საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის 2010 წლის განცხადების
დანართი №8
ივერიელთა ტრაქტატი
ერეკლე II-მ თავისი სიმამაცითა და გამჭრიახი პოლიტიკით, არა მხოლოდ ამიერკავკასიაში, არამედ ევროპაშიც გაითქვა სახელი. პრუსიის მეფე ფრიდრიხი წერდა – „ევროპაში მე ვარ და აზიაში ერეკლე მეორეო, უძლეველი გეორგიანთ მეფეო“ (A modern History of Georgia. By D.M.Lang. Weidenfeld and Nicolson, London, 1962. p.583).
ერეკლეს სწადდა საქართველოს ევროპულ ყაიდაზე მოწყობა, რის გამოც მან გერმანელ იაკობ რაინექს ათარგმნინა გერმანიის საადმინისტრაციო სამართლის კოდექსი. მან ქვეყანაში განაახლა გზები, დაამკვიდრა მადანთა სამრეწველო, ააშენა ზარაფ და თოფხანები, დააარსა საგანმანათლებლო სასწავლებლები, ჩაატარა ქვეყნის აღწერა, იზრუნა ერის გამრავლებაზე. მოიწვია იტალიელი კომერსანტები ვაჭრობის ასაღორძინებლად. სახაზინო ხარჯით შექმნა მორიგი ლაშქარი და თვით ბატონიშვილებიც ვალდებული გახადა ემსახურათ მორიგ ჯარში.
მეფე ერეკლეს ეკონომიკურ წარმატებებს კარგად აღწერს თავის სამეცნიერო დისერტაციაში ისტორიკოსი აპოლონ თაბუაშვილი: “სამეფო კარმა ვაჭრობის დონის ასამაღლებლად მრავალი ღონისძიება გაატარა. მოკლე ხანში სამეფო ხელისუფლების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ირან-რუსეთის სავაჭრო ოპერაციებში ერეკლე II-ის ქვეშევრდომმა ვაჭრებმა წარმმართველი როლი დაიკავეს. ვაჭრობის განვითარება ერთი მხრივ ხელს უწყობდა ფულად-სასაქონლო ურთიერთობების განვითარებას, მეორე მხრივ ზრდიდა სახელმწიფოს შემოსავლებს.
ვაჭრობის აღორძინება-მფარველობასთან ერთად, სამეფო ხელისუფლებამ ზრუნვა მრეწველობის განვითარებისთვის დაიწყო. ხელოსნური წარმოების ხელ-შეწყობის პარალელურად, შეიქმნა მრავალი სახელმწიფო მანუფაქტურული საწარმო – ახტალის და ალავერდის ვერცხლისა და სპილენძის სადნობი ქარხნები, თოფხანა, ზარაფხანა, სტამბა და სხვა. სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა მსხვილ საწარმოთა დაარსებისაკენ კერძო ინიციატივებსაც უბიძგებდა. ფეოდალურ საზოგადოებაში მანუფაქტურული ტიპის საწარმოების შექმნა დაკავშირებულია სამეფო კარის ეკონომიკის განვითარების ფორსირებულ მეთოდთან. ვაჭრობა-ხელოსნობიდან, შედარებით დიდი სამრეწველო ობიექტებიდან და ქალაქების მოსახლეობისაგან მიღებული სახელმწიფო შემოსავლები, ჩვენი გათვლებით, წლიურად 250 000 მანეთს აჭარბებდა. 10-15 წელიწადში, თითქმის ნულოვანი ნიშნულიდან, ვაჭრობა-მრეწველობიდან მიღებულმა შემოსავლებმა სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით 50-55% შეადგინა. ამავდროულად ქვეყანა დაადგა ეკონომიკური განვითარების უწყვეტ გზას. ხელისუფლებამ დიდი ყურადღება დაუთმო სოფლის მეურნეობის აღორძინებას – ხელახლა დაასახლა მრავალი სოფელი, აღკვეთა მოხელეთა და თავადთა ძალადობა, შექმნა მრავალი თავდაცვითი ნაგებობა და აშ.” (აპოლონ თაბუაშვილი. ერეკლე მეორის ეკონომიკური კონცეფციები და რეფორმები ქვეყნის მმართველობის მოდერნიზაციისათვის. ისტორიის დოქტორის (Ph.D.) აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაცია. 2010, გვ. 204-205)
ერეკლე მეფის პოლიტიკური სიძლიერე მთელს ამიერკავკასიაში ხილული გახდა, იგი “…მარტო თავისი ქვეყნის ძალით შეუდგა საქართველოს სამეფოს პოლიტიკური მდგომარეობის განმტკიცებას და ზოგან მოხერხებული დიპლომატიური მოლაპარაკებითა და ჩაგონებით, ზოგან თავისი პირადი სამხედრო ნიჭითა და ქართველი ჯარის მამაცობით, მან არამც თუ მშვიდობიანი დამოკიდებულება ჩამოაგდო მეზობლებთან, არამედ ზოგი მათგანი ისევ ყმად ნაფიცად გაიხადა. ერეკლესაგან განჯის ხანად დადგენილი შუშის ხანი მისი უერთგულესი მოხარკე იყო ისე, რომ ყოველწლიური გადასახადის გარდა თვით განჯაში საქართველოს მეფეც თავის წარმომადგენელს ნიშნავდა… ამას გარდა რომ “დამორჩილებულ იყვნენ ირაკლისადმი განჯა, ყარაბაღი და ერევნის ხანი”, მან ისეთი სახელი მოიხვეჭა, რომ “ყოველი ადრიბეჟანის ხანები დაემორჩილნენ მეფესა ირაკლის და მოართვეს ელჩნი და ფეშქაშნი ძვირფასნი თავრიზის ხანისაგან, ხოის ხანისა, ურუმის ხანის, შაყაყის ხანისა, ბაიაზეთის ფაშისა და ყარსის ფაშისაგან”. დასასრულ, “მრავალთა ქურთთა მეპატრონემ” შამადინაღამ “მისცა თავი თვისი ყმად” საქართველოს და “შორაგალის სულტანიც ერეკლე მეფეს მოერთვა ყმად” (ი.ჯავახიშვილი, “ქართველი ერის ისტორია”, წიგნი მეხუთე, თბილისი, 1953, გვ. 72).
გეორგიევსკსის ტრაქტატის გაფორმებამდე ცოტა ხნით ადრე მეფე ერეკლე ძალიან აქტიურად ცდილობდა ევროპულ სახელმწიფოებთან და მათ ლიდერებთან პოლიტიკური და სამხედრო კავშირის დამყარებას. ამის შესახებ განაცხადა ლინგვისტმა ნინო დობორჯგინიძემ, რომელმაც 2010-11 წლებში რომის არქივებში დაცული ერეკლე მეფის წერილები იკვლია. სწორედ ამ ექსპედიციისას ქალბატონმა ნინომ მიაკვლია, მისი თქმით, ღრმა კვალს ერეკლეს მისწრაფებისას ევროპისაკენ. როგორც იგი ამბობს, ეს წყაროები გვაწვდის არაერთ ახალ ცნობას იმის თაობაზე, თუ როგორ აფერხებდა რუსეთი ევროპისკენ საქართველოს ნებისმიერ მისწრაფებას – “ფეხდაფეხ მიჰყვებიან ევროპაში გაგზავნილ ელჩებს და ჯაშუშების მეშვეობით ცდილობენ მეფის წერილების ხელში ჩაგდებას”. ნინო დობორჯგინიძე გვიამბობს ავსტრიის იმპერატორთან გაგზავნილი ელჩის თავგადასავალზე, ელჩისა, რომელიც კონსტანტინოპოლის გზაზე გარდაიცვალა: „ელჩის სიკვდილისა თუ მკვლელობის კვალი არანაირად არ ჩანს არსად, მაგრამ იტალიაში ვიპოვე წერილი, რომელშიც ერთ-ერთი მისიონერი კონსტანტინოპოლის ვიკარიატიდან სწერს წერილს კარდინალს ევროპაში, რომ გუშინ აქ, ჩემთან მოვიდა პრეფექტი, რომელიც აღმოჩნდა „უნკრედიბილე რუსო“, ანუ „დაუჯერებელი რუსი“, რუსეთის ჯაშუში. და მან მიბრძანა, რომ ერეკლე მეფის წერილები, რომლებიც გარდაცვლილ პადრეს ჰქონდა თან, არ გამომეგზავნა თქვენთვის. მაგრამ მე მაინც გიგზავნით ამ წერილებს, რათა თქვენ გადაწყვიტოთ, როგორ მოვიქცე“.
როგორც ცნობილია, ბიზანტიის დამხობის შემდგომ, საქართველოს ევროპაში გასასვლელი ჩაკეტილი ჰქონდა. მეფე ერეკლეს მრავალი მცდელობა ევროპაში მოკავშირეები შეეძინა, იმედგაცრუებით დასრულდა. აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე: “ოსმალეთმა საქართველოს გადაუკეტა გზა ცივილიზებული ევროპისკენ. ერეკლეს ესმოდა, რომ არ შეიძლებოდა ცივილიზებული ევროპისგან მოწყვეტა და მისთვის ევროპა იყო რუსეთიც – მართლმადიდებლური სახელმწიფო, ოღონდ, იქაც ძალიან ფრთხილად იქცეოდა. ტრაქტატში რაც წერია, ყველაფერი მისაღებია და სხვა საქმეა, შემდეგ რა მოხდა. მეტსაც გეტყვით, ერეკლემ 1783 წელს მოაწერა ხელი ტრაქტატს, მაგრამ მანამდე ევროპაში სამი ელჩობა ჰყავდა გაგზავნილი: ერთი ელჩობა უგზო-უკვლოდ დაიკარგა, მეორე ელჩობის მეთაური მოკლეს, მესამე ელჩობამ მიაღწია, რადგან, აღმოჩენილია წერილი იმდროინდელი რომის პაპის ჩანაწერებში. მაგრამ ერეკლეს არანაირი პასუხი არ მიუღია… …პასუხის ღირსად არ ჩათვალეს ერეკლე და, სხვა გამოსავალი, გარდა რუსეთთან ურთიერთობის დამყარებისა, მას აღარ ჰქონდა” (ონლაინ ჟურნალი “თბილისელები”, “ვინ იყო საქართველოს ყველაზე ტრაგიკული და ყველაზე წარმატებული მეფე”, 2010 წ.).
ერთმორწმუნე რუსეთთან მოკავშირეობა ევროპულ კულტურასთან დაახლოების იმედს იძლეოდა. ამიტომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება მნიშვნელოვანი იყო.
მეფე ერეკლეს გვერდზე ედგა გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე სოლომონ ლიონიძე, რომელიც სამეფო კარის ფხიზელი დიპლომატი და მეფის ერთგული მრჩეველი იყო. საქართველოს მართვა-გამგეობაში ეჭირა უმაღლესი თანამდებობა ვიცე კანცლერის წოდებით.
1783 წელს რუსეთთან დადებული „გეორგიევსკის“ ტრაქტატით მეფე ერეკლემ კიდევ უფრო გაიმაგრა ზურგი და მიმზიდველი გახდა მეზობელი საფაშოებისათვის. თვით აღა-მაჰმად ხანიც კი სთხოვს ერეკლეს რუსეთთან შუამდგომლობას. სომხები კი, მას სომხეთის სამეფოს აღდგენას სთხოვენ მისი გვირგვინის ქვეშ. მთელი იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის თვალი მიპყრობილია ერეკლეს წარმატებისაკენ და ”ისე შეჰყურებს ქართლ-კახეთის მეფეს, როგორც მთელ საქართველოს მხსნელ ეროვნულ მხედართმთავარს” (გრიგოლ ვეშაპელი, “საქართველო და რუსეთი”, თბილისი 1918, გვ. 13.).
მართალია ეს დანართი ეძღვნება 1790 წლის “ივერიელთა ტრაქტატს” თუმცა არ შეიძლება გარკვეულ წილად არ შევეხოთ 1783 წლის “გეორგიევსკის ტრაქტატსაც”, რადგან, სამწუხაროდ დღეს ზოგიერთი პიროვნება არასწორ შეფასებას აძლევს ამ ხელშეკრულებას და საქართველოს რუსეთისადმი ვასალურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს, რაც უხეში შეცდომაა და ამის დასადასტურებლად, პირველ რიგში დავეყრდნობით იმავე 1783 წლის დოკუმენტს, რომელიც თვით რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინეს მიერ სახელმძღვანელოთ დაწერილი საბუთი გახლავთ და რომლის სახელწოდებაა: “Высочайше указанные основания для заключения Русско-Грузинского Трактата”. ამ კონკრეტულ საბუთთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილი წერს შემდეგს: “იქ სრულებით გარკვევით ნათქვამია, თუ რა თვისების ხელშეკრულება უნდა დადებულიყო და რაგვარი უფლებრივი დამოკიდებულება უნდა დამყარებულიყო ამ ხელშეკრულებით რუსეთის მთავრობის სურვილისაებრ საქართველოსა და რუსეთს შორის. ამ საბუთში წერია: “Мнение Ее Величества было… заключить с Грузинскими Царями с о ю з н ы й трактат, не именуя их поданными, но союзниками от Империи Всероссийской покровительствуемыми” – მისი უდიდებულესობის აზრი იყო, რომ ქართველ მეფეებთან დადებულიყო მოკავშირეობის ხელშეკრულება ისე, რომ ისინი ქვეშევრდომებად კი არა, არამედ სრულიად რუსეთის სახელმწიფოს მფარველობის ქვეშე მყოფ მოკავშირეებად ყოფილიყვნენ წოდებულნი”. იქვე აგრძელებს ბატონი ივანე: “მეორე მხრით, ისიც ფრიად საყურადღებოა, თუ როგორ უყურებდა ერეკლე მეფე ამ ხელშეკრულებას და რანაირ დამოკიდებულებად სთვლიდა იმ მდგომარეობას, რომელიც ამ ხელშეკრულების დადების შემდეგ შეიქმნა? ერეკლე მეორემ, ვითარცა სრულიად საქართველოს უზენაესმა მეფემ დასავლეთ საქართველოს მეფისა და მთავართა თხოვნით იკისრა მათთვისაც ისეთი დამოკიდებულება მოეპოვა რუსეთთან, როგორიც თვით მას ჰქონდა 1783 წ. ხელშეკრულების ძალით. ამის შესახებ ერეკლე მეფის წერილობითი განცხადებაა შენახული და სწორედ ამ საბუთიდან ნათლად ჩანს მისი აზრი რუსეთ-საქართველოს შორის მყოფ უფლებრივი დამოკიდებულების შესახებ. მას ნათქვამი აქვს: ვკისრულობ “შუამდგომლობითა ჩემითა მოგიპოვოთ მ ფ ა რ ვ ე ლ ო ბ ა და კ ა ვ შ ი რ ი უზენაესი საიმპერატორო მთავრობისა”-ო. ხოლო იქ, სადაც იმერეთის მეფე, სამეგრელოს მთავარი და გურიელი თავის მხრითაც აღთქმას უდებენ რომ, ამ ფარგლებში რასაც ერეკლე მეფე გაარიგებდა, უთუოდ შეიწყნარებდნენ, მათ ნათქვამი აქვთ: “უზენაესი საიმპერატორო მთავრობის მ ფ ა რ ვ ე ლ ო ბ ა და კ ა ვ შ ი რ ი თქვენის უმაღლესობით ჩვენდა სასარგებლოდ მოპოვებული მოვალე ვარ მივიღო”-ო. ამგვარად, სრულებით ცხადია, რომ ერეკლე მეფეც, სოლომონ მეფეც და მთავრებიც ყველანი დარწმუნებული იყვნენ, რომ საქართველოს რუსეთთან ქონდა მხოლოდ “მფარველობა და კავშირი”. მაშასადამე, 1783 წ. ხელშეკრულება თვით ხელშემკვრელ მხარეებს “მფარველობითი მოკავშირეობის” ტრაქტატად მიაჩნდათ და ჩვენც არავითარი უფლება არა გვაქვს გვერდი ავუხვიოთ მათს ცხადად გამოთქმულს ამ ნებისყოფას და იმ ზოგიერთი განსხვავების გამო, რომელიც თანამედროვე მეცნიერებასა და მაშინდელ უფლებრივ შეხედულებათა შორის არსებობს, 1783 წ. ხელშეკრულება სხვა თვისების საბუთად ჩავთვალოთ” (ი.ჯავახიშვილი, “ქართველი ერის ისტორია”, წიგნი მეხუთე, თბილისი, 1953, გვ. 77-79).
ასევე, ძალზედ საინტერესო დასკვნას აქვეყნებს გრიგოლ ვეშაპელი 1917 წლის 16 თებერვალს (ჯერ კიდევ ნიკოლოზ მეორის ზეობის დროს(!)) მოსკოვში გამოცემულ და სახელმწიფო ცენზურა გავლილ თავის წიგნში, სადაც ავტორი საინტერესო შეფასებას აკეთებს როგორც “გეორგიევსკის ტრაქტატთან” მიმართებაში, ასევე 1790 წლის “ივერიელთა” ხელშეკრულებასთან დაკავშირებითაც, რაც ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ მე-20-ე საუკუნის ცარისტული რუსეთი სრულად იზიარებდა გრიგოლ ვეშაპელისეულ შეფასებას ზემოხსენებულ ორივე ტრაქტატთან მიმართებაში: “Принятiе русскаго протектората неразрывно связано съ идеей единства Грузiи. Достаточное доказательство тому представляетъ одинъ изъ самыхъ важныхъ актов независимой Грузiи, – Союзный договоръ, заключенный въ 1790 году въ связи съ русскимъ протекторатомъ между Карталино-Кахетiей, Имеретiей, Мингрелiей и Гурiей, устанавливающiй “отцепопечительную, суверенную власть Ираклiя II, царя Карталино-Кахетiнскаго надъ всей объединенной Грузiей, – Иверiей. Фактъ этотъ необходимо учесть какъ при государственномъ разрешенiи Русской Грузiи, такъ и при международномъ определенiи судебъ занятой кавказской армiей Турецкой Грузiи (Лазистана и Трапезунда), вопросами которой займется мирный конгрессъ. 16 Февраля 1917 года. Москва.” (Г. Вешапели. Единство Грузии и Русский протекторат. Москва, 1917. стр. 3)
“…”ზემო” და “ქვემო” ივერიის შერწყმისათვის პირობები მწიფდებოდა. 50-60-იან წლებში ერეკლეს პოლიტიკური გავლენა დასავლეთ საქართველოზე უცილობელი იყო… ქართლ-კახეთის პროგრესული მოღვაწეები XVIII ს. 60-80-იან წლებში ხედავდნენ, რომ ამ დროს საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებას უკეთესი პერსპექტივები ჰქონდა. მათი აზრით, სწორედ ერეკლე იყო ერთადერთი კანდიდატი, რომელიც “სრულიად საქართველოს” ხელმწიფე უნდა გამხდარიყო. როგორც ჩანს, ასეთი შეხედულების მომწიფებას და ერეკლეს მიერ უკვე მიღწეულ უპირატესობას საკუთრივ საქართველოსა და მთელ ამიერკავკასიაში გამოხატავდა თავისი დროის გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე და მეცნიერი ანტონ კათალიკოსი.
1764 წ. გამოცემული “კურთხევანის” პირველ გვერდზე, როგორც აპოლონ როგავა შენიშნავს, დაბეჭდილია ანტონის აკროსტიხი, რომლის კიდურწერილობასა და ბოლო სტრიქონში იკითხება – “ბეჭდისა ამის (ე.ი. სტამბის) მეორედ განმაახლებელი მეფე სრულიად საქართველოისა ირაკლი”. ასეთივე ტიტულით იხსენიება იგი 1784 წ. გამოცემულ “კურთხევანშიაც” – იქვე დასტამბულ სამების ხატის წარწერაში” (საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი IV, საქართველო XVI საუკუნის დასაწყისიდან XIX საუკუნის 30-იან წლებამდე. თბილისი, 1973, გვ. 721-722).
საქართველოს სამეფოს არსებობის პერიოდში მეზობელი დიდი სახელმწიფოები – ირანი, თურქეთი, რუსეთი, ქართლ-კახეთის მეფეს საქართველოს მეფედ მიიჩნევდნენ. ამას ადასტურებს მრავალი ისტორიული დოკუმენტი (Грамоты и другие исторические документы XVIII столетия относящиеся к Грузии. т.I (1768-1774 гг.). Под редакцией А.А.Цагарели. СПб., 1891; ი.ტაბაღუა. “საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში, ტ.II”. თბილისი 1986).
მეფე ერეკლე II-ის შტოს უპირატესობაზე მიუთითებს ის ისტორიული ფაქტი, როცა იმერეთის საერო და საეკლესიო მაღალი ფენების წარმომადგენლებმა თხოვნით მიმართეს მეფე ერეკლეს, რათა იმერეთიც თავისი გვირგვინის ქვეშ მოექცია. დაუკვირდით, ეს ხდება მაშინ, როცა იმერეთში იმ დროისათვის ცხოვრობს იმერეთის სამეფო შტოს მრავალი წარმომადგენელი, კერძოდ: სოლომონ I-ის უკანონო შვილიშვილი გიორგი, სოლომონ I-ის ძმა ბატონიშვილი ბაგრატი და მისი შვილები კანონიერი დავითი და უკანონო სიმონი, ცოცხალია თვით იმერეთის ყოფილი მეფე დავით II და მისი შვილები, ასევე, იმერეთის მომავალი მეფე სოლომონ II და მისი უკანონო ნახევარძმა არჩილი. ნათლად ჩანს, თუ რაოდენ მრავალრიცხოვანია იმ დროისათვის იმერეთის სამეფო სახლის წარმომადგენელთა რაოდენობა, თუმცა, ერთიანი საქართველოს გვირგვინის ქართლ-კახეთის სამეფო შტოს წარმომადგენელზე დადგმის გადაწყვეტილებას არცერთი მათგანი არ ეწინააღმდეგებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგვეთანხმებით, ასეთ ნაბიჯს, მორალური და ასევე ლეგიტიმური თვალსაზრისით, იმერეთის წარმომადგენლობა რასაკვირველია არ გადადგამდა.
გარკვეული პოლიტიკური მიზეზების, კერძოდ რუსეთ-თურქეთს შორის არსებული ზავის გამო, რომლის თანახმადაც იმერეთი რჩებოდა თურქეთის გავლენის ქვეშ, მეფე ერეკლემ დროებით თავი შეიკავა ზემოთხსენებული პოლიტიკური ნაბიჯისაგან, რადგან ასეთი ნაბიჯი სავარაუდოდ გამოიწვევდა ოსმალეთთან ომს. თუმცა, იმერეთის შემოერთების საკითხის განხორციელებას, როგორც ჩანს მეფე ერეკლე გარკვეული გეგმით მაინც აპირებდა, რასაც გვაფიქრებინებს მის მიერ გატარებული კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯები. კერძოდ, იმერეთის მეფის, სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ უნდა განხორციელებულიყო ერეკლე II-სა და სოლომონ I-ს შორის არსებული შეთანხმება, რაც გულისხმობდა იმერეთის სამეფო ტახტზე ერეკლე მეფის შვილიშვილის – დავით არჩილის ძის ასვლას. როგორც ჩანს, საქართველოს იდეური და პოლიტიკური გაერთიანებისათვის ზრუნვა, ჯერ კიდევ სოლომონ პირველის დროიდან დაიწყო და ამ პროცესში “უდავოდ მნიშვნელოვანი იყო სოლომონ I-ის მიერ ერეკლეს შვილიშვილის, დავით არჩილის ძის აღიარება იმერეთის ტახტის მემკვიდრედ 1783 წ. ნოემბერში” (საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი IV, საქართველო XVI საუკუნის დასაწყისიდან XIX საუკუნის 30-იან წლებამდე. თბილისი, 1973, გვ.722).
დავით არჩილის ძის მცირეწლოვნობის გამო, 1784 წელს, ერეკლე მეფემ თანხმობა მისცა იმერეთის დიდებულებს, რომ დროებით იმერეთის ტახტზე დავით გიორგის ძე ასულიყო მმართველად: „..და დასვეს იმერთა მეფედ დავით გიორგის ძე, მიზეზითა ამით, რომელ მეფესა სოლომანს არა დაშთა შვილი, და ძმისწულნი მისნი იყვნენ მცირე ყრმანი, ამის მიზეზისათვის დასვეს იმერთა ბიძაშვილი მისი დავით არა მეფედ, არამედ ნაიბად, ვიდრე აღზდადმდე არჩილის ძისა დავითისა” (ბაგრატ ბატონიშვილი. ახალი მოთხრობა. საქართველოს ისტორიის ორიგინალური წყაროები; А. ისტორიკოსები. გამოსცა თამარ ლომოურმა. თბილისი, 1941 წ. გვ. 59).
დავით გიორგის ძის ნაიბის (იგივე “რეგენტის”) სტატუსზე ასევე მიუთითებს ფრანგი მეცნიერი მარი ბროსე თავის 1856 წელს გამოცემულ წიგნში, სადაც გენეალოგიურ ტაბულაში დავით II-ის შესახებ წერია: “David II, né 1756; d’abord régent, aprés Solomon Ier, prend le titre de roi” – “დავით II, დაბ. 1756; პირველი რეგენტი სოლომონ I-ის შემდეგ, მიიღო მეფის ტიტული” (იხ. Histoire De La Géorgie, M. Brosset, IIe Partie, Histoire moderne. St. Petersbourg, 1856, p. 644.).
ხუთ წლიანი დროებითი მმართველობის შემდგომ დავით მეორეს ტახტის დათმობა ლეგიტიმური მემკვიდრისათვის აღარ მოუნდა, ამიტომ ის ჩამოგდებულ იქნა დავით არჩილის ძის მიერ თავისი ბაბუის – ერეკლე II-ის დახმარებით, რომელიც 1789 წელს გამეფდა კიდეც სოლომონ II-ის სახელით. ეს ქმედება გარკვეულ წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს იმერეთის, ადრე თუ გვიან დე-ფაქტოდ შემოერთების გზაზე, რასაც თავისთავად იმერეთის მოსახლეობაც მხარს უჭერდა.
1789 წელს, ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ის მიერ იმერეთის სამეფო ტახტზე თავისი შვილიშვილის – სოლომონ II-ის აყვანიდან ექვს თვეში, კერძოდ 1790 წელს, გაფორმდა ოთხ პირად დადებული “ივერიელთა ტრაქტატის” სახელით ცნობილი ხელშეკრულება.
ამ ტრაქტატის მესამე მუხლში მეფე ერეკლე წერს: “ვიყო მწადნელი ბედნიერებისა თქვენისათვის და დაცვად ძეთა იმერეთისათა, ვითარცა მამა საზოგადო მათი” («Грамоты и другие исторические документы, относящиеся до Грузии» Том II, Выпуск I. Грузинские тексты с 1768 по 1801 год. Под редакцией А.А. Цагарели. «172. Союзный договор Грузинских царей и владетельных князей» მუხლი მესამე).
ამ ტრაქტატიდან მკაფიოდ ჩანს მეფე ერეკლეს ტახტის ლეგიტიმური უპირატესობა იმერეთის ტახტისა და ასევე სამეგრელოსა და გურიის სამთავროებთან მიმართებაში. ტრაქტატის პირველ პირს ხელს აწერს მეფე ერეკლე II, დედოფალი დარეჯანი, საქართველოს პატრიარქი ანტონი და ვიცე კანცლერი სოლომონ ლიონიძე. მეორე პირს ხელს აწერს იმერეთის მეფე სოლომონ II, დედოფალი მარიამი, ვიცე კანცლერი სოლომონ ლიონიძე.
სოლომონ მეფე ასე იწყებს თავისი პუნქტების შესავალს: ”უფლისა იესო ქრისტეს მონა მეფე ყოვლისა საიმერეთოსა შვილის-შვილი თქვენი სოლომონ ქრისტიანებრითა აღთქმითა გარწმუნებთ უმაღლესსა მეფესა ქართლისა, კახეთისა და სხვათა მეორესა ირაკლის, უგანათლებულესთა ძეთა თქვენთა, თავადთა, კეთილშობილთა და ერთა ზემოისა ივერიისათა ესრეთ:..” მესამე პირს ხელს აწერს ოდიშის მთავარი გრიგოლ დადიანი, რომელიც ასე იწყებს შესაბამისი პუნქტების შესავალს: ”უფლისა იესო ქრისტეს მონა, მე მთავარი ოდიშისა და სხვათა სამთავროთა დადიან და გრიგოლ, ქრისტიანებრითა აღთქმითა გარწმუნებთ უმაღლესსა მეფესა ქართლისა, კახეთისა და სხვათასა, მეორესა ირაკლის, უგანათლებულესთა ძეთა თქვენთა, თავადთა, კეთილ-შობილთა და ერთა ზემოისა ივერიისათა ესრეთ:..” და მეოთხე პირზე მთავარი გურიისა სიმეონ გურიელი ასე იწყებს: ”მე მთავარი გურიისა სიმეონ, ქრისტიანებრითა აღთქმითა გარწმუნებთ უმაღლესსა მეფესა ქართლისა, კახეთისა და სხვათასა მეორესა ირაკლის, უგანათლებულესთა ძეთა თქვენთა, თავადთა, კეთილ-შობილთა და ერთა ზემოისა ივერიისათა ესრეთ:..” (გრიგოლ ვეშაპელი, “საქართველო და რუსეთი”, თბილისი 1918, გვ. 45-51; «Грамоты и другие исторические документы, относящиеся до Грузии» Том II, Выпуск I. Грузинские тексты с 1768 по 1801 год. Под редакцией А.А. Цагарели. «172. Союзный договор Грузинских царей и владетельных князей, გვ. 185; მ. რეხვიაშვილი. იმერეთი XVIII საუკუნეში. თბილისი, 1982. გვ. 340-341.).
ქართველი ისტორიკოსი გრიგოლ ვეშაპელი, თავის, 1918 წელს გამოცემულ წიგნში “საქართველო და რუსეთი” აღნიშნავს: “1790 წ. რუსეთის პროტექტორატის გამო, ქართლ-კახეთისა, იმერეთისა, სამეგრელოსა და გურიის შორის, რომელიც აღიარებს “მამობრივ მზრუნველობით”, სუვერენულს უფლებას ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორისას სრულიად გაერთიანებულ საქართველოზე – ივერიაზე” (გრიგოლ ვეშაპელი, “საქართველო და რუსეთი”, თბილისი 1918, გვ. 4).
ასევე, ძალზედ მნიშვნელოვანია აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის შეფასება “ივერიელთა ტრაქტატთან” დაკავშირებით: “ამ ხელშეკრულებით საქართველოს განცალკევებული ნაწილების პოლიტიკური ერთობა მყარდებოდა კავშირის სახით. ამ კავშირს ერთი უზენაესი თ ა ვ ი ჰყავდა, რომელიც უაღრესი ხელმწიფეობით იყო მოსილი. საქართველოს სამეფო-სამთავროთა ასეთ თ ა ვ ა დ ქართლ-კახეთის მეფე იყო ცნობილი. იგი კავშირის დანარჩენი ნაწილების წარმომადგენლებს შემდეგს პირობას უდებდა: “ჩვენ, მეფე ქართლისა, კახეთისა და სხვათა ირაკლი მეორე… გარწმუნებთ ყოვლისა საიმერეთოსა მეფესა… სოლომონსა და მთავარსა ოდიშისა და სხვათა სამთავროთა დადიანს გრიგოლს და მთავარსა გურიისასა სვიმონს და ერთობით თავადთა, აზნაურთა და ერთა” დასავლეთ საქართველოისათა, რომ “ვიყო მწადნელი ბედნიერებისა თქვენისათვის და დაცვად ძეთა იმერეთისათა (ე.ი. ლიხთ-იმერ.) ვითარცა მამა საზოგადო მათი” და “უკეთუ აღდგეს მტერი ვინმე თქვენზედა, დიდი ანუ მცირე, მხედრობითა ჩემითა ანუ სხვითა ძალითა, სიტყვითა და საქმითა… მზა ვიყო შემწედ თქვენდა”. მაშასადამე, კავშირის თავი მოვალე იყო მთელი საქართველოს დაცვასა და კეთილდღეობაზე ეზრუნა და მთელი თავისი სამხედრო, თუ დიპლომატიური, ან სხვაგვარი ძალა შეეწირა ამ მიზნის მიღწევისათვის. თავის მხრით დასავლეთ საქართველოს ყველა მეფე-მთავრები ამ კავშირის თ ა ვ ი ს, ქართლ-კახეთის მეფის, უზენაეს უფლებასა და ხელმწიფეობას აღიარებდნენ. ეს გარემოება კავშირის ყველა წევრებს – იმერეთის მეფე სოლომონ II-სა, სამეგრელოს მთავარს გრიგოლს და სვიმონ გურიის მთავარს სათითოოდ საკუთრივ აღნიშნული აქვთ: “თქვენი უმაღლესობის უზენაეს ხელმწიფებას მამებრ-საგონებლობითს აღვიარებ“-ო (ი.ჯავახიშვილი, “ქართველი ერის ისტორია”, წიგნი მეხუთე, თბილისი, 1953, გვ. 82).
ივერიელთა ტრაქტატის მნიშვნელობას და ერეკლე მეფის სუვერენულ უფლებას სრულიად საქართველოზე, ხაზს უსვამს თავის წიგნში ისტორიკოსი ალექსანდრე ბენდიანიშვილიც, ეს წიგნი გამოცემულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მიერ, სადაც ავტორი წერს: “ხელშეკრულება ცხადყოფს, რომ ქართველ მეფეთა კავშირის ინიციატივა მოდიოდა ერეკლე მეორისა და მისი ვიცე-კანცლერ სოლომონისაგან. აღიარებული იყო ქართლ-კახეთის მეფის ჰეგემონობა” (ალექსანდრე ბენდიანიშვილი. ქართული ეროვნული სახელმწიფოს განვითარების ეტაპები, თბილისი, 2006, გვ. 143).
ასევე, გერონტი ქიქოძეც ამახვილებს ყურადღებას ქართლ-კახეთის მეფის სუზერენულ უპირატესობაზე, რაც დაფიქსირდა ამ ისტორიული ხელშეკრულების შედეგად: “…в этом союзе картл-кахетинскому царю предоставлялось своеобразное преимущество, как верховному покровителю и посреднику перед провительством России” (Геронти Кикодзе. Ираклий Второй. Монография. Издательство “Заря Востока”, Тбилиси, 1943, стр. 69).
ივერიელთა ტრაქტატზე და ერეკლე მეფის უპირატეს სტატუსზე ასევე მიუთითებს ცნობილი ბრიტანელი მკვლევარი დევიდ მარშალ ლენგი: “1790 წ. თბილისში სამოკავშირეო ხელშეკრულება დაიდო ერეკლეს, დავით არჩილის ძის, სამეგრელოსა და გურიის მთავრებს შორის, რომელშიც ერეკლე ქართველ მეფე-მთავრებს შორის უფროსად და დუაიენად გამოცხადდა“ (დევიდ ლენგი. საქართველოს სამეფოს უკანასკნელი წლები. თბილისი, 2003, გვ. 227).
გენერალ-ლეიტენანტი, ისტორიკოსი ნ.დუბროვინი თავის 1867 წელს გამოცემულ წიგნში ეხება ივერიელთა ტრაქტატს და აღნიშნავს, რომ “- В 1790 году, в Тифлисе, был заключен союзный трактат межде царем Грузии и Имеретии и владетелями Мингрелии и Гурии. По трактату этому грузинский царь обещал: …Принять верховное попечение над царем имеретинским и владетелями мингрельским и гурийским. Заботиться о них, как прилично попечительному отцу о своих детях… С своей стороны, опекаемые обещались: Признать над собою “отцепопечительную” верховную власть Ираклия. …Заботиться о спокойствии Грузинского царства и, мере сил своих, быть его защитниками; заботиться о благоденствии царя Грузии и его семейства…“ (Н.Дубровин. Георгий XII, последний царь Грузии и присоединение ея к России. Спб., 1867. стр. 16-17).
როგორც გრიგოლ ვეშაპელი კვლავ აღნიშნავს: “…1790 წლის ოთხად დაწერილნი პირობანი, ხელმოწერილნი და ბეჭედ დასმულნი მეფეთა და მთავართა, მღვდელმთავართა და მოხელეთა მიერ, გამოაცხადეს ყოველგან… ასლი რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე მეორეს წარუდგინეს საცნობლად, როგორც ამას მოითხოვს საერთაშორისო აქტების წარმოება… რუსეთს პროტესტი არ განუცხადებია და ამითვე დაადასტურა 1790 წლის აქტი…” (გრიგოლ ვეშაპელი, “საქართველო და რუსეთი”, თბილისი 1918, გვ.17).
ამ ისტორიული დოკუმენტის შემდგომ მეფე ერეკლეს სიგელებში ჩნდება შემდეგი ტიტული: ”მეფე სრულიად საქართველოჲსა”, ასევე “მეფე ყოვლისა საქართველოისა და სხვათა” ან “მეფე სრულიად ორისავე საქართველოისა” (იხ. ფ. 1448, საბ. №2616; ფ. 1448, საბ. №845), რაც შემდგომ მემკვიდრეობით გიორგი XII-ზე გადავიდა.
ერეკლე მეფის ვაჟი, შემდგომში საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი XII, ჯერ კიდევ უფლისწულობისას, კერძოდ 1788 წელს, ამტკიცებს მამის ერთერთ განაჩენს, რომელზეც ასე აწერს ხელს: “ქ. ჩვენ საქართველოს უფლისწული მეფის ძე გიორგი…” (ფ. 1448, საბ. № 674).
იმპერატორ პავლე I-ისადმი მიწერილ წერილში მეფე გიორგი XII იწოდება, როგორც “Царь всея Грузии” (იხ. А.Цагарели. Грамоты и другие исторические документы XVIII столетия относящиеся к Грузии. т.II, Спб., 1891, стр.187).
სომხური ეკლესიის მხრიდან მეფე გიორგის ტიტულის ოფიციალური მოხსენიება: „…წმინდისა ამის ეჩმიაწინისა მსახურთა, სამღვდელოთა მოწესეთა, კრებულთა ძმათა, ესე იგი ეპისკოპოსთა, მოძღვართა და მოწესეთაგან დიდისა წადილითა ქრისტეს მიერ ლოცვა და კურთხევა უხვი მოწყალება და დამცველობითი მადლი, და წმინდათა ამათ ნაწილთა შეწევნა მოგხსენდესთ, ყოვლად უპატიოსნესო, უმაღლესო მეფეო ყოვლისა საქართველოსაო გიორგი! იყავნ კურთხევა წმინდისა ამის საყდრისა ძეთა, ასულთა და ყოველთა სახლეულთა თქვენთა ზედა“ (პლატონ იოსელიანი. ცხოვრება გიორგი მეცამეტისა, „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1978, გვ. 125)
ასევე, 1800 წლის 14 მარტის სიგელზე, რომელსაც მეფე გიორგი უგზავნის სომხეთის არქიეპისკოპოს იოსებ მხარგრძელს, მეფე შემდეგნაირად აწერს ხელს: “მეფე ყოვლისა საქართველოისა და სხვათა გიორგი” (А.Цагарели. Грамоты и другие исторические документы XVIII столетия относящиеся к Грузии. т.II, Выпуск I. Спб., 1898, стр.169)
მეფე გიორგის მეუღლე დედოფალი მარიამიც თავის დიპლომატიურ მიმოწერისას შემდეგნაირად აწერს ხელს: “უმდაბლესი მხევალი, სრულიად საქართველოს დედოფალი მარიამ”.
ასევე, თავისი მამა-ბაბუის დარად, 1801 წლის 18 იანვრით დათარიღებულ წერილში, რომელიც ქართველი ელჩების მიერ იქნა წაღებული რუსეთში, საქართველოს მმართველი დავით ბატონიშვილი თავის თავს შემდეგნაირად მოიხსენიებს: “…законный предков наших Царей и родителя нашего Царя, Царского Грузинского Наследник и в сем звании утвержденный, старший Его Высочества всея Грузии, Картлии, Кахетии и прочих Царя Георгия Ираклиевича сын, Царевич Давид”. (იხ. А.Цагарели. Грамоты и другие исторические документы XVIII столетия относящиеся к Грузии. т.III, Спб., 1891, стр.220).
საქართველოს მმართველის, დავით ბატონიშვილის წყალობის წიგნი გაცემული 1801 წლის 18 თებერვალს:
დღეს, ამ ერთიანი საქართველოს ტიტულის სამართალმემკვიდრეა ერეკლე II-სა და გიორგი XII-ის ერთადერთი პირდაპირი მემკვიდრე, ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი და არა სხვა რომელიმე შტოს ბაგრატიონები.