საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის 2010 წლის განცხადება

The Crown of Georgia

საქართველოს სამეფო დინასტია – “იესიან, დავითიან, სოლომონიან, ბაგრატიონები” 1300 წლისაა და ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოს მონარქიულ დინასტიებს შორის (იხ. დანართი №1).

ბაგრატიონთა სახელოვანმა გვარმა, იქნება ეს სამეფო სახლის წევრები თუ თავადაზნაურულ განშტოებათა წარმომადგენლები, ბევრი სახელოვანი გვირგვინოსანი, წმინდანი, პოლიტიკოსი, მხედართმთავარი, სასულიერო პირი, მეცნიერი და ხელოვანი აღუზარდა საქართველოს. მათი შთამომავლები, დღესაც თავიანთი წინაპრების დარად, სამშობლოს სამსახურში არიან და ქვეყნის საკეთილდღეოდ მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროებში (იხ. დანართი №2).

დღეს ამ სახელოვან გვარს ასზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს და ყველას თავისი წარმომავლობითი სტატუსი გააჩნია. დღეს მცხოვრებ ბაგრატიონთა გვარის მატარებელ პირთა უმრავლესობა თავად-აზნაურული სტატუსისანი არიან და ბუნებრივია, რომ არ ფლობენ ისტორიულ სამეფო ტახტზე მემკვიდრეობით უფლებებს, ხოლო თუ ვინ ფლობს დღეს ამ ლეგიტიმურ მემკვიდრეობით უფლებას, ამას საერთაშორისო და ქართული დინასტიური სამართალი არეგულირებს ისტორიულ-გენეალოგიური საფუძვლების გათვალისწინებით (იხ. დანართი №3), რომლის თანახმადაც: საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრეა მისი სამეფო უმაღლესობა, ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკის ოჯახი .

საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის 2010 წლის განცხადება

“…ღმერთმა თავისი ზეციური ერთმმართველობისა დარად მოაწყო მიწაზე მეფობა, თავისი ყოვლის მპყრობელობისდა მიხედვით, მეფე თვითმპყრობელია; თავისი წარუვალი სასუფეველისდა დარად მეფობა მემკვიდრეობითია” (წმინდა ფილარეტ მოსკოველი). მას ეს მემკვიდრეობით ერგო და მისი უფლებაა, გააგრძელოს თავისი წინაპრების საქმე. იგი არის, ან არ არის, და იგი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი, თავისი გენეტიკური მემკვიდრეობიდან გამომდინარე. მონარქის არჩევა (როგორც პრეზიდენტის), შერჩევა ან გამორჩევა საერთაშორისო სამართლისა და ადგილობრივი დინასტიური სამართლის დარღვევაა!

საერთაშორისო და ქართული დინასტიური სამართალი, სამეფო ტახტის მემკვიდრის განსაზღვრისათვის, პირველყოვლისა ითვალისწინებს იმას, თუ ვინ არის დღეს საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ისა და ასევე, ერთიანი საქართველოს სამეფოებად დაშლამდე მყოფი მეფის, გიორგი VIII-ის მემკვიდრე  (იხ. დანართი №4).

ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი VIII თავის-თავში აერთიანებდა მამის ხაზით – აღმოსავლეთ საქართველოს დავით-ულუს შტოს და დედის ხაზით – დასავლეთ საქართველოს დავით-ნარინის შტოს, რასაც ძალზედ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ერთიანი საქართველოს სამეფო შტოს ლეგიტიმაციისათვის (იხ. დანართი №5).

გიორგი VIII-ის 30-წლიანი მეფობის დროს, ოსმალეთმა მოახერხა ევროპასა და საქართველოს შორის არსებული კოალიციის ჩაშლა, რამაც გააძლიერა შიდა ფეოდალთა სეპარატისტული განწყობები, რასაც საბოლოოდ მოჰყვა ერთიანი საქართველოს – ქართლის, კახეთისა და იმერეთის პროვინციულ სამეფოებად და სამთავროებად დაყოფა (იხ. დანართი №6).

იმერეთის სამეფო დინასტიას (არსებობის წლები – 1462-1810) სათავე დაუდო მეფე გიორგი VIII-ის ბიძაშვილმა ბაგრატმა. XIX საუკუნეში, იმერეთის სამეფო დინასტიაში ჩამოყალიბდა რამდენიმე შტო, ერთი – სოლომონ I-ის შთამომავალთა სახით, როგორც უგანათლებულესი თავადები ბაგრატიონ-იმერეტინსკები, მეორე – დავით II-ის შთამომავალთა სახით, როგორც უგანათლებულესი თავადი იმერეტინსკები და ბატონიშვილი ბაგრატის შთამომავალთა სახით ორი შტო: ერთი, კანონიერი შვილის დავითის, შემდგომში როგორც უგანათლებულესი თავადების შტო და მეორე, უკანონო შვილის სიმონის (ღვანკითელ ბაგრატიონთა) თავადური განშტოება, რომელიც შემდგომ თაობებში აზნაურულ წოდებამდე დაქვეითდნენ.

ქართლის სამეფო დინასტიას (არსებობის წლები – 1478-1762) სათავე დაუდო გიორგი VIII-ის ნათესავმა კონსტანტინემ. ამ დინასტიას მოგვიანებით გამოეყო ბაგრატიონ-მუხრანელთა და ბაგრატიონ-გოჩაშვილთა თავადური სახლები.

სეპარატისტთა ტყვეობიდან განთავისუფლებულმა მეფე გიორგი VIII-მ იძულებით კახეთს შეაფარა თავი, ამით ერთიანი საქართველოს მეფეთა დინასტიამ თავისი არსებობა გააგრძელა აწ უკვე როგორც კახეთის სამეფო სახლმა. ასე დაედო კახეთის სამეფო შტოს სათავე, რომლისგანაც მოგვიანებით წარმოიშვა ბაგრატიონ-დავითიშვილებისა და ბაგრატიონ-ბაბადიშების თავადური სახლები (იხ. დანართი №7).

ერთიანი საქართველოს სამეფო ტახტის აღდგენას ცდას არ აკლებს გიორგი VIII და ამ ბრძოლას მისი პირდაპირი შთამომავლებიც აგრძელებენ შემდგომ საუკუნეებში, რასაც საბოლოოდ აგვირგვინებს ერეკლე II .

1790 წელს, მეფე ერეკლე II-ის დროს, გაფორმებულ იქნა “ივერიელთა ტრაქტატის” სახელით ცნობილი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ერეკლე II აღიარებულია სრულიად საქართველოს უზენაეს ხელმწიფედ – “ვითარცა მამა საზოგადო მათი”, რასაც ხელს აწერენ იმერეთის მეფე სოლომონ II, ოდიშის მთავარი გრიგოლ დადიანი და გურიის მთავარი სიმონ გურიელი. საქართველოს მეფის ტიტული შემდგომ მემკვიდრეობით გადაეცა მეფე ერეკლე II-ის ძეს – საქართველოს უკანასკნელ მეფე გიორგი XII-ს (იხ. დანართი №8).

1801 წელს, რუსეთის იმპერატორი ვერაგულად აუქმებს საქართველოს სამეფოს და სამეფო ოჯახის წევრებს, იძულებით ასახლებს რუსეთის სხვადასხვა პროვინციაში. ანექსირებულ ქვეყანაში დარჩენილი თავადაზნაურული სტატუსის (Дворянство) მქონე ბაგრატიონები ძველებურად აგრძელებენ საკუთარ მამულებში ცხოვრებას. XIX ს-ში, რუსეთის მთავრობამ მეფე ერეკლესა და გიორგი მეფის გადასახლებულ ოჯახის წევრთა გვარს დაუმატა წოდების აღმნიშვნელი ტერმინი “გრუზინსკი” (“საქართველოს პრინცი/პრინცესა”), რითაც აღნიშნა მათი სამეფო წარმომავლობა და რაც შემდგომ, დროთა მანძილზე სამეფო ოჯახის გვარად ჩამოყალიბდა. სწორედ ამიტომ, დღესაც, ერთიანი საქართველოს სამეფო ოჯახი ატარებს ბაგრატიონი-გრუზინსკის გვარს (იხ. დანართი №9).

2006 წელს, საზოგადოება “ბაგრატოვანთა სახლის” წევრთა მიერ ხელმოწერილ იქნა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც, საქართველოს ტახტის მემკვიდრედ ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი არის აღიარებული. მემორანდუმი ემყარება სამართლებრივ, ისტორიულ და გენეალოგიურ საფუძვლებს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიკოსების, ქართული გენეალოგიური საზოგადოების, საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს აღიარებებს; საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფო არქივებში დაცულ ისტორიულ-სამართლებრივ დოკუმენტებს; სრულიად რუსეთის მონარქისტული ცენტრის, რუსეთის საიმპერატორო გვარის მოსკოვის მემორიალური მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს და პეტრე-პავლეს საიმპერატორო საზოგადოების აღიარებებს. თავადაზნაურთა და სამეფო ხელისუფლების საერთაშორისო კომისიისა და მრავალი სხვა სამეცნიერო ორგანიზაციათა დასკვნით, ერთიანი საქართველოს სამეფო სახლის მეთაურად – “დე-იურე მეფედ”, აღიარებულია ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი (იხ. დანართი №10).

იმის გამო, რომ ბატონიშვილ ნუგზარს ჰყავს ქალიშვილები, ეს არ ნიშნავს ტახტის მომავალი მემკვიდრე ვაჟები ვეძებოთ ქართლისა და იმერეთის ბაგრატიონთა არასამეფო – თავადაზნაურულ შტოებში. საერთაშორისო და ქართული დინასტიური სამართლის თანახმად მსგავსი დამოკიდებულება განიხილება, როგორც სამეფო სტატუსის მიტაცების მცდელობა და ჭეშმარიტი ტახტის მემკვიდრის უფლებების დარღვევა. არათუ თავადური, არამედ აწ უკვე შეწყვეტილი ქართლისა და იმერეთის სამეფო შტოთა წარმომადგენლებიც კი მათი არსებობისას, არ ფლობდნენ ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფის – გიორგი XII-ის და ერთიანი საქართველოს დაშლის წინ მყოფი მეფე გიორგი VIII-ის სამართალმემკვიდრეობას.

ერთიანი საქართველოს სამეფო ტახტი ეკუთვნის მხოლოდ ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო სახლს, სადაც სამართლებრივად ბატონიშვილი ნუგზარი გახლავთ საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე და სამეფო სახლის მეთაური, რომლის მემკვიდრეობითი პრეროგატივაა მომავალი მემკვიდრის გამოცხადება (იხ. დანართი №11).

დღეს ბრიტანეთს, ნიდერლანდებს, დანიას მართავს ქალი და მათი დინასტიები სწორედ ქალის ხაზით გრძელდება. დღეს რუმინეთისა და შვედეთის მეფეებმა თავიანთი ტახტის მომავალ მემკვიდრეებად ქალიშვილები გამოაცხადეს. საქართველომ, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში გადაწყვიტა ეს საკითხი, საქართველოს ჰყავდა მეფეთ-მეფე თამარი, მეფეთ-მეფე რუსუდანი, ჰერეთიც მეფე-დედოფლები დინარა I და დინარა II, კახეთის რეგენტი დედოფალი ქეთევანი, იმერეთის მეფე-დედოფალი დარეჯანი, ასე რომ სამეფო ხაზში, თუ ვაჟი არ არის, მაშინ ქალის ხაზით გრძელდება დინასტია (იხ. დანართი №12).

ბატონიშვილი ნუგზარი მიენდო და გაგებით შეხვდა კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის წინადადებას, თავისი სამეფო ღირსება გადასცეს თავისი ქალიშვილის ხაზით შვილიშვილს, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ სამეფო სახლის მეთაურის პრეროგატივაა ტახტის მომავალი მემკვიდრის გამოცხადება და არა გარეშე პირთა გადასაწყვეტი (იხ. დანართი №13-(1)) და დანართი №13-(2)).

2010 წლის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული

სამეფო სახლის კანცლერი კახა ქორიძე

ყოველივე ზემოაღნიშნულის დასტურად კი, იხილეთ ტაბულა – “ბაგრატოვანთა დინასტიის სამეფო და თავადური განშტოებები”   (იხ. დანართი №14, დოკუმენტი №4)

კანცელარიის განცხადება

Gerbi patara zoma