სამეფო ოჯახის სარაინდო ორდენები
†
საქართველოს სამეფოს არსებობის პერიოდში სარაინდო ორდენით დაჯილდოვების ტრადიცია საქართველოში არ არსებობდა. ქვეყნის წინაშე დამსახურებისა და ერთგულებისათვის ქართველი გვირგვინოსნები, ევროპელებისგან განსხვავებით, თავიანთ ქვეშევრდომებს აჯილდოვებდნენ ხმლით, მამულით, ციხესიმაგრით ა.შ. თუმცა, საქართველოს სამეფოს არსებობის ბოლო წლებში, სარაინდო ორდენის დაარსების პირველი პროექტი მაინც იქნა შემუშავებული, კერძოდ, 1799 წლის 10 მაისს, ჯერ კიდევ ქართული სახელმწიფოს არსებობის დროს, საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის შვილმა, ბატონიშვილმა იოანემ, თავის გვირგვინოსან მამას წარუდგინა სარაინდო ორდენთა დაარსების გეგმა/პროექტი. აღნიშნულ პროექტში შემუშავებული იყო ოთხი სახის ორდენი და მანამდე არსებული ტრადიციული ჯილდო – მოჭედილი ხმალი. მეფე გიორგიმ მოიწონა ეს გეგმა, თუმცა სამწუხაროდ იგი ვერ განხორციელდა, რადგან დასნეულებული მეფე გიორგი წელიწადნახევარში გარდაიცვალა, ხოლო 1801 წელს ქართული სახელმწიფო რუსეთის იმპერიის მიერ ვერაგულად იქნა გაუქმებული.
ამ ისტორიული მოვლენიდან ორ საუკუნოვანი წყვეტის შემდეგ, 2009 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრემ, ბატონიშვილმა ნუგზარმა, გამოსცა სპეციალური დეკრეტი, რაც გულისხმობდა მისი უშუალო წინაპრების მიერ თავის დროზე განუხორციელებელი პროექტის აღდგენას. ღვთის შეწევნით, 2009 წლის დეკრეტის თანახმად, დაარსდა საქართველოს სამეფო სახლის შემდეგი სარაინდო ორდენები: “საქართველოს სამეფოს გვირგვინის სამეფო ორდენი”, “მეფე ერეკლე მეორის სამეფო ორდენი”, “დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სამეფო ორდენი” და “წმინდა დავით მეფსალმუნის სამეფო ორდენი”.
♦ წმინდა დავით მეფსალმუნის სამეფო ორდენი

‘წმინდა დავით მეფსალმუნის სამეფო ორდენი’ განკუთვნილია მსოფლიოს სხვა ლეგიტიმური და ავთენტური სამეფო სახლების მეთაურებისთვის. ეს პატივი ასევე შეიძლება მიენიჭოთ ეკლესიის იერარქებს და სხვა სუვერენული ქვეყნების მეთაურებს. აღნიშნული ორდენი შეიძლება მიენიჭოთ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც. სამეფო ოჯახის ორდენთა იერარქიაში ‘წმინდა დავით მეფსალმუნის სამეფო ორდენი’ პატივით უმაღლესი ორდენია და ყველა დანარჩენ ორდენზე მაღლა დგას.
♦ დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სამეფო ორდენი

გადაეცემათ იმ პირებს, რომლებსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვთ საქართველოს სამეფო სახლის წინაშე და/ან წვლილი შეიტანეს ქართველი ხალხის ან მართლმადიდებლური ეკლესიის კეთილდღეობის საქმეში. ის განსაზღვრულია როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის.
♦ მეფე ერეკლე მეორის სამეფო ორდენი
‘მეფე ერეკლე II-ის სამეფო ორდენი’ გაიცემა ექსკლუზიურად საქართველოს მოქალაქეებზე მხოლოდ და წარმოადგენს ჯილდოს იმ პირთათვის, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ქვეყნის განვითარებასა და კეთილდღეობაში. აღნიშნული ორდენის წევრები შეიძლება გახდნენ მთავრობის, ეკლესიის, სახელოვნებო, სპორტის, სამეცნიერო და სხვა სფეროების წარმომადგენლები.
♦ საქართველოს სამეფოს გვირგვინის სამეფო ორდენი

‘საქართველოს სამეფოს გვირგვინის სამეფო ორდენი’ არის ჯილდო, რომელიც ენიჭება პირებს, რომლებიც ემსახურნენ საქართველოს სამეფო სახლს და/ან წვლილი შეიტანეს ქართველი ხალხის კეთილდღეობის საქმეში. ორდენი შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

