სოფ. ღვანკითში მცხოვრები ბაგრატიონთა ოჯახის სტატუსის შესახებ
(სამეცნიერო ნაშრომი)
XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, სოლომონ I-ის უმცროსი ძმის – ბაგრატ ბატონიშვილის (1740-1800) უკანონოდ გაჩენილი შვილისგან – სიმონისგან (1771-?) წარმოიშვა ახალი გვერდითი განშტოება, რომელიც დღემდე გრძელდება იმერეთში, კერძოდ სოფელ ღვანკითში მცხოვრები ოჯახის სახით. ამ ოჯახის საგვარეულო სტატუსი გაურკვეველი იყო წლების განმავლობაში. მკვლევართა ერთი ნაწილი მათ აზნაურულ სტატუსში მოიხსენებდა, ხოლო მეორე თავადურში. არსებული გაურკვევლობა გამოწვეული იყო იმით, რომ ამ ოჯახის საკითხი ბოლომდე სიღრმისეულად შესწავლილი არ იყო.
მიუხედავად გაურკვევლობისა, 2006 წლის ბაგრატოვანთა მემორანდუმში, საზოგადოება “ბაგრატოვანთა სახლის” იმდროინდელი წინამძღოლის, ბატონიშვილი ნინო ბაგრატიონისა და საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრის, ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკის კეთილი ნებითა და ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეს კონკრეტული ოჯახი არა აზნაურული, არამედ თავადური სტატუსით იქნა ჩაწერილი, მიუხედავად იმისა, რომ მათი ეს გადაწყვეტილება ძირითადათ ეფუძნებოდა მხოლოდ ორ დოკუმენტურ წყაროს:
1) მთავარი შტაბის მორიგი გენერლის, პოტაპოვის 1831 წლის პატაკი, სადაც ნახსენებ გენერალს მოყავს სოლომონ II-ის მეუღლის, მარიამ დედოფლის თხოვნითი წერილი, რომელშიც დედოფალი მარიამი სიმონ როსტომის ძის ბაბუას (სიმონ ბაგრატის ძეს) უკანონოდ შობილად და თავადურ სტატუსში მოიხსენიებს, (რაც სავსებით სწორი ფორმულირებაა, რადგან დინასტიური სამართლის თანახმად ბატონიშვილის უკანონო შვილი თავადის წოდებამდე ქვეითდებოდა), და რომ ამ საგვარეულოს წარმომადგენლები იმერთა მეფეების დროს (იგულისხმება სოლომონ I და სოლომონ II) თავადის წოდებით სარგებლობდნენო, თუმცა გაუგებარია წერილის ბოლოს მარიამ დედოფალი, რაღაზე ითხოვს ამ საგვარეულოს ჩამომავლისათვის არა თავადური წოდების (Княжеское звание), არამედ აზნაურული წოდების (Дворянское звание) მინიჭებას?… გავეცნოთ ამ დოკუმენტს: “…дед означенного унтер-офицера Семена Багратиона по имени Семен же был побочный сын Царевича Баграта, который был родной брат покойного Имеретинского Царя Соломона I-го, отец же его Ростом Багратион, а рано и унтер-офицер Семен Багратион рождены от законных браков и что фамилия их получила от Имеретинских Царей небольшой удел-имение и крестьян, коими они и по ныне владеют и при них пользовались также Княжеским достоинством, просит во уважение того, что помянутый унтер-офицер Багратион удален из Отечества малолетним единственно за поведение отца своего, который за учиненный им в 1820 году к мятежникам побег, определен был в военную службу рядовым каковым находился в Сумском Гусарском полку и по Высочайшему повелению в 1829 году уволен от службы, доставить ему Семену Багратиону Дворянское звание“.1
2) საქართველოს მთავარმართებლის ფონდში დაცული საბუთი, სადაც ბაგრატ ბატონიშვილის უკანონო შვილი სიმონი თავადის წოდებით მოიხსენიება.2 (რაც, კვლავ გავმეორდებით, რომ სავსებით სწორი ფორმულირებაა, რადგან ბატონიშვილის უკანონოდ შობილი შვილი უკვე თავადის წოდების მატარებელი ხდებოდა).
მიუხედავად ბატონიშვილების მხრიდან გამოხატული კეთილი ნებისა, რაც უკვე ზემოთ ვახსენეთ, ვფიქრობთ, ჩვენი პროფესიული პასუხისმგებლობა გვავალდებულებს მკითხველს წარვუდგინოთ სიღრმისეული მეცნიერული კვლევა, რაც სულ ახლახან, თავად ამ კონკრეტული ოჯახის (ღვანკითელი ბაგრატიონების) მოთხოვნის საფუძველზე ჩატარდა.3
ერთია, ჩვენი პირადი განწყობა და სურვილი, ხოლო მეორე, ისტორიული ჭეშმარიტება და ლეგიტიმიზმის პრინციპების მყარი დაცვა, ამიტომ მკვლევარი ვალდებულია ეს ყოველივე გამოიკვლიოს.
ქართული დინასტიური წესებიდან გამომდინარე, ბაგრატიონთა საგვარეულოში უკანონოდ შობილ შვილთა სტატუსი კანონიერებთან მიმართებაში დამცრობილი იყო და ამას ამტკიცებს რიგი ისტორიული ფაქტი, რომელიც სიღრმისეულად არის განხილული 2016 წელს გამოცემულ წიგნში – “ბაგრატიონები. სამეფო ტახტის მემკვიდრე“. 4
უკანონო შვილის უფლებების განმარტება ზედმიწევნით არის ასახული ვახტაგ VI-ის სამართლის წიგნში არსებულ სპეციალურ მუხლში, სადაც წერია: “ნაბიჭვრის წილი არ არის მამულში, თუ თავის ძმებს ეყმობა, სხვათ ხელი არა აქვთ, არც ბიძასა და არც ბიძაშვილსა. ძმებმან ერთის ყმის ალაგს უნდა არჩინონ, და თუ არ უნდა ძმებთან ყოფნა, იმათთან არაფერი წილი არა აქვს, ვისთანაც უნდოდეს, წავიდეს, ძმებს პასუხი არა აქვთ, და თუ ძმებს ეყმოს, მათ სიტყვა არა აქვთ, უნდა არჩინონ ყმურად”.5 სწორედ ამიტომაც, ვახტანგ VI-ის გარდაცვალების შემდეგ ქართლის სამეფო ტახტზე ავიდა არა მისი უფროსი შვილი – ვახუშტი ბატონიშვილი, არამედ უმცროსი ბაქარი, რადგან ეს უკანასკნელი კანონიერი შვილი იყო მეფისა. ასევე, ხაზგასასმელია, რომ ვახტანგ მეფის ეს კანონი არავის არ გაუუქმებია და თითქმის XIX საუკუნის 60-იან წლებამდე ძალაში იყო საქართველოს ტერიტორიაზე.
ზოგიერთი პიროვნება ხშირად არასწორ განმარტებას აძლევს უკანონოდ შობილობის საკითხს და საბაბად იმერეთის სამეფო ტახტზე გარკვეულ პერიოდებში მეფის არაკანონიერი შვილების გამეფების ფაქტებს ეყრდნობა. იმერეთის სამეფო სახლში უკანონო შვილების გამეფების პრეცედენტები არასწორი არგუმენტია იმისთვის, რომ ეს ნორმად, ან ქართული დინასტიური სამართლის წესად მივიჩნიოთ. ეს ფაქტები, მხოლოდ იმერეთის სამეფო შტოს არასტაბილურობასა და სისუსტეზე მიუთითებს. უკანონო შვილების ტახტზე ასვლა განპირობებული იყო არა ქართული დინასტიური სამართლით, ან ქართული ეკლესიის მხრიდან უქორწინებლობის გამართლებითა და მოწონებით, არამედ იმ უბრალო მიზეზით, რომ, როცა კონკრეტული მეფე გარდაიცვლებოდა, დროის იმ კონკრეტულ მონაკვეთებში იმერეთის ბაგრატიონთა შტოში უბრალოდ არ არსებობდნენ კანონიერად შობილი მემკვიდრენი! არადა, გათავისუფლებულ სამეფო ტახტზე ვინმე ხომ უნდა ასულიყო? სწორედ ასეთი მოცემულობის დროს ახერხებდნენ უკანონოდ შობილნი ტახტზე ასვლას იმერეთში, და არა მხოლოდ უკანონონი, არამედ ხშირად სხვა საგვარეულოს წარმომადგენლებიც წარმატებით ახერხებდნენ იმერეთის გვირგვინის თავზე მორგებას.
კონკრეტულად განვიხილოთ თითოეული მაგალითი: 1) იმერეთის მეფე როსტომ I-ის კანონიერი შვილი ალექსანდრე ბატონიშვილი, მამის სიცოცხლეშივე გარდაიცვალა და 1605 წელს, იმერეთის სამეფო ტახტზე ავიდა კონსტანტინე ბატონიშვილის უკანონო შვილი, გიორგი III (1605-1639)6; 2) 1681 წელს გარდაიცვალა იმერეთის მეფე ბაგრატ IV (1660-1681) და ტახტზე ავიდა მისი სიძე, გიორგი III გურიელი (1681-1683). მისი გარდაცვალების შემდეგ იმერეთის სამეფო ტახტზე ავიდა ბაგრატ IV-ის უკანონო შვილი, ალექსანდრე IV (1683-1695)7; 3) 1698 წელს იმერეთის სამეფო ტახტზე ადის ალექსანდრე IV-ის, ჯერ უფროსი უკანონო შვილი, სიმონ I (1698-1701), ხოლო 1703 წელს უმცროსი უკანონო შვილი, გიორგი VI (1703-1720)8.
ქართლისა და კახეთის სამეფოებში ქართული დინასტიური წესები უფრო მტკიცედ იყო დაცული, შესაბამისად, მეფის უკანონო შვილები, მართალია ინარჩუნებდნენ ბატონიშვილის სტატუსს (ბატონიშვილი ვახუშტის მაგალითი ქართლში), თუმცა სამეფო ტახტზე ვერ ადიოდნენ (გამონაკლისია უკანონო როსტომ I ხანის შემთხვევა, როგორც უცხო ძალის დახმარებით ტახტის უზურპაციის ნათელი მაგალითი). რაც ეხება მეფის უკანონო შვილისგან გაჩენილ შვილთა სტატუსს, ისინი უკვე თავადის და არა ბატონიშვილის სტატუსში იმყოფებოდნენ, მაგალითად, იმერეთის მეფე დავით II-ის (1784-1789) უკანონო შვილი როსტომი, ბატონიშვილის სტატუსით სარგებლობდა, ხოლო მისი შვილი ტარიელი, თურქეთში ცხოვრებისას ატარებდა ჰაიდარ-ბეგის (ბეგი ნიშნავს თავადს) სტატუსს, რაც შემდგომ გაუგვარდათ კიდეც.
ეხლა განვიხილოთ კონკრეტულად სოფელ ღვანკითში მცხოვრები ოჯახის სტატუსის საკითხი სიღრმისეულად. როგორც ზემოთმოყვანილ, მარიამ დედოფლის თხოვნითი სიტყვებიდანაც ნათლად დასტურდება, ბაგრატ ბატონიშვილის შვილი სიმონი უკანონოდ შობილი იყო. როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ქართული ლეგიტიმიზმის პრინციპების თანახმად, მეფის უკანონო შვილი, მიუხედავად იმისა, რომ ინარჩუნებდა ბატონიშვილის წოდებას, კარგავდა ტახტზე ასვლის უფლებას და ტახტზე ადიოდა მისი კანონიერი ძმა. ხოლო, თუ კანონიერად შობილ ბატონიშვილს ყავდა უკანონო შვილი, ის უკვე არა ბატონიშვილის, არამედ თავადის სტატუსს ღებულობდა, რის ნათელ მაგალითსაც წარმოადგენს თვით ბაგრატ ბატონიშვილის შვილების – უკანონო სიმონისა და კანონიერი დავითის სტატუსთა საკითხი.
განხილვა დავიწყოთ ბაგრატ ბატონიშვილის უმცროსი შვილისგან, რომელიც მას კანონიერი ქორწინებიდან ეყოლა. ის რომ დავითი სარგებლობს ბატონიშვილის სტატუსით, ამაზე მრავალი ისტორიული დოკუმენტი მოწმობს: “…во время бунта бывшего в Имеретии в 1820 году, находясь при Царевиче Давиде…”9; “Давид Багратион Батонишвили”10; “Царевич Давид Багратион”11; “Отправленные в Россию: Семейство Царевича Давида…”12; “Отпущенные в Имеретию: Находящиеся в услуге при семействе Давида Царевича…”13; “Умершие из семейства Давида Царевича…”14; “Список семейства Давида Царевича”15; “О возвращении из казенного ведомства имения семейству Царевича Давида Багратиона”16; “По Высочайшему повелению, о возвращении из казенного ведомства имения семейству Царевича [Давида, ი.ბ.] Багратиона”17. ხოლო, რაც ეხება უკანონოდ შობილ ბაგრატის შვილ სიმონს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ასაკით დავითზე უფროსია, ყველაგან თავადის სტატუსით მოიხსენიება17.
შესაძლოა ყოველივე ამაზე დაგვესრულებინა ამ კონკრეტული ოჯახის ისტორიულ სტატუსთან დაკავშირებული კვლევა, რაც ფაქტობრივად მარიამ დედოფლის მოწმობასაც ნაწილობრივ ეთანხმება და დაგვედგინა, რომ ბაგრატ ბატონიშვილის უკანონო შვილის სიმონის სახით იმერეთის სამეფო სახლს, ჯერ კიდევ XVIII ს-ში, გამოეყო თავადური განშტოება, რისი მაგალითებიც ბაგრატიონთა სხვა სამეფო სახლებშიც მომხდარა ისტორიულად, მაგალითად ბაგრატიონ-დავითიშვილების, ბაგრატიონ-მუხრანსკების თავადური სახლები და ა.შ. თუმცა, ჩვენი სიღმისეული კვლევისას აღმოჩნდა დამატებითი ისტორიული დოკუმენტები, რომელთა იგნორირების უფლება, წმინდა მეცნიერული თვალსაზრისით, არ გვაქვს და საჭიროა მათი ქრონოლოგიურად განხილვა.
ყველაზე ადრინდელ საბუთს, რომელიც ასახელებს ამ ოჯახის ერთ-ერთ წინაპარს, წარმოადგენს 1820 წლის აღწერილობა. ეს დოკუმენტი ეხება ბატონიშვილი დავით ბაგრატის ძე ბაგრატიონისათვის მამულის ჩამორთმევის და რუსეთის სახელმწიფო ხაზინისათვის გადაცემის ფაქტს. დასჯის მიზეზი კი იყო ის, რომ 1819-1820 წლებში, ბატონიშვილი დავითი იყო იმერეთის აჯანყების ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი. აღნიშნულ დოკუმენტში ნაჩვენებია ბატონიშვილი დავითის პირადი აზნაურებისა და გლეხების ჩამონათვალი, სადაც მე-16 ნომრად ჩაწერილია უკანონოდ შობილი აზნაური როსტომ ბაგრატიონი – “№16. Дворянин незаконнорожденный Ростом Багратион”18. როგორც მოყვანილი საბუთიდან ნათლად ჩანს, როსტომ სიმონის ძე ბაგრატიონი ირიცხებოდა საკუთარი ბიძის, დავით ბატონიშვილის პირად აზნაურად, ანუ იგივე ვახტანგ VI-ის სამართლის თანახმად, იგი ეყმო თავისი მამის კანონიერ ძმას, ისევე, როგორც ჯერ კიდევ მისი მამა, თავადი სიმონ ბაგრატის ძე “იმყოფებოდა მფლობელობასა შინა მის ბაგრატისასა, ხოლო შემდგომ სიკვდილისა მისისა [ანუ ბაგრატისა, ი.ბ.], მამისა მისის ივანესა ბატონიშვილის დავითისა“19.
როგორც ამ ზემოთმოყვანილი ისტორიული დოკუმენტიდან ნათლად ჩანს, ბაგრატ ბატონიშვილის შემდეგ ორ თაობაში მტკიცედ იყო დაცული ვახტანგ მეფის ქართული სამართლის წესი, რის თანახმადაც უკანონოდ შობილი სიმონ ბაგრატიონი, ჯერ იყო საკუთარი მამის “მფლობელობის” ქვეშ, ხოლო მამის გარდაცვალების შემდეგ იგი გადავიდა კანონიერი უმცროსი ძმის – დავით ბატონიშვილის მფლობელობაში.
ასევე, როგორც იგივე დოკუმენტიდან ჩანს, როსტომი, არა თავადის, არამედ აზნაურის წოდებით არის დასახელებული, თანაც უკანონოდ შობილადაც, რაც ძალზედ საყურადღებო ფაქტია, რადგან მკვლევართათვის აქამდე ცნობილი იყო, მხოლოდ როსტომის მამის – სიმონ ბაგრატის ძე ბაგრატიონის უკანონოდ შობილობა – “…როსტომ ბაგრატიონი… უკანონოდ შობილის ძისა ბატონიშვილის ბაგრატის სიმონისა”20.
აქვე უნდა შევეხოთ იმასაც, რომ ზოგიერთი პიროვნება როსტომის უკანონოდ შობილობას რუსეთის ხელისუფლების მზაკვრულ გამონაგონს მიაწერს იმ მიზეზით, რომ თითქოს რუსეთს ამით სურდა ამ კონკრეტული ოჯახის განსაკუთრებით დასჯა, მათი აჯანყებაში მონაწილეობის გამო. ეს არგუმენტი სრულებით მოკლებულია ელემენტარულ ლოგიკასაც კი, რადგან, თუკი 1819-20 წლების აჯანყებით გამწარებულ რუსეთის ხელისუფლებას ვინმეს დასჯა ჰქონდა განზრახული, ისედაც დასჯიდა მას დიდი ხნის აპრობირებული ხერხებით – გადასახლებით, კარ-მიდამოს, ან მამულის ჩამორთმევით, ან სტატუსის სრულებით გაუქმებით, რაც ფაქტობრივად განახორციელა კიდეც ბატონიშვილი დავითის ოჯახთან მიმართებაში, თუმცა დავით ბატონიშვილის ოჯახი აზნაურობის სტატუსამდე არ ჩამოუქვეითებია! რუსეთი მზაკვარი და დაუნდობელი იყო ყველას მიმართ, ვინც იმპერიის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ პიროვნებათა სოციალური სტატუსის განსაზღვრის თვალსაზრისით მკაცრი და შეძლებისდაგვარად უშეცდომო. მეორეც, თუკი იმერეთის აჯანყების გამო რუსეთს ვინმეს სამაგალითოდ დასჯა უნდა ნდომებოდა, ეს პირველრიგში უნდა ყოფილიყვნენ ამ აჯანყების მეთაურები, სულისჩამდგმელები და არა ისეთი რიგითი მონაწილეები, როგორიც მაგალითად როსტომ ბაგრატიონი იყო, რადგან ის აჯანყებაში იმყოფებოდა თავის ნათესავ-მემამულესთან, თავის ბატონთან – აჯანყების ერთერთ მეთაურთან, დავით ბატონიშვილთან (“находился при Имеретинском Царевиче Давиде”), რომელიც ამ აჯანყების დროს მოკლულ იქნა. რასაც თავად როსტომის ახსნა-განმარტებითი ჩანაწერიც ადასტურებს – “По возмущению сей страны в 1820 году, он по несчастию вмешался в партию составленную дядем его по отцу Князем Давидом. По убиении сего последнего, он добровольно явился в г. Кутаис к Российскому Правительству с восьми летним сыном своим Семеном, надеясь получить чрез таковой его поступок прощение от Правительства“21.
აჯანყების ჩახშობის შედეგები ძალიან მძიმედ აისახა ბატონიშვილი დავითის ოჯახზე – აჯანყების დროს დაიღუპა დავით ბატონიშვილი, დავითის უფროსი ვაჟი, 10 წლის ივანე აჯანყებულებმა გადამალეს თურქეთში, ხოლო 4 წლის თეიმურაზი იმპერიულმა ხელისუფლებამ გადაასახლა რუსეთში, სადაც მას ჩამოართვეს ბაგრატიონის გვარისა და წოდების ტარების უფლება. შესაბამისად, ისმის ლოგიკური კითხვა, თუკი როსტომ ბაგრატიონის ოჯახი ქართველ აჯანყებულთათვის, რამენაირად მაინც მნიშვნელოვანი იყო რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაშინ, რატომ არ გადამალეს აჯანყებულებმა თუნდაც მისი მცირეწლოვანი შვილი სიმონი? ნიშანდობლივია ისიც, რომ დავით ბატონიშვილის ოჯახი, რომლის წევრები მართლაც საშიშროებას წარმოადგენდნენ რუსეთის იმპერიისთვის, რაც თუნდაც 4 წლის ბავშვის გადასახლებითაც დადასტურდა, მიუხედავად ამისა, რუსეთის მთავრობამ, 1831 წელს, თურქეთიდან დაბრუნებულ ივანეს (მოკლული დავითის უფროს ძეს) დაუბრუნა მამული და წოდება, ხოლო მის უმცროს ძმას, თეიმურაზს მოგვიანებით აღუდგინა იგივე უფლებები და არ ჩამოუქვეითებია ისინი აზნაურულ წოდებამდე!22
როსტომ სიმონის ძის უკანონოდ შობილობის შესახებ, ასევე მოწმობს 1829 წლის, 2 ოქტომბრის საბუთი, რომელიც განიხილავს ამ უკანასკნელის თხოვნას სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. სადაც წერია “Обьявитель сего, служившим в Сумском Гусарском полку рядовым, Ростом Багратион, как по полковому формулярному списку значится 39-ти лет, уроженец Имеретинского Княжества, незаконнорожденный сын Князя Симона Багратиона”23. ზემოთმოყვანილი დოკუმენტის ქართული თარგმანი მოყავს მკვლევარ მანანა ხომერიკს თავის, 2012 წელს გამოცემულ წიგნში: “ამის წარმდგენელი, სუმის ჰუსართა პოლკში რიგითად მოსამსახურე როსტომ ბაგრატიონი, როგორც ფორმულარულ სიაშია აღნიშნული, 39 წლის “იმერეთის სამთავროდან”, თავადი სიმონ ბაგრატიონის უკანონო შვილი “24.
როსტომ სიმონის ძის უკანონოდ შობილობას ასევე ადასტურებს ზემოთხსენებული გენერალ პოტაპოვის 1831 წლის პატაკი, რომელშიც გარდა მარიამ დედოფლის თხოვნითი სიტყვებისა, მოყვანილია როსტომ ბაგრატიონის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების საქმე: “Из дела производившегося в Инспекторском Департаменте об увольнении от службы отца унтер-офицера Багратиона рядового Сумского Гусарского полка Ростома Багратиона видно, что он происходит из незаконнорожденных детей Имеретинского князя Симона Багратиона”25.
როგორც ზემოთმოყვანილი დოკუმენტებიდან ნათლად ჩანს, როსტომ ბაგრატიონი არაკანონიერი შვილი იყო თავადი სიმონისა, შესაბამისად, ქართული სამართლის თანახმად თავადის უკანონო შვილი, უკვე აზნაურის წოდებამდე ქვეითდებოდა. შესაბამისად, აღნიშნული ოჯახის საბუთების შესწავლისას დადგინდა, რომ საქმე გვაქვს ორმაგ უკანონოდ შობილობასთან საგვარეულო ხაზში, რაც თავის მხრივ ადასტურებს ბატონიშვილი ნინოს ზეპირგადმოცემასაც, როცა საზოგადოება «ბაგრატოვანთა სახლის” უხუცესი წინამძღოლი იხსენებდა მის წინაპართა გადმოცემას იმის თაობაზე, რომ მისი ნათესავები, ანუ სიმონ ბაგრატის ძის შთამომავლები, სტატუსობრივად აზნაურის წოდებას ატარებდნენ და მისი წინაპრების მამულში ირიცხებოდნენ. როგორც ნაშრომის დასაწყისშიც ვახსენეთ, ბატონიშვილმა ნინომ, მიუხედავად ყოველივესი, გამოხატა კეთილი ნება და 2006 წლის მემორანდუმში ეს ოჯახი თავადური სტატუსით დააფიქსირა.
აქვე გვსურს პასუხი გავცეთ იმათაც, ვინც სამეცნიერო დასკვნის მიუხედავად, მაინც ცდილობს იგნორირება მოახდინოს არსებული დოკუმენტებისა და აღნიშნული ოჯახის აზნაურული სტატუსი რუსეთის მთავრობის შურისძიების აქტად მონათლოს. არადა, რუსეთის მთავრობას, აჯანყების ერთერთი მეთაურის ოჯახი (ბატონიშვილი ნინოს წინაპრები) სტატუსით არ ჩამოუქვეითებია, მეტიც, მოგვიანებით მის წევრებს აღუდგინა პირვანდელი წოდებრივი მდგომარეობა, რაც აჯანყებამდე მათ გააჩნდათ, მაშ რაში უნდა დასჭირვებოდა რუსეთის მთავრობას მათთვის პოლიტიკურად არასაშიში თავადური ოჯახის აზნაურულ ხარისხამდე ჩამოქვეითება? ის, რომ რუსეთისთვის როსტომ ბაგრატიონი არანაირ საშიშ პოლიტიკურ ფიგურას არ წარმოადგენდა, ამაზე ხომ სხვა ისტორიული დოკუმენტებიც მოწმობენ, კერძოდ თბილისის სამხედრო გუბერნატორის, გენერალ-ლეიტენანტის ბროიკოს პატაკი რუსეთის იმპერიის სამხედრო მინისტრთან, სადაც წერია: “имею честь почтеннейше донести, что к возвращению имеретинца Ростома Багратиона на родину, я с своей стороны, согласно с местным Грузино-Имеретинского Гражданского Губернатора, которого о сем запрашивал, непредвижу никаких препятствий, и не имею ни малейшего повода к сомнению, чтобы возвращение его Багратиона в Имеретию могло иметь какое-либо влияние на имеретинский народ”26.
მეტიც, როსტომ ბაგრატიონის ფიგურა რომ არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენდა რუსეთის მთავრობისთვის, ასევე დასტურდება იმითაც, რომ როსტომი, აჯანყების ჩახშობის შემდეგ, თავის 8 წლის შვილთან – სიმონთან ერთად, საკუთარი ნებით განცხადდა რუსეთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რაზეც მოწმობს შემდეგი დოკუმენტი: “По убиении сего последнего [Царевича Давида, ი.ბ.], он [Ростом, ი.ბ.] добровольно явился в г. Кутаис к Российскому Провительству с восьмилетним сыном своим Семёном, надеясь получить чрез такой его поступок прощение от Провительства”27.
იგივეს ადასტურებს მარიამ დედოფალიც თავის თხოვნით წერილში, სადაც წერია: “Имеретинская Царица Мария в прошении к Господину Управляющему Главным Штабом Его Императорского Величества… просит во уважение того, что помянутый унтер-офицер Багратион удален из Отечества малолетним единственно за поведение отца своего, который за учиненный им в 1820 году к мятежникам побег, определен был в военную службу рядовым каковым находился в Сумском Гусарском полку и по Высочайшему повелению в 1829 году уволен от службы, доставить ему Семену Багратиону Дворянское звание”28. რასაც თავის მხრივ ადასტურებს მკვლევარი მანანა ხომერიკიც თავის წიგნში: “…1819 წელს, იმერეთში მომხდარი ბუნტის დროს, როსტომ ბაგრატიონი იმყოფებოდა თავის ბიძასთან, იმერეთის ბატონიშვილ დავითთან, იმალებოდა აჯანყების დასრულებამდე, რის შემდეგაც თავად გამოცხადდა იქაურ ხელისუფლებასთან”29. როგორც დოკუმენტებიდან ნათლად ჩანს, როსტომ ბაგრატიონი თავისი ნებით მივიდა რუსეთის ხელისუფლებასთან და ითხოვდა შეწყალებას, რაც კიდევ ერთხელ იმას ადასტურებს, რომ როსტომი, შეუპოვარი სულის მქონე, ან შეურიგებელი მებრძოლი არ ყოფილა, პირიქით, იგი, როგორც ამას ქ-ნი მანანა ხომერიკიც წერს “იმალებოდა აჯანყების დასრულებამდე”, მაშ, აბა რას უნდა გამოეწვია რუსეთის მხრიდან მისი განსაკუთრებული დასჯის სურვილი? შესაბამისად, კვლავ გაუგებარია, რატომ უნდა ჩამოექვეითებინა რუსეთის ხელისუფლებას მაინცდამაინც ეს ოჯახი სტატუსობრივად? თანაც, აწ უკვე რუსეთის ხელისუფლების წინაშე მონანიებული ოჯახი? ალბათ, სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ რუსეთმა 1831 წლის შემდეგ, ყველა მონანიებულ ოჯახს აღუდგინა პირვანდელი სტატუსი და შესაბამისად, როსტომ ბაგრატიონის ოჯახსაც ის სტატუსი, რაც ამ ოჯახს აჯანყებამდე რეალურად გააჩნდა – აზნაურული სტატუსი.
ასევე საინტერესო დოკუმენტებს მივაკვლიეთ, რომლებიც სიმონ ბაგრატის ძის საგვარეულოს მესამე თაობას ეხება. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ამ კონკრეტული საგვარეულოს პირველი ორი თაობა, რომლებიც უკანონოდ შობილი თაობები იყო, ქართული (ვახტანგისეული) სამართლის შესაბამისად ცხოვრობდა, თუმცა, აწ უკვე კანონიერად შობილმა აზნაურმა სიმონ როსტომის ძემ, 1853 წლის 4 ივნისს, ქუთაისის სათავადაზნაურო დეპუტატთა საკრებულოს მიმართა თხოვნით, რათა მისთვის თავადური სტატუსი დაემტკიცებინათ. ქუთაისის სათავადაზნაურო საკრებულომ განიხილა ეს საქმე და არასაკმარისი მტკიცებულებების გამო მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.30
ასევე ყურადსაღებია ის, რომ გენეალოგიურ ტაბულებში, რომლებიც იმერეთის სამეფო შტოს გენეალოგიურ აღწერას ასახავდა და სხვადასხვა დროს წარდგენილი იყო ქუთაისის სათავადაზნაური დეპუტატთა საკრებულოში, არსად სიმონ ბაგრატის ძე ბაგრატიონის ხაზი არ არის მოყვანილი. მაგალითად: 1) ბატონიშვილის ივანე დავითის ძე ბაგრატიონის (1810-1869) მუხლობრივი აღწერა (XIX ს.)31; 2) ბატონიშვილი ივანე დავითის ძე ბაგრატიონის (1810-1869) მუხლობრივი აღწერა (1869 წ.)32; 3) ბატონიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე ბაგრატიონის (1851-1895) მუხლობრივი აღწერა (1869 წ.)33; 4) ბატონიშვილი დავით ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკის (1894-1937) მუხლობრივი აღწერა (1903 წ.)34. მხოლოდ ერთხელ, თვით სიმონ როსტომის ძე ბაგრატიონის მიერ სათავადაზნაური დეპუტატთა საკრებულოსადმი წარდგენილ გენეალოგიურ ფრაგმენტში არის მისი განშტოება მოყვანილი.35
სიმონ ბაგრატის ძე ბაგრატიონის შთამომავალთა აზნაურულ სტატუსზე ასევე ნათლად მოწმობს გვიანდელი, მე-19 საუკუნის 50-იან წლებისა და ასევე, მე-20 საუკუნის დასაწყისში მიწასთან დაკავშირებული სასამართლო დავის დროს წარმოებული დოკუმენტაცია, სადაც არაერთგზის ფიქსირდება ღვანკითელი ოჯახის წარმომადგენლის – როსტომ ბაგრატიონის სტატუსი: “Против иска по настоящему документу ответчик опекун князь Хидирбегов возразил, что продавец имения обозначенного в документе от 28 апреля 1850 года крестьянин Симон Твалиев Гавашелашвили принадлежал помещику дворянину Ростому Багратиону, а последний был подвластным азнауром деда опекаемого им, ответчиком, малолетнего сироты Светлейшего князя Багратиона…”36; ასევე, “Дело это было назначено к слушанию на 9 ноября 1904 года с оповещением сторон. В заседание явились опекун князь Нестор Хидирбегов и временно-обязанные крестьяне… 3) Независимо от этого продавцы по документам 28 апреля 1850 г., 7 февраля 1856 г., 3 декабря 1856 г. азнаур Ростом Багратион и крестьянин Мачачидзе и покупщики принадлежали одному и тому же помещику“37.

გამოყენებული წყაროები:
1. საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი (სცია), ფონდი 2, აღწერა 1, საქმე #2832, ფ.6.
2. სცია, ფონდი 2, აღწერა 1, საქმე #6858, ფ.4,5.
3. ირაკლი დავითის ძე ბაგრატიონის წერილი `ქართული გენეალოგიური საზოგადოებისადმი~, 4.05.2015 წ.
4. ბაგრატიონები. სამეფოს ტახტის მემკვიდრე. შემდგენლები: კ.ქორიძე, ი.ბიჭიკაშვილი. თბ., 2016, გვ.55-70.
5. ვახტანგ VI. სამართლის წიგნი, მუხლი 110. თბ., 1955, გვ.80.
6. მ.რეხვიაშვილი. იმერეთის სამეფო (1462-1810 წწ). თბ., 1989, გვ.67,72; ი.ბიჭიკაშვილი, დ.ნინიძე, ი.ჩიქოვანი. საქართველოს სამეფო დინასტიის – ბაგრატიონების გენეალოგია: ტაბულა #7 – იმერეთის მეფეები ბაგრატიონთა დინასტიიდან. წიგნში: ბაგრატიონები – სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობა. თბ., 2003.
7. მ.რეხვიაშვილი. იმერეთის სამეფო (1462-1810 წწ). თბ., 1989, გვ.135,136; ი.ბიჭიკაშვილი, დ.ნინიძე, ი.ჩიქოვანი. საქართველოს სამეფო დინასტიის – ბაგრატიონების გენეალოგია: ტაბულა #7 – იმერეთის მეფეები.., დას. ნაშრ.
8. მ.რეხვიაშვილი. იმერეთის სამეფო (1462-1810 წწ). თბ., 1989, გვ.145,152; ი.ბიჭიკაშვილი, დ.ნინიძე, ი.ჩიქოვანი. საქართველოს სამეფო დინასტიის – ბაგრატიონების გენეალოგია: ტაბულა #7 – იმერეთის მეფეები.., დას. ნაშრ.
9. Центральный Государственный Исторический Архив Грузии (ЦГИАГ), фонд 2, опись 1, дело №6858, л.1,2; Н.Б.Махарадзе. Восстание в Имеретии 1819-1820 гг. В сб. “Материалы по истории Грузии и Кавказа”, вып.III, Тб., 1942, стр.122.
10. Н.Б.Махарадзе. Восстание в Имеретии 1819-1820 гг. ук. соч. стр.147; ო.სოსელია. ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, ნაწ. III, თბ., 1990, გვ.46.
11. Н.Б.Махарадзе. Восстание в Имеретии 1819-1820 гг. ук. соч. стр.155.
12. Н.Б.Махарадзе. Восстание в Имеретии 1819-1820 гг. ук. соч. стр.169.
13. Н.Б.Махарадзе. Восстание в Имеретии 1819-1820 гг. ук. соч. стр.170.
14. Н.Б.Махарадзе. Восстание в Имеретии 1819-1820 гг. ук. соч. стр.170.
15. სცია, ფ.2, აღ. 1, საქმე #1008, ფ.505 – Церковный бунт в Имеретии, т.II (1820 г.).
16. საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი (სცია), ფონდი 2, აღ.1, საქმე #6858, ფ.5.
17. ქ. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული არქივი (ქსია), ფონდი 1 (ქუთაისის თავად-აზნაურთა დეპუტატთა საკრებულოს ფონდი), აღ. 1, საქმე #237, ფ.60.
18. ქსია, ფონდი 1, აღ. 1, საქმე #237, ფ.63ა.
19. ქსია, ფონდი 1, აღ. 1, საქმე #237, ფ.71ა-72.
20. ქსია, ფონდი 1, აღ. 1, საქმე #237, ფ.71,81,96,98,99,100.
21. საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი (სცია), ფონდი 2, აღ.1, საქმე #6858, ფ.4.
22. ქსია, ფონდი 189, აღ. 1, საქმე #3556, ფ.3,4,18-22,60-61; სცსა, ფონდი #2, დამატ. აღწ., საქმე #109, ფ.1-10.
23. სცია, ფონდი 2, აღ.1, საქმე #6858, ფ.5.
24. მ.ხომერიკი. იმერეთის სამეფოს გაუქმება, 1819-1820 წლების აჯანყება და იმერეთის ბაგრატიონები. თბ., 2012, გვ.344.
25. სცია, ფონდი 2, აღ.1, საქმე #2832, ფ.7.
26. სცია, ფონდი 2, აღ.1, საქმე #6858, ფ.7.
27. სცია, ფონდი 2, აღ.1, საქმე #6858, ფ.4.
28. სცია, ფონდი 2, აღ.1, საქმე #2832, ფ.7.
29. მ.ხომერიკი. იმერეთის სამეფოს გაუქმება, დას. ნაშრ. გვ.340.
30. ქსია, ფონდი 1, აღ. 1, საქმე #237, ფ.1-107.
31. ბატონიშვილის ივანე დავითის ძე ბაგრატიონის (1810-1869) მუხლობრივი აღწერა (XIX ს.). იბეჭდება წინამდებარე წიგნში.
32. ბატონიშვილის ალექსანდრე ივანეს ძე ბაგრატიონის (1851-1895) მუხლობრივი აღწერა (1869 წ.). იხ. ქსია, ფონდი 1, აღ. 1, საქმე 237, ფ.76,77.
33. ბატონიშვილის ალექსანდრე ივანეს ძე ბაგრატიონის (1851-1895) მუხლობრივი აღწერა (1869 წ.). იბეჭდება წინამდებარე წიგნში.
34. ბატონიშვილის დავით ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკის (1894-1937) მუხლობრივი აღწერა (1903 წ.). იბეჭდება წინამდებარე წიგნში.
35. ქსია, ფონდი 1, აღ. 1, საქმე #237, ფ.3.
36. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული არქივი, ფონდი 1, აღწ.1, საქმე №3556 (1904 წლის 9 ნოემბერი), (ფურცლები 19-20).
37. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული არქივი, ფონდი 1, აღწ.1, საქმე №3556 (1904 წლის 9 ნოემბერი), (ფურც. 22).




