საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის 2010 წლის განცხადება

The Crown of Georgia

2 - Patara  JPG

საქართველოს სამეფო დინასტია – “იესიან, დავითიან, სოლომონიან, ბაგრატიონები” 1300 წლისაა და ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოს მონარქიულ დინასტიებს შორის (იხ. დანართი №1).

ბაგრატიონთა სახელოვანმა გვარმა, სამეფო და თავადური განშტოებებიდან, ბევრი წმინდანი და სახელოვანი მეფე, პოლიტიკოსი, მხედართმთავარი, სასულიერო პირი, მეცნიერი და ხელოვანი აღუზარდა საქართველოს. მათი შთამომავლები, დღესაც თავიანთი წინაპრების დარად, სამშობლოს სამსახურში არიან და იღწვიან ქვეყნის საკეთილდღეოდ (იხ. დანართი №2).

დღეს ამ სახელოვან გვარს ასზე მეტი შთამომავალი ჰყავს და, ბუნებრივია, საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე ყველა ვერ იქნება. ამ საკითხს საერთაშორისო და საქართველოს დინასტიური სამართალი არეგულირებს (იხ. დანართი №3), რომლის თანახმადაც: საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრეა მისი სამეფო უმაღლესობა, ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი.

საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის 2010 წლის განცხადება

“…ღმერთმა თავისი ზეციური ერთმმართველობისა დარად მოაწყო მიწაზე მეფობა, თავისი ყოვლის მპყრობელობისდა მიხედვით, მეფე თვითმპყრობელია; თავისი წარუვალი სასუფეველისდა დარად მეფობა მემკვიდრეობითია” (წმინდა ფილარეტ მოსკოველი). მას ეს მემკვიდრეობით ერგო და მისი უფლებაა, გააგრძელოს თავისი წინაპრების საქმე. იგი არის, ან არ არის და იგი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი, თავისი გენეტიკური მემკვიდრეობიდან გამომდინარე. მონარქის არჩევა (როგორც პრეზიდენტის), შერჩევა ან გამორჩევა საერთაშორისო სამართლისა და დინასტიური კანონმდებლობის დარღვევაა!

საერთაშორისო და ქართული დინასტიური სამართალი, სამეფო ტახტის მემკვიდრის განსაზღვრისათვის, პირველყოვლისა ითვალისწინებს იმას, თუ ვინ არის საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ისა და ასევე, ერთიანი საქართველოს დაშლის (ქართლი, კახეთი, იმერეთი) წინ მყოფი მეფე გიორგი VIII-ის მემკვიდრე  (იხ. დანართი №4).

ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი VIII თავის-თავში აერთიანებდა მამის ხაზით – აღმოსავლეთ საქართველოს დავით-ულუს შტოს და დედის ხაზით – დასავლეთ საქართველოს დავით-ნარინის შტოს, რასაც ძალზედ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ერთიანი საქართველოს სამეფო შტოს ლეგიტიმაციისათვის (იხ. დანართი №5).

გიორგი VIII-ის 30-წლიანი მეფობის დროს, ოსმალეთმა მოახერხა ევროპასა და საქართველოს შორის არსებული კოალიციის ჩაშლა, რამაც გამოიწვია ერთიანი საქართველოს – ქართლის, კახეთისა და იმერეთის პროვინციულ სამეფოებად და სამთავროებად დაყოფა (იხ. დანართი №6).

იმერეთის სამეფო დინასტიას სათავე დაუდო გიორგი VIII-ის ბიძაშვილმა ბაგრატმა. XIX საუკუნეში, ამ სამეფო დინასტიაში ჩამოყალიბდა რამოდენიმე შტო, ერთი – სოლომონ I-ის შთამომავალთა სახით, როგორც უგანათლებულესი თავადები ბაგრატიონ-იმერეტინსკები, მეორე – დავით II-ის შთამომავალთა სახით, როგორც უგანათლებულესი თავადი იმერეტინსკები და ბატონიშვილი ბაგრატის შთამომავალთა სახით ორი შტო: ერთი, კანონიერი შვილის დავითის, შემდგომში როგორც უგანათლებულესი თავადების შტო და მეორე, უკანონო შვილის სიმონის (ღვანკითელ ბაგრატიონთა) თავადური განშტოება.

ქართლის სამეფო დინასტიას სათავე დაუდო გიორგი VIII-ის ნათესავმა კონსტანტინემ. ამ დინასტიას მოგვიანებით გამოეყო ბაგრატიონ-მუხრანელთა და ბაგრატიონ-გოჩაშვილთა თავადური  განშტოებები.

მეფე გიორგი VIII იძულებით კახეთში გამაგრდა. ასე დაედო კახეთის სამეფო შტოს სათავე, რომელსაც შემდგომ გამოეყო ბაგრატიონ-დავითიშვილებისა და ბაგრატიონ-ბაბადიშების თავადური განშტოებები (იხ. დანართი №7).

ერთიანი საქართველოს სამეფო ტახტის აღდგენას ცდას არ აკლებს გიორგი VIII და ამ ბრძოლას მისი პირდაპირი შთამომავლებიც აგრძელებენ შემდგომ საუკუნეებში, რასაც საბოლოოდ აგვირგვინებს ერეკლე II .

1790 წელს, მეფე ერეკლე II-ის დროს, დადებული იქნა “ივერიელთა ტრაქტატის” სახელით ცნობილი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ერეკლე II აღიარებულია სრულიად საქართველოს სუვერენად – “ვითარცა მამა საზოგადო მათი”, რასაც ხელს აწერენ იმერეთის მეფე სოლომონ II, გრიგოლ დადიანი და სიმონ გურიელი, რაც შემდგომ მემკვიდრეობით გადაეცა მეფე ერეკლე II-ის ძეს – საქართველოს უკანასკნელ მეფე გიორგი XII-ს (იხ. დანართი №8).

1801 წელს, რუსეთის იმპერატორი ძალადობრივად აუქმებს საქართველოში მონარქიას, სამეფო ტახტის მემკვიდრეების შტოს, სხვა თავადი ბაგრატიონებისაგან გამოსარჩევად, უმატებს – “გრუზინსკი”-ს (“საქართველოსი” – “of Georgia”). ამიტომაც, დღემდე მხოლოდ ერთიანი საქართველოს სამეფო ოჯახი ატარებს ბაგრატიონი-გრუზინსკის გვარს (იხ. დანართი №9).

2006 წელს, “ბაგრატოვანთა სახლის” მიერ ხელმოწერილ იქნა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც, საქართველოს ტახტის მემკვიდრედ ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი არის აღიარებული. მემორანდუმი ემყარება სამართლებრივ, ისტორიულ და გენეალოგიურ საფუძვლებს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიკოსების, ქართული გენეალოგიური საზოგადოების, საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს აღიარებებს; საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფო არქივებში დაცულ ისტორიულ-სამართლებრივ დოკუმენტებს; სრულიად რუსეთის მონარქისტული ცენტრის, რუსეთის საიმპერატორო გვარის მოსკოვის მემორიალური მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს და პეტრე-პავლეს საიმპერატორო საზოგადოების აღიარებებს. თავადაზნაურთა და სამეფო ხელისუფლების საერთაშორისო კომისიის (აშშ) დასკვნით, ერთიანი საქართველოს სამეფო სახლის მეთაურად – დე-იურე მეფედ, აღიარებულია ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი (იხ. დანართი №10).

იმის გამო, რომ ბატონიშვილ ნუგზარს ჰყავს ქალიშვილები, ეს არ ნიშნავს ტახტის მომავალი მემკვიდრე ვაჟები ვეძებოთ ქართლისა და იმერეთის ბაგრატიონთა გვერდით თავადურ შტოებში. საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობით ეს განიხილება, როგორც სამეფო ტახტის უზურპაციის მცდელობად და ჭეშმარიტი ტახტის მემკვიდრის უფლებების დარღვევად. ვინაიდან არა, თუ თავადური, არამედ აწ შეწყვეტილი ქართლისა და იმერეთის სამეფო ხაზებიც არ წარმოადგენდნენ ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფის – გიორგი XII-ის და ერთიანი საქართველოს დაშლის წინ მყოფი მეფე გიორგი VIII-ის შთამომავლებს.

ერთიანი საქართველოს სამეფო ტახტი ეკუთვნის მხოლოდ ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო სახლს, სადაც კანონმდებლობით ბატონიშვილი ნუგზარი გახლავთ საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე და სამეფო სახლის მეთაური, რომლის უფლებაა მომავალი მემკვიდრის გამოცხადება (იხ. დანართი №11).

დღეს ბრიტანეთს, ნიდერლანდებს, დანიას მართავს ქალი და მათი დინასტიები სწორედ ქალის ხაზით გრძელდება. დღეს რუმინეთისა და შვედეთის მეფეებმა თავიანთი ტახტის მომავალ მემკვიდრეებად ქალიშვილები გამოაცხადეს. საქართველომ, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში გადაწყვიტა ეს საკითხი, საქართველოს ჰყავდა მეფეთ-მეფე თამარი, მეფეთ-მეფე რუსუდანი, ჰერეთიც მეფე-დედოფლები დინარა I და დინარა II, კახეთის რეგენტი დედოფალი ქეთევანი, იმერეთის მეფე-დედოფალი დარეჯანი, ასე რომ სამეფო ხაზში, თუ ვაჟი არ არის, მაშინ ქალის ხაზით გრძელდება დინასტია (იხ. დანართი №12).

ბატონიშვილი ნუგზარი მიენდო და გაგებით შეხვდა კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის წინადადებას, თავისი სამეფო ღირსება გადასცეს თავისი ქალიშვილის ხაზით შვილიშვილს, რადგან მხოლოდ სამეფო სახლის მეთაურის პრეროგატივაა ტახტის მომავალი მემკვიდრის გამოცხადება და არა გარეშე პირთა გადასაწყვეტი (იხ. დანართი №13-(1)) და დანართი №13-(2)).

2010 წლის ბრწყინვალე აღდგომის დღე

სამეფო სახლის კანცლერი კახა ქორიძე

ყოველივე ზემოაღნიშნულის დასტურად კი, იხილეთ ტაბულა – “ბაგრატოვანთა დინასტიის სამეფო და თავადური განშტოებები”   (იხ. დანართი №14დოკუმენტი №4)

კანცელარიის განცხადება

Gerbi  patara zoma