მიმართვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრეობითობასთან დაკავშირებული საკითხის გარკვევისათვის

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,  უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,
თქვენი მოთხოვნის თანახმად, ორივე ოჯახის წარმომადგენლები შეუდგნენ დაგვიანებულ საქორწინო ხელშეკრულებაზე მუშაობას, რომლის შეხვედრის ოქმები გეგზავნებოდათ თქვენ. სამწუხაროდ, თავადიშვილმა დავითმა ისე დატოვა საქართველო, რომ საბოლოოდ ხელშეკრულებას ხელი ვერ მოეწერა.
ღვთის წყალობით აღსრულდა თქვენი, როგორც ქართველი ერის სულიერი წინამძღოლისა და საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, ბატონიშვილი ნუგზარის სურვილი, 2011 წლის 27 სექტემბერს ბატონიშვილ ანას მეორე ქორწინებიდან შეეძინა ვაჟი, მაგრამ იმის გამო, რომ ზემოთ ხსენებული ქორწინება დღემდე არ მოექცა ქართული დინასტიური სამართლის ჩარჩოებში და არ იქნა გათვალისწინებული ისტორიული ჭეშმარიტება, ამიტომ, საერთაშორისო და ქართული დინასტიური სამართლით, დაბადებული ვაჟი ჯერჯერობით რჩება ბაგრატიონ-მუხრანელთა თავადური ხაზის გამგრძელებლად და არა ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო ხაზისა (იხ. გენეალოგიური ტაბულა).
სამწუხაროდ, ზემოთ აღნიშნული ფაქტი არ აძლევს საშუალებას საქართველოს სამეფო სახლის მეთაურს, ბატონიშვილ ნუგზარს, მისი სურვილის მიუხედავად, დღესვე გამოაცხადოს მისი შვილიშვილი საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრედ. ყოველივე ამან კი, შეიძლება მომავალში გამოიწვიოს ახალი პრეტენდენტების გაჩენა და ქაოსი სამეფო ტახტთან მიმართებაში.
ქართული დინასტიური წესის დაცვის შემთხვევაში კი, ახალშობილი გიორგი გაუსწრებს უფროს დებს ტახტის მემკვიდრეობის რიგში, რადგან საქართველო ჯერ კიდევ ევროკავშირის წევრი არ არის და შესაბამისად ჯერ სავალდებულო არ არის ევროკავშირის რეკომენდაციების გათვალისწინება, რომლის თანახმადაც ევროპის სამეფო სახლებში ტახტის მემკვიდრედ ცხადდება უფროსი შვილი, ქალი იქნება თუ კაცი.
მანამადე კი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლებელია აღსრულდეს თქვენი და სამეფო სახლის მეთაურის შეთანხმება, ბატონიშვილ ანასა და თავადი დავითის ქორწინებიდან შობილი ვაჟი გიორგი გამოცხადდეს საქართველოს სამეფო ტახტის მომავალ მემკვიდრედ, რისთვისაც გთხოვთ მოიწვიოთ წმინდა სინოდი, რომელიც განიხილავს ჩვენს წინამდებარე მომართვას და სინოდალური განჩინებით დაადგენს:
2009 წლის 8 თებერვალს მისი სამეფო უმაღლესობის, ბატონიშვილ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და მისი ბრწყინვალების, თავადიშვილ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის შემდგარი ქორწინება აღიარებულ იქნას “ზედსიძეობის” ქართული სამართლის წესით. თავადი დავითი გახდება მეუღლე-კონსორტი, როგორც მომავალი ტახტის მემკვიდრის მამა და ოჯახის უფროსი და არა სამეფო სახლის, ან დინასტიის მეთაური, რაც დინასტიური კანონმდებლობით ბატონიშვილი ნუგზარის ექსკლუზიური უფლებაა და ეს უფლება შემდგომ ბატონიშვილ ანას მეშვეობით მის მომავალ ძეზე მემკვიდრეობით გადავა.
ამ ქორწინებიდან 2011 წლის 27 სექტემბერს შობილი ვაჟი – გიორგი, დედის – ბატონიშვილი ანას ხაზით მიიღებს სამეფო ღირსებას, როგორც ბაგრატიონ-გრუზინსკების ისტორიული სამეფო ხაზის გამგრძელებელი და გამოცხადდება საქართველოს ტახტის მომავალ მემკვიდრედ.
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,
მიგვაჩნია, რომ დღეს სინოდალური განჩინებით შესაძლებელია ბატონიშვილი ანას მეორე ქორწინებისა და შესაბამისად, საქართველოს სამეფო ტახტის მომავალი მემკვიდრის ლეგიტიმაციის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა, რაც ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტს საქართველოს სამეფო ტახტის მომავალი მემკვიდრის საკითხს.
ჩვენი მიზანი არ გახლავთ მონარქიის შემოღება-არშემოღების საკითხის დაყენება, ჩვენი მიზანია ისტორიული სამართლიანობიდან გამომდინარე, როგორც ჩვენი ერის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილის – ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო ხაზის უწყვეტობის შენარჩუნება, სახელმწიფოსა და ეკლესიის მხრიდან მისი აღიარება და დაცვა.
უმორჩილესად გთხოვთ მიგვიღოთ ქვემორე ხელის მომწერნი, რათა ერთობლივად აღვუდგეთ უმეცრებას, სიყალბეს და როგორც თქვენ ხშირად ბრძანებთ, დავდგეთ სიმართლის მხარეს და აღვასრულოთ კანონიერება, რაც სათნო იქნება უფლისათვის.
ვიმედოვნებთ, რომ ეს საკითხი გადაწყდება პატარა გიორგის ნათლობამდე და იგი მის სულიერ შობას მიიღებს, როგორც უკვე ტახტის მომავალი მემკვიდრე.
უფალი გვფარავდეს !

2012 წლის 11 თებერვალი

ს.მ.ა. აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე
ს.მ.ა. აკადემიკოსი დავით მუსხელიშვილი
ს.მ.ა. აკადემიკოსი როინ მეტრეველი
მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე)
ი.მ. დოქტორი დავით ნინიძე
ი.მ. დოქტორი გიორგი ოთხმეზური
“კავკასიის ფონდის” პრეზიდენტი გივი ღამბაშიძე

გამოხმაურება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.