საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის 2010 წლის განცხადების დანართი №4

The Crown of Georgia

საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის 2010 წლის განცხადების

დანართი №4

ერთიანი საქართველოს სამეფო ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრის

განსაზღვრისათვის

XV საუკუნეში, ერთიანი საქართველო რომ არ დაშლილიყო სამ სამეფოდ და სამთავროებად, ერთიანი სამეფო ტახტის მემკვიდრეობას ჩვეულებრივ გააგრძელებდა გიორგი VIII-ის (1446-1466) მემკვიდრეობითი ხაზი.

TEIMURAZ I copyჟამთა სიავის გამო, ერთიანი საქართველოს დაშლის წინ მყოფი უკანასკნელი მეფე გიორგი VIII-ის მიერ იძულებით დაარსებული კახეთის სამეფო შტოს შემდგომი მეფეები,  ისტორიის სხვადასხვა პერიოდებში, ახერხებდნენ ქართლის სამეფო ტახტზე ასვლას და საქართველოს გაერთიანებისკენ ეფექტური ნაბიჯების გადადგმას, ასეთები იყვნენ, მეფე თეიმურაზ I (1625-1633), ერეკლე I (1688-1703), კონსტანტინე II (1723-1724), ალექსანდრე III (1735-1737), თეიმურაზ II (1744-1762), ამ უკანასკნელის პოლიტიკურმა გამჭრიახობამ ქვეყნის გაერთიანების იდეას საბოლოო შედეგიც მოუტანა, როდესაც მისი ძის – ერეკლე II-ის მიერ ქართლისა და კახეთის სამეფოები 1763 წელს დე-იურედ საბოლოოდ გაერთიანდა და 1790 წლის “ივერიელთა ტრაქტატით” იმერეთის გვირგვინი ერეკლე მეფის “უმაღლესი” გვირგვინის ქვეშ მოექცა.

ის ფაქტი, რომ, სწორედ ერთიანი საქართველოს ბოლო მეფე გიორგი VIII-ის პირდაპირ მემკვიდრეებს ხვდათ წილად, საკუთარი გვირგვინის ქვეშ, თუნდაც მხოლოდ იურიდიულად, საქართველოს კვლავ გაერთიანება, შემთხვევითი არ უნდა იყოს. სწორედ ამ გამაერთიანებელი სამეფო შტოს უკანასკნელი მეფე იყო გიორგი XII, რომლის ტიტულატურა იყო ასეთი: “მეფე სრულიად საქართველოჲსა და სხვათა”.

როგორც უკვე დანართ №3-ში აღვნიშნეთ, საბედნიეროდ, საქართველომ ერთიანი სახელმწიფოს სახით მოაღწია დღემდე და შესაბამისად, დღეს, ერთიანი საქართველოს სამეფო ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრე არის, სწორედ გიორგი XII-ის დიდი შვილთაშვილი – ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი, რასაც დინასტიური სამართალი არეგულირებს და განსაზღვრავს.

NUGZAR - copyერთიანი საქართველოს სამეფო ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრის განსაზღვრის პროცესი მარტივ ლოგიკურ მსჯელობას მოითხოვს:  დავუშვათ, 1801 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიისას, საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი XII, მხოლოდ კახეთის მეფე ყოფილიყო და რუსეთს კახეთისა და ქართლის სამეფოები ცალ-ცალკე გაეუქმებინა და შესაბამისად, იმერეთისა და ქართლის სამეფო ხაზის პირდაპირი ლეგიტიმური გამგრძელებლები დღესაც გვყოლოდა, მაშინ საინტერესოა, ექნებოდათ კი იმერეთისა და ქართლის სამეფო შტოს წარმომადგენლებს დღეს ლეგიტიმური პრეტენზიის განცხადების უფლება ერთიანი საქართველოს სამეფო ტახტზე? მაგალითად, ქართლის ტახტის მემკვიდრეს იმერეთისა და კახეთის ტახტზე, ან იმერეთის ტახტის მემკვიდრეს ქართლისა და კახეთის ტახტზე? რასაკვირველია არა! ბუნებრივად, კვლავ დაისმებოდა სამართლებრივი კითხვა, არსებულ წარმომადგენელთაგან, თუ რომელი არის ერთიანი საქართველოს დაშლის წინ მყოფი ბოლო მეფე გიორგი VIII-ის (1446-1466) მემკვიდრე, რადგან სამართლებრივად, მხოლოდ ამ მეფის პირდაპირ მემკვიდრეს შეიძლება გააჩნდეს ლეგიტიმური უფლება განაცხადონ პრეტენზია ერთიან საქართველოს სამეფო ტახტზე, ასეთი კი, დღესდღეობით, მხოლოდ ბატონიშვილი ნუგზარის სამეფო ხაზია, რადგან, არც ქართლის და არც იმერეთის სამეფო შტოები მოგეხსენებათ არ მომდინარეობენ გიორგი VIII-დან.

ახლა დავუშვათ, რომ 1801 წლის ანექსია მოხდა ისე, როგორც სინამდვილეში მოხდა და ვთქვათ, რომ სამივე სამეფო შტოს პირდაპირმა მემკვიდრეებმაც დღემდე მოაღწიეს და თანაც ყველანი მომდინარეობენ ერთიანი საქართველოს ბოლო მეფე გიორგი VIII-დან, მაშინ ამ საკითხს უკვე გადაწყვეტდა ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, თუ რომელი მათგანი იქნებოდა საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი XII-ის მემკვიდრე. ამ შემთხვევაშიც, დღეს, მხოლოდ ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო სახლი გამოდის უპირატესი. თუმცა, სამწუხაროდ, დღეს არც ქართლის სამეფო სახლის შთამომავლები არ არსებობენ, რადგან ეს ხაზი 1919 წელს შეწყდა და არც იმერეთის სამეფო სახლში გვყავს ტახტის მემკვიდრე ოჯახი.

სწორედ ამიტომაც, საერთაშორისო და ქართული დინასტიური სამართალი, საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრის განსაზღვრისათვის ითვალისწინებს იმ ფაქტორს, თუ ვინ არის საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი XII-ის და ასევე, ერთიანი საქართველოს დაშლის წინ მყოფი მეფე გიორგი VIII-ის სამართალმემკვიდრე.

ეხლა, რაც შეეხება ქართლის სამეფო შტოს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს შტო 1919 წელს, ბატონიშვილი დიმიტრი პეტრეს ძის (1863-1919) გარდაცვალების შედეგად შეწყდა და რომც, ეს შტო არ შეწყვეტილიყო და დღემდე მოეღწია, მისი წარმომადგენელი ვერ ჩაითვლებოდა უპირატესად, რადგან ქართლის სამეფომ, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ჯერ კიდევ 1762 წელს იურიდიულად შეწყვიტა დამოუკიდებელი არსებობა და იგი გახდა ქართლ-კახეთის გაერთიანებული სამეფოს შემადგენელი ნაწილი, რომლის უკანასკნელი გვირგვინოსანი მეფეები იყვნენ ერეკლე II და გიორგი XII.

ასევე ხაზგასასმელია, რომ ბატონიშვილი ნუგზარის სამეფო ოჯახი ერთადერთი მემკვიდრეა, როგორც ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის სამეფო სახლის, ასევე ქართლის მეფე ვახტანგ VI-ის, აწ უკვე შეწყვეტილ სამეფო სახლისაც, რადგან მეფე ვახტანგის ქალიშვილი თამარი იყო ერეკლე II-ის დედა, რომელიც ვახტანგის სამეფო სახლის რუსეთში სამუდამოდ გადახვეწის შემდგომ ქართლის სამეფო ტახტის მემკვიდრედაც კი ითვლება: “ბატონიშვილმა თამარმა, ქართლის სამეფო ტახტის მემკვიდრემ (მეუღლემ თეიმურაზ II-ისა), მოიწვია საეკლესიო კრება 1742 წელს…” (იხ. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. საქართველოს საეკლესიო კანონების კრებული. თბილისი, 2010 წ., გვ. 461).

აშკარაა, რომ თამარ დედოფლის ფაქტორმა, თეიმურაზ-ერეკლეს პროგრესულ პოლიტიკურ ნაბიჯს, რაც 1762 წელს ქართლ-კახეთის საბოლოო გაერთიანებით დაგვირგვინდა, უფრო მეტი ლეგიტიმაცია შესძინა.

გარდა ამისა, ბატონიშვილი ნუგზარი სამართალმემკვიდრეა ქართლის მირონცხებული მეფეების პირველი დინასტიისაც, რომელიც შეწყდა 1658 წელს და რომლის წარმომადგენლებიც იყვნენ – კონსტანტინე II (1484-1505), დავით X (1505-1525), გიორგი IX (1525-1527), ლუარსაბ I (1527-1556), სიმონ I (1556-1600), გიორგი X (1600-1606), სწორედ ამ უკანასკნელის ქალიშვილი – ხორეშანი (?-1659) ბებიაა  ბატონიშვილი ნუგზარის უშუალო წინაპრის – ერეკლე I-ის (1688-1709).

NUGZAR - GEN QART

რაც შეეხება იმერეთის სამეფო შტოს, იგი გენეალოგიურად და ასევე ისტორიულ-სამართლებრივი პრინციპებიდან გამომდინარე, ქართლ-კახეთის სამეფო შტოსთან მიმართებაში ითვლება უმცროს შტოდ. იგი მომდინარეობს საქართველოს მეფის ალექსანდრე I-ის (1412-1442) უმცროსი ძმის – გიორგი ბატონიშვილის უმცროსი ხაზიდან და არ მომდინარეობს ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი VIII-დან (1446-1466) და არც საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი XII-დან.

როდესაც ვეხებით იმერეთის საკითხს, აუცილებელია, რომ კვლავ ხაზი გაესვას “ივერიელთა ტრაქტატს”, რომლის თანახმადაც იმერეთის სამეფომ, სამეგრელოსა და გურიის სამთავროებთან ერთად აღიარა ერეკლე II-ის უმაღლესი სუზერენობა მთელს “ივერიაზე” – საქართველოზე, რა უფლებებიც შემდგომ მემკვიდრეობით გადაეცა საქართველოს უკანასკნელ მეფე გიორგი XII-ს. (გრიგოლ ვეშაპელი, “საქართველო და რუსეთი”, თბილისი 1918).

გიორგი XII-ის ძე, დავით ბატონიშვილი, თავის, 1812 წლის 25 დეკემბრის, საიმპერატორო კარისადმი გაგზავნილ წერილში, იმერეთისა და ახალციხის საკითხებს ეხება: “…Порта не имела бы  вовсе права присваивать себе Имеретию и Ахальцых, потому что по праву наследства принадлежат оные царскому нашему грузинскому дому. Царствовавшая же в Имеретии фамилия не от законных потомков Багратионовой фамилии, что известно всему тамошнему народу” (Две записки царевича Давида о “Лучшем устройстве Грузии”. Подготовил к печати И.К.Ениколопов. “Материалы по истории Грузии и Кавказа”, вып.I, Тб., 1942, стр.132,136).

თუ რას გულისხმობს ზემოთ მოყვანილ წერილში ბატონიშვილი დავითი იმერეთის შტოს უკანონობაში, ადვილი მისახვედრი გახდება, თუ ჩვენ კარგად დავაკვირდებით გენეალოგიურ ტაბულას.

იმერეთის სამეფოში უკანონო შვილების არსებობის და მათი ტახტზე ასვლის ფაქტები იმდენად მრავალრიცხოვანია, რომ მათ ჩამოთვლას ეხლა არ მივყვებით, რადგან ყოველივე ეს ნათლად არის ასახული იმერეთის სამეფო შტოს გენეალოგიურ სქემაში.

ის არგუმენტი, რომ იმერეთის სამეფო შტოში ისტორიულად არსებობდა უკანონო შვილების გამეფების პრეცედენტები და ამიტომ ეს ნორმად, ან ქართული დინასტიური სამართლის წესად უნდა იყოს მიჩნეული, არასერიოზული და არასწორი არგუმენტია, რადგან იმერეთის სამეფოზეც იგივე ქართული სამართლის ნორმები ვრცელდებოდა, რაც ქართლ-კახეთის (საქართველოს) სამეფოზეც. სწორედ იმერეთის სამეფოს მემკვიდრეობით წესზე ამახვილებს ყურადღებას ცნობილი ქართველი ისტორიკოსი მიხეილ რეხვიაშვილი, თავის წიგნში “იმერეთის სამეფო (1462-1810წწ)”, სადაც ავტორი წერს: “როგორც ვიცით, სოლომონს ტახტის მემკვიდრე-შვილი არ დარჩენია – ალექსანდრე ბატონიშვილი 1780 წელს გარდაიცვალა. მას დარჩა შვილი გიორგი, რომელიც ქორწინების გარეშე იყო დაბადებული და გამეფების უფლება არ ჰქონდა. თავის სიცოცხლეშივე სოლომონ მეფემ მემკვიდრედ თავისი ძმის – არჩილის და ერეკლე მეფის ქალის – ელენეს შვილი დავითი აღიარა…” (მ. რეხვიაშვილი, “იმერეთის სამეფო (1462-1810წწ)”, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989 წ., გვ. 280).

დღეს, ჩვენ ყველანი გულწრფელნი უნდა ვიყოთ და ისტორია სიმართლის თვალით უნდა შევაფასოდ, ამიტომ თამამად უნდა განვაცხადოთ, რომ იმერეთში მომხდარი ასეთი ფაქტები მიუთითებს იმერეთის სამეფო შტოს არასტაბილურობასა და სისუსტეზე, რადგან უკანონო შვილების ტახტზე ასვლა გამოწვეული იყო არა იმიტომ, რომ ქართული დინასტიური სამართლით, ან დედა ეკლესიის მხრიდან ეს პრეცედენტები გამართლებული, დაშვებული ან მოწონებული იყო, არამედ დროის იმ კონკრეტულ მონაკვეთებში, იმერეთის სამეფო სახლში უბრალოდ არ არსებობდნენ კანონიერად შობილი არც მამაკაცი და არც ქალი მემკვიდრეები.

უკანონოდ შობილობის საკითხს, ასევე ეხება ტრადიციონალისტი აკაკი ასათიანიც, თავის 1990 წლის ერთერთ სტატიაში, სადაც ამბობს: “…თუმც კი დავით ნარინი ასაკით თავის ბიძაშვილზე, დავით VII ულუზე უმცროსი და, ამას რომ თავი დავანებოთ, ქალის, გიორგი IV ლაშას უმცროსი დის რუსუდანის შვილი იყო, მაინც დავით ულუზე მაღლა იდგა, ვითარცა კანონიერი ქორწინებით შობილი…” (იხ. გაზეთი “ძლევაი”, “ვისეკუთვნის საქართველოს ტახტი?”, აკაკია სათიანი, №1, 1990 წ., გვ. 4).

იმერეთის სამეფოს სისუსტეზე მიუთითებს ასევე ის ფაქტებიც, როცა იმერეთის ტახტზე სხვადასხვა პერიოდებში არა ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენლებიც კი ახერხებდნენ ასვლას, კერძოდ: გურიელები – დემეტრე (1663,1668-1669), გიორგი IV (1681-1683), მამია III (1701-1702,1711-1712,1713-1714), გიორგი V (1716); გიორგი (მალაქია) პაატას ძე აბაშიძე (1701-1707). აქედან გამომდინარე, რა გასაკვირია, თუ იმერეთის ტახტზე ბაგრატიონთა უკანონო შვილების გამეფებაც მომხდარიყო სხვადასხვა პერიოდებში?

IRBAKHI - 002 copyგავიხსენოთ ასევე, თუ რა მოჰყვა ქართლში სპარსელების ძალისხმევით გაერთიანებული ქართლ-კახეთის მირონცხებული მეფის (1625-1633) თეიმურაზ I-ის განდევნას და უკანონოდ შობილი, მაჰმადიანი როსტომ ხანის გამეფებას. როსტომ ხანის გამეფება იყო ფაქტობრივად ლეგიტიმიზმის უხეში დარღვევა, ტახტის ძალით უზურპაცია, რადგან, მეფე თეიმურაზ I, იმ დროისათვის, არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზეც აღიარებული იყო უკვე “ქართველთა”, ანუ საქართველოს მეფედ, რასაც ამტკიცებს მის მიერ გაგზავნილი ოფიციალური ელჩობები ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოებში.

ევროპის ქვეყნებს შორის მიმოწერილ სხვადასხვა წერილებში ვკითხულობთ: “იბერიის მეფის თეიმურაზის ელჩის ტიტულით აღჭურვილი ბატონი ნიკიფორე ირბახი…’’, “…ჰერცოგ ალბას! ქება დიდება! მის მფარველობას ენდობა ქართველთა მეფის დესპანი ნიკიფორე ირბახი. პაპი ურბან VIII.’’ “პაპ ურბან VIII-ს წერილი ესპანეთის მეფეს ფილიპე IV-ს. ქართველთა მეფის დესპანი, რომელიც თავის სამშობლოში მიემგზავრება…’’ და სხვა.

ასევე, თეიმურაზ I-ის მიერ პაპ ურბან VIII-სთან გაგზავნილ წერილს ბოლოში არტყია მეფის ბეჭედი, რომელსაც აწერია: “წყალობითა ღმრთისათა თესლისაგან დავითის და მოსავი სამებისა წმიდისა, ყოვლისა საქართველოჲსა მეფე თეიმურაზ’’ (ი.ტაბაღუა. “ქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში, ტ.II”. თბილისი 1986). 

მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის სიტყვებით ”თეიმურაზი იყო განსახიერება მართლმადიდებლობისა, ანუ, როგორც მაშინ მიიჩნეოდა, ”ქართველობისა”. ქართველებს სწორედ თეიმურაზი სურდათ” (მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია. მეორე გამოცემა. თბილისი, 2009 წ. გვ. 725).

როსტომ ხანის პრეცედენტის შემდგომ ქართლის სამეფო შტოში, უკვე, მხოლოდ კანონიერად შობილნი ადიან ტახტზე, რაც ნათლად სჩანს თუნდაც ვახტანგ VI-ის შვილების მაგალითიდანაც. როგორც ცნობილია, ვახუშტი ბატონიშვილი იყო ვახტანგ VI-ის უფროსი, თუმცა უკანონო შვილი, სწორედ ამიტომ ქართლის ტახტზე ადის არა ის, არამედ მისი უმცროსი ძმა – ბაქარი, რომელიც მეფის კანონიერი შვილი იყო. კანონიერად შობილსა და უკანონოდ შობილს შორის დიფერენცირება იმდენად გამძაფრებული ყოფილა ქართული დინასტიური სამართლის თანახმად, რომ ეს სიმძაფრე ვახტანგ მეფის მიერ შვილებისადმი ნაანდერძალ ქონებაზეც კი მკაფიოდ ასახულა, რომლიდანაც ვახუშტი ბატონიშვილს ძალზედ მცირედი წილი რგებია.

ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ დავით VII ულუს შემდეგ, უკანონო შვილის სამეფო ტახტზე აყვანის პრეცენდენტს ადგილი აღარ ჰქონია, როგორც ერთიანი საქართველოს მეფეთა ხაზში, ასევე ერთიანი საქართველოს ტახტის მემკვიდრე – კახეთის და შემდეგ ქართლ-კახეთის, ანუ ბატონიშვილი ნუგზარის სამეფო ხაზშიც, რაც კიდევ უფრო მეტად მიუთითებს ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო სახლის ლეგიტიმურ უფლებაზე.

 XV-XVIII სს-ში, მიუხედავად საქართველოში სამი სამეფო შტოს წარმოქმნისა, სამეფო საგვარეულოში უპირატესობას მაინც კახეთის სამეფო შტოს ანიჭებდნენ, როგორც ერთიანი საქართველოს მეფეთა პირდაპირ მემკვიდრეებს, ამას ადასტურებს თუნდაც 1625 წელს მომხდარი ისტორიული ფაქტი, როდესაც, მარტყოფის ბრძოლის შემდგომ კახეთის მეფე თეიმურაზ I ქართლის თავად-აზნაურობისა და მოსახლეობის მიერ ერთხმად იქნა აღიარებული ქართლის მეფედაც, რომელიც სვეტიცხოველში იქნა კურთხეული.

ამ ისტორიული ფაქტიდან დაახლოებით 25 წლის შემდეგ იმერეთის მეფე ალექსანდრე III-მ (1639-1660) იშვილა მეფე თეიმურაზ I-ის შვილიშვილი, ქართლისა და კახეთის სამეფოების მემკვიდრე – ბატონიშვილი ლუარსაბი (ერეკლე I-ის უფროსი ძმა). თეიმურაზ მეფისა და ალექსანდრე იმერთა მეფის ეს ერთობლივი ეროვნული ქმედება მიმართული იყო კონკრეტული მიზნისაკენ, რათა ლუარსაბი გამხდარიყო სრულიად საქართველოს მეფე, დააკვირდით, ეს ხდება მაშინ, როცა თავად იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ის კანონიერი შვილი – ბაგრატი (შემდგომში იმერთა მეფე ბაგრატ IV) იმ დროისათვის დაახლოებით 30 წლისაა. ასევე, გარდა შვილისა ალექსანდრე იმერთა მეფეს ყავდა ძმისშვილიც – არჩილ მამუკას ძე, ანუ იმერეთის ბაგრატიონთა შტოში ორი წარმომადგენლის არსებობის მიუხედავად ერთიანი საქართველოს ტახტზე ასაყვანად საჭირო იყო ქართლ-კახეთის სამეფო სახლის წარმომადგენლის დასახელება. სამწუხაროდ, ლუარსაბ ბატონიშვილი 1659 წლის მაისში მოულოდნელად გარდაიცვალა და ამიერიდან ამ გეგმის განხორციელებისათვის მეფეები ერთადერთ იმედს უკვე თეიმურაზ მეფის მეორე შვილიშვილზე – ერეკლე ბატონიშვილზე ამყარებდნენ, რომელიც დედასთან – ელენე ბატონიშვილთან ერთად რუსეთში იმყოფებოდა და რუსეთის კარზე ნიკოლოზის (ნათლობის) სახელს ატარებდა.

1659 წელს ალექსანდრე III მისწერა წერილი რუსეთის მეფეს და გაატანა თავის ელჩებს “Марко Томаев с товарищи”, რომლებიც რუსეთში 1660 წლის მარტში ჩავიდნენ. იმერთა მეფე რუსეთის მეფეს თხოვდა “…отпустить в Грузию царевича Ираклия, так как он (ალექსანდრე – ს.კ.) стар и после его смерти на иверском и имеретинском престоле некого посадить” (Н. Накашидзе. Грузино-русские политические отношения в первой половине XVII века. Тб., 1968, стр. 156).   

ალექსანდრე მეფის წერილის სრული ქართული ვერსია გამოქვეყნებული აქვს გ. პაიჭაძეს “საისტორიო მოამბეში” 1973 წელს, სადაც წერია შემდეგი: “…შენთვის ცნობილია, დიდო ხელმწიფევ, – მიუთითებდა ალექსანდრე III 1659 წ. მარკოზ ელჩის ხელით გატანებულ წერილში, – რომ ჩვენი მეფური ჩამომავლობისა არავინ დარჩა, მარტოდმარტო მე დავრჩი ჩემს ღრმა მოხუცებულობაში; ვისზედაც იმედს ვამყარებდი და ბურჯად მიმაჩნდა, უფლისწული ლეონტი იყო, ისიც შენ იცი, რომ ღვთის ნებით მიიცვალა. ახლა ღვთის წყალობითა და შენი ბედნიერებით, რ ო გ ო რ ც   უ წ ი ნ   ი ყ ო   ე რ თ ო ბ ა, ახლაც ივერიისა და იმერეთის მიწა-წყალი შენი სამეფოს ხელქვეით მოვიყვანე და ყველა მტრისა და დუშმანისაგან გავწმინდე…  ჩვენი ყველა მტერი დაშინებულია. მე მარტო დავრჩი სიბერის ჟამს მწუხარე… რომ მოვკვდე, ვერავინ გამეფდება, ნაშიერი მე არ დამრჩენია, რომ ჩემს შემდეგ იმერეთის მიწა-წყალი ურჯულოებს არ ჩაუვარდეთ ხელში. ჩვენი შთამომავალი კი შენ იცი, რომ მარტო ერთი დარჩა, უფლისწული ნიკოლოზ დავითის ძე… იგი შენი გაზრდილია და შენი მეფური სამსახურის ადათ-წესები იცის, შენი ყმაა და რადგან შენი გამოშვებული იქნება, მარადჟამს ისე გემსახურება, როგორც ეს შენ, დიდ ხელმწიფეს, გენებება და შენი მეფური უდიდებულესობის ბრძანებით ივერიისა და იმერეთის მიწა-წყალს განამტკიცებს…” (გ. პაიჭაძე, რამდენიმე საბუთი რუსეთ-საქართველოს ისტორიისათვის XVII ს-ის მეორე ნახევარში, “საისტორიო მოამდე”, ტომი 27-28, თბ., 1973, გვ. 534-535).

იმერთა მეფის ელჩი მარკოზი გზაში რუსეთიდან მომავალ თეიმურაზ მეფეს შეხვდა და აცნობა მისი შვილიშვილის, ლუარსაბ ბატონიშვილის გარდაცვალების შესახებ. თეიმურაზმაც აღარ დააყოვნა და იმერეთის მეფის ელჩებთან ერთად თავისი დესპანებიც გაგზავნა მოსკოვში, რომლებსაც დაავალა რუსეთის სამეფო კარისათვის დაბეჯითებით ეთხოვათ ერეკლეს საქართველოში გამოშვება. მეფე თეიმურაზმა რუსეთის მეფე ალექსი მიხეილის ძეს წერილით ამცნობდა თავისი უფროსი შვილიშვილის, ლუარსაბის გარდაცვალების შესახებ, რომელიც ერთიანი საქართველოს სამეფო ტახტზე უნდა ასულიყო: “взяв во уважение, что от рода его никого не осталось, кроме Царевича Николая (ერეკლე – ს.კ.), находящегося при дворе российском, отпустить сего последнего в Грузию…” (Переписка на иностранных языках грузинских царей с российскими государями от 1639 г. по 1770 г. Под редакцией М. Броссе. Спб., 1861, стр. LXIV).

ისტორიკოსი დევი კაჭარავა ასე აღწერს ერეკლეს ერთიან საქართველოს ტახტზე გამეფების გეგმას: “ალექსანდრე ნებით უთმობდა ერეკლეს თავის ტახტს. ამ შემთხვევაში რუსეთი მართლაც უნდა დაინტერესებულიყო ალექსანდრეს გეგმით. თუ რუსეთი ერეკლეს დახმარებას აღმოუჩენდა, აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობაც იმერეთში გამაგრებულ ბატონიშვილს უფრო გაუადვილდებოდა. რუსეთის მეფის კანდიდატი უნდა გამხდარიყო გაერთიანებული საქართველოს მეფე – აი ალექსანდრე მესამისა და თეიმურაზის ახალი პოლიტიკური პროგრამის შინაარსი” (დევი კაჭარავა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხისათვის XVII ს-ის 50-იან წლებში. საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის მაცნე, თბ., 1968 წ. გვ. 125).

შეუძლებელია არ აღინიშნოს იმერთა მეფე ალექსანდრეს, ქვეყნის გაერთიანებისაკენ გადადგმული ეს მამულიშვილური ნაბიჯი, რომელიც ჩვენი ისტორიის იმ სანიმუშო მაგალითების რიგში დგება, როგორებიც იყო დიდი ქუჯი ეგრისელისა თუ დავით III კურაპალატის მაგალითები, მაგრამ აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტორსაც, რომ დავით კურაპალატი უშვილო იყო, როდესაც მან ბაგრატი იშვილა, ხოლო ალექსანდრე იმერთა მეფეს საკუთარი მემკვიდრე ჰყავდა და მაინც, მან ერთიანი საქართველოს სამეფო ტახტზე ასაყვანად იშვილა ის, ვინც ერთიანი საქართველოს ტახტის სამართალმემკვიდრე  –  ქართლ-კახეთის შტოს მიეკუთვნებოდა.

ქართლ-კახეთის სამეფო სახლის უპირატესობაზე, ასევე მიგვითითებს მე-XIX საუკუნის პირველ მეოთხედში მომხდარ სახალხო აჯანყებათა მოთხოვნებიც. რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებული ქართველობა, ტახტის მემკვიდრეებად ყოველთვის ქართლ-კახეთის სამეფო ოჯახის წევრებს ასახელებდა. კერძოდ, აჯანყებულთა მოთხოვნით მეფე გიორგი XII-ის შვილები, დავით (XII) ბატონიშვილი უნდა გამეფებულიყო ქართლ-კახეთში, ხოლო მისი ძმა იოანე ბატონიშვილი – იმერეთში. არასოდეს, აჯანყებულთა მოთხოვნებში საქართველოს სამეფო ტახტზე ასასვლელად არ განიხილებოდნენ იმერეთის სამეფო შტოს, არათუ უკანონო, არამედ კანონიერი წარმომადგენლებიც კი. ამას ასევე ადასტურებს აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის სიტყვებიც: “1801 წლის ცნობილი აქტის შემდეგ, 1802 წლიდან, უკვე იწყება ბრძოლა ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენისთვის: 1802, 1804, 1806, 1810, 1812 წლებში, როგორც წესი, აჯანყებულები ერეკლეს ჩამომავალს იწვევდნენ და აყენებდნენ მისი გამეფების საკითხს” (ონლაინ ჟურნალი “თბილისელები”, “ვინ იყო საქართველოს ყველაზე ტრაგიკული და ყველაზე წარმატებული მეფე”, 2010 წ.).

ცნობილი 1819-20 წლების იმერეთის აჯანყების დროსაც, აჯანყებული ქართველობის უმრავლესი ნაწილი სწორედ ერეკლე მეფის შვილის გამეფებას ითხოვდა იმერეთში: В руководстве восстанием на этот раз принял непосредственное участие царевич Александр, находящийся в это время в Хертвиси (б. Ахалцихский пашалык). Как кандидат на имеретинский престол, в случае удачи восстания, он имел за собой большинство дворян, князей и духовенства, но поставил условием своего согласия, чтобы в решении вопроса о возведении его на царский престол приняли участие “все знатнейшие сословия, духовенство и соседние владельцы Имеретии” (А.Г.Пирцхалаишвили. Имеретия и Гурия в период 1804-1840 гг. В сборнике “Материалы по истории Грузии и Кавказа”, вып. I. Тб., 1942, 66 стр. / Утверждение русского владычества на Кавказе, т.III, ч.II, стр.507).

მნიშვნელოვანია 1812 წლის აჯანყება, როდესაც ქართველი ხალხის მიერ მეფედ გამოცხადდა ბატონიშვილი გრიგოლ იოანეს ძე, რომელმაც უზარმაზარი ზარალი მიაყენა საქართველოში დისლოცირებულ რუსეთის საჯარისო შენაერთებს და საქართველოს განთავისუფლებისათვის თავს არ ზოგავდა. სამწუხაროდ, ახალგამოცხადებული ”მეფე” გრიგოლის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის უშედეგოდ დასრულდა, რადგან მას მნიშვნელოვან მომენტში მხარი არ დაუჭირა ქართლის რამოდენიმე მსხვილმა თავადმა – ამილახვარმა, მუხრანბატონმა, რომელნიც, როგორც ჩანს უკვე ტკბილად და კომფორტულად იყვნენ მოწყობილნი რუსეთის მმართველობის ქვეშ და ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა მათ გეგმებში არ შედიოდა.

რაც შეეხება დღევანდელ დღემდე არსებულ ვერსიას, ქართლის სამეფო შტოს გენეალოგიური წარმომავლობის შესახებ, რომლის თანახმადაც ქართლის სამეფოს პირველი მეფე კონსტანტინე II გიორგი VIII-ის უფროსი ძმის – დემეტრეს შვილად არის წარმოდგენილი, თანამედროვე კვლევით დადგინდა, რომ ეს ვერსია არასწორია, რადგან მოკლებულია ყოველგვარ მტკიცებულებას. ეს დამკვიდრებული ვერსია ისედაც ბევრ კითხვებს ბადებდა თანამედროვე მკვლევართა შორის, რადგან, თუ დააკვირდებით ვახტანგ VI-ის, ვახუშტი ბატონიშვილის, მარი ბროსეს, ა.ფილადელფინის, პ.დოლგორუკოვის და ე.თაყაიშვილის ვერსიებს, ყველა ამ მკვლევარის მიერ თავის დროზე წარმოდგენილი გენეალოგიური ტაბულები ერთმანეთისგან რადიკალურადაც კი განსხვავდება (იხ. დანართი №14-ში დოკუმენტი №2). დღევანდელი გადასახედიდან აშკარად ჩანს, რომ ყველა ზემოთჩამოთვლილ მკვლევარს თავისი ვერსია გააჩნდა კონსტანტინე II-ის წარმომავლობასთან დაკავშირებით და თუ რა ისტორიულ დოკუმენტებს ეყრდნობოდნენ ისინი ამ ვერსიების შედგენისას ძნელი სათქმელია დღეს. საბედნიეროდ მკვლევართა მიერ მოძიებულ იქნა მყარი ისტორიული დოკუმენტები, რომლის თანახმადაც უკვე დადგენილია ქართლის მეფე კონსტანტინე II-ის ზუსტი წარმომავლობა (იხ. სამეცნიერო ნაშრომი)

სამწუხაროა, რომ დღეს, “მონარქისტის” ქურქში გადაცმული დესტრუქციული ძალები გაცხარებულნი ცდილობენ ქართლის, იმერეთის და კახეთის, დღეს უკვე არარსებულ სამეფოებს, ხელოვნურად გამოუნახონ “ტახტის მემკვიდრეები”, დაუპირისპირონ ერთმანეთს და ამით მოახდინონ კონსტიტუციური მონარქიის იდეის დისკრედიტირება და საქართველოს კუთხურ სეპარატიზმში ჩათრევა; და ეს ხდება მაშინ, როცა ბატონიშვილი ნუგზარის ლეგიტიმურობა ერთიან საქართველოს სამეფო ტახტზე დადგენილი და აღიარებულია მონარქისტულ თუ სამეცნიერო წრეებში (იხ. დანართი №10).

2010 წლის განცხადებაში დაბრუნება

Gerbi patara zoma