საქართველოს სამეფო სახლის მეთაური

The Crown of Georgia

 

HRH Nugzar 07 patara .1453 წელს ბიზანტიის იმპერიის გაუქმების შემდეგ, საქართველოს სამეფო აღმოჩნდა რთულ ვითარებაში. გაერთიანებული საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი VIII (1446 – 1466), რომელიც თავის თავში აერთიანებდა, როგორც აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოს (მამის მხრიდან მეფე დავით ულუს სამეფო ხაზს), ისე დასავლეთ საქართველოს სამეფოს (დედის მხრიდან მეფე დავით ნარინის სამეფო ხაზს), რაც პრაქტიკულად ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ერთიანი საქართველოს სამეფო შტოს ლეგიტიმაციის გამყარებისათვის.

გიორგი VIII-ის მეფობის ხანაში ოსმალეთმა ყოველ ღონეს მიმართა, რათა ჩაეშალა საქართველოსა და ევროპას შორის არსებული კოალიცია, რამაც, საბოლოო ჯამში გამოიწვია საქართველოს სამ სამეფოდ და სამთავროებად დაშლა.

1466 წელს, ერთიანი საქართველოს 20 წლიანი მმართველობის თავზე, მეფე გიორგი VIII იძულებული შეიქმნა კახეთში გამაგრებულიყო, სადაც მან კახეთის დამოუკიდებელ სამეფოს ჩაუყარა საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ მეფე გიორგი არ წყვეტს ერთიანი საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლას, იმ ეტაპზე რეგიონში გაბატონებული პოლიტიკური ვითარება, მას ამ მიზნის მიღწევის საშუალებას არ აძლევს.

მომდევნო საუკუნეებში, მეფე გიორგი VIII-ის უშუალო შთამომავლები კახეთის სამეფო შტოდან, აგრძელებენ ბრძოლას ქვეყნის გაერთიანებისათვის, ზოგიერთი მათგანი წარმატებასაც აღწევს, მაგალითად როგორიც იყო მეფე თეიმურაზ I (1605-1648).

1625 წელს თეიმურაზ მეფე აერთიანებს ქართლისა და კახეთის სამეფოებს და ხდება გაერთიანებული ქართლ-კახეთის სამეფოს მირონცხებული მეფე. სამწუხაროდ, 1648 წელს, ირანმა საქართველოში შემოჭრით, გააუქმა ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გაერთიანება. შემდგომ თეიმურაზ მეფის შვილიშვილი ერეკლე I, რომელიც 1688 – 1703 წლებში ქართლის ტახტზე ადის და ასევე ცდილობს ამ ორი სამეფოს გაერთიანებას, მასაც ირანი უშლის ხელს. ასევე, მეფე ალექსანდრე III, რომელიც მეფობდა ქართლში 1735 დან 1737 წლებში და ბოლოს, მეფე თეიმურაზ II, რომელიც 1744 წელს ადის ქართლის ტახტზე, თანაც სვეტიცხოველში მეფედ კურთხევის სრული წესის დაცვით, რომლის შვილი ერეკლე II, უკვე 1762 წელს საბოლოოდ აერთიანებს ქართლ-კახეთის სამეფოს.

1790 წელს დაიდო ე.წ. “ივერიელთა ტრაქტატი“, რომლის თანახმადაც მეფე ერეკლე II აღიარებულ იქნა სრულიად საქართველოს “უმაღლეს” – სუვერენულ მეფედ. ამ, ოთხპირად შედგენილ ისტორიულ ხელშეკრულებას ხელს აწერს ერეკლე II, დედოფალი დარეჯანი, საქართველოს პატრიარქი ანტონ II, ვიცეკანცლერი სოლომონ ლიონიძე, იმერეთის მეფე სოლომონ II, დედოფალი მარიამი, ასევე გრიგოლ დადიანი (სამეგრელოს მთავარი) და სიმონ გურიელი (გურიის მთავარი). ამ ტრაქტატის შემდგომ მეფე ერეკლე II-ის ტიტული ხდება – ”მეფე სრულიად საქართველოისა და სხვათა”, “მეფე ორისავე საქართველოისა და სხვათა”, რაც შემდგომში მემკვიდრეობით გადავიდა მის ვაჟზე, გიორგი XII-ზე, რომელიც იყო საქართველოს უკანასკნელი მეფე.

1801 წელს რუსეთის იმპერატორმა უხეშად დაარღვია საქართველოსა და რუსეთს შორის 1783 წელს დადებული ”გიორგიევსკის ტრაქტატი” და საქართველოს სამეფო უკანონოდ გააუქმა. თუმცა, ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის შთამომავლებს სამეფო ღირსება არ გაუუქმა.

1801 წლიდან დაწყებული, რუსეთის იმპერიამ საქართველოდან რუსეთში ძალით გადაასახლა მხოლოდ სამეფო ოჯახის წარმომადგენლები (ბატონიშვილ ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკის უშუალო წინაპრები). არცერთ სხვა, გვერდითი შტოს ბაგრატიონებს ეს რისხვა არ შეხებიათ, რადგან ისინი, სამეფო ტახტის აღდგენის თვალსაზრისით რუსეთისათვის საშიშროებას არ წარმოადგენდნენ. ასეთ თავადურ განშტოებებს მიეკუთვნებოდნენ ბაგრატიონ-მუხრანელები, ბაგრატიონ-დავითიშვილები, ბაგრატიონ-ბაბადიშები.

დღეს, სწორედ, მეფე ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის პირდაპირი მემკვიდრეა ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი, რომელიც მეთაურობს საქართველოს სამეფო სახლს და არის ერთიანი საქართველოს სამეფო ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრე.