარ თავს არ წარადგენდა, როგორც ერეკლე II-ის მე-9 ქალიშვილის – ბატონიშვილი ქეთევანის ჩამომავლად, ისევე, როგორც მეორე კანდიდატმა, სიმონ ციციშვილმა, საკუთარი თავი, როგორც ერეკლე II-ის მე-5 ქალიშვილის – ბატონიშვილი მარიამის ჩამომავლად წარადგინა. თავადმა ირაკლიმ სწორედ ამ საბაბით “იყარა კენჭი” საქართველოს სამეფო ტახტზე და არა როგორც ქართლის, ან რომელიმე სხვა სამეფო შტოს წარმომადგენელმა. ამასვე ადასტურებს ირაკლი მუხრანელის და – ლეონიდა თავის 1995 წლის ინტერვიუში, სადაც იგი თავისი წარმომავლობის შესახებ ასე განაცხადებს: «Мой род пошёл от царя Карталинского и Кахетинского Ираклия II…» (გაზეთი «Российская газета», სტატია: «Четвёртый век династии», 30 დეკემბერი, 1995 წ., გვ. 29).
იბადება კითხვა, თუკი თავად ბაგრატიონ-მუხრანელების ოჯახის წარმომადგენლები საკუთარ თავს ქართლის სამეფო შტოს არასოდეს მიაკუთვნებდნენ და მხოლოდ ერეკლე მეფის მე-9-ე ქალიშვილიდან ჩამომავლობის საბაბით აცხადებდნენ პრეტენზიას საქართველოს სამეფო ტახტზე, მაშ დღევანდელმა “მონარქისტებმა” საიდან “მიაწეპეს” დავით მუხრანელს ქართლის სამეფო შტოს მემკვიდრეობა ?!
მიუხედავად იმისა, რომ მონარქის, ან ტახტის მემკვიდრის არჩევნების გზით არჩევა (როგორც მაგალითად პრეზიდენტის), საერთაშორისო სამართლისა და დინასტიური კანონმდებლობის თანახმად დაუშვებელია, ირაკლი მუხრანელმა მაინც ჩაატარა იგი, თანაც მხოლოდ ორი კანდიდატის მონაწილეობით. არადა, იმ დროისათვის ემიგრაციაში უხვად იყვნენ არა მხოლოდ სხვა ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენლები, არამედ თავადაზნაურობისაც, რომლებიც ასევე ერეკლე II-ის ქალიშვილების შთამომავალნი იყვნენ და რომელნიც “შერჩევით”, “მოდგმით”, “დამსახურებით” ბევრად წინ იდგნენ როგორც ირაკლი მუხრანელზე, ასევე სიმონ ციციშვილზეც, აღარაფერს ვამბობთ ბატონიშვილ მიხეილ იმერეტინსკიზე, იმერეთის სამეფო სახლის მემკვიდრეზე, თუმცა არცერთი მათგანი არ ყოფილა მიწვეული “მეფის არჩევნებზე”.
აქვე ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ მათ მიერ შექმნილ გენეალოგიურ ტაბულაში ბატონიშვილი ნუგზარის პირდაპირი წინაპარი – საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი XII წარმოდგენილია მემკვიდრეობის გარეშე, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს ორი “კანდიდატი” დარწმუნებულნი იყვნენ, ან შესაძლოა გარკვეულ ინფორმაციასაც ფლობდნენ, რომ საბჭოთა საქართველოში მცხოვრები ლეგიტიმური სამეფო ოჯახი ვერ გადაურჩებოდა არსებულ რეჟიმს, ალბათ ამიტომაც, მათ მიერ შექმნილ გენეალოგიურ ცხრილში, სამეფო ხაზი წინასწარ შეწყვეტილად წარმოაჩინეს.
როგორც ხედავთ, ორი ”პრეტენდენტის” მიერ შედგენილ გენეალოგიურ ცხრილზე, ერთერთი ”კანდიდატის” – ს. ციციშვილის მინაწერია, რითაც იგი განაცხადებს თავისი კანდიდატურის ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელის სასარგებლოდ მოხსნაზე. ისიც საინტერესოა, რომ 1942 წლის 25 მაისს, ბერლინში, სასტუმრო “ადლონის” ფოიეში ჩატარებულ ამ “არჩევნებს” ამომრჩევლები არ ესწრებოდნენ. მხოლოდ ამ ორი ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და შესაბამისად ზემოთმოყვანილი შექმნილი ცხრილი, იმავე დღეს საიდუმლოდ გაეგზავნა ბატონ შალვა ამირეჯიბს თხოვნით, რათა მას შეერჩია ემიგრაციაში მყოფ ქართველთაგან ”ტრადიციონალისტთა კავშირის” დამფუძნებლები. შ. ამირეჯიბს 14 კაციანი სია შეუდგენია, აქედან ნოემბრის თვეში მხოლოდ ხუთი კაცი შეუკრებია და ორი კრებაც ჩაუტარებია. ბერლინში მომხდარ ამ ფაქტს ბატონი ვალერიან კიკნაძე შემდეგ შეფასებას აძლევს: “სიმართლე იქნება თუ ვიტყვით, რომ 1942 წელს ბერლინში ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელმა, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, იყო ქართველ ტრადიციონალისტთა ერთერთი დამაარსებელი და კომიტეტის წევრი, გათამაშებული ფარსით ფაქტიურად საკუთარი თავი “აირჩია” საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრედ…” (იხ. წიგნი “საქართველოს სამფო ტახტის მემკვიდრე ოჯახი” ვალერიან კიკნაძე, 2006 წ., თბილისი, გვ. 36).
აი, ასე დაიწყო მსოფლიო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა…
ის, რომ მუხრანელ თავადებს სამეფო ტახტთან არავითარი სამართლებრივი უფლებები არ გააჩნიათ, ამის დასადასტურებლად, ასევე მოვიყვანთ ქართველი კინორეჟისორისა და ერთერთი პირველი ქართველი მონარქისტის, ბატონი ლერი სიხარულიძის სიტყვებსაც: ”რათქმაუნდა, მეორე მსოფლიო ომის დროს ”დიდებული გერმანიის” ”აბვერმაც” და თვით ქართველმა ემიგრანტებმაც კარგად უწყოდენ, რომ გიორგი მუხრანბატონ-მჭადიჯვრელი არანაირი ლეგიტიმური მემკვიდრე არ იყო ერთიანი საქართველოს ბაგრატიონული ტახტისა… პირადად ჩემთვის ”გამოცანაა” რატომ ”არავინ ახლო ხელი” ევროპელ ბაგრატიონებს ?!” (გაზეთი ”საქართველო”, 9-16, IX, 1996).
ბატონი ლერის კითხვას, შეიძლება ითქვას პასუხს სცემს გაზეთი «Новая Заря», რომელიც გამოდიოდა სან-ფრანცისკოში, კალიფორნიის შტატში. ამ გაზეთის 23-30 სექტემბრის, 1961 წლის ნომერში ვკითხულობთ: ”…В конце лета 22-го, Георгий также легко вернулся в Грузию, как и выехал оттуда. Семья же его из Константинополя перебралась на французскую Ривьеру и жила в Ницце. Все родные, находившиеся в то время в Константинополе, отвернулись от Георгия, считая его красным, а его пребывание в Константинополе – провокацией”.
“Георгий возвратился в СССР еще раз в 1927 году, очевидно, желая повидать свою старшую дочь Марию… и проживал в Грузии в своем собственном доме, который ему был любезно возвращен большевиками. В 1934 году он возвратился во Францию. Многие поразились, что Мухранские без особых затруднений могли совершать поездки в СССР – туда и обратно”.
ვფიქრობთ კომენტარი ზედმეტია.
თავი №6
ქორწინებებით “მოპოვებული” ღირსებები
იგივე «Новая Заря»-ს სტატიაში, ავტორი ანატოლი ვანსიაცკი აღწერს “მუხრანელი” და-ძმის მიერ ჩადენილ დაუჯერებელ და აღმაშფოთებელ ფაქტებს, რომლის დეტალურ განხილვას ჩვენ არ შეუდგებით, თუმცა ეს ზღვა რაოდენობის ბრალდებები, რატომღაც ბაგრატიონ-მუხრანელთა ამ ოჯახს არასოდეს გაუპროტესტებია, რაც ბუნებრივად იწვევს ეჭვს ჩვენში. სრული ვერსია ამ სტატიისა მკითხველს შეუძლია იხილოს დანართ №14-ში, დოკუმენტი №23.
იმავე პერიოდში, ესპანეთში დასახლებულა რუსეთის დიდი მთავარი – ვლადიმერ კირილეს ძე. როგორც ლეონიდა მუხრანელი თავად გვამცნობს თავისი მემუარებიდან, მას ვლადიმერი, ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს პარიზში გაუცნია. ვლადიმერის მადრიდში გადმოსახლების შემდეგ იგი ლეონიდას მეზობლად დასახლებულა და ურთიერთობა აღუდგენია აწ უკვე კირბის ქვრივთან. ემიგრაციაში მყოფი რუსეთის არისტოკრატია და დიდი თავადის ახლო ნათესაობა კატეგორიული წინააღმდეგნი ყოფილან მისი დაქორწინებისა ქვრივ ლეონიდაზე, მიზეზი კი ის ყოფილა, რომ რუსეთის მონარქიული წესების თანახმად ტახტის მემკვიდრის მეუღლე აუცილებლად უნდა ყოფილიყო გაუთხოვარი და რაც მთავარია სამეფო სტატუსის, რასაც მუხრანელი ქალბატონი ვერ აკმაყოფილებდა.
ამის პარალელურად, ლეონიდას ძმა – ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი, ზემოთხსენებულ სტატიაში მოყვანილი “საგმირო საქმეებიდან” გამომდინარე, თურმე, ყოველ ღონეს მიმართავდა, რათა რთული ვითარებიდან გამოსავალი ეპოვნა, ამიტომ ცდილობდა ინფანტა მერსედესზე დაქორწინებას, რაშიც ირაკლი მუხრანელს, ისევე როგორც მის დას, ხელს უშლიდა მათი არასამეფო წარმომავლობა.
ირაკლი მუხრანელი უკვე, საკუთარ თავს კი ასაღებდა როგორც ბერლინის “ორკაციან არჩევნებში” “არჩეული” საქართველოს ტახტის მემკვიდრე, თუმცა ამ გათამაშებული ფარსით მოპოვებული “სტატუსი” საკმარისი რომ არ იქნებოდა მისი ინფანტაზე დასაქორწინებლად მას კარგად ესმოდა. როგორც ნათლად ჩანს, ორივე წყვილს ქორწინებისათვის ესაჭიროებოდა მუხრანელი დაძმის სტატუსის აწევა, ამიტომ ჯერ ინფანტას მეშვეობით ესპანეთის სამეფო სახლიდან ვლადიმერ კირილის ძესთან იგზავნება შეკითხვა იმის თაობაზე, შეიძლებოდა თუ არა ეს ქორწინება ტოლფარდოვნად ჩათვლილიყო, რასაც შემდგომ ვლადიმერისგან დადებითი პასუხის გაცემა მოჰყვა.
ირაკლი მუხრანელმა 29 აგვისტოს, ვლადიმერ კირილის ძის საპასუხო წერილის საფუძველზე იქორწინა ინფანტაზე, თუმცა, როგორც ჩანს, გარკვეული პერიოდის შემდეგ, რუსული ემიგრაციიდან სიმართლემ ესპანეთის სამეფო კარამდე მიაღწია იმის თაობაზე, რომ მუხრანელები არანაირი სამეფო ღირსებისანი არ იყვნენ. შეცდომაში შეყვანილ ესპანეთის სამეფო კართან ურთიერთობა დაიძაბა, ამის გამო ვლადიმერ კირილის ძე იძულებული გახდა 1946 წლის 5 დეკემბერს აქტი გამოეცა, რითაც კიდევ უფრო დიდი უკანონობა ჩაიდინა…
გამოცემულ აქტში წერია: “…Я считаю справедливым и полезным признать царское достоинство старшей ветви Семьи Багратионов, как и право ее членов именоваться Князьями Грузинскими и титуловаться Царскими Высочествами. Главой этой семьи является, ныне здравствующий, Князь Георгий Александрович”. დააკვირდით, რომ ვლადიმერ კირილეს ძე თავის საპასუხო აქტში, არსად სიტყვა “законный”, ანუ “კანონიერს” არ იყენებს, რადგან ვფიქრობთ, დიდ თავადს კარგად ესმოდა, რომ მისი საქციელი კანონიერი ვერ იქნებოდა, ამიტომ მხოლოდ წერს, რომ მას მიაჩნია “სამართლიანად” და “სასარგებლოდ” ამ ოჯახის საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრედ ცნობა. ის, თუ რამდენად სამართლიანი იყო ეს აქტი მკითხველი თავად მიხვდება, თუკი გაეცნობა წინამდებარე დანართებს, ხოლო რაც შეეხება სიტყვა – ”სასარგებლოს”, ამ სიტყვაში აქტის შემდგენელი, ალბათ გულისხმობდა თავის მომავალ ქორწინებას ამავე ოჯახის წევრ ლეონიდაზე, რადგან იცოდა რა წინასწარ, რომ რუსეთის საიმპერატორო ოჯახი მის ქორწინებას განათხოვარ და თანაც არასამეფო ღირსების ქალბატონზე მორგანეტულად ჩაუთვლიდა, ამიტომ, მან ამ არაკანონიერი აქტით წინასწარ “სცნო” მუხრანელთა ეს ოჯახი სამეფო ღირსებისად, რადგან თავისი მომავალი ქორწინება ლეონიდასთან გამართლებული ყოფილიყო.
ცალკე განხილვის თემაა თავად ვლადიმერ კირილის ძის ლეგიტიმურობის საკითხი, რადგან რუსეთის დინასტიური სამართლის თანახმად, რომანოვთა ამ კონკრეტულმა ოჯახმა, ჯერ კიდევ იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ზეობის დროს დაკარგა ყოველგვარი ლეგიტიმური უფლებები ყოფილიყვნენ საიმპერატორო სახლის წევრები. ამას ადასტურებს თვით იმპერატორ ნიკოლოზ II-ის 1907 წლის 15 იანვრის რეზოლუცია, რომელიც ვლადიმერის მამის – კირილის ქორწინებას ეხებოდა, სადაც იმპერატორი წერს: “Признать брак Вел. Кн. Кирилла Владимировича я не могу. Великий Князь и могущее произойти от него потомство лишаются прав на престолонаследие” (იხ. დანართ №14-ში, დოკუმენტი №21). რომანოვების ამ ოჯახის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ . (იხ. http://www.monarchruss.org/index.php?option=com_content&task=view&id=36&Itemid=26)
გარდა ამისა, 1917 წელს, როდესაც ნიკოლოზ მეორის ძმამ, მიხეილმაც განაცხადა უარი ტახტის მემკვიდრეობაზე, მის აქტს ასევე შეუერთდა ვლადიმერ კირილეს ძის მამა – კირილი:
ОТКАЗ ВЕЛИКОГО КНЯЗЯ КИРИЛЛА ВЛАДИМИРОВИЧА
Относительно прав наших и в частности и моего на Престолонаследие, я, горячо любя свою Родину, всецело присоединяюсь к тем мыслям, которые выражены в акте отказа Великого Князя Михаила Александровича.
Великий Князь Кирилл Владимирович.
[ГАРФ, ф. 601, оп. 1, ед. хр. 1263, л. 3.] (იხ. http://www.rusidea.org/?p=420211)
შესაბამისად, არათუ ლეგიტიმურ წარმომადგენელს, არამედ არალეგიტიმურ ვლადიმერ კირილეს ძეს არანაირი სამართლებრივი უფლება არ გააჩნდა მსგავსი “აქტით” უცხო ქვეყნის სამეფო დინასტია შეეცვალა.
მიუხედავად 1946 წლის აქტისა, რუსეთის ემიგრაციამ მშვენივრად იცოდა, თუ რა სტატუსის მატარებლები იყვნენ ბაგრატიონ-მუხრანელები სინამდვილეში, სწორედ ამიტომაც ვერ მიიღო ვლადიმერმა თანხმობა ოჯახისაგან, ახლო ნათესავებისაგან, რუსული ეკლესიისაგან და ჯვარი ფარულად, არა რუსულ, არამედ შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში არსებულ ბერძნულ, თანაც ახალი სტილის ეკლესიაში დაიწერა, როდესაც მართლმადიდებლურ სამყაროში ჯერ კიდევ მარიამობის მარხვა მიმდინარეობდა. ამ ფაქტს აღწერს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ევროპის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ მუშაკი ვ.ა. ზახაროვი თავის სტატიაში “რომანოვები დღეს და ხვალ”, სადაც სწერია: “…Печальны были и обстоятельства, при которых женился Великий Князь. Не только генерал Франко, но и все родственники Главы Династии были в ужасе от брака с неравнородной и разведенной”.
თავი №7
“რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს…”
მიზანშეწონილი იქნება, თუ გავიხსენებთ გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანელის ნახევარ დის – მარიამის მიერ 2009 წელს საპატრიარქოსადმი გამოგზავნილ წერილს, სადაც ქალბატონი მარიამი ხაზგასმით აღნიშნავს: “ბაგრატიონ-მუხრანელთა ოჯახი დავით ბაგრატიონს ზორნოზას, როგორც ქართული სამეფო ოჯახის მეთაურს, არ სცნობს, უფრო მეტიც, არ სცნობს, არც როგორც წევრს ქართული სამეფო ოჯახისა და არც როგორც საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრეს, ისევე, როგორც არ სცნობდა მამამისს – ხორხე ბაგრატიონ პასკვინს, რომელიც ჩვენი მამის, მეფე ირაკლის მიერ სამეფო ოჯახიდან განდევნილი და მოკვეთილი იყო”. მისივე თქმით, “დავით ბაგრატიონის ანაზე დაქორწინება ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია”. როგორც ქალბატონი მარიამის სიტყვებიდან ჩანს, ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელს ოჯახიდან მოუკვეთია თავისი შვილი ხორხე თავის შთამომავლობით. თუკი, ეს ფაქტი მართალია, მაშინ ეს ოჯახი მუხრანის თავადის ტიტულსაც კი ვერ უნდა ფლობდეს, არათუ სამეფოსას.
რაც შეეხება ქალბატონი მარიამის მიერ საკუთარი მამის “მეფედ” მოხსენიებას, ვფიქრობთ, ამაზე ამომწურავი პასუხი გასცა წინამორბედმა თავებმა, თუმცა აქვე, დამატებით მოვიყვანთ ინგლისელი არტ დილერის, გენეალოგისა და ჰერალდიკოსის გაი სტეირ სეინტის ინფორმაციას, რომელიც, მიუხედავად მისი მუხრანელებისადმი ტენდენციურობისა, გვერდს ვერ უვლის ისტორიულ ფაქტს და ირაკლი ბაგრატიონის ქორწინებას ინფანტაზე ასე აფასებს: “…the Count of Barcelona, Head of the Royal House of Spain, considered the issue of this marriage to be disqualified from the Spanish succession, that decision was based more on the fact that Prince Irakly was not a Roman Catholic but a member of the Orthodox church than the status of his family. The only son of this marriage was sponsored at his baptism by the Count of Barcelona but the latter’s refusal to recognize his god-son as a Spanish dynast led to the Bagration’s alienation from the Spanish Royal Family” – “… ბარსელონის გრაფმა, ესპანეთის სამეფო სახლის მეთაურმა, განიხილა რა ამ ქორწინების საკითხი, გარიცხა ისინი ესპანეთის სამეფო სახლის მემკვიდრეობიდან, ეს გადაწყვეტილება უფრო მეტად ეფუძნებოდა იმას, რომ თავადი ირაკლი არ იყო კათოლიკე, არამედ მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი. ამ ქორწინებიდან ერთადერთი ვაჟი (ბაგრატი) ბარსელონის გრაფმა მონათლა, თუმცა ამ უკანასკნელის მიერვე თავისი ნათლულის არაღიარებამ ესპანეთის სამეფო სახლის წევრად, განაპირობა ბაგრატიონის (ბაგრატის – ს.კ.) გარიყვა ესპანეთის სამეფო სახლიდან”.
სწორედ ამიტომ, როდესაც ქალბატონი მარიამი, იხსენებს რა, ხორხე ბაგრატიონის ოჯახიდან გაგდების ფაქტს, არაფერს ამბობს იმაზე, რომ მისი მამა ირაკლი და მისი ძმა – ბაგრატი ბარსელონის გრაფის (ხუან კარლოსის მამის) მიერ, თავის დროზე, გარიყულ იქნენ ესპანეთის სამეფო დინასტიიდან, რასაც ამტკიცებს ზემოთ უკვე მოყვანილი გაი სტეირ სეინტის ინფორმაცია.
აქვე არ შეიძლება არ გამოვეხმაუროთ გაი სტეირ სეინტის მიერვე წარმოთქმულ ფრაზას, რომ თითქოს ირაკლის არაღიარების ერთერთი მიზეზი მისი მართლმადიდებლობა ყოფილაო. მიგვაჩნია, რომ ეს მტკნარი სიცრუეა, რადგან მუხრანელთა ამ ოჯახის, წარსულში კათოლიკობის შესახებ ცნობებს გვიდასტურებენ შემდეგი წყაროები, მაგალითად პ. კოვალევსკის სტატია და ასევე რუსულ კათოლიკური მაცნე, საიდანაც ვიგებთ: “Представитель грузинской аристократической семьи Багратиони, князь. В эмиграции проживал в Испании, стал инициатором, после 1949 г. перехода в католичество членов православной общины русских эмигрантов в Мадриде. Стал председателем инициативного комитета. Один из основателей католической церкви греко-российского обряда в Мадриде” (Из докладов на съезде русских католиков во время паломничества в Рим, ноябрь 1950 г. // Русский католический вестник, 1951, №1 Ковалевский П. ასევე, Неурядицы в православном приходе Мадрида // Русская Мысль. – Париж, 30.11.1949.; ). (იხ. დანართი №14, დოკუმენტი №22) http://zarubezhje.narod.ru/av/b_184.htm
ეს, ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია, ვფიქრობთ ნიშანდობლივი ფაქტი უნდა იყოს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურთათვის.
ამ ოჯახის კათოლიკობაზე ის ფაქტიც მოწმობს, რომ თავადი ირაკლის ვაჟი – ბაგრატი ლოგიკურად ვერ მოინათლებოდა კათოლიკური მრწამსის მქონე ბარსელონის გრაფის მიერ მართლმადიდებლად, ასე რომ, ბაგრატის დინასტად არ აღიარებისა და ამ ოჯახის გარიყვის მიზეზი მართლმადიდებლური მრწამსი კი არ იყო, არამედ ქორწინებაში შესული წყვილის არატოლფარდოვნება, რომელიც ესპანეთის სამეფო კარის მიერ, როგორც ჩანს, ქორწინების შემდგომ, დაგვიანებით იქნა გამოძიებულ და შესწავლილი, თუნდაც წარსულის ერთ მაგალითზე, რომლის დროსაც, 1910 წელს, რუსეთის საიმპერატორო სახლის წევრი, ტატიანა რომანოვა, კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელზე დაქორწინების გამო, იძულებული შეიქმნა უარი განეცხადებინა საკუთარ მემკვიდრეობით უფლებაზე და საიმპერატორო ოჯახის წევრობაზე, რაც ასევე გოთას ალმანახსაც აქვს დაფიქსირებული. ასე აღწერს ამ ამბავს ტატიანას ძმა გაბრიელი: «отец и матушка были категорически против этой свадьбы, так как Багратион считался не равного с Татианой происхождения. Отец потребовал, чтобы Багратион покинул Петербург” იხ. http://obook.ru/биография?n=14559_багратион-мухранский-константин-александрович
ასევე http://romanoff-family.narod.ru/index/0-11
მიუხედავად იმისა, რომ თავადი კონსტანტინე იყო ბაგრატიონ-მუხრანელთა უღირსეულესი ოჯახის წარმომადგენელი და თავადაც ღირსეული, განათლებული და რაინდული სულის მქონე პიროვნება, ეს თვისებები მის წარმომავლობით სტატუსს მაინც ვერ შეცვლიდა.
თავი №8
ჭეშმარიტი სამეფო ოჯახის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლა XX საუკუნის 20-იანი წლებიდან დღემდე
ის ეჭვი, რომ ესპანეთში მცხოვრებ ბაგრატიონ-მუხრანელების ოჯახს შესაძლებელია მართლაც ჰქონდათ გარკვეული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო ოჯახი სსრკ-ში აღარ იარსებებდა, უფრო მყარდება, თუკი კიდევ ერთხელ გადავავლებთ სამეფო ოჯახის ისტორიას თვალს ქვეყნის გასაბჭოებიდან დღემდე.
ჯერ, 1922 წელს, გაურკვეველ ვითარებაში, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სამეფო სახლის მეთაური პეტრე ალექსანდრეს ძე და დარჩა ორი მცირეწლოვანი შვილი – კონსტანტინე (7 წლის) და პეტრე (2 წლის). შემდგომ, 1938-43 წლებში მისი მეუღლე – თამარ დეკანოზიშვილი ბაგრატიონ-გრუზინსკისა გადასახლებულ იქნა ბაშკირეთში. დედის გადასახლების შემდგომ, ობლად დარჩენილ სამეფო ტახტის მემკვიდრეზე – ბატონიშვილ კონსტანტინეზე უშიშროების მხრიდან თანამშრომლობაზე დაყოლიების მცდელობა, 1939 წელს, 24 წლის ბატონიშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებით დასრულდა, ხოლო 1944 წელს დახვრეტის მუხლით დაპატიმრებულ იქნა მისი უმცროსი ძმა, სამეფო ტახტის ერთადერთი დარჩენილი მემკვიდრე – პეტრე პეტრეს ძე, ეჭვი ჩნდება, რომ ყოველივე წინასწარ განსაზღვრული და დაგეგმილი იყო… არავინ ელოდა, მათ შორის ალბათ ესპანეთშიც, რომ ტახტის უკანასკნელი მემკვიდრე სასწაულებრივად გადაურჩებოდა დახვრეტას (იხ. დანართი №14).
მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო და ქართული დინასტიური სამართლის თანახმად, ბატონიშვილი ნუგზარი დაბადებიდან არის საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე, ხოლო მამის გარდაცვალების შემდგომ, 1984 წლიდან, არის საქართველოს სამეფო სახლის მეთაური, რომელიც ფლობს ყველა იმ უფლებას, რომელსაც მას მისი არატერიტორიალური სუზერენული სტატუსი ანიჭებს, მიუხედავად ამისა, მას არასოდეს მოუთხოვია პრივილეგიები, პირიქით, იგი მთელი თავისი ცხოვრება მაღალი ქრისტიანული თავმდაბლობით გამოირჩევა, მუდამ საქართველოში ცხოვრობდა და ცხოვრობს, ისე, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე.
90-იანი წლებიდან მოყოლებული ძალზედ მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარება სუფევდა საქართველოში და ამ ფონზე წარმოშობილ მრავალ საეჭვო რეპუტაციისა და მიმართულებების მქონე პოლიტიკურ წრეებს არაერთხელ გასჩენიათ სურვილი იმისა, რომ ბატონიშვილი ნუგზარის სახელი გამოეყენებინათ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისათვის ბრძოლაში, თუმცა მისი სამეფო უმაღლესობა არასოდეს არ გამხდარა ამ ძალთა მანიპულირების საგანი, მუდამ ღირსების სადარაჯოზე იდგა და იცავდა თავისი სამეფო გვარის პრესტიჟს. დღესაც, როდესაც გარკვეული დესტრუქციული წრეების მხრიდან ირღვევა ისტორიული სამართლიანობა და ილახება მისი ოჯახის ლეგიტიმური უფლებები, იგი მოუწოდებს ყველას კანონიერების დაცვისკენ.
90-ანი წლების დასაწყისიდან, რაც ყველასათვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ჰყავს სამეფო ოჯახი და ბატონიშვილი ნუგზარის მეთაურობით ეს ოჯახი აგრძელებს გიორგი XII-ის სამეფო ხაზს, ”მადრიდელმა” ბაგრატიონ-მუხრანელებმა შეცვალეს თავიანთი ბაბუის – თავადი ირაკლის მიერ, ე.წ. ბერლინის ”არჩევნებში” განცხადებული, მათთვის უკვე წამგებიანი პოზიცია (ერეკლე მეორის მე-9-ე ქალიშვილიდან ჩამომავლობა) და დაიწყეს თავის წარმოჩენა, უკვე როგორც ქართლის სამეფო შტოს (ვახტანგ VI-ის) მემკვიდრეებად (იხ. დანართი №14, დოკუმენტი №15, შეხვედრის ოქმი №4) და ბაგრატიონ-გრუზინსკები მხოლოდ კახეთის შტოდ წარმოაჩინეს, რაც ასევე ისტორიული სიყალბე იყო და როდესაც ამაზე ამომწურავი მეცნიერული პასუხები მიიღეს (იხ. დანართი №4), მათ კვლავ შეცვალეს პოზიცია და ეხლა უკვე ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი VIII-ის ძმა – დემეტრე გახდა მათი უსუსური დასაყრდენი, თითქოს დემეტრეს გენეალოგიური უფროსობა თავის მეფე-ძმასთან მიმართებაში განმაპირობებელი ფაქტორი ყოფილიყოს სამეფო ტახტის მემკვიდრეობითი წესისა. დემეტრე მართლაც რომ იყოს გენეალოგიურად უფროსი და მართლაც მისი შვილი იყოს ქართლის მეფე კონსტანტინე II, რაზეც ეჭვის გამოტანის უფლებას დანართ №4-ში ნახსენები კვლევა იძლევა, ეს მაინც ვერ შეცვლიდა ვითარებას, რადგან ქართლის სამეფო, ჯერ კიდევ 1762 წელს გაუქმდა, ხოლო სამეფო შტო 1919 წელს შეწყდა, ამიტომ ლოგიკურია, რომ საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის მემკვიდრეებს ეკუთვნით სამეფო ტახტი.
სწორედ ზემოთ ნახსენებ კვლევაში გამოყენებული ზოგიერთი ისტორიული დოკუმენტი ბადებს ლოგიკურ კითხვებს მკვლევართა შორის, მაგალითად:
1) რატომღაც, გიორგი VIII ერთერთ აღაპში მის ძმას დემეტრეს “უმრწემეს” ძმად მოიხსენიებს, რაც უმცროსს ნიშნავს და ასევე, ალექსანდრე დიდის ორ ისტორიულ სიგელში გიორგი დემეტრეზე უფროსად არის ნახსენები, თანაც ისტორიაში არსად არ ფიქსირდება ფაქტი იმისა, რომ დემეტრე ტახტის გამო უპირისპირდებოდეს თავის ძმას – მეფე გიორგი VIII-ს, პირიქით, ძმები ერთად მოიხსენიებიან აღაპებში და მათ შორის მშვიდობა სუფევს. სამწუხაროდ დღეს, XXI საუკუნეში, მავანნი, ბატონიშვილი ნუგზარის სამეფო შტოს დაკნინების მიზნით, იმასაც კი ბედავენ, რომ ეს ორი ძმა ერთმანეთის მოქიშპედ წარმოაჩინონ, ხოლო გიორგი VIII უზურპატორად გამოიყვანონ.
2) რაც შეეხება კონსტანტინე II-ის წარმომავლობას, არცერთ ისტორიულ დოკუმენტში არ ფიქსირდება ის, რომ მეფე გიორგი VIII-ის ძმას – დემეტრეს ჰყავს შვილები, შესაბამისად დღემდე დამკვიდრებული ვერსია, რომ კონსტანტინე II გიორგი VIII-ის ძმის – დემეტრეს შვილია არ მტკიცდება, მაშ, ვისი შვილია ქართლის მეფე კონსტანტინე? იმავე ეპოქის დოკუმენტების ზედმიწევნითი შესწავლიდან გამომდინარე ქართლის მეფე კონსტანტინე II უნდა იყოს საქართველოს მეფე კონსტანტინე I-ის უმცროსი ძმის, დავითის შვილის – დემეტრეს შვილი.
მავანნი კი ცდილობენ, რომ რამენაირად შეარყიონ მეფე გიორგი VIII-ის პრესტიჟი და მისი ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ, მაგრამ ისტორიიდან არც ზემოთ ხსენებული კონსტანტინე დემეტრეს ძის წინააღმდეგობა არ ჩანს მეფე გიორგის მიმართ, პირიქით, კონსტანტინე გიორგი მეფეს ლაშქრობებში დაყვება და სანამ ქვეყანა სეპარატისტულმა ბრძოლებმა არ მოიცვა, იგი მეფის ერთგულ ქვეშევრდომად რჩებოდა.
თავი 9.
სამეფო სახლის კანცელარიის განცხადება
მისი უწმინდესობისა და ბატონიშვილი ნუგზარის ვარაუდი, რომ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული ქორწინებით გადაწყდებოდა ტახტის მომავალი მემკვიდრის საკითხი, ყოველივე ძველი უსიამოვნება დავიწყებას მიეცემოდა და დაპირისპირების საფუძველს გამოაცლიდა მონარქიული იდეისადმი მტრულად განწყობილ ძალებს, სამწუხაროდ კვლავ არ მართლდება.
სწორედ ამიტომ, 2010 წლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიამ, საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, ბატონიშვილი ნუგზარისა და ბატონიშვილ ანას დავალებით, გააკეთა საჯარო განცხადება, რომელიც გამოქვეყნდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, დაიდო სამეფო სახლის ინტერნეტ გვერდზე, დაეგზავნა მსოფლიოს მონარქისტულ ორგანიზაციებს, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიო საზოგადოებაში აქამდე დამკვიდრებული მცდარი წარმოდგენები საქართველოს სამეფო სახლის ვითარებასთან დაკავშირებით.
თავი 10.
ოჯახის აღდგენის მცდელობა და მემკვიდრის დაბადება
დრო გადიოდა, ქორწინებაში მყოფი წყვილის ცალცალკე ცხოვრება გრძელდებოდა, ამიტომ პატრიარქი ბატონიშვილ ანას ყოველი შეხვედრისას მოუწოდებდა ოჯახის გადარჩენის მიზნით შერიგებოდა მეუღლეს და დავითისთვის მიეცა კიდევ ერთი შანსი. რამაც, ბოლოს თავისი შედეგი გამოიღო, რადგან 2010 წლის ოქტომბერში, მისმა უწმინდესობამ, გერმანიაში მორიგი მკურნალობიდან დაბრუნებისთანავე დაიბარა ბატონიშვილი ანა და სთხოვა, სასწრაფოდ გამგზავრებულიყო ესპანეთში მეუღლესთან, საიდანაც, სანამ ქვეყანაში ვითარება არ შეიცვლებოდა, მის დაუკითხავად ოჯახი არ უნდა დაბრუნებულიყო.
პატრიარქს მინდობილმა ბატონიშვილმა ანამ ესპანეთში გამგზავრებისას დაიბარა, რომ იგი აუცილებლად გაარკვევდა თავის პირად ცხოვრებას, თუმცა აღნიშნა, რომ საკუთარი სამეფო ოჯახის ლეგიტიმური უფლებების წინააღმდეგ არასოდეს წავიდოდა.
2010 წლის 12 ნოემბერს ბატონიშვილი ანა გაემგზავრა ესპანეთში თავის მეუღლესთან, სადაც იგი სამოქალაქო ქორწინებაში შევიდა მასთან, რომლისგანაც 2011 წლის 27 სექტემბერს შეეძინა ვაჟი.
სამწუხაროდ, დავით მუხრანელმა ვაჟის დაბადების შემდგომ, კიდევ უფრო გაამწვავა სამეფო ოჯახთან ურთიერთობა, იგი მეუღლეზე ზეწოლით დაჟინებით მოითხოვდა, რათა სიმამრს მისთვის გადაეცა სამეფო ტახტის მემკვიდრეობა და სამეფო სახლის მეთაურის უფლებები, რაც დინასტიური სამართლისათვის მიუღებელია და მეტიც, არათუ ზეწოლის ზემოქმედებით მოთხოვნა, არამედ ტახტის მემკვიდრეზე დაქორწინების იურიდიული აქტიც კი, არ აღჭურავს ადამიანს სამეფო ტახტის მემკვიდრის უფლებებით (იხ. დანართი №11). სწორედ ამიტომ, დავით მუხრანელმა, “მრჩევლების” ზეგავლენით, მიმართა ზეწოლის მწვავე ფორმას და მეუღლე სამ შვილთან ერთად უცხო ქვეყანაში ყოველგვარი მატერიალური უზრუნველყოფის გარეშე დატოვა… ფიქრობდნენ, რომ ამით მაინც აიძულებდნენ სამეფო ოჯახს წასულიყვნენ დათმობებზე. წელიწად ნახევრის განმავლობაში ბატონიშვილი ანა სამ შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და რომ არა საქართველოს პატრიარქის მხრიდან დახმარება, ბატონიშვილი ნუგზარი ვერ შეძლებდა მატერიალურად შვილისა და შვილიშვილების მარტოდ უზრუნველყოფას. ბატონიშვილი ანა კი, იმის გამო რომ ქმრის თანხმობის გარეშე ვერ წამოიყვანდა ბავშვს საქართველოში, ფაქტიურად ამ ხნის მანძილზე იმყოფებოდა “ტყვეობაში”, მართალია ესპანეთში და არა ბაშკირეთში, მაგრამ მაინც “ტყვეობაში”.
სამეფო სახლის მეთაური, ბატონიშვილი ნუგზარი და ბატონიშვილი ანა სთხოვდნენ მის უწმინდესობას, რათა ოჯახის დაბრუნება საქართველოში დაჩქარებულიყო, რაც 2013 წლის აგვისტოში აღსრულდა კიდეც. ჩამოსვლის დღიდან ბატონიშვილი ანა შვილებთან ერთად ცხოვრობს მამის სახლში და სამეფო ოჯახის წიაღში ზრდის საკუთარ შვილებს.
დავითის ქმედებამ, სამწუხაროდ, ხელი შეუშალა საკუთარი შვილის დაბადებისთანავე, დედის სამეფო ხაზით ტახტის ლეგიტიმურ მემკვიდრედ გამოცხადებას, რაც, ასევე ნათლად არის ასახული ევროპის ცნობილ გოთას ალმანახშიც, სადაც პატარა გიორგი მამის – მუხრანელ თავადთა რიგში ჩაწერეს, თანაც ყოველგვარი სამეფო ტიტულატურისა თუ წოდების გარეშე, როდესაც იმავე ალმანახში ხაზგასმული და აღნიშნულია ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო ოჯახის წევრთა შესაბამისი ტიტულატურა, კერძოდ ბატონიშვილი ნუგზარი დაფიქსირებულია, როგორც საქართველოს სამეფო სახლის მეთაური და მისი სამეფო უმაღლესობა, ხოლო ბატონიშვილი ანა როგორც მისი მემკვიდრე (იხ. დანართი №14, დოკუმენტი №18). ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ის ალმანახია, რომელმაც თავის დროზე იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტეს უარი განუცხადა რეგისტრაციაზე მისი წარმომავლობის გამო.
როგორც ზემოთ ვახსენეთ, ქართული და საერთაშორისო დინასტიური სამართლით, სამწუხაროდ, მამის ამბიციების გამო, რომელიც თავისი ქმედებით არ აძლევს საკუთარ შვილს საშუალებას, რათა დღესვე გამოცხადდეს დედის ხაზით საქართველოს სამეფო ტახტის ლეგიტიმურ მემკვიდრედ, ბატონიშვილმა ნუგზარმა თხოვნით მიმართა ქართველ მეცნიერებს, რათა პატარა გიორგის დღესვე ლეგიტიმურ მემკვიდრედ გამოცხადებისათვის გამონახულიყო სამართლებრივი გზა.
თავი 13.
მეცნიერთა წერილი საქართველოს პატრიარქს
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 2012 წლის თებერვალს ქართველ მეცნიერთა – აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის, აკადემიკოს დავით მუსხელიშვილის, აკადემიკოს როინ მეტრეველის, მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ დავით ნინიძის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ გიორგი ოთხმეზურის და პროფესორ გივი ღამბაშიძის მიერ მომზადდა საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრეობითობასთან დაკავშირებული წერილი, რომლის მიზანი იყო ბატონიშვილი ანას მეორე ქორწინება სინოდალური განჩინებით მოქცეულიყო სამართლებრივ ჩარჩოებში, რითაც მომავალი მემკვიდრის საკითხიც ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდებოდა. (იხ. დანართი №14, დოკუმენტი №19)
აღნიშნული წერილის შინაარსის გაცნობის შემდეგ მასზე ხელის მოწერის სურვილი აგრეთვე გამოხატეს მიტროპოლიტებმა – მეუფე გერასიმემ და მეუფე დანიელმა, რომელთაც გადაეცათ ეს წერილი საქართველოს პატრიარქისათვის წარსადგენათ.
მისი უწმინდესობა გაეცნო რა წერილს, უხერხულად მიიჩნია მეუფე გერასიმესაგან და მეუფე დანიელისაგან, როგორც სინოდის წევრებისაგან აღნიშნულ მიმართვაზე მათ მიერ წინასწარ ხელმოწერა და ასევე ითხოვა, რათა ბატონიშვილი ნუგზარის მხრიდან ყოფილიყო წერილობითი თანხმობა სინოდალური განჩინების გამოტანაზე.
სამეფო სახლის კანცლერი პასუხის მისაღებად მის უწმინდესობას სამების საკათედრო ტაძრის საკურთხეველში ეახლა, სადაც მიტროპოლიტების – გერასიმესა და დანიელის თანდასწრებით პატრიარქს სთხოვა, რათა დავით წინასწარმეტყველის საფლავის მოსალოცად იერუსალიმში გამგზავრებამდე, მეცნიერების თხოვნის საფუძველზე, მოეწვია სინოდი, რომლის განჩინებითაც სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეოდა აღნიშნული ქორწინება და შესაბამისად პატარა გიორგი იმდღესვე გახდებოდა სამეფო ტახტის მომავალი უალტერნატივო მემკვიდრე.
სამეფო სახლის კანცლერმა, მის უწმინდესობას, თხოვნასთან ერთად, ასევე შესთავაზა ბაგრატიონ-გრუზინსკებისა და ბაგრატიონ-მუხრანელების ოჯახების შერიგება მომხდარიყო იერუსალიმში დავით წინასწარმეტყველის საფლავთან და ასევე პატარა გიორგის ნათლობის რიტუალიც იმავე წმინდა ადგილზე აღსრულებულიყო, რასაც უდავოდ დადებითი რეზონანსი მოყვებოდა მთელს მსოფლიოში. პატრიარქმა ბრძანა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამის აღსრულება რთული არ იქნებოდა, მან მაინც გამოთქვა სიფრთხილე, თუ როგორ შეხვდებოდა ამ ყოველივეს არსებული ხელისუფლება და ერთგვარი შიში გამოთქვა ბავშვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
მისი უწმინდესობის მხრიდან გამოხატული ეს სიფრთხილე, ალბათ გამოწვეული იყო ჭეშმარიტი სამეფო ოჯახის – ბაგრატიონ-გრუზინსკების წინააღმდეგ წარმოებული გამანადგურებელი პოლიტიკიდან, რასაც XX საუკუნის განმავლობაში აწარმოებდა საბჭოთა “სუკ”-ი და რასაც დღეს წარმატებით აგრძელებენ მათი სულიერი მემკვიდრენი.
13 თებერვალს, სამეფო სახლის კანცლერმა მეუფე გერასიმეს გადასცა მეცნიერთა წერილი, რომელზეც უკვე თანდართული იყო სამეფო სახლის მეთაურის თანხმობის წერილი. როგორც მეუფე გერასიმემ ბრძანა, პატრიარქის მეცნიერებთან შეხვედრა მისი უწმინდესობის იერუსალიმიდან დაბრუნებისა და დიდმარხვის პირველი კვირის შემდგომ, დაახლოებით 3-4 მართს გაიმართებოდა, თუმცა ეს შეხვედრა არ შედგა და შესაბამისად არც სინოდალური განჩინება არ იქნა მიღებული, ვფიქრობთ, წმინდა სინოდმა თავი შეიკავა სამეფო სახლის შიდა საკითხებში ჩარევისაგან და საკითხის გადაწყვეტა სამეფო სახლის მეთაურის, ბატონიშვილი ნუგზარის პრეროგატივად მიიჩნია.
იმისათვის, რომ შეჯამდეს ბაგრატოვანთა გარშემო შექმნილი ვითარება, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ საქართველოს სამეფო სახლის მეთაურს, მის სამეფო უმაღლესობას, ბატონიშვილ ნუგზარს, დღიდან მისი შვილიშვილის – გიორგის დაბადებისა, სურვილი აქვს, რომ იგი სამეფო ტახტის მომავალ მემკვიდრედ კანონიერად გამოაცხადოს, სამწუხაროდ, მას ამ აქტის გამოცემაში, როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, ხელს უშლიან მონარქიის იდეის მოწინააღმდეგე ძალები, რომელნიც წარმატებით მანიპულირებენ სამეფო ოჯახის სიძით – დავით მუხრანელით, რითაც ქაოსსა და დაპირისპირებას უწყობენ ხელს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბატონიშვილმა ნუგზარმა გამოხატა საკუთარი, როგორც სამეფო სახლის მეთაურის პოზიცია და მის შვილიშვილს – გიორგის დღესვე მისცა უფლება, სრულწლოვანების ასაკში თავად, მამისაგან დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება, გახდება ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო დინასტიის გამგრძელებელი, რითაც შესაბამისად გახდება სამეფო ტახტის უალტერნატივო მემკვიდრე, თუ დარჩება მუხრანელ ბაგრატიონთა თავადური შტოს გამგრძელებელი (იხ. დანართი №11).
ბავშვის სრულწლოვანებამდე, ჯერ კიდევ დარჩენილია დაახლოებით თხუთმეტი წელი, ამიტომ ბავშვის მამას საკმარისი დრო რჩება იმისათვის, რომ კარგად დაფიქრდეს, განუდგეს დესტრუქციულ ძალებს, რომლებსაც არ სურთ სამეფო ტახტის ჭეშმარიტი მემკვიდრის გამოვლენა და ამ მიზნით არ აძლევენ მას უფლებას აღასრულოს ქართული დინასტიური სამართლის მოთხოვნები, რათა ტახტის მემკვიდრეობის საკითხი მუდმივად გაურკვეველი იყოს.
საფუძვლიან ეჭვს გამოვთქვავთ, რომ ახლო მომავალში, ეს დესტრუქციული ძალები ყველაფერს იღონებენ, რათა განახორციელონ ჩვენს მიერ ზემოთ უკვე ნახსენები “სასელექციო პროექტი” – არასამეფო შტოს ბაგრატიონთა ახალი ქორწინებებითა და ნათლობებით ხელოვნურად დათესონ გაურკვევლობა საზოგადოებაში, იმ დროს, როდესაც ჭეშმარიტება ქართველი მეცნიერების მიერ დიდი ხანია დადგენილია და ცნობილია მსოფლიოს მონარქისტული საზოგადოებისთვისაც.
საქართველოს სამეფო სახლი, ბატონიშვილი ნუგზარის მეთაურობით, აგრძელებს ფუნქციონირებას და ყოველწლიურად უფრო მეტად და მეტად ცდილობს გარკვეული წვლილი შეიტანოს ქართველი ერისა და ქვეყნის კეთილდღეობის საქმეში.