საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის 2010 წლის განცხადების
დანართი №5
მეფე გიორგი VIII,
როგორც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ბაგრატიონთა სამეფო დინასტიების სამართალმემკვიდრე
მეფე თამარს (1184-1213) მეორე ქორწინებიდან, შეეძინა ორი შვილი უფროსი გიორგი-ლაშა და ქალიშვილი რუსუდანი, შემდგომში როგორც საქართველოს მეფეები – გიორგი IV და რუსუდან I, რომლებმაც თავისი შთამომავლების სახით ფაქტობრივად შემდგომი ორი საუკუნის განმავლობაში საფუძველი დაუდეს ორ სამეფო შტოს – დავით VI ნარინის (დასავლეთ საქართველოს) და დავით VII ულუს (აღმოსავლეთ საქართველოს) სამეფო შტოებს, რომელთა ლეგიტიმურობის საკითხი ტახტთან მიმართებაში გარკვეულ აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა.
მეფე ლაშა-გიორგის ანდერძით, მის შემდეგ უნდა ემეფა რუსუდანს, ხოლო რუსუდანს კი უნდა აღეზარდა ლაშა-გიორგის უკანონო შვილი დავითი, რომელიც სრულწლოვანების ასაკში უნდა აეყვანა ტახტზე. რუსუდანმა ნაწილობრივ შეასრულა მეფე-ძმის ანდერძი, იმეფა, მაგრამ თავის მეფობის დროს თანამოსაყდრედ გამოაცხადა არა ძმისშვილი, არამედ თავისი შვილი დავითი, რომელიც 1245-1247 წლებში იყო ერთიანი საქართველოს მეფე.
დავით ლაშას ძის და დავით რუსუდანის ძის მომხრეებს შორის მოხდა დაპირისპირება. რუსუდანის ძის დასი ამტკიცებდა, რომ ქართული ტრადიციული (“ზედსიძეობის”) წესის თანახმად მეფობა კანონიერად ეკუთვნოდა მეფე დავით ნარინს და არა უკანონოდ შობილ დავით გიორგის ძეს. ლაშა გიორგის ძის დასი კი, ამტკიცებდა, რომ მეფე ლაშა-გიორგის არდერძი არ იქნა აღსრულებული.
იმის გამო, რომ დავით ნარინის დასის პოზიციები ქართულ დინასტიურ სამართალს ემყარებოდა, დავით ულუს მხარემ მოითხოვა დავის მონღოლური წესით გადაწყვეტა, რადგან იმ დროს საქართველო პოლიტიკურად მონღოლთა გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. საქმე საბოლოოდ გაირჩა მონღოლთა ურდოში ნოინთან. მონღოლური წესით კი, კანონიერი და უკანონო შვილები არ განირჩეოდა. შესაბამისად მონღოლებმა შემდეგი გადაწყვეტილება მიიღეს, ემეფა ერთდროულად ორივეს, ხოლო მათ შორის უპირატესი ყოფილიყო ასაკით უფროსი. ასე ეწოდა ლაშა-გიორგის ძეს – დავით ულუ (უფროსი), ხოლო დავით რუსუდანის ძეს კი – დავით ნარინი (უმცროსი), რომლებიც ერთად მეფობდნენ საქართველოში 1247-1259 წლებში.
1259 წლის შემდგომ საქართველო უკვე ორად გაიყო, აღმოსავლეთ საქართველოში გამეფდა დავით VII ულუ, ხოლო დასავლეთში დავით VI ნარინი.
მიუხედავად იმისა, რომ შემდგომ საუკუნეებში დავით ულუს უფროსი შტო აგრძელებს ერთიანი საქართველოს მეფობას, მაინც არსებობდა ისტორიული აზრი, რომ დავით ნარინის შტოს ბევრად უფრო ლეგიტიმური უფლებები გააჩნდათ ქართული დინასტიური წესის თანახმად, ვიდრე უკანონოდ შობილ დავით ულუს მეფე-შთამომავლებს.
დასავლეთ საქართველოს პროვინციის მეფე ალექსანდრე (I)-ის (1372-1389) შემდგომ, ამავე პროვინციის მეფედ ადის მისი უმცროსი ძმა გიორგი (I) (1389-1392), რომელიც უშვილოდ გარდაიცვალა. შემდგომ, ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი VII (1393-1407) აუქმებს დას. საქართველოს პროვინციის ტახტს, თუმცა 1396 წელს ალექსანდრე (I)-ის შემდგომი უმცროსი ძმა კონსტანტინე (II) (1396-1402) ისევ აღადგენს დას. საქართველოს პროვინციის ტახტს, თუმცა, ისიც უშვილოდ გარდაიცვლება და ერთიანი საქართველო ისევ გიორგი VII-ის გვირგვინის ქვეშ მოექცევა.
შემდგომ, როდესაც ერთიანი საქართველოს მეფე ალექსანდრე I დიდმა, მეორე ქორწინების დროს ცოლად მოიყვანა დავით ნარინის პირდაპირი შთამომავალი, კერძოდ, დასავლეთ საქართველოს პროვინციის მეფის ალექსანდრე (I)-ის ქალიშვილი – თამარი, ამით შეიძლება ითქვას, რომ დასრულდა დავით ნარინის დამოუკიდებელი სამეფო დინასტია და იგი შეერწყა დავით ულუს სამეფო დინასტიას (იხ.დანართი №14-ის დოკუმენტი №3). ამ ქორწინებიდან სამეფო წყვილს შეეძინათ ვაჟი გიორგი, შემდგომში (ქვეყნის დაშლის წინ მყოფი) ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი VIII (1446-1466).
ასე გაერთიანდა გიორგი VIII-ში ბაგრატიონთა აღმოსავლეთისა და დასავლეთის სამეფო დინასტიები.
2010 წლის განცხადებაში დაბრუნება