საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის 2010 წლის განცხადების დანართი №2

The Crown of Georgia

საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის 2010 წლის განცხადების

დანართი №2

ბაგრატიონები

ბაგრატიონთა სახელოვანმა გვარმა, ბევრი წმიდანი, პოლიტიკოსი, მხედართმთავარი, სასულიერო პირი, მეცნიერი და ხელოვანი აღუზარდა სამშობლოს

წმინდანი გვირგვინოსნები

 

წმ. აშოტ I ბაგრატიონი

ashot_kurapalatiაშოტ I კურაპალატი – ქართლის ერისმთავარი დაახ. 790/809-813 წლებში. ადარნასე ბაგრატიონის ვაჟი. არაბთა ხალიფა ალ-მამუნის (813-833) მმართველობის დროს აშოტ ადარნასეს ძე ბაგრატიონი ქართლის ერისმთავრად დაინიშნა და მან საფუძველი დაუდო ბაგრატიონთა სამეფო დინასტიას.

აშოტ I-მა ისარგებლა არაბთა ხალიფატის შესუსტებით და კავშირი ბიზანტიის იმპერიასთან დაამყარა. იმპერატორ ლეონ V-მ (813-820) აშოტ I-ს კურაპალატის წოდება უბოძა.

ქართლის ერისმთავარი აშოტ I სათავეში ედგა ბრძოლას არაბთა წინააღმდეგ,  მაგრამ სამწუხაროდ იგი საბოლოოდ დამარცხდა. როდესაც არაბებმა ქართლში ერისმთავრობის ინსტიტუტი გააუქმეს, აშოტ I ტაო-კლარჯეთში გადავიდა, სადაც ტაო-კლარჯეთის (ქართველთა) სამთავროს ჩაუყარა საფუძველი. იგი 813-826 წლებში ტაო-კლარჯეთის (ქართველთა) კურაპალატი იყო.

აშოტ I კურაპალატმა თავის რეზიდენციად ციხე-სიმაგრე არტანუჯი აირჩია და იგი ქალაქად გადააქცია. ამ პერიოდში ტაო-კლარჯეთში დაიწყო ეროვნული თვითშეგნების აღორძინება – კულტურულ-მატერიალური ფასეულობების შექმნა, ეკლესია-მონასტრების მშენებლობა, რომელსაც დიდი ქართველი სასულიერო მოღვაწე გრიგოლ ხანძთელი (759-861) ხელმძღვანელობდა. IX ს.-ის დასაწყისში ხანძთაში მის მიერ  პირველი მონასტერი აშენდა.

აშოტ I-ის მემკვიდრეებმა, რომლებიც 898 წლიდან უკვე “ქართველთა მეფეებად” იწოდებოდნენ, სათავე დაუდეს ბაგრატიონთა სამეფო დინასტიას, რომელიც საქართველოს ათასი წლის მანძილზე მართავდა.

აშოტ I კურაპალატი ტაო-კლარჯეთიდან ცდილობდა ქართლის განთავისუფლებას არაბებისაგან. სწორედ, ამ ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლის დროს,  არაბების წაქეზებით მოქმედმა მოღალატეებმა, იგი მუხანათურად მოჰკლეს ოპიზის ეკლესიის საკურთხევლის წინ 826 წლის 29 იანვარს.

წმ. აშოტ I კურაპალატი დაკრძალულია არტანუჯში თავის საგვარეულო საძვალეში.

ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ აშოტ I კურაპალატი წმინდანად შერაცხა და ხსენების დღედ 29 იანვარი (ახ. სტილით 11 თებერვალი) დააწესა.

წმ. დინარა I ბაგრატიონი

წმინდა დინარა დედოფალი – კლარჯეთის ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენლის ადარნასე II-ის (†896) ასული და ძლიერი ერისთავთ-ერისთავის გურგენ IV-ის (918-941) და იყო. დინარა დედოფალი იყო ჰერეთის მეფე ადარნასე II ბაგრატუნის (დაახლ. 897/906-943) მეუღლე და ჰერეთის მეფე იშხანიკის (დაახ. 943-960) დედა.

ქართული ისტორიული წყაროს თანახმად, ჰერეთის სამეფოში დედა-შვილის ერთობლივ მმართველობასთანაა დაკავშირებული ჰერთა “მოქცევა”, მოსახლეობის სომხური მონოფიზიტობიდან მართლმადიდებლობაზე.

“მატიანე ქართლისა”-ში აღნიშნულია, რომ “ჰერეთსავე, მეფობამდე იშხანიკისა, პირველნი ყოველნი იყვნეს მწუალებელნი; ხოლო იშხანიკ დისწული იყო გურგენ ერისთავთ-ერისთავისა, და დედამან მისმან მოაქცივნა მართლმადიდებელად, დინარ დედოფალმან”.

ამასვე აღნიშნავს ვახუშტი ბაგრატიონი: “იშხანიკამდე იყო ჰერეთი მწვალებელი… ხოლო ამან დინარ დედოფალმან მოაქცია ჰერეთი სომეხთა წუალებისაგან მართლმადიდებლობის და აღმსაარებლად”.

ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დედოფალი დინარა წმინდანად შერაცხა და ხსენების დღედ 30 ივნისი (ახ. სტილით 13 ივლისი) დააწესა.

წმ. დავით IV ბაგრატიონი

davit_agmashenebeli_დავით IVაღმაშენებელი – ერთიანი საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში. 1089 წელს  გიორგი II-ის 16 წლის ვაჟი დავითი სამეფო ტახტზე ადის. მან მემკვიდრეობით თურქ-სელჩუკებისგან გაპარტახებული და დაქუცმაცებული ქვეყანა ჩაიბარა.

1097 ან 1099 წელს თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოს წარუმატებლობითა და შინააშლილობით ისარგებლა დავით IV-მ და სულთან ბარქიარუქს (1094-1105) ხარკის გადახდა შეუწყვიტა.

დავით IV-ის გაძლიერებით შეშფოთებულმა თურქ-სელჩუკთა სულთანმა ბარქიარუქმა განჯის ათაბაგის წინამძღოლობით საქართველოს წინააღმდეგ ჯარი გაგზავნა. 1104 წელს ერწუხთან ბრძოლაში დავით IV-ის ჯარმა ბრწყინვალე გამარჯვება მტერზე იზეიმა.

მეფემ განიზრახა ეკლესიის სახელმწიფოს გავლენის ქვეშ დაქვემდებარება. ამ მიზნით 1103 წელს მეფე დავით IV-მ მოიწვია საეკლესიო კრება, რომელიც ქართლის ორ საეპისკოპოსო ცენტრის რუისისა და ურბნისის მიდამოებში მიმდინარეობდა და ამიტომაც, რუის-ურბნისის საეკლესიო კრების სახელით არის ცნობილი.

ამას სახელმწიფო მმართველობის სფეროში უმნიშვნელოვანესი რეფორმები მოჰყვა. სამეფო ხელისუფლების გაძლიერების მიზნით დავით IV-მ მწიგნობართუხუცესისა და ჭყონდიდელი ეპისკოპოსის თანამდებობები გააერთიანა და “მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის” ვაზირის თანამდებობა შექმნა, რომელსაც დიდი ძალაუფლება მიანიჭა. დავით IV-ის პირველი მინისტრი მისი აღმზრდელი გიორგი ჭყონდიდელი გახდა, რომელმაც სახელმწიფოს ცენტრალიზაციის საქმეში უდიდესი როლი შეასრულა.

დავით IV აგრძელებს სამხედრო რეფორმების გატარებას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად. მან თავის გარშემო შემოიკრიბა ერთგული მოლაშქრენი და მეფის პირადი გვარდია “მონა-სპა” ჩამოაყალიბა. 1118 წელს ჩრდილო კავკასიის სტეპებიდან ყივჩაღთა 40 ათასი ოჯახი ჩამოასახლა. მათ მეთაურობდა დავით IV-ის სიმამრი ათრაქა შარაღანის ძე, რომლის ასული გურანდუხტი მას ცოლად ჰყავდა. დავითის ლაშქარი უკვე ითვლიდა ყივჩაღთა 40 ათასიან მხედრიონს, მონასპად წოდებულ 5 ათასიან გვარდიას, რომელსაც მეფის პირადი დაცვა ევალებოდა. ამავე წლებში დავით IV-ის ხელისუფლებამ ჩრდილოეთ კავკასიაშიც მკვიდრად მოიკიდა ფეხი.

დავით IV-ის წარმატებებმა მაჰმადიანი ხელისუფალნი შეაშფოთეს. ირანის სელჩუკი მმართველის მუჰამედის ვაჟი მაჰმუდი (1118-1131) მაჰმადიანური კოალიციის ორგანიზატორი გახდა. გაერთიანებული ლაშქრის მხედართმთავრად ჯვაროსნებთან ბრძოლებში მრავალგზის გამარჯვებული ნეჯდ ად-დინ ილღაზი დაინიშნა. 1121 წლის 12 აგვისტოს გადამწყვეტ ბრძოლაში დიდგორის ველზე 300 ათასიანი კოალიციური არმია დავით IV-ის 56 ათასიანმა ლაშქარმა დაამარცხა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. დიდგორის ბრძოლამ ყველას დაანახა,  რომ საქართველო იქცა ამიერკავკასიის და წინა აზიის ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ.

საქართველოს დედაქალაქის თბილისის შემოერთებას ხელს აღარაფერი უშლიდა. ერთი წლის შემდეგ დავით IV-მ თბილისი აიღო და დედაქალაქი ქუთაისიდან აქ გადმოიტანა.

1124 წელს სომხეთის ყოფილ დედაქალაქის ანისის უხუცესობამ დავით IV-ს ქალაქის გათავისუფლება და მისი საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში მიღება სთხოვა. 1124 წლის აგვისტოში სომხური მოსახლეობის მხარდაჭერით დავითმა 60 ათასიანი ლაშქარი შეკრიბა და სამ დღეში ქალაქი აიღო და თავის სამეფოს შემოუერთა.

დაუღალავი და თავდადებული აღმშენებლობითი საქმიანობის გამო, ქართველმა ერმა დავით IV-ს “აღმაშენებელი” უწოდა. საქართველო, მასში მოსახლე სხვადასხვა ეროვნებებითა და განსხვავებული აღმსარებლობის ხალხებით, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოსეთიდან არეგაწამდე, წინა აზიის უძლიერეს სახელმწიფოს წარმოადგენდა.

დავით IV ყველანაირად ცდილობდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის ხაზის გასმას. ვიდრე ტახტის მემკვიდრე იყო, დავით IV სევასტოსისა და პანიპერსევასტოსის ბიზანტიურ ტიტულებს ატარებდა, მაგრამ, როდესაც საქართველოს ერთპიროვნული მმართველი გახდა, უარი თქვა ყველა ბიზანტიურ წოდებაზე, რითაც ბიზანტიის იმპერიისაგან ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობას გაუსვა ხაზი.

დავით IV აღმაშენებელი გამორჩეული პიროვნება იყო. დიდ გამჭრიახობასთან და მტკიცე ნებისყოფასთან ერთად გამოირჩეოდა გოლიათური აღნაგობით და სიმამაცით. ტახტზე ასვლის შემდეგ 16 წლის ჭაბუკი მალე შუასაუკუნეების საქართველოს ყველაზე გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწედ და მხედართმთავრად იქცა. ამავე დროს, მან თავისი დროის შესაფერისი  ფართო განათლება მიიღო. იცოდა რამდენიმე აღმოსავლური ენა, ხოლო თავის რჩეულ ბიბლიოთეკას ლაშქრობების დროსაც თან ატარებდა. მეფე დავით IV-ის კალამს ეკუთვნის ორიგინალური პოეტური ნაწარმოები – “გალობანი სინანულისანი”.

1106 წელს დავით IV-მ საფუძველი ჩაუყარა გელათის მთავარი ტაძრისა და მონასტრის მშენებლობას, რომელიც მის შემდეგ ბაგრატიონთა ერთ-ერთ მთავარ საძვალედ იქცა. დავითის მიერვე დაარსდა გელათის აკადემია.

1125 წლის 24 იანვარს “მზე ქრისტიანობისა” – დავით IV აღმაშენებელი გარდაიცვალა. ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მეფე დავით IV აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა და ხსენების დღედ 26 იანვარი (ახ. სტილით 8 თებერვალი) დააწესა.

წმ. დემეტრე I ბაგრატიონი

ღირსი დამიანე, დემეტრეყოფილი, „შენ ხარ ვენახის“ მთქმელი. 

ღირსი დამიანე იყო წმიდა კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის შვილი. წმიდანი დაახ. 1095 წელს დაიბადა. დემეტრეს აღზრდაზე ერთნაირად ზრუნავდნენ როგორც სასულიერო, ასე საერო და სამხედრო მეცნიერების საუკეთესო წარმომადგენლები, როგორც მემატიანე წერს დემეტრე „სიბრძნით, სიწმინდით, ახოვნებითა და სიმხნევით უმჯობეს იყო ნანისა“.

1125 წელს წმიდა დავით მეფემ სიცოცხლეშივე დასვა სამეფო ტახტზე დემეტრე, „დაადგა გჳრგჳნი მისითა ჴელითა“ და „შეარტყა წელთა ძლიერთა მახჳლი“.

ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის მეფობისას მოიხვეჭა დემეტრემ სახელი და დიდება: 1117 წელს დავითმა იგი შირვანს გაგზავნა სალაშქროდ. ახალგაზრდა სარდალმა „ქმნნა ომნი და ბრძოლანი, რომელ ყოველნი მხედველნი მისნი განაკჳრვნა“, აიღო ქალაძორის ციხე და ურიცხვი ტყვითა და ალაფით დაბრუნდა, ძლევამოსილი.

წმიდა დემეტრე მხნედ შეუდგა მამის მემკვიდრეობისა და საქართველოს საზღვრების დაცვას. დემეტრეს მეფობის დროს აღორძინდა ჰერეთი, სომხითი, ტაშირი, ჯავახეთი, არტაანი და ტაო, რომელნიც მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა თბილისი აიღო და ჰერეთ-კახეთი შემოიერთა, თითქმის უკაცრიელი იყო.

ძლევამოსილი მეფე დემეტრე ვერ გადაურჩა ბოროტის მანქანებას: დავითიანთა კეთილ ძირს მიმსგავსებული, ღვთივდანერგული და ცხებული მეფე შეთქმულებებისა და ღალატის მსხვერპლი გახდა. ჯერ დიდგვაროვნები აუმხედრდნენ, რომლებსაც ტახტზე მისი ნახევარძმის, ვახტანგის (ცუატას) დასმა უნდოდათ. დემეტრემ სწრაფად ჩაახშო ერთიანი საქართველოს ძლიერების საწინააღმდეგოდ მიმართული ამბოხი. შემდეგ საკუთარი ძე – დავითი აუმხედრდა მამას (იხ. დანართი №3). საყვარელი შვილის ღალატით საოცრად გულნატკენმა კეთილმსახურმა მეფემ უმწვავესი ფორმით იგემა ამ სოფლის ამაოება, მონაზვნად აღიკვეცა დამიანეს სახელით და დავით გარეჯის უდაბნოში დაეყუდა. მეფის სურვილის წინააღმდეგ წასვლით მან შელახა ქართული დინასტიური სამართლის წესი, რის გამოც მას დაუპირისპირდა მამის, დემეტრე მეფის მომხრე პოლიტიკური დასი, რის შედეგადაც ის იქნა დამარცხებული ბრძოლაში.

ქვეყნის ინტერესების დასაცავად დემეტრე ენერგიულად ჩაერია სახელმწიფო საქმეებში, დაბრუნდა სამეფო ტახტზე და თანამმართველად თავისი შვილი გიორგი გამოაცხადა.

დავით გარეჯის უდაბნოში აღკვეცილმა მეფემ შთამომავლობას ჰიმნოგრაფიის შესანიშნავი ნიმუშები დაუტოვა. ჩვენამდე მოღწეული იამბიკოებიდან განსაკუთრებით ცნობილია შესხმა ღვთისმშობლისა – „შენ ხარ ვენახი ახლად აყვავებული, მორჩი, კეთილი ედემს შინა ნერგული, ალვა, სუნელი სამოთხეს აღმოსრული, ღმერთმან შეგამკო, ვერვინა გჯობს ქებული, თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული“. ანტონ კათოლიკოსის თქმით, დემეტრე იყო „გამომთქმელი სტიხთა მაღალ შაირთა, რომელნიც დღესაც ჩანან აღწერილად“. იოანე ბატონიშვილი კი წერს, რომ „ის იყო მშვენიერი რიტორი, პიიტიკოსი და შემთხზველი უცხოთ შაირთა, რომელმანც მრავალნი სწავლანი გამოთქვა“.

კეთილმსახური მეფისა და წმიდა დამიანეს ფრესკა მაცხვარიშის (ლატალი) ეკლესიის მხატვრობამ შემოგვინახა.

ღრმა სულიერებისა და მტკიცე ქრისტიანული რწმენის მქონე დემეტრე-დამიანემ დაასრულა და აკურთხა დიდი დავითის დაწყებული გელათის ტაძარი. მეფეყოფილი წმიდა დამიანე გარდაიცვალა ბელტის ციხეში (+1157), დაასაფლავეს გელათის მონასტერში.

ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მეფე დემეტრე I წმინდანად შერაცხა და ხსენების დღედ 5 ივნისი (ახ. სტილით 23 მაისი) დააწესა.

წმ. თამარ ბაგრატიონი

მეფეთ-მეფე თამარი – ერთიანი საქართველოს მეფე 1184-1213 წლებში. მეფე გიორგი III-ის უფროსი ასული. 1184 წელს თამარი აკურთხეს მეფედ. მეფედ კურთხევის ცერემონიაზე მას სიმბოლურად ხმალი შემოარტყეს.

1185 წელს სახელმწიფო დარბაზის მოთხოვნით თამარი დაქორწინდა ვლადიმირის დიდი მთავრის ანდრია ბოგოლუბსკის ვაჟზე – იურიზე (გიორგი რუსზე).  გიორგი რუსი თამარის თანამოსაყდრე (მეუღლე კონსორტი) იყო.

მათი შეუღლება უიღბლო აღმოჩნდა გიორგი რუსის უღირსი საქციელების გამო. თამარმა მასთან კავშირი გაწყვიტა და გიორგი რუსი კონსტანტინოპოლში გაუშვეს. 1189 წელს თამარს მოსაყდრედ (მეუღლე-კონსორტად) შეურჩიეს ბაგრატიონთა საგვარეულოს გვერდითი (ოსური) შტოს წარმომადგენელი, დავით სოსლანი.

1195 წელს აზერბაიჯანის ათაბაგი აბუ ბექრი (1195-1210) შირვანში შეიჭრა. შირვანის შაჰმა აღსართანმა თამარ მეფეს დახმარება სთხოვა. 1195 წლის 16 ივნისს შამქორთან ბრძოლაში ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწიეს.

ქართველთა ლაშქარმა მალე განჯა აიღო, რის შემდეგ თამარმა ლაშქარი სომხეთში მაჰმადიანი ამირების წინააღმდეგ გაგზავნა. 1196 წელს ამბერდის ციხესთან ერთად გელაქუნის რეგიონი გაათავისუფლეს, 1199 წელს – ანისი, 1201 წელს – ბიჯნისი, 1203 წელს ქალაქი დვინი; ამავე დროს, ქართულმა ჯარმა ძლევამოსილი ლაშქრობები განახორციელა ჭოროხის ზედა წელსა და ბასიანში.

1202 წელს საქართველოს სამეფოს სიძლიერით შეშფოთებულმა ახლო აღმოსავლეთის მაჰმადიანმა ხელისუფლებმა რუმის სულთნის რუქნ-ად-დინის (1196-1204) მეთაურობით 400 ათასიანი კოალიციური ლაშქარი შეკრიბა, რომელიც ბასიანში დაბანაკდა. საქართველოს ყველა კუთხიდან დაუყონებლივ შეკრებილმა ლაშქარმა თავი ჯავახეთში მოიყარა. ქართული ჯარის, გორგასლიან-დავითიანი დროშისა და დავით სოსლანის დასალოცად თამარი ვარძიაში მიბრძანდა და ვარძიის ღვთისმშობელს შეევედრა. ვარძიის მონასტრიდან მოყოლებული ლაშქრის წინ მთელი დღე ფეხშიშველმა იარა. 90 ათასიანი ქართული ჯარი ბასიანს მიადგა. 1202 წლის 27 ივლის ბასიანის ველზე მომხდარ ბრძოლაში ქართულმა ჯარმა უდიდესი გამარჯვება მოიპოვა.

1204 წელს საქართველოში სამხრეთიდან მომავალი ერთ-ერთი მაგისტრალური გზის მთავარი ქალაქი ყარსი (კარი) თამარმა თავის სამეფოს შემოუერთა. 1204 წელს თამარის დახმარებით ტრაპიზონის იმპერია დაარსდა, რომელიც საქართველოზე ვასალურად იყო დამოკიდებული. ტრაპიზონის ტახტზე თამარმა თავისი ნათესავი ალექსი კომნენოსი (1204-1222) აიყვანა.

1206 წელს მეფეთ-მეფე თამარის თანამოსაყდრე (მეუღლე-კონსორტი) დავით სოსლანი გარდაიცვალა.

1208-1209 წლებში საქართველოს სამეფოს ვასალებად თავი სცნეს ხლათის, არჭეშის და არდებილის სულთნებმა. 1210 წელს ამირსპასალარ ზაქარია მხარგრძელის მეთაურობით ქართულმა ჯარმა ირანში ილაშქრა და ქალაქები მარანდი, თავრიზი, მიანა, ზენჯანი და ყაზვინი ერთიმეორის მიყოლებით აიღეს.

თამარის მეფობის ბოლო პერიოდში საქართველოს სამეფოში შემოდიოდა: სომხეთი, შირვანი, ჩრდილო კავკასია, სამხრეთ აზერბაიჯანი; ამის გარდა, მისი გავლენის სფეროში იყო: ტრაპიზონის სამეფო, არზრუმისა და ერზინჯანის საამიროები, ხლათის, განჯისა და ადარბადაგანის სასულთნოები. საქართველო წინა აზიის უძლიერესი სახელმწიფო გახდა. თამარმა კიდევ უფრო გააფართოვა დიდი ბაბუის დავით აღმაშენებლის დროინდელი საქართველო.

თამარის მეფობის დროს დასრულდა გრანდიოზული ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა. ამავე ხანებში აშენდა ბეთანიის, ბერთუბნის და სხვა მრავალი ეკლესია. თამარ მეფის დროს შეიქმნა შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა “ვეფხისტყაოსანი”. თამარის სახელი სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. 1213 წლის 25 იანვარს სახელგანთქული თამარი გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს გელათში, ანდრია პირველწოდებულის ექვტერში. ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ თამარ მეფე წმინდანად შერაცხა და ხსენების დღედ 1 მაისს (ახ. სტილით 14 მაისს) დააწესა.

წმ. დემეტრე II ბაგრატიონი

13404611329160დემეტრე II თავდადებული – ერთიანი საქართველოს მეფე 1270-1289 წლებში. მეფე დავით VII ულუს და გვანცა დედოფალის ვაჟი. თავისი უფროსი ძმის გიორგის გარდაცვალების შემდეგ დემეტრე ტახტის მემკვიდრე გახდა, ხოლო 1270 წლიდან, მამის გარდაცვალების გამო, აბაგა ყაენის (1265-1282) მიერ საქართველოს ერთპიროვნულ მმართველად გამოცხადდა.

საქართველო იმ დროს იძულებული იყო მონაწილეობა მიეღო ყაენთა მიერ ეგვიპტის სასულთნოს წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში.

1281 წელს სირიაში ჰიმსთან ბრძოლაში მონღოლები დამარცხდნენ, ხოლო დემეტრე II სასწაულებრივ გადაურჩა სიკვდილს.

1282 წელს ყაენ აბაღას (1265-1282) სიკვდილის შემდეგ ტახტზე მისი ძმა აჰმედი (1282-1284) ავიდა, რომელმაც მაჰმადიანობა მიიღო. მალე ის ტახტიდან აბაღას ვაჟმა არღუნმა (1284-1291) ჩამოაგდო. აჰმედი ძალაუფლების დაბრუნებას შეეცადა, ჯარებს თავი მოუყარა და დემეტრე II-ს დასახმარებლად მოუწოდა. გაერთიანებულმა ლაშქარმა მართალია გაიმარჯვა, მაგრამ არღუნმა კვლავ ჩამოაგდო აჰმედი და ძალაუფლება საბოლოოდ იგდო ხელთ.

არღუნის მმართველობის დროს დემეტრე II-ის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ის არღუნის პირველ ვეზირ ბუღასთან მეგობრობდა, რომლის შვილს თავისი ასული რუსუდანი მიათხოვა. ყაენის სასახლეში ბუღა მხარს უჭერდა საქართველოს მეფეს.

მაგრამ სულ მალე ვითარება შეიცვალა. 1288 წელს არღუნ ყაენის წინააღმდეგ შეთქმულება გაიხსნა. მასში ეჭვმიტანილი ბუღა და მისი შვილი სიკვდილით დასაჯეს. ყაენმა ბუღას ყველა ნათესავი და მომხრე მოსპი. არღუნმა ბუღასთან საქართველოს მეფის სიახლოვე კარგად უწყოდა, ამიტომ დემეტრე II საქართველოდან გამოიძახა.

დემეტრე II-მ დარბაზი მოიწვია. მისმა წევრებმა მეფეს ოჯახითურთ მთებში შეხიზვნა ურჩიეს, მაგრამ მან ეს წინადადება უარყო. მეფე დემეტრე II-მ შესანიშნავად იცოდა, რომ ყაენთან არ გამოცხადებას ქვეყნისთვის დამსჯელი ლაშქრის გამოგზავნა მოჰყვებოდა. თავისი მრავალრიცხოვანი ოჯახის წევრები დემეტრე II-მ ყაენის შურისძიების შიშით სხვადასხვა კუთხეებში გახიზნა, თვითონ კი მონღოლთა ყაენთან გაემართა. მან კარგად იცოდა, რომ უკან ცოცხალი ვეღარ დაბრუნდებოდა.

1289 წლის 12 მარტს მეფე დემეტრე II-ეს თავი მოჰკვეთეს. ქართველმა ხალხმა მას დემეტრე II თავდადებული უწოდა.

ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მეფე დემეტრე II თავდადებული წმინდანად შერაცხა და ხსენების დღედ 12 მარტს (ახ. სტილით 25 მარტს) დააწესა.

წმ. ვახტანგ III ბაგრატიონი

vaxtang3ვახტანგ III – ერთიანი საქართველოს მეფე 1298-1308 წლებში. საქართველოს მეფის, დემეტრე II თავდადებულისა და თეოდორა (კომნენის) დედოფლის მეორე ვაჟი. უფროსი ძმის დავით VIII-ის გამეფების შემდეგ ვახტანგ ბატონიშვილი მისი საიმედო მოკავშირე გახდა.

დავით მეფემ ვერ შეძლო ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, მან ნდობა დაკარგა, როგორც დამპყრობლების, ასევე საკუთარი ხალხის წინაშე და საშინელმა ეჭვებმა მეიპყრო. დავითი, საკუთარი ძმის, წმიდა ვახტანგის ერთგულებაშიც არ იყო დარწმუნებული, მისი ბრძანებით შეიპყრეს წმიდა ვახტანგი და დილეგში ჩააგდეს.

ვახტანგმა მოახერხა ციხიდან გაქცევა, „გამოიპარა და მივიდა ივანე ბარსელისასა“, რომელიც, დავით მეფის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა და შესჩივლა: თუმცა ჩემი ძმისათვის „არარაბოროტი მიქმნიეს“, მაგრამ მაინც დამაპატიმრა, ახლაც გამოქცეული, „არა წავალ ურდოსა მტერთა მისთანა“. ამიტომ, ჩემ ძმას, მეფეს, „ჩემი შენსა მოსლვა“ აცნობე და მიშუამდგომლე, რომ „თუ ფიცით შემაჯერებს“, რომ „არა მავნოს და არა შემიპყრას“, ისევ მასთან მივალ და საცხოვრებლად „მცირე სარჩონიცა მომცეს“-ო.

დავით მეფემ „ფიცით მოიმტკიცა“ ვახტაგი, მაგრამ მათ შორის თანხმობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ვახტანგის ქორწინების შემდეგ, როდესაც „შაბერის ძის ასული შეირთო ვახტანგ ცოლად“, დავითის დამოკიდებულება ვახტანგთან ისევ გამწვავდა. კვლავ დაიწყო ვახტანგის „უპატიოდ ყოფა“ და იმატა ხალხის მღელვარებამ დავით მეფის პოლიტიკის გამო. ვახტანგი იძულებული გახდა და „წარვიდა ურდოს ყაინის თანა“.

ყაინმა „კეთილად შეიწყნარა“ ვახტანგი და „მოსცა მეფობა“, მაგრამ, მაშინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, მარტო მეფობის მიცემა არაფერს ნიშნავდა: ტფილისში მისი უმცროსი ძმა, მცირეწლოვანი გიორგი უფლისწული იჯდა (გიორგი ბრწყინვალე), ხოლო მთელ ჩრდილო მთიანეთში დავით VIII ბატონობდა. ვახტანგის მეფედ დასასმელად სამხედრო ძალა იყო საჭირო და ყაზან ყაინმა ვახტანგ III-ს „წარმოატანა ხუტლუშა ნოინი სპითა უძლიერესითა“.

1302 წელს „დაჯდა რა მეფედ ვახტანგ, ძე დიმიტრისა, მას მოსცეს ყოველი საქართველო“. გაიხარა ყოველმა ქართველმა, „რამეთუ იყო ვახტანგ ყოვლითა სრულ, სარწმუნოებით მტკიცე, ღმრთისმოშიშ, სამღდელოთა პატივისმცემელ, ეკლესიათა პატივისმდებელ, მშვიდ და მდაბალ, მყუდრო, მოწყალე, უშფოთველ, ყოვლითა კეთილითა სრულ და არავის მოშურნე“.

1299-1300 წლებში ყაზან ყაენმა ეგვიპტის სულთანი ნასირ ად-დინ მუჰამადი (1299-1309) დაამარცხა, ალეპო, დამასკო და სირიის სხვა ქალაქები დაიკავა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ვახტანგ III-ის ლაშქარმა შეიტანა. 1300 წელს იერუსალიმის დაკავების შემდეგ ყაზან ყაენმა მეფე ვახტანგი 1300-1305 წლებში იერუსალიმის მმართველად დანიშნა, რის შედეგადაც მეფემ იზრუნა იერუსალიმში არსებულ ქართული სავანეების აღდგენასა და აყვავებაზე. ამ პერიოდში წმინდა ქალაქი ქართველების ხელში იმყოფებოდა. 

მონღოლთა ერთ-ერთი მორიგი ლაშქრობის დროს, გილანში, სადაც ჩვეულებრივ ქართველებიც მონაწილოებდნენ, მონღოლები დამარცხდნენ. ბრძოლაში დაიჭრა თვით მეფე ვახტანგიც და უამრავი ქართველი შეეწირა ამ ბრძოლას.

ლაშქრობიდან სამშობლოში მობრუნებულ ვახტანგ მესამეს, ნახჭევანთან წამოეწია ყაენის მიერ საქართველოში წარმოგზავნილი მონღოლთა ნოინი. მას ჰქონდა ყაენის ბრძანება, რათა დაენგრიათ აეოხრებინათ და აღეგავათ საქართველოს წმიდა სავანეები. ასევე მათი მოთხოვნით, ქართველებს უნდა დაეტევებინათ ქრისტიანობა და მუსულმანობა მიეღოთ. „ხოლო მეფე ვახტანგ არა შეშინდა, არამედ განახმდა, და უმეტეს მოახსენებდა სიმხნეთა და ღუაწლთა ქრისტეს ღმრთისათვის, და რქუა სპათა თვისთა: “…ყაენო, მე ვარ მეფე ქართველთა, და ყოველნი მთავარნი საქართველოსნი შენს წინაშე არიან, და მე მზად ვარ სიკუდილად სჯულისათვის ქრისტეანობისა, და მერმე ესე ყოველნი მყოფნი ქრისტეანენ, აჰა თავნი ჩვენნი წარგკვეთნენ“ და წარუპყრაცა ქედი“.

ვახუშტი ბატონიშვილი ასე გადმოგვცემს მეფე ვახტანგის მოწამეობრივ სიკვდილს: “…ამისთვის მოკლა ყაენმა ქრისტესათვის ტანჯვითა მეფე ვახტანგ ტანჯვითა ანუ ექსორია-ყო სპითურთ და მუნ მოკლა“. მეფე დმანისის ღვთისმშობლის ტაძარში დაკრძალეს.

ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მეფე ვახტანგ III წმინდანად შერაცხა და ხსენების დღედ 10 დეკემბერს (ახ. სტილით 23 დეკემბერს) დააწესა.

წმ. ქეთევან ბაგრატიონი

წმინდა ქეთევან დედოფალი იყო კახეთის მეფე დავით I ბაგრატიონის (1601-1602) მეუღლე და მეფე თეიმურაზ I-ის (1606-1663) დედა. იგი ბაგრატიონთა გვერდითი შტოს წარმომადგენლის თავადი აშოთან მუხრანბატონის ასული იყო. 

1602 წლის 21 ოქტომბერს მეფე დავით I მოულოდნელად გარდაიცვალა. შვილის სიკვდილის შემდეგ კახეთის ტახტზე კვლავ მამა – ალექსანდრე II დაბრუმდა.

შაჰ-აბასმა, როგორც კი დავითის სიკვდილი და ალექსანდრეს დაბრუნება შეიტყო, თავის კარზე აღზრდილ გამაჰმადიანებულ კონსტანტინე-მირზას უბრძანა, წასულიყო კახეთში, მოეკლა მოხუცებული მამა, მოეკლა ღვიძლი ძმა გიორგი და თვითონ ასულიყო კახეთის სამეფო ტახტზე.

გამხეცებულმა კონსტანტინე-მირზამ შეასრულა ბრძანება, შემდეგ მამისა და ძმის მოკვეთილი თავები, ვითარცა ძვირფასი ძღვენი, „მამობილს“ გაუგზავნა, მათი გვამები კი აქლემს აჰკიდა და ალავერდს გააგზავნა დასამარხად. ქეთევანმა პატივით დაკრძალა მამამთილისა და მაზლის ცხედრები.

სისხლში გასვრილმა კონსტანტინემ ქეთევანს ცოლობა სთხოვა: „შეგირთავ ცოლად და შენც მორჩილ მექმენ, რამეთუ ესრეთ არს წესი და ჩვეულება სჯულად მაჰმადისაო“.

კონსტანტინემ თავი კახეთის მეფედ გამოაცხადა, მაგრამ თავადების უმრავლესობამ ის არ სცნო. მალე კახეთში ქეთევან დედოფლის მეთაურობით აჯანყებამ იფეთქა. კახელები მამისმკვლელი მაჰმადიანი მეფის კონსტანტინე I-ის წინააღმდეგ გამოვიდნენ. მათ დასახმარებლად ქართლის მეფის გიორგი X-ის ჯარიც მოვიდა. 1605 წლის 22 ოქტომბერს მდინარე ბელაქანთან ბრძოლაში მეფე კონსტანტინე I მოკლეს. კახეთის სამეფოს მმართველობა გადავიდა ქეთევან დედოფლის ხელში.

1606 წელს შაჰ აბას I იძულებული გახდა კახეთის ტახტზე დავით I-ის და ქეთევან დედოფლის შვილი – ქრისტიანი ბატონიშვილი თეიმურაზი დაემტკიცებინა.

დრო გადიოდა, ქართველი მეფეები ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში მოკავშირედ ქრისტიანულ რუსეთს მიიჩნევდნენ და აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. 1614 წელს დაუმორჩილებელი ქართველი მეფეების წინააღმდეგ შაჰ-აბასი უზარმაზარი ლაშქრით წამოვიდა. ყარაბაღში მოსულმა შაჰმა თეიმურაზ I-გან ერთგულების დასამტკიცებლად მძევლების გაგზავნა მოსთხოვა. თეიმურაზ I იძულებული გახდა შაჰისათვის ჯერ დედა – ქეთევან დედოფალი, ხოლო შემდეგ თავისი შვილები – ლევანი და ალექსანდრე გაეგზავნა.

შირაზს გადასახლებიდან ხუთი წლის შემდეგ შაჰმა ქეთევანს ჩამოაშორა თეიმურაზის ძენი, ისპაჰანს წაიყვანა და დაასაჭურისა. ალექსანდრემ ტანჯვას ვერ გაუძლო და გარდაიცვალა, ხოლო ლევანი შეიშალა. სამშობლოს ხვედრით შეძრწუნებული წმიდა დედოფალი, რომელმაც შვილიშვილების უბედურება არ იცოდა, შირაზის მმართველ, გათათრებულ ქართველ, იმამ-ყული-ხან უნდილაძის სასახლეში ცხოვრობდა.

ათი წელი იტანჯებოდა დედოფალი „საპატიო“ ტყვეობაში. მარხვით, ლოცვით, ქვაზე წოლით გაილია დედოფლის სხეული. ხედავდა გულმრისხანე შაჰი, რომ „უდრეკ იყო დედოფალი“, ისევ წმიდა სამებას სასოებდა კახეთის მანათობელი ვარსკვლავი, ჯვარცმულ მაცხოვარს ავედრებდა თავის ჯვარცმულ ქვეყანას. უსჯულო აბასმა გადაწყვიტა, რჯული გამოეცვლევინებინა ქეთევანისათვის. მისი უზნეობა და თავხედობა იქამდეც მივიდა, რომ ცოლობა სთხოვა ზნესრულ დედოფალს და ეს მოხდა სწორედ იმ დღეს, როცა წმიდანმა თავისი შვილიშვილების ბედი შეიტყო. წმიდა ქეთევანი წამებისთვის განემზადა: „მეუფეო ქრისტე, სიტყუაო ღვთისაო, არა შუენოდა მხევლისა შენისად უარის ყოფაჲ შენი, ნუ მიმცემ ეშმაკსა მხევალსა შენსა“.

ხალხით გაჭედილ მოედანზე გაიყვანეს ქართველთა სათაყვანებელი დედოფალი, რომელსაც მგლოვიარე ქართველები მიაცილებდნენ. ჯალათებმა მოამზადეს სპილენძის ქვაბები, დაანთეს ცეცხლი, შეაწყვეს შიგ შანთები გასახურებლად და სადღესასწაულოდ შემოსილი დედოფალი კოცონის წინ დააყენეს. მხოლოდ ერთი რამ ითხოვა წმიდა მოწამემ: „დედის ნაშობნი ხართ თქვენც, ნუ შეურაცხმყოფთ სიშიშვლით“. უსჯულოებმა ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს  ქართველთა წმიდა დედოფალი. წმიდა სულმა დატოვა ნაგვემი სხეული. გამძვინვარებულმა ჯალათებმა ნადირთა სათრევად დააგდეს წმიდა დედოფლის გვამი, მაგრამ ღმერთმა მოავლინა სასწაული – წმიდანის ნეშტს ნათელი დაადგა.

წამების მხილველმა ფრანგებმა წმიდა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს, საკმევლით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და კათოლიკურ მონასტერში დაასვენეს, რამდენიმე ხნის შემდეგ კი კახეთის მეფეს, თეიმურაზს გამოუგზავნეს თავისი წმიდა დედის თავი მკლავთან და სხვა ნაწილებთან ერთად, რომლებიც ალავერდის მონასტერში ინახებოდა და 1723 წელს დაიკარგა.

ქართულმა მართლმადიდებლურმა და კათოლიკურმა ეკლესიამ ქეთევან დედოფალი წმინდანად შერაცხა. ხსენების დღედ ქართულმა ეკლესიამ 13 ოქტომბერი (ახ. სტილით 26 ოქტომბერი) დააწესა.

წმ. ლუარსაბ II ბაგრატიონი

luarsab meore 2ლუარსაბ II – ქართლის მეფე 1606-1615 წლებში. ლუარსაბი მეფე გიორგი X-ის და გიორგი ლიპარტელიანის ასულის – დედოფალ თამარის ვაჟი იყო. 1606 წელს გიორგი X-ის გარდაცვალების შემდეგ, სამეფო ტახტზე თოთხმეტი წლის ლუარსაბი ავიდა. იმავე წელს იმერეთში გიორგი III, კახეთში კი – თეიმურაზ I აკურთხეს მეფედ. 

ცბიერებით ცნობილი სპარსეთის შაჰი ყოველგვარ ინტრიგას აწყობდა საქართველოს წინააღმეგ: მან ჯერ ლუარსაბის და, ლელა (თინათინი) შეირთო, შემდეგ კი თეიმურაზსაც „დაუმოყვრდა“ – მისი ულამაზესი და, ელენეც მოიყვანა ცოლად. შაჰმა წმიდა ლუარსაბ მეფეს თეიმურაზის მოკვლა და კახეთის სამეფო შესთვაზა, თეიმურაზს კი ლუარსაბის მოკვლის საფასურად ქართლის სამეფოს დაჰპირდა.

მიხვდნენ ქართველი მეფენი შაჰის მზაკვრობას. ღვთის შეწევნით, ამჯერად გადარჩა საქართველო ძმათა კვლის საშინელებას.

შეაშინა შაჰი ქართველთა ერთობამ, ვითომ სანადიროდ და დროის სატარებლად თავისთან მიიწვია ლუარსაბი და თეიმურაზი. მეფეებმა მოითათბირეს და ბრძოლა გადაწყვიტეს, ნარეკვავის მინდორზე ფიცით აღუთქვეს ერთმანეთს წინაშე „ქრისტეს ღმრთისა დადებად სულნი და სიკვდილი ქრისტესთვის“. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ ქართველების გამარჯვებაში, მაგრამ ღალატის გამო დამარცხდნენ და თავი იმერეთის მეფე გიორგი III-თან შეაფარეს.

შაჰ-აბასმა საშინლად ააოხრა ქართლ-კახეთი და გორში დაბანაკდა. აქედან შეუთვალა გიორგი მეფეს, გაეცა სტუმრები და სანაცვლოდ დიდძალ საგანძურს დაჰპირდა. გიორგი III შორს დაიჭირა ვერაგი შაჰის პირობა, კათოლიკოსი მალაქია და პაატა აბაშიძე აახლა ყეენს, მათი პირით პატიება სთხოვა და შეუთვალა: „გევედრებით, რეცა პატივსგვცე და მისცე მეფეთა სამეფონი თჳსნი და იმსახურენ მათ, ვითარცა პირველ მამათა შენთა და თქუენ წარხვიდეთ“. როცა შაჰ-აბასმა ნახა, რომ ძალით ვერას გახდებოდა, ცბიერებას მიმართა: დაიბარა ლუარსაბის გამზრდელი შადიამან ბარათაშვილი და სთხოვა, მომიყვანე ლუარსაბი, არაფერს დავუშავებ, თეიმურაზი კი მოსისხლე მტერია ჩემი, მას ვერ ვაპატიებო. თან ოქროთი მოოჭვილი ხმალი გაატანა ლუარსაბთან მეგობრობისა და თანადგომის ნიშნად.

ლუარსაბმა კარგად იცოდა შაჰის „მეგობრობა“, მაგრამ მეფურმა სინდისმა სხვანაირად გადაწყვიტა – „უკუეთუ არა წარვიდე, ამიყრის ქუეყანათა და მოაოჴრებს, რა მადლი არს ჩემდა“.

შაჰ-აბასმა ლიქნით და პატივით მიიღო მეფე, მეგობრულად მოექცა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ქართლში ახალი მმართველი დანიშნა და ჯარებიც ჩააყენა. ლუარსაბი ჯერ ყარაიაში წაიყვანა, ვითომცდა სანადიროდ, იქიდან კი – სპარსეთში.

ყარაიაში ყოფნისას ლუარსაბმა ყველა განაცვიფრა ახოვანებით და ვაჟკაცობით. მისი ნანადირევის ხილვამ შურით აღავსო შაჰი. ლუარსაბის დამ, თინათინმა, რომელიც ყაენის ცოლი იყო, სთხოვა თავის ლამაზ და ჩინებულ ძმას, უბადრუკად მოეჩვენებინა თავი შურით აგზებული აბასისათვის, მაგრამ მეფემ სევდიანად გაიღიმა და თქვა: „უწყი, რამეთუ არღარა განმიტევებს, ამისთჳს უმჯობეს არს სიკეთისა ჩუენება, ვიდრე სიავისა“. დიდმარხვის დროს შაჰის ნადიმზე ლუარსაბმა შემოთავაზებული თევზი არ ჭამა, დღეს თევზით გინდა გავტეხო მარხვა, ხვალ ხორცს შემომთავაზებ, შემდეგ კი ქრისტეს უარყოფასაც მომთხოვო – გაამჟღავნა მან შაჰის დაფარული განზრახვა. სიბრაზისაგან გაცოფებულმა შაჰმა პირდაპირ ქრისტეს უარყოფა და ალაჰის აღიარება უბრძანა მეფეს. მთელი ქვეყანა რომ მიბოძო, მაინც ვერ აღვასრულებ შენს ბრძანებას, რადგან ქრისტეს სახელით ნათელი მიმიღია და მხოლოდ ის მწამსო, – მხნედ უპასუხა წმიდა ლუარსაბმა.

ყაენმა უკანასკნელად შეუთვალა ქართველთა მეფეს: „ანუ უარჰყავ ქრისტეჲ, ანუ თანა-გაძს სიკუდილი მძჳნვარეჲ“. ლუარსაბმა კი, რომელსაც პატიმრობის შვიდი წელი ლოცვასა და მარხვაში გაეტარებინა, „ბოროტთაგან შეურყეველმან და მომლოდინემან ნეტარისა მის სასოებისა და გამოჩინებისა დიდებისა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტეჲსა“, ამჯერად დუმილით განაცხადა თანხმობა მოწამეობრივ აღსასრულზე.

შაჰი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ვერაფერი შეარყევდა ლუარსაბის სარწმუნოებას, განრისხებულმა საპყრობილეში გაგზავნა ჯალათები და მეფის წამებით მოკვდინება ბრძანა.

მტარვალები მივიდნენ ბრძანების აღსასრულებლად. მეფე მიხვდა, რომ დამდგარიყო ჟამი მისი განსვლისა ამიერ სოფლიდან და ჯალათებს უთხრა: „მაცალეთ, რათა ვილოცო უფლისა მიმართ და მერე აღასრულეთ ბრძნებული მის უსჯულოისა“. წმიდა ლუარსაბმა ღვთისმშობლის ხატის წინაშე დაიჩოქა და მხურვალედ შეჰღაღადა: „ჰოი, დედოფალო ჩვენო ღმრთისმშობელო, შენდამი დამიძს ყოველი სასოებაჲ ცხოვრებისა ჩემისა, შენ ხარ მფარველი ჩემი, შენ ხარ ნუგეშინისმცემელი ჩემი, შენ მომეც მე შეწევნაჲ ღუაწლისა ამის ჩემისა, შენ მიოხე წინაშე ძისა შენისა და შემრთე წმიდათა მოწამეთა თანა, რათა მეცა ვადიდებდე მამასა და ძესა და წმიდასა სულსა“.

ლოცვის დამთავრებისთანავე ჯალათები დილეგში შევიდნენ და მშვილდის საბლით შეუბრალებლად მოაშთვეს ღვთისმოსავი მეფე. ღამით წმიდა მოწამის დაუფლველ გვამს საკვირველი ნათელი დაადგა. მეორე დღეს წმიდა მოწამის სხეული ციხის ეზოში დაფლეს. ეს მოხდა 1622 წელს.

ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მეფე ლუარსაბ II წმინდანად შერაცხა და ხსენების დღედ 21 ივნისი (ახ. სტილით 4 ივლისი) დააწესა.

წმ. სოლომონ II ბაგრატიონი

SOLOMON II..სოლომონ II – იმერეთის მეფე 1789-1810 წლებში. ბატონიშვილი დავითი (სოლომონ II) იყო არჩილისა და ელენე ბატონიშვილების ვაჟი. მამის მხრიდან მეფე სოლომონ I-ის ძმიშვილი, ხოლო დედის მხრიდან ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ის შვილიშვილი. მან ბავშვობა და სიჭაბუკე თავისი პაპის, ერეკლე II-ის სასახლეში გაატარა.

იმერეთში, სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ უნდა განხორციელებულიყო ერეკლე II-სა და სოლომონ I-ს შორის არსებული შეთანხმება, კერძოდ იმერეთის სამეფო ტახტზე უნდა ასულიყო ერეკლე მეფის შვილიშვილი – დავით არჩილის ძე (სოლომონ II).  მისი მცირეწლოვნობის გამო, 1784 წელს, იმერეთის დიდებულებმა ერეკლე II-სთან შეთანხმებით, იმერეთის სამეფო ტახტზე დროებით აიყვანეს დავით გიორგის ძე, შემდგომში იმერეთის მეფე დავით II. დავით ბატონიშვილის სრულწლოვანების მიღწევისას, დავით II მაინც არ თმობდა ტახტს, ამიტომ ახალგაზრდა ბატონიშვილმა თავისი ბაბუის, ერეკლე II-ის დახმარებით, 1789 წელს, დავით II ტახტიდან ჩამოაგდო და თავად გამეფდა სოლომონ II-ის სახელით. ტახტზე ასვლიდან 6 თვეში, სოლომონ II ხელს აწერს 1790 წლის ”ივერიელთა ტრაქტატს” (იხ. დანართი №8).

1795 წელს სოლომონ II ორიათასიანი ლაშქრით თავისი პაპის ერეკლე II-ის დასახმარებლად აღმოსავლეთ საქართველოში გადავიდა და აღა-მაჰმად-ხანის (1794-1797) წინააღმდეგ კრწანისის ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა.

1801 წელს რუსეთმა ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა და იმპერიას შეუერთა. ამ აქტით დაიწყო მთელი საქართველოს რუსეთის ფარგლებში ანექსიის პროცესი. აღმოსავლეთ საქართველოში დამკვიდრების შემდეგ რუსეთმა დასავლეთ საქართველოს მიმართ თურქეთის პოზიციები არაფრად ჩააგდო და აქ საბოლოო გაბატონება განიზრახა. იმერეთის სამეფოს საქმეებში ჩარევის საბაბად იქცა დავით II-ის ქვრივის, დედოფალ ანას ჩივილი იმის შესახებ, რომ მუხურის ციხეში სოლომონ II-ის მიერ დაკავებული იყო მისი ვაჟი კონსტანტინე ბატონიშვილი. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა (1801-1825) იმერეთში განსაკუთრებული ელჩი გამოგზავნა წერილთან ერთად, რომელშიც მეფე სოლომონ II-ს კონსტანტინე ბატონიშვილის განთავისუფლებას სთხოვდა. მეფე სოლომონ II-მ უარით უპასუხა, რადგანაც ეშინოდა, რომ რუსეთი ბატონიშვილს მის წინააღმდეგ გამოიყენებდა. რუსეთმა სოლომონ II-ს იმერეთში მყოფ ერეკლე II-ის შვილებთან იულონთან და ფარნაოზთან კავშირში დაადანაშაულა, რომლებიც აღმოსავლეთ საქართველოდან რუსეთის ჯარების განდევნას და იქ ბაგრატიონთა დინასტიის აღდგენას აპირებდნენ. მეფე სოლომონ II-მ ძლიერ მეზობელთან ურთიერთობების საბოლოო გაფუჭებას მოერიდა და კონსტანტინე ბატონიშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

მეფე სოლომონ II-ს კარგად ესმოდა, რომ რუსეთის მომდევნო ნაბიჯი იმერეთის სამეფოს გაუქმება იქნებოდა, ამიტომ გადაწყვიტა დასავლეთ საქართველოში თავისი პოზიციები განემტკიცებინა. ამ მიზნით ჯერ კიდევ 1802 წელს, მოღალატე სამეგრელოს მთავრის გრიგოლ დადიანის წინააღმდეგ გაილაშქრა და მისი სამფლობელო თითქმის მთლიანად დაიმორჩილა. დადიანმა რუსეთს მიმართა თხოვნით, რათა სამეგრელოს სამთავრო თავისი მფარველობის ქვეშ მიეღო.

1803 წლის 14 დეკემბერს სამეგრელო რუსეთის იმპერიის მფარველობაში შევიდა. ეს აქტი სოლომონ II-ის წინააღმდეგაც იქნა მიმართული. სოლომონ II იძულებული გახდა რუსეთის იმპერატორისათვის იმერეთის სამეფოს იმპერიის მფარველობის ქვეშ მიღების შესახებ თხოვნით მიემართა, რაც 1804 წლის 25 აპრილს გაფორმდა კიდეც. ამ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა სოფელ ელაზნაურში.

1810 წელს სოლომონ II რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელებმა საქართველოში დააპატიმრეს, თბილისში გადმოიყვანეს და ციხეში ჩაამწყვდიეს. 1810 წლის 11 მაისს მეფე სოლომონ II ციხიდან ახალციხეში გაიქცა, საიდანაც იმერეთში ჩავიდა და მოსახლეობას რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებისკენ მოუწოდებდა. იმავე წლის ზაფხულში იგი სათავეში ჩაუდგა აჯანყებას, რომელიც შემოდგომაზე ჩაახშეს. სოლომონ II ახალციხის გავლით თურქეთში, ტრაპიზონში გადავიდა, სადაც დედაქალაქის გუბერნატორის, ქართველი მაჰმადიანის ოსმალ-ფაშა ხეზინდარაშვილის მიერ დიდი პატივით იქნა მიღებული. ტრაპიზონში სოლომონ II საყოველთაო პატივით და დიდებით სარგებლობდა, იმყოფებოდა სულთან მაჰმუდ II-ის (1808-1839) კარზე, რომელიც ქართველ მეფეს იმერეთში რუსების წინააღმდეგ აჯანყების ორგანიზებაში დაპირდა დახმარებას.

მეფე სოლომონ II საიდუმლოდ ჩავიდა აფხაზეთში და იმერეთში თავის ყოფილ ვასალებთან სანდო ხალხი გაგზავნა. აფხაზეთში თავადებთან შეხვედრისას სოლომონ II დარწმუნდა, რომ მათ ბრძოლის დაწყება არ სურდათ და ყველაზე მეტად საკუთარი კეთილდღეობა აინტერესებდათ. იმერეთიდან კვლავ ცუდი ამბები მოდიოდა. მეფის მომხრეები სულ უფრო და უფრო მცირდებოდნენ. იმედ დაკარგული სოლომონ II ტრაპიზონში დაბრუნდა და აქტიურ საქმიანობას ჩამოშორდა. 1815 წლის 7 თებერვალს იმერეთის უკანასკნელი მეფე სოლომონ II თურქეთში ისე გარდაიცვალა, რომ მეუღლისგან – მარიამ დედოფლისაგან მემკვიდრეები არ დარჩენია. სოლომონ II ტრაპიზონში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. 1990 წლის 23 ნოემბერს იმერეთის მეფე სოლომონ II-ის ნეშტი ტრაპიზონიდან საქართველოში გადმოასვენეს და გელათის ღვთისმშობლის ტაძარში დაკრძალეს.

ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მეფე სოლომონ II წმინდანად შერაცხა და ხსენების დღედ 7 თებერვალი (ახ. სტილით 20 თებერვალი) დააწესა.

წმ. ანტონ II ბაგრატიონი 

ANTON II kat.ანტონ ბაგრატიონი – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1788-1811 წლებში. ერისკაცობაში თეიმურაზ ბაგრატიონი. დაიბადა 1762 წლის 8 იანვარს. იგი იყო ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის (1744-1798) და დედოფალ დარეჯანის შვილი. თეიმურაზ ბატონიშვილმა განათლება თბილისის სასულიერო სემინარიასა და რუსეთში მიიღო.

1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ საქართველოდან რუსეთში გარსევან ჭავჭავაძის მეთაურობით საგანგებო დელეგაცია გაემგზავრა, რომელშიც ერეკლე II-ის შვილები, ბატონიშვილები მირიანი და ბერი ანტონი შედიოდნენ.

1784 წელს ანტონი ნინოწმინდის ეპისკოპოსად დაადგინეს. იმავე წელს ანტონი დაუსწრებლად ალავერდის მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს.

ანტონ I-ის გარდაცვალების შემდეგ 1788 წლის 29 ოქტომბერს ანტონ II მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქად აკურთხეს.

ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებამდე ნათლად ჩანდა, რომ სასულიერო ხელისუფლებას ისეთი პიროვნება ედგა სათავეში, რომელიც მორალურად და ზნეობრივად გადაგვარებული ერის გადარჩენისათვის იბრძოდა. მაგრამ XIX ს-ის დასაწყისში ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებამ წელში გამართული ეკლესია მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.

მეფე გიორგი XII-ის (1798-1800) გარდაცვალების შემდეგ სანამ რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად გამოაცხადებდა სამეფოს გაუქმებას, ქვეყანაში ერთადერთ ძალად ეკლესია რჩებოდა, რომელიც გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფ ბატონიშვილებსა და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებდა. მანიფესტის გამოცხადებამ ბატონიშვილების აღშფოთება გამოიწვია. ანტონ მეორე სახელმწიფოებრიობის დაკარგვით უკმაყოფილო იყო.

ბუნებრივია, რომ სახელმწიფოებრიობადაკარგულ ქვეყანაში დამპყრობელი ვერ მოითმენდა დამოუკიდებელი ეკლესიის არსებობას. ამიტომ ქართლ-კახეთის სამეფოს ლიკვიდაციისთანავე ცარიზმმა დაიწყო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებისათვის ბრძოლა. მათი სურვილი იყო, საქართველოს ეკლესია რუსეთის უწმიდესი სინოდისადმი დაექვემდებარებინა, რომელიც, მართალია, სასულიერო საქმეებს განაგებდა, მაგრამ ოფიციალურად რუსეთის სახელმწიფოს ერთ-ერთი საერო დაწესებულება იყო. ავტოკეფალიის გაუქმების გზაზე მათ წინ ეღობებოდა კათოლიკოსი ანტონ მეორე. საჭირო იყო მისი ჩამოშორება საეკლესიო მმართველობისაგან, და სხვა ბატონიშვილების მსგავსად, რუსეთში ძალით გადასახლება. მიზნის განხორცილებისათვის ისინი კათოლიკოსის მიმართ სხვადასხვა ბინძურ ხერხებს მიმართავდნენ: ბრალს სდებდნენ საეკლესიო ქონების მითვისებაში, აუკრძალეს ახალი სასულიერო პირების ხელდასხმა და გათავისუფლებულ ეპარქიებში ახალი მღვდელმთავრის დანიშვნა. განსაკუთრებით აქტიურობდა მთავარმართებელი პ. ციციანოვი (1803-1806), რომელთან შეთანხმების გარეშე ანტონს გადაადგილების საშუალებაც არ ჰქონდა. მან მოისყიდა და კათოლიკოსს დაუპირისპირა ზოგიერთი რუსოფილი ქართველი სასულიერო პირი, რომლებიც ქართველ მწყემსმთავარს ფაქტიურად აღარ ემორჩილებოდნენ და ეკლესიაში არეულობა შეჰქონდათ. შექმნილ სიტუაციაში ანტონ მეორე დიპლომატიურად მოქმედებდა, რაც რუსის მოხელეების აღშფოთებას იწვევდა, რადგან მათ პეტერბურგიდან ჰქონდათ მითითება, რომ იგი აუცილებლად საქართველოდან უნდა გაეწვიათ.

მთავარმართებელმა ალ. ტორმასოვმა (1809-1811) კათოლიკოსის დიპლომატიას თავისი პოლიტიკური გამჭრიახობა დაუპირისპირა. მან ანტონ მეორეს შესთავაზა, მოეხდინათ საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაცია ისე, რომ მისი უფლებები არ შეზღუდულიყო. ამ მიზნით იგი რუსეთში უნდა გამგზავრებულიყო, სადაც სინოდის სხდომას უნდა დასწრებოდა საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაციის გამო. ალ. ტორმასოვი თავისი გეგმის განხორციელებისათვის იყენებდა რუსეთიდან ახლადდაბრუნებულ მთავარეპისკოპოს ვარლამ ერისთავს, რომელიც რუსეთის სინოდის წევრადაც ითვლებოდა და კარგად იცნობდა რუსეთის ეკლესიის სტრუქტურას. ვარლამის მეშვეობით მათ საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაციის განხორციელება სურდათ. შემოთავაზებულ წინადადებაზე ანტონ მეორემ უარი განაცხადა, რადგან იცოდა, რომ მის რუსეთში გამგზავრებას ავტოკეფალიის გაუქმება მოჰყვებოდა. მაგრამ მის მიმართ განხორციელებულმა რეპრესიებმა აიძულა იგი, 1810 წლის 3 ნოემბერს თავის სამშობლოს გამოსთხოვებოდა და თანმხლებ პირებთან ერთად პეტერბურგში ჩავიდა, სადაც მას წინასწარ დაუქირავეს ბინა.

იმპერატორმა 1811 წლის 30 ივნისს კათოლიკოსს უბოძა ორი რესკრიპტი. პირველში აღნიშნული იყო, რომ ახალ მმართველობასთან შეუთავსებელი იქნებოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, ამიტომ იგი უნდა გაუქმებულიყო. მეორე რესკრიპტით მას უნარჩუნდებოდა კათოლიკოსის ტიტული და რუს მღვდელმთავრებს შორის მეხუთე ადგილას დაიკავებდა. დაკარგული ტახტის საკომპენსაციოდ იმპერატორმა სხვადასხვა დროს მას უბოძა ძვირფასი ქვებით შემკული პანაგია, წმ. ანდრია პირველწოდებულის და წმ. ალ. ნეველის ორდენები, დაუნიშნეს წლიური პენსია 54 ათასი მანეთის ასიგნაციით. პატივაყრილი კათოლიკოსი, რა თქმა უნდა, კმაყოფილი არ იქნებოდა იმპერატორის გულუხვობით.

1827 წლის 21 დეკემბერს კათალიკოს-პატრიარქი ანტონ II გარდაიცვალა. დაკრძალულ იქნა ნიჟნი-ნოვგოროდის ხარების სახელობის ტაძარში, ხოლო 1841 წელს მისი ნეშტი ფერისცვალების ახალ მონასტერში გადაასვენეს.

ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა და ხსენების დღედ ახ. სტილით 3 იანვარი დააწესა.

2010 წლის განცხადებაში დაბრუნება