ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის გენეალოგიის დაზუსტებისათვის (XV ს.)
(ქართლის სამეფო შტოს პირველი მეფის, კონსტანტინე მეორის წარმომავლობის დადგენისათვის)
წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს საქართველოს პოლიტიკური ისტორიის განხილვის ფონზე, ზუსტად იქნას გამოკვლეული, შესწავლილი და დადგენილი, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის გენეალოგიაში დღემდე არსებული დაუზუსტებელი მონაკვეთი, რომელიც XV საუკუნის ერთ-ერთ კონკრეტულ პერიოდს მოიცავს. ეს, სწორედ ის მნიშვნელოვანი ისტორიული მონაკვეთია, რომლის დროსაც, ფაქტობრივად, საქართველოში იწყება ბაგრატიონთა სამი სამეფო შტოს ჩამოყალიბების პროცესი.
ბოლო 300 წლის მანძილზე, ქართველ თუ უხცოელ მკვლევართა მიერ დატოვებული შრომები, რომლებიც სწორედ XV საუკუნის ამ პერიოდის ბაგრატიონთა გენეალოგიურ კვლევას ეხება, მრავალ კითხვებს ბადებდა თანამედროვე მეცნიერთა შორის. განსაკუთრებით კი კითხვები იბადებოდა ქართლის სამეფო შტოს ფუძემდებლის – კონსტანტინე II წარმომავლობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება XX საუკუნეში დამკვიდრებულ ვერსიას, რომლის თანახმადაც ქართლის მეფე კონსტანტინე II ერთიანი საქართველოს მეფე ალექსანდრე I დიდის ძის – დემეტრეს შვილად მიიჩნეოდა, თანამედროვე კვლევით არ მტკიცდება.
თუკი XIX-XX სს-ში მოღვაწე სხვადასხვა მეცნიერების მიერ შექმნილ გენეალოგიურ კვლევებს გადავხედავთ, ნათლად დავინახავთ თუ რაოდენ ერთმანეთისაგან განსხვავებულ ვერსიებს გვთავაზობდნენ წარსულის ღვაწლმოსილი მკვლევარნი, განსაკუთრებით, როცა ისინი მეფე კონსტანტინე II-ის მამის ვინაობას ასახელებდნენ.
ისტორიული საბუთებით ირკვევა, რომ ისტორიის ამ კონკრეტულ მონაკვეთში (იგულისხმება პერიოდი XIV-XVსს. მიჯნა), ბაგრატიონთა საგვარეულოში არსებობდა ორი დემეტრე – დემეტრე დავითის ძე და დემეტრე ალექსანდრე დიდის ძე და ერთი კონსტანტინე დემეტრეს ძე, იგივე ქართლის მეფე კონსტანტინე II. შესაბამისად, ჩვენს წინაშე დადგა ამოცანა, დაგვედგინა ზემოთ დასახელებულ დემეტრეთაგან თუ რომელი იყო მეფე კონსტანტინეს მამა.
ამ საკითხის გამოსაკვლევად აუცილებელია ისტორიული თანმიმდევრობით განვიხილოთ ბაგრატიონთა გენეალოგიის ეს კონკრეტული მონაკვეთი. მოგეხსენებათ, ბაგრატიონთა გენეალოგიის შედგენის პირველი ცდა ეკუთვნის მეფე ვახტანგ VI-ს, რომელიც მან, ჯერ კიდევ ჯანიშინობის პერიოდში, კერძოდ 1703-1712 წლებში შეადგინა.1 (იხ. დანართი, ტაბულა №1)
1945 წელს, ბაგრატიონთა ეს, პირველი “გენეალოგიური ხე” აღმოაჩინა მკვლევარმა თორნიკე ჭყონიამ, რომელიც იწყება ადამიდან და მოყვანილია ვახტანგ VI-ის შვილებამდე. მას ერთვის ვახტანგ VI-ის მინაწერი: “ქ. მრავლის ჭირითა და შრომით ეს ადამს აქათა ბაგრატოანთ ნათესაობა მე ბატონისშვილმა ვახტანგ გამოვიღე და ასე აღვწერე ვიდრე ჩვენადმდე, ხოლო იმერეთის მეფისა და კახის ბატონის ნათესაობა მრავალს ვეცადე შემეტყო, რომელის ტომისაგან იყო და ვერავისგან შევიტყევ, თვასა გასინჯეთ, და თუ მდაბალ ვინ გინდა ბაგრატოანთ ნათესაობა დავსწერეთ, მათც უფრო დავსწერდით. და თუ თვითონ იპოვნიან და რომლისაც ტომისგან არიან და დაეწერებიან, მე დიდად მიამება”.2 ამ ჩანაწერში ყურადღებას იქცევს თავად მეფის მიერ აღიარება იმისა, რომ მან დაზუსტებით არ იცის იმერეთისა და კახეთის სამეფო შტოების წარმომავლობა, მაგრამ თუ დღევანდელი გადასახედიდან შევხედავთ, მეფე ვახტანგი ქართლის სამეფო შტოს წარმომავლობის კუთხითაც დიდ შეცდომებს უშვებს, თუმცა ეს სხვა განსჯის საკითხია.
ბაგრატოვანთა გენეალოგიის ვახტანგისეულ ამ, პირველ ვარიანტში3 ჩვენი კვლევისათვის საინტერესოა XV საუკუნის ის მონაკვეთი, რომელიც წარმოდგენილია ტაბულაში №1. განვიხილოთ ეს გენეალოგიური ფრაგმენტი, რომელშიც სახელები თარიღების გარეშეა წარმოდგენილი. თავში მოყვანილი მეფე ბაგრატი არის კარგად ცნობილი ერთიანი საქართველოს მეფე ბაგრატ V (1360-1393). შემდეგ დასახელებულია მისი შვილები: მეფე გიორგი VII (1393-1407), ალექსანდრე, რომელიც სხვა ისტორიული წყაროებით უცნობია და დავითი, რომელიც ბაგრატ V-ს მეორე მეუღლისაგან, ტრაპიზონის იმპერატორ იოანე-ალექსი III-ის (1350-1390) ასულისაგან, დედოფალ ანასაგან ჰყავდა. შემდგომ მოყვანილია მეფე ალექსანდრე – ერთიანი საქართველოს მეფე ალექსანდრე I დიდი (1412-1442), მისი მეორე მეუღლე – დედოფალი თამარი და მეფის შვილები შემდეგი თანმიმდევრობით: მეფე ვახტანგ IV (1442-1446), მეფე გიორგი VIII (1446-1466) და დიმიტრი ბატონიშვილი. შემდგომ, ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი VIII-ის შვილად რატომღაც დასახელებულია მეფე ბაგრატი, რომელიც სინამდვილეში არის ბაგრატ VI – იმერეთის მეფეთა დინასტიის ფუძემდებელი; შემდეგ მისი შვილი მეფე ალექსანდრე – იმერეთის მეფე ალექსანდრე II (1484-1510), ხოლო იმერეთის მეფის ალექსანდრეს შვილად შეცდომით სახელდება მეფე კონსტანტინე, რომელიც სინამდვილეში ქართლის სამეფო დინასტიის ფუძემდებელი კონსტანტინე II (1478-1505) და მასთან ერთად მისი მეუღლე, დედოფალი თამარ და მათი შვილები: ქართლის მეფე დავით X (1505-1525), ბაგრატ ბატონიშვილი – მუხრანბატონთა თავადური სახლის ფუძემდებელი და ალექსანდრე ბატონიშვილი – გოჩაშვილთა თავადური სახლის ფუძემდებელი.
ვახტანგ VI-ის მიერ შედგენილ პირველ გენეალოგიურ ტაბულაში (ტაბულა №1), ქართლის მეფე კონსტანტინე II-ის მამად შეცდომით დასახელებულია მეფე ალექსანდრე (იგულისხმება იმერეთის მეფე ალექსანდრე II (1484-1510)), ხოლო დედად – დედოფალი თამარ (იგულისხმება იმერეთის მეფე ალექსანდრე II-ის მეუღლე, დედოფალი თამარი). როგორც ვხედავთ, ვახტანგისეულ ამ სქემაში ქართლის მეფე კონსტანტინე II წარმოდგენილია იმერეთის მეფე ალექსანდრეს II-ის ძედ და საქართველოს მეფე გიორგი VIII-ის შვილიშვილად, ხოლო მისი ძმა დემეტრე, მის უმცროს ძმად და თანაც უშვილოდ.
1724-1737 წლებში რუსეთში ყოფნის დროს ვახტანგ VI, როგორც ჩანს დაეჭვდა თავისი ნაშრომის სიზუსტეში, ამიტომ მან ცვლილებები შეიტანა მასში და შეავსო „ქართლის ცხოვრებიდან“ ამოღებული თარიღებით. ვახტანგისეული ეს საბოლოო ვერსია ამჟამად სანქტ-პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის განყოფილებაში ინახება (ხელნაწერი P 4).4 ეს გენეალოგიური ტაბულა პირველად ვახუშტი ბაგრატიონის მიერ შედგენილ 1745 წლის საქართველოს ატლასში დანართის სახით დაიბეჭდა.5 მას აქვს შემდეგი მინაწერი: „ქ. ეს ბაგრატიონთა ნათესავთ ჩამომავლობა ვიდრე თავისადმდე გამოიღო მეფემან ვახტანგ ძემან ლევანისამან, როდეს განაგებდა ქართლსა ბიძისა თვისისა გიორგი მეფის წილ, არამედ იყო მას ზედა ქართლოსიანთა და ხოსროიანთ ჩამომავლობა და არცა იმერთა და კახთა მეპატრონეთა. ხოლო ჩუენ ქარტისა ამისთვის ესრეთ ვყავით, ვითარცა არის წინამდებარე ამას შინა ქვ~თა მოწმობითა ესრეთ ძალ ვიდევით. და თუ ვინმე ხელ ჰყოს ქმნად სხვისა უმართლესად და უმჯობესად მოწმობითა და ქვ~თა, ჩუენ არა ვართ დამაყენებელ და არცა წინა აღმდგომ, ვინაითგან სიმართლე და ჭეშმარიტება გზა არს სასუფეველისა ზეცათასა“.6 ამ მინაწერიდანაც ნათლად ჩანს, რომ ვახტანგ მეფე ბოლომდე დარწმუნებული არ არის მის მიერ შედგენილი გენეალოგიური ტაბულის სისწორეში და წინააღმდეგი არ არის, თუკი ვინმე უფრო ზუსტად დაადგენს და გაასწორებს მას. თუმცა, ამავე დროს აშკარად ჩანს, რომ მეფე ვახტანგი ცდილობს საკუთარი შტო, კახეთისა და იმერეთის შტოებთან მიმართებაში, წარმოაჩინოს უფროს, ძირითად შტოდ.
XV საუკუნის ბაგრატიონთა გენეალოგია ვახტანგ VI-ის მეორე ტაბულაში წარმოდგენილია შემდეგნაირად.7 (იხ. დანართი, ტაბულა №2). ამ გენეალოგიური ტაბულის შედგენის დროსაც, ვახტანგ VI-მ კვლავ რამდენიმე უზუსტობა დაუშვა. კონსტანტინე II-ის მამად აქ უკვე დასახელებულია მეფე გიორგი (იგულისხმება საქართველოს მეფე გიორგი VIII), რაც არცერთი ისტორიული საბუთით არ დასტურდება. დემეტრე ბატონიშვილი კვლავ გიორგი მეფის უმცროს ძმად არის ნაჩვენები, თუმცა აქ უკვე დემეტრე რატომღაც თავის შთამომავლობით არის წარმოდგენილი, კერძოდ მის შვილად არის დასახელებული ვინმე დავითი, ხოლო შვილიშვილად ვინმე გიორგი, რომლებიც კახეთის სამეფო შტოს ფუძემდებლებად არიან გამოყვანილნი, რაც ასევე არცერთი ისტორიული საბუთით არ დასტურდება.
სამწუხაროდ ეს უხეში უზუსტობები, შემდგომში ავტომატურად გადავიდა XVIII-XX საუკუნეებში შექმნილ გენეალოგიულ სქემებში, რომლებშიც მეფე კონსტანტინე II-ის მამად ხან ერთი პიროვნება სახელდებოდა, ხან მეორე, ხან კი მესამე. განვიხილოთ თითოეული მათგანი ქრონოლოგიურად:
- ვახუშტი ბაგრატიონის მიერ შექმნილ „შთამომავლობა საქართველოს მეფეთა და მთავართა“8-ში (იხ. დანართი, ტაბულა №3), კონსტანტინე II დასახელებულია მეფე გიორგის (გიორგი VIII) უმცროს შვილად, ხოლო გიორგი მეფის ძმა დემეტრე აქ უკვე უფროს ძმად არის ნაჩვენები, რომლის ვაჟი ვინმე დავითია, როგორც კახეთის სამეფო შტოს ფუძემდებელი.
- ბაქარ ბაგრატიონის მიერ 1737-1738 წლებში შედგენილ ბაგრატიონთა გენეალოგიაში9 (იხ. დანართი, ტაბულა №4) კონსტანტინე II-ის მამად რატომღაც დასახელებულია მეფე ბაგრატი (იგულისხმება იმერეთის მეფე ბაგრატ VI). დემეტრე ბატონიშვილი კი საერთოდ არ არის მოყვანილი ამ ტაბულაში.
- აკადემიკოს მარი ბროსეს მიერ შედგენილ გენეალოგიაში – „საქართველოს სამეფო დინასტიები. დინასტია: ბაგრატიონთა“10 (იხ. დანართი, ტაბულა №5) კონსტანტინე II-ის მამად კვლავ მეფე გიორგი (გიორგი VIII) სახელდება, ხოლო დედად – დედოფალი ნესტანდარეჯანი (რომელიც მართლაც გიორგი VIII-ის მეუღლე იყო, თუმცა არა კონსტანტინეს დედა). გიორგი მეფის ძმა დემეტრე წარმოდგენილია უმცროს ძმად, თანაც უკვე თავის მეუღლით – გულანშარით, შვილით დავითით, რომელიც კვლავ კახეთის სამეფოს შტოს ფუძემდებელად გვევლინება. ხაზგასასმელია, რომ ამ ტაბულაში ჩნდება ბაგრატ V-ის უმცროსი ვაჟი დავითი, თუმცა მემკვიდრეების გარეშე.
- მკვლევარ ა. ფილადელფინის მიერ შედგენილი „ბაგრატიონთა სამეფო სახლის გენეალოგია“11 (იხ. დანართი, ტაბულა №6), აქაც კონსტანტინე II-ის მამად დასახელებულია მეფე გიორგი (გიორგი VIII). გიორგი მეფის ძმა დემეტრე საერთოდ არ სახელდება და მეფის უმცროს ძმად აქ ნაჩვენებია დავითი, რომელიც თავისი წარმოდგენილი შთამომავლობით კახეთის სამეფოს უყრის სათავეს.
- გენეალოგ პეტრე დოლგორუკოვის მიერ შედგენილ – „ბაგრატიონთა საგვარეულო წიგნი“12-ში (იხ. დანართი, ტაბულა №7), კონსტანტინე II-ის მამად კვლავ სახელდება მეფე გიორგი (გიორგი VIII). აქაც გიორგი მეფის ყველაზე უმცროს ძმად დემეტრეა დასახელებული, რომლის შვილი დავითი კახეთის სამეფოს შტოს ფუძემდებლად გვევლინება.
- აკადემიკოს მარი ბროსეს „საქართველოს ისტორიის“ მეორე ნაწილის, ქართულ თარგმანში – „მეფეთა და მთავართა შთამომავლობითი სია“13 (იხ. დანართი, ტაბულა №8), კონსტანტინე II-ის მამად კვლავ მეფე გიორგია (გიორგი VIII) დასახელებული. ხოლო კახეთის სამეფო შტოს მამამთავრად წარმოდგენილია ვინმე დავითი, რომელიც დემეტრე ალექსანდრეს ძის შვილად არის რატომღაც მიწერილი.
- აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის გამოუქვეყნებელ, უთარიღო გენეალოგიურ ტაბულაში „მეფობის ქრონოლოგია“14 (იხ. დანართი, ტაბულა №9), კონსტანტინე II-ის მამად დასახელებულია მეფე გიორგი (გიორგი VIII). მეფის უმცროსი ძმა დემეტრე თავის შვილთან – დავითთან ერთად კახეთის მეფეების ფუძემდებლად არის წარმოდგენილი. ხოლო, რაც შეეხება აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის მეორე, გადამუშავებულ გამოუქვეყნებელ უთარიღო ტაბულას, სახელად „ბაგრატ დიდის გენეალოგია“15 (იხ. დანართი, ტაბულა №10), მასში კონსტანტინე II-ის მამად პირველად სახელდება მეფე ალექსანდრე I დიდის შვილი დემეტრე ბატონიშვილი. აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის ეს ორივე გამოუქვეყნებული ტაბულა ინახება ხელნაწერთა ინსტიტუტის ექვთიმე თაყაიშვილის პირად ფონდში.
- აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის, პროფ. ს. ჯანაშიას და პროფ. ნ. ბერძენიშვილის ნაშრომში „საქართველოს ისტორია“, გამოცემული 1946 წელს, როგორც ჩანს გაზიარებულ იქნა ექვთიმე თაყაიშვილის მეორე გადამუშავებული ვერსია, რომელიც აღნიშნულ წიგნში პირველად გამოქვეყნდა (იხ. დანართი, ტაბულა №11). შესაბამისად, აღნიშნულ გამოქვეყნებულ ტაბულაში კონსტანტინე II-ის მამად დასახელებულია მეფე ალექსანდრე I დიდის შვილი დემეტრე ბატონიშვილი, რომელიც გიორგი VIII-ის უმცროს ძმად არის წარმოდგენილი.
- 1946 წლის საქართველოს ისტორიის წიგნში ექვთიმისეული მეორე ვერსიის გამოქვეყნების შემდგომ, ბაგრატიონთა გენეალოგიის გამოქვეყნება მხოლოდ 1991 წლის პირთა ანოტირებული ლექსიკონის I ტომში ხდება, ისიც იმ ცვლილებით, რომ დემეტრე ბატონიშვილი აქ უკვე გიორგი მეფის უფროს ძმად არის დასახელებული.16 (იხ. დანართი, ტაბულა №12)
- ბოლოს, 1995 წელს, პროფესორ მ. სურგულაძის მიერ გამოცემულ წიგნში „ბაგრატიონთა სამეფო სახლი“, გამოქვეყნებულ იქნა მ. სურგულაძისა და მ. ქავთარიას მიერ ერთობლივად შედგენილი ბაგრატიონთა გენეალოგიური ტაბულა, რომელიც ფაქტობრივად ეფუძნებოდა 1991 წელს გამოქვეყნებულ გენეალოგიურ ტაბულას, სადაც კონსტანტინე II-ის მამად დასახელებული იყო ალექსანდრე I დიდის ვაჟი დემეტრე, თანაც როგორც მეფე გიორგი VIII-ის უფროსი ძმა.17 (იხ. დანართი, ტაბულა №13)
ასე მოხდა ამ ბოლო გენეალოგიური ვერსიის დამკვიდრება ქართულ ისტორიოგრაფიაში.
სხვა საქმეა ის, თუ რამდენად სწორი ვერსია იქნა დამკვიდრებული ქართულ ისტორიოგრაფიაში ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ სავსებით ვერ უძლებს კრიტიკას ბოლო პერიოდში ერთი უცხოელი გენეალოგის მიერ ყოვლად უსაფუძვლო ვერსიის გავრცელება ჩვენს საკითხთან დაკავშირებით. ასე მაგალითად, რუს გენეალოგ სტანისლავ დუმინს, მის მიერ 2009 წელს გამოგზავნილ ერთ წერილში მოყავს გენეალოგიური ტაბულა, რომელშიც ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ქართლის მეფე კონსტანტინე II საქართველოს მეფის ვახტანგ IV-ის შვილად ყავს წარმოდგენილი (იხ. დანართი, ტაბულა №14). სამწუხაროდ, ამ აბსურდულ ვერსიას, რატომღაც იმეორებს “თავად-აზნაურთა საკრებულო”, რომელიც 2016 წელს, სახელწოდებით “საქართველოს თავად-აზნაურთა წინამძღოლის დავით თარხან-მოურავის გენოგრამა”, გამოსცემს გენეალოგიურ ტაბულას, სადაც ქართლის მეფე კონსტანტინე II აქაც საქართველოს მეფის ვახტანგ IV შვილად არის წარმოდგენილი, ხოლო დემეტრე ალექსანდრეს ძე საერთოდ არ არის ტაბულაში მოყვანილი. აქვე ხაზი უნდა გავუსვათ იმასაც, რომ ასეთი უცნაური ვერსია არცერთ, ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილ მკვლევარს არ შემოუთავაზებია ბოლო 200 წლის მანძილზე (იხ. დანართი, ტაბულა №15).
ზემოთ წარმოდგენილ მკვლევართა 13 გენეალოგიური ტაბულის შესწავლის შედეგად შესაძლოა დავასკვნათ, თუ რაოდენ გაურკვეველი რჩებოდა მათთვის, თითქმის რამოდენიმე საუკუნის მანძილზე, კონსტანტინე მეფის წარმომავლობა. როგორც ნახეთ, მათი ვერსიები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან, ერთთან კონსტანტინე II-ის მამად სახელდება – მეფე ბაგრატი (იმერეთის მეფე ბაგრატ VI), მეორესთან – მეფე ალექსანდრე (იმერეთის მეფე ალექსანდრე II), სამჯერ ასახელებენ დემეტრე ბატონიშვილს (ძე მეფე ალექსანდრე I დიდისა) და შვიდჯერ – მეფე გიორგის (საქართველოს მეფე გიორგი VIII), ბუნებრივია ყველა მათგანი ერთდროულად ხომ ვერ იქნებოდა კონსტანიტინეს მამა? არადა დღემდე დამკვიდრებული ვერსიაც ხომ მრავალ კითხვებს ბადებს… ამიტომ, ჩვენი წინამდებარე კვლევის მიზანი მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ დღეს, ჩვენს ხელთ არსებული ისტორიული დოკუმენტების შესწავლით შევეცადოთ დავადგინოთ ქართლის მეფე კონსტანტინე მეორის მამის ვინაობა.
ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის გენეალოგიის შესწავლა, უპირველეს ყოვლისა, ისტორიული ქრონოლოგიის დადგენას მოითხოვს. ამ საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა ხშირად დათარიღებულ, კრიტიკულად შესწავლილ ისტორიულ დოკუმენტებს ენიჭება. თავის მხრივ, ისტორიული დოკუმენტების დასათარიღებლად დიდი მნიშვლელობა აქვს ისტორიულ პირთა ქრონოლოგიას, პირველ რიგში კი მეფეთა ქრონოლოგიას.
ჩვენთვის დაინტერესების საგნად ქცეული, ამ ისტორიული მონაკვეთის ცნობები დაცულია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ისტორიულ დოკუმენტებში, კერძოდ, კინკლოსებში, აღაპებში, ნარატიულ წყაროებში, ქართლის ცხოვრების გაგრძელებებში, პარიზის ქრონიკაში, ვახუშტი ბაგრატიონის ისტორიაში, სომეხი და ბერძენი მემატიანეების თხზულებებში.
ქრონოლოგიური და გენეალოგიური საკითხების მეცნიერულ შესწავლას საფუძველი ჩაუყარეს აკადემოკოსებმა: მარი ბროსსემ,18 ექვთიმე თაყაიშვილმა,19 ივანე ჯავახიშვილმა20 და სარგის კაკაბაძემ.21 წინამდებარე ნაშრომში ასევე გამოყენებულია თედო ჟორდანიას,22 ნიკო ბერძენიშვილის,23 ელენე მეტრეველის,24 ჯუმბერ ოდიშელის,25 მიხეილ ქავთარიას,26 მზია სურგულაძის,27 დავით ნინიძის28 და სხვა მეცნიერთა შრომები.
ჩვენი საკვლევი საკითხის ქრონოლოგიური და გენეალოგიური ჩარჩო, ერთიანი საქართველოს მეფე ბაგრატ V-ით იწყება. ქრონიკალური ცნობა მისი აღსაყდრების შესახებ, მოყვანილია თ. ჟორდანიას „ქრონიკებში“: „1360 წ. ქ~კს მÀ გარდაიცვალა მეფე დავით და დაჯდა ძე მისი ბაგრატ“.29 ამ ცნობას იმეორებს ვახუშტი ბაგრატიონის მიერ შედგენილი „ქრონოლოგიური ცხრილი”.30 ბაგრატ V-ის მეფობა შუა აზიელი დამპყრობლის თემურ-ლენგის შემოსევებს დაემთხვა. ვახუშტის ცნობით, ბაგრატ V-ის მეფობის დროს 1366 წელს, მისი პირველი მეუღლე – დედოფალი ელენე გარდაიცვალა – „1366 წ. ქ~კს ნდ დიდი სიკუდილი იყო და მოკუდა დედოფალი ელენე, ცოლი ბაგრატ მეფისა“.31 ბაგრატ მეფეს დედოფალი ელენესგან ჰყავდა ორი ვაჟი – გიორგი VII და კონსტანტინე I.32
მემატიანე მიქელ პანარეტოსის ცნობით, მეფე ბაგრატ V-ს 1367 წელს, ტრაპიზონის იმპერატორის ალექსი III-ის ასული ანა შეურთავს, რომელიც მისი მეორე ცოლი გახდა – „მეხუთე ინდიკტიონს, 6875 (1367 წ.) ჩავედით ლაზიკაში, ადგილს, სახელად მაკროსეგიალოსს… მეფესთან და დედამისს დედოფალთან ერთად; თან გვყავდა აგრეთვე მეფის ასული ქალბატონი ანნა, დიდი კომნენი, რომელიც მისთხოვდა ცოლად იბერთა და აფხაზთა მეფეს ბატონ ბაგრატ ბაგრატიონს მაკრიალში“.33
თემურ-ლენგის მიერ საქართველოს დარბევისა და მეფე-დედოფლის შეპყრობის შესახებ ცნობები შემონახულია მეფე ალექსანდრე I დიდის 1440 წლით დათარიღებულ სიგელში: „…ტფილისით ციხითა მეფე ბაგრატ და ანნა დედოფალი გამოასხნეს დაატყ[უევეს] და მრავალი სული მოესრა და თავად დედაქალი მცხეთა და რაოდენნი საქართველოსა საყდარი და ეკლესიანი (და ციხენი) იყუნეს, ყოველნივე საფუძველითგან დაექცივნეს და სრულიად საქართველო ტყუე ექმნა. და ჩუენისა მეფობისა დაჭირვადმდე მუდამი ტყუენვა და რბევა იყო საქართველოსა…“.34
„პარიზის ქრონიკაში“ დაცულია ცნობა, რომლის მიხედვით თბილისი თემურ-ლენგმა 1385 წელს აიღო – „ქორონიკონსა Á~გ [73=1385 წ.] ლანგ–თემურ ტფილისი წასტყვენა, ციხე აიღო და მეფე ბაგრატ და ანნა დედოფალი გამოასხა და დაატყუევა“.35 ამავე ცნობას ასახელებს და აზუსტებს მიქელ პანარეტოსის „ტრაპიზონის ქრონიკა“ – „53. როგორც ამბობენ, ვიღაცა თათარმა ამირამ, რომელსაც ხანობაც ჰქონდა, სახელად კი ერქვა თემურლენგი, ხატაეთის საზღვრებიდან გამოილაშქრა. მოვიდა და დაიპყრო მთელი სპარსეთი. მას შემდეგ შეიჭრა იბერიის მთებშიაც, ომის კანონით ხელთ იგდო საოცარი თბილისი, ტყვედ ჩაიგდო გამოჩენილი სარდალი ბაგრატ მეფე და მისი მეუღლე, ჩვენი ხელმწიფის ასული მშვენიერი ქალბატონი ანნა, აგრეთვე მისი ძე – დავითი. ხალხი კი გაჟლიტა მახვილით და გაანადგურა. ეს მოხდა 21 ნოემბერს, 6895 (1387 წ.)“.36 ამასვე ადასტურებს სომეხი ისტორიკოსი თომა მეწოფეცი: „[თემურმა]… დიდძალი ლაშქრით ფაიტაკარანისაკენ, [ანუ] ქალაქ თბილისისაკენ გაემართა. აიღო იგი და უთვალავი და ურიცხვი [ხალხი] დაატყვევა… [იმ დროს იყო] ქართველთა მეფე, სახელად ბაგრატი… [თემურმა]… დიდძალი ჯარი მისცა. იგი (ბაგრატი) აურაცხელი ჯარით დაიძრა და მივიდა ქართველთა ქვეყანაში. იმ ბაგრატმა საიდუმლოდ შეუთვალა თავის შვილებს – გიორგის, კონსტანტინეს და დავითს, რომ ფარულად შეგებებოდნენ მას და დახმარებოდნენ თავიანთ მშობელს, რათა მას მოეხერხებინა როგორმე ხელიდან გასხლტომოდა [თემურს]. ხოლო თავად მან ჩაღათას ლაშქარი წაიყვანა და ვიწრო და უგზო ადგილზე მიიყვანა. უფლისწულებმა მათ გზა გადაუჭრეს, მახვილები იშიშვლეს და მრავალი მათგანი, როგორც ამბობენ, 12 ათასზე მეტი, ამოწყვიტეს, [შემდეგ] მამა წაიყვანეს და თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდნენ“.37
ჩვენამდე მოღწეულია მეფე ბაგრატ V-ის ასულის ულუმპიას სააღაპო დოკუმენტი, მიძღვნილი სვეტიცხოვლისადმი, რომელსაც თ.ჟორდანია ათარიღებს 1401-1407 წლებით, ხოლო ქართული ისტორული საბუთების კორპუსის II ტომის გამოცემაში – 1399-1407 წწ.38
ვახუშტი ბაგრატიონის „ქრონოლოგიური ცხრილის“ ცნობის თანახმად – „დიდი ბაგრატ მეფე გარდახდა. ძე მისი გიორგი გამეფდა“.39
ამ ზემოაღნიშნული წყაროებიდან იკვეთება შემდეგი გენეალოგიური ფრაგმენტი: მეფე ბაგრატ V-ს ჰყავს ორი მეუღლე – 1) დედოფალი ელენე, რომელიც 1366 წ. გარდაიცვალა, 2) 1367 წლიდან კი დედოფალი ანნა, ტრაპიზონის იმპერატორის ალექსი III-ის ასული. პირველი მეუღლისგან ბაგრატ V-ს ჰყავდა შემდეგი შვილები – გიორგი, კონსტანტინე და ასული ულუმპია, ხოლო მეორესაგან – დავითი. სქემატურად ეს გენეალოგიური ფრაგმენტი ასე გამოიყურება:
ჩვენამდე მოაღწია საქართველოს მეფის ბაგრატ V-ის ვაჟის, პროვინციის მეფე დავითის ერთმა სიგელმა. ეს დოკუმენტი მცხეთის №20 სიგელის პირს წარმოადგენს, რომელიც XVI საუკუნის ბოლოს წინამძღვარ იოსებ ვაჩნაძის მიერ იყო გადაწერილი. ამ სიგელის ტექსტი შემდეგია: „…შენ ცათა მობაძაო, კათოლიკე ეკლესიაო, სვეტო ცხოველო და მას შინა მყოფო კუართო საუფლოო და მირონო წმიდაო, ჩუენ ცვა ფარვათა თქუენთა მონდობილმან მეფემან იესიან დავითიან სოლომონიანობით აღმკულმან ჩუენ პატრონმან მეფეთ მეფემან დავით, ძემან ჩუენმან ვახტანგ და დიმიტრიმ რაოდე ქება და მადლობა შევსწიროთ თქუენდა, რომლისა შეწევნითა და წინამძღრობითა ძელისა ცხოვრებისათა მტერნი წინა აღმდგომნი ჩუენი სამარადისოდ ლტოლვილ და უკუნ ქცეულ არიან… შემოგწირეთ თქუენ დიდსა და ცათა მობაძავსა სვეტს ცხოველსა, კუართსა საუფლოსა და მირონსა წმიდისა და საჭეთ მპყრობელსა თქუენსა, ჩუენის სულის მეოხსა და მოძღვარსა კათალიკოზს თეოდორეს, მოგახსენეთ ლორეს სოფელი ამუჭი… ეგრეთვე სოფელი დირსეული… თარხნად და შეუვალად შემოგუიწირავს… დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე ჩუენი ქორონიკონს რიგ [1425 წ.], ინდიკტიონსა ჩუენისა კ~ა ხელითა მესტუმრისა და კარის მწიგნობრისა ჩუენისა კლიმი კაკლაჩაძისათა“.40 ამ სიგელს ამტკიცებს მეფე ალექსანდრე I დიდი. წარმოდგენილ სიგელში მოყვანილია შემდეგი ისტორიული პირები, კერძოდ ერთიანი საქართველოს მეფე ალექსანდრე I დიდი (1412-1442), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თეოდორე III (1425-1435). საბუთი შედგენილი ჩანს ალექსანდრე I დიდის კარზე, ვინაიდან შედგენილია ერთიანი საქართველოს სამეფო კარის მესტუმრე და მწიგნობარი კლიმი კაკლაჩასძეს მიერ (ჩანს 1424/1425-1441 წწ.). სიგელი გვამცნობს, რომ ბაგრატ V-ის უმცროსი ვაჟი დავითი არის ქვემო ქართლის „პროვინციის მეფე“, ვინაიდან მან ლორეს მხარის სოფლები ამუჭი და დირსეული სვეტიცხოვლის ტაძარს შესწირა. წარმოდგენილ საბუთში „პროვინციის მეფე“ დავითი თავის შვილებს – ვახტანგს და დემეტრეს ასახელებს. ამ სიგელს ერთიანი საქართველოს მეფე ალექსანდრე I დიდი ამტკიცებს.
საქართველოს მეფე ბაგრატ V-ის ვაჟის, პროვინციის მეფე დავითის მიერ 1425 წელს გაცემულ გუჯარში მოხსენიებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თეოდორე III. ის, ასევე დასახელებულია 1427 წელს, ერთიანი საქართველოს მეფე ალექსანდრე I-ის მიერ გაცემულ სიგელებში, სადაც აღნიშნულია – „…ჩუენ… მეფისა ალექსანდრესგან და… დედოფალთა–დედოფლისა თამარისაგან [და ძეთა მათთა: ვახტანგ, დემეტრე, გიორგისგან…] კ(ათალიკო)ზი თეოდორე გუეაჯა… და დავანებე მცირე ესე მამული… ქ(რონი)კ(ონ)ს რიე [1427 წ.]“.41 კათოლიკოსი თეოდორე III იხსენიება ასევე მეფე ალექსანდრე I დიდის მიერ გაცემულ სხვადასახვა წლით დათარიღებულ საბუთებში, კერძოდ, 1429 წლის სიგელში,42 1431 წლის გუჯარში43 და 1431-1435 წლებს შორის გაცემულ დოკუმენტებში.44
მესტუმრისა და კარის მწიგნობრის კლიმი კაკლაჩაძის მიერ ასევე დაწერილია XV საუკუნის 20-40-იან წლებში საქართველოს მეფე ალექსანდრე I-ის რამდენიმე სიგელი.45
მეფე ალექსანდრე I დიდი, მის მიერ გაცემულ რამდენიმე სიგელ-გუჯარში იხსენიებს თავის ნათესავებს, კერძოდ, 1442 წლის ანდერძში, რომელიც მან მისცა ქვათახევის მონასტერს, აღნიშნულია – „შეწირულთა წ(მიდ)ისა ამის მონასტრისა, გინა მეფეთა, გინა დედოფალთა, ჩუენთა ნათესავთა…“.46 ამ საბუთს, მეფის ოჯახის გარდა, ხელს აწერს მეფის ბიძა, საქართველოს მეფე ბაგრატ V-ის უმცროსი ვაჟი – „პროვინციის მეფე“ დავითი.47 ამავე წლით დათარიღებულ სხვა საბუთს, რომელიც ასევე მეფე ალექსანდრე I დიდს ეკუთვნის, ხელს აწერს მისი ბიძაც – „პროვინციის მეფე“ დავითი.48 მისი მოღვაწეობის შესახებ ცნობები ასევე მოიპოვება ქართველ და უცხოელ მეცნიერთა კვლევებში.49
ზემოაღნიშნული დოკუმენტების თანახმად დგინდება, რომ ქვემო ქართლის “პროვინციის მეფეა” დავით ბაგრატ V-ის ძე და მას ჰყავს შვილები – ვახტანგი და დემეტრე. სქემატურად ეს გენეალოგიური ფრაგმენტი ასე გამოიყურება:
ბაგრატ V-ის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტზე მისი უფროსი ვაჟი გიორგი VII ავიდა. გიორგი VII, ვაჰანის მონასტრისათვის 1393 წლის ერთ-ერთ შეწირულობის წიგნში მეფედ არის მოხსენებული.50 ამავე წლით თარიღდება გიორგი VII-ის მიერ გაცემული აღაპი, რომელშიც აღნიშნულია – „ქ. სახელითა ღ~თისათა… და ჩუენდა ზღუდედ გამორჩეულო, წარმართებულო მეფობისა ჩუენისაო, დიდებაო და სიმტკიცეო სკიპტრა–პორფირისა და გუირგუინისა ჩუენისაო, საშინელო მეტეხთა, ხახულისა და ვარძიისა ღ[მ]თისმშობელო… ჩუენ განმაერთებელმან ლიხთ იმერისა და ლიხთ ამერისამან, ორისავე სამეფოს მტკიცედ და შეურყეველად მპყრობელმან, აფხაზთა და ქართველთა მეფემან გ[იორ]გი… და ახლად შემოგწირეთ… და გავიჩინეთ აღაპი ივნისსა, ათორმეტსა დღესა ონოფრობასა… და ქ(ართლისა) კ(ათალი)კ(ო)ზი გიორგი… უნაკლულოსა აღაპსა გარდაიედიდით… დაიწერა სიგელი ესე ჩუენი ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა მე–კდ (24), ქ(რონი)კ(ო)ნსა პა (81), ივლისსა ე (5), ხელითა კარის მწიგნობრისა ჩუენისა დემეტრე კეტასძისათა“.51 ამ სიგელში მოყვანილი მეფობის 24 ინდიკტიონი მიუთითებს იმაზე, რომ გიორგი VII 1369 წელს გამეფდა. ხოლო 1387 წლის გუგუნა მაყაშვილისათვის მიცემულ წყალობის წიგნში გიორგი VII თავისი მეფობის 19 ინდიკტიონს ასახელებს, რაც ნიშნავს, რომ იგი 1368 წელს გამეფებულა.52 თ. ჟორდანიას აზრით, გიორგი VII, მამის ბაგრატ V-ის მმართველობის დროს სამეფოს ცალკეულ მხარეებში (კახეთში, იმერეთში) გამგებლობდა “მეფის” ტიტულით.
ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით – „…შემდგომად ძლიერისა ბრძოლისა მოიკლა მეფე გიორგი თურქთაგან წელსა 1407… შემდგომად გიორგი მეფისა დაჯდა მეფედ ძმა მისი კონსტანტინე“.53 ამასვე აღნიშნავს ერთი ქრონიკალური ცნობა – „ქორონიკონსა ჟე (1407 წ.) დიდი ომი იყო; მეფე გიორგი მოკლეს თურქთა; სრულიად ლაშქარნი მოსწყვიდნეს და ძმა მისი კონსტანტინე მეფედ დაჯდა“.54
ჩვენამდე მოღწეულია მეფე კონსტანტინე I-ის დაზიანებული წყალობის სიგელი, რომელსაც თ. ჟორდანია ათარიღებს 1407-1412 წლებით – „…ძლიერმან და უძლეველმან სოლომონიან დავითიან ბაგრატუნი[ანმან], აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, [სომე]ხთა, შანშე და შარვანშე და ყოვლ[ისა აღ]მოსავალსა და დასავალსა მტკიცედ ფლობითა მპყრობელმან [მეფე]თა მეფემან პატრონ[მან] კოსტ[ანტინე]…“.55
ამის შემდეგ მოიპოვება უკვე 1413 წელს, კონსტანტინე მეფის ძის – ალექსანდრე I დიდის მიერ, მეფობის პირველ წელს გაცემული სააღაპო გუჯარი – „ცამდის მადლისა მეფეთა–მეფის კონსტანტინესათუის, სააღაპოდ მოუხსენებია. ამისგან მეტად რაცა ქრისტესმიერი ქ(ართ)ლისა ქათალიკოზი ელიოზ პატრონისა მეფეთ–მეფისა კოსტანტინეს სულისა სა[ა]ღაპოდ არა იხმარებ[ო]დეს… დაიწერა ბ(რძანე)ბა და სიგელი ესე ჩუენი ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისა ერთსა, ქ(რონი)კონსა რა (101), მარტსა ია (11)“. ბოლოს ხვეულად „ქ. მეფე ალექსანდრე მტკიცედ ვამტკიცებ“.56
მეფე ალექსანდრე I დიდის მმართველობის პერიოდიდან მის მიერ გაცემული სიგელები მრავლადაა შემორჩენილი. ს. კაკაბაძის გამოანგარიშებით, ალექსანდრე I 1412 წლის 11-19 სექტემბერს უნდა ასულიყო ტახტზე,57 ხოლო აკად. ივ. ჯავახიშვილის აზრით – 1412 წლის 20 თებერვალს და 11 მარტს შორის უნდა მომხდარიყო.58 ივ. ჯავახიშვილმა ასევე გაასწორა ვახუშტი ბაგრატიონის მიერ დაშვებული შეცდომა, რომლის თანახმადაც ალექსანდრე I დიდი გიორგი VII-ის ძედ იყო მიჩნეული და საბოლოოდ დაადგინა, რომ, სინამდვილეში ალექსანდრე I კონსტანტინე I-ის შვილი იყო.59 ამ ფაქტს ადასტურებს აგრეთვე ჯვრის მონასტრის სულთა მატიანეში დაცული ცნობა – „პირველსა კვირიაკესა წმიდათა მარხვათასა წირვა და აღაპი საუკუნო კონსტანტინეს შვილისა ალექსანდრესი, შეუნდოს ღმერთმან“.60
1414 წელს ალექსანდრე I დიდის მიერ გაცემულ გუჯარში აღნიშნულია – „…ჩუენ, მეფეთა–მეფემან ალექსანდრე და ძეთა ჩუენთა: ვახტანგ და დიმიტრი და ძმათა ჩუენთა: ბაგრატ და გიორგი… დაიწერა სიგელი ესე ჩუენი ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა მეორესა, ქ(რონი)კ(ო)ნსა რბ (102), ხელითა… დემეტრე მარკოზისშვილისათა“.61
1414 წლის გუჯრიდან ჩანს, რომ ერთიანი საქართველოს მეფე ალექსანდრე I დიდის უმცროსი ძმა იყო გიორგი ბატონიშვილი.
ახლა გადავავლოთ თვალი იმერეთის სამეფო შტოს მამამთავრის ბაგრატ VI-ის წარმომავლობას, იგი თავის ერთ-ერთ, 1466 წლის სააღაპო სიგელში თავის მამად მოიხსენებს საქართველოს მეფის ალექსანდრე I დიდის უმცროს ძმას გიორგი ბატონიშვილს, შესაბამისად მეფის ტიტულის გარეშე – „…მე… მპყრობელმან ორისავე ტახტისა, ლიხთ–იმერისა და ლიხთ–ამერისამან… მეფეთ მეფემან ბაგრატ… ხელმოხსნით შემოგუიწირავს სააღაპედ და სამლოცველოდ პატრონისა მამისა ჩუენისა გიორგისა სულისათუის… დაიწერა სიგელი ესე ინდიქტიონსა მეფობისა ჩუენისასა იბ [12], ქორონიკონსა რნდ [1466 წ.] ხელითა ფრიად ცოდვილისა მახარობლისათა. ესე რომე ერთი კანდელი… და ორი აღაპი კარგაღებული გარდაიხდებოდეს აღდგომისა ორშაბათს დღესა მამისა ჩუენისა გიორგისათუის და სამშაბათსა ჩუენთუის“.62 წარმოდგენილი სიგელიდან ნათლად ჩანს, რომ ბაგრატ VI-ის მამა არის ერთიანი საქართველოს მეფეების – კონსტანტინე I-ის უმცროსი შვილი და ალექსანდრე I დიდის უმცროსი ძმა. ეს ფაქტი მკვლევარმა ელენე მეტრეველმა თავის დროზე საბოოლოოდ დაადგინა63. სქემატურად ეს გენეალოგიური ფრაგმენტი ასე გამოიყურება:
ახლა, ვუახლოვდებით ჩვენი კვლევის იმ მთავარ მონაკვეთს, რომელიც მოიცავს ალექსანდრე I დიდის შვილთა ქრონოლოგიურ თანმიმდევრობას, სტატუსს და მათ შთამომავლობას. ზემოაღნიშნულ 1414 წლის სიგელიდან ნათლად ჩანს, რომ ალექსანდრე I დიდს 1414 წლისათვის პირველი ცოლისგან ჰყავს ორი შვილი – ვახტანგი და დიმიტრი.
1420 წელს, ალექსანდრე I დიდის მიერ გაცემულ სიგელში უკვე დასახელებულია მისი მეორე მეუღლე, კერძოდ დასავლეთ საქართველოს „პროვინციის მეფის“ ალექსანდრეს (დავით ნარინის შტო) ასული თამარი, მეფის შვილები და მეფის ძმანი – „ჩუენ მეფეთ–მეფემან ალექსანდრე და თანამეცხედრემან ჩემმა, დედოფალთა დედოფალმან თამარ და ძეთა ჩუენთა… მონაზონმან დავით, ვახტანგ, დიმიტრი და გ(იორ)გი და ძმათა ჩუენთა: ბაგრატ და გ(იორ)გი… დაიწერა სიგელი ესე ჩუენი ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისა მეშუიდესა, ქ(რონი)კ(ონ)სა რÀ (108), სეკდენბერსა ი (10), ხელითა… დემეტრე მარკოზისშვილისათა“.64 ამ სიგელიდან ჩანს მეფე ალექსანდრეს ოთხი ძე – მონაზონი დავით (შემდგომ კათალიკოსი დავით II), ვახტანგი, დემეტრე და გიორგი.
1433 წ.65 და 1439 წ.66 ორ სიგელში ალექსანდრე I დიდის პირმშო ვახტანგი, მამის სიცოცხლეში მეფის ტიტულით არის მოხსენებული. ივ. ჯავახიშვილი ამ ფაქტს თანამოსაყდრეობით ხსნის, ხოლო ნ. ბერძენიშვილი თვლის, რომ აქ ვახტანგი „პროვინციის მეფედ“ გვევლინება.67
„პროვინციის მეფეთა“ წარმომავლობა და მათი ისტორია მონოგრაფიულად შეისწავლა მკვლევარმა, პროფესორმა დავით ნინიძემ.68
ზემოაღნიშნული წყაროებიდან იკვეთება შემდეგი გენეალოგიური ფრაგმენტი: მეფე კონსტანტინე I, მისი ვაჟი – მეფე ალექსანდრე I დიდი, რომელსაც ჰყავს ორი მეუღლე: 1. დედოფალი დულანდუხტი და 2. დედოფალი თამარი, დასავლეთ საქართველოს „პროვინციის მეფის“ ალექსანდრეს (დავით ნარინის შტო) ასული. პირველი მეუღლისგან ალექსანდრე I-ს ჰყავდა შვილები – ვახტანგი და დემეტრე, ხოლო მეორესაგან – გიორგი და მონაზონი დავითი. სქემატურად ეს გენეალოგიური ფრაგმენტი ასე გამოიყურება:
ალექსანდრე I დიდის შვილების, შემდგომ საქართველოს მეფეების, ვახტანგ IV-ის და გიორგი VIII-ის მოღვაწეობა კარგად არის ასახული ისტორიულ დოკუმენტებში, ხოლო ამ ორ მეფეს შორის მყოფი ძმის, დიმიტრი ბატონიშვილის შესახებ ცნობა, რომელიც მეფეს პირველი მეუღლისაგან – დედოფალ დულანდუხტისაგან ჰყავდა და რომელიც „პროვინციის მეფის“ ტიტულს ატარებდა, დაცულია დიმიტრისვე გაცემულ ერთ სიგელში, სადაც დიმიტრი “მეფის” ტიტულით უმტკიცებს შიომღვიმის მონასტერს მამულებს – „ჩუენ მეფეთ მეფის ალექსანდრეს ძემან, მეფემან დემეტრე, დავითიან–ბაგრატონიან[მან], ნებითა ღ(მრ)თისათა ჩრდილოეთისა, აფხაზ[თა], რანთა, კახთა და სომეხთა მეფესა, შარვანშე, შ[ა]ნშე… სიგლითა ამით შეგიწყალეთ…“. ამ საბუთზეა მისი ხელრთვაც – „მე დემეტრე ამის დამამტკიცებელი ვარ“.69 იგი იყო „წყალს იქითა” (შიდა ქართლის გარკვეული ტერიტორიის) “პროვინციის მეფე”. 1445-1450 წლებს შორის გაცემული საბუთის მიხედვით, მან განუახლა შეწირულება შიომღვიმის მონასტერს და გაიჩინა აღაპი ამბროსობა დღეს.70 1450 წელს დემეტრემ სოფლები უწყალობა სიონის ღვთისმშობლის ეკლესიას.71
1445 წელს ზაქარია და დავით დარიბეგაშვილებისათვის მიცემულ სიგელშიც დიმიტრი თავის თავს მეფეს უწოდებს – „ქ. ჩუენ, მეფეთა მეფისა ალექსანდრეს ძემან მეფემან დიმიტრი, ესე ნასყიდობის სიგელი ამისად ნიშნად გიბოძეთ თქუენ, დარ[იბეგა]შვილთა: ზაქარიას და დავითს… და მოგყიდეთ ქალაქს, მეფისა ზურის თავს მიწა სავენახე… კლდეს ქუეით… დაიწერა სიგელი ესე ქ(რონი)კ(ონ)ს რლგ [1445 წ.], აგვისტოსა კვ [16]“. მერე ხვეულად „…მეფესა დიმიტრის დამიმტკიცებია“.72 ცაიშის საწინამძღვრო ვერცხლის ჯვარზე გაკეთებულ ასომთავრულ წარწერაშიც მოხსენებულია მეფეთ მეფე დიმიტრი ალექსანდრეს ძე.73
მეფე ვახტანგ IV-ისა და დიმიტრის შორის ურთიერთობას გვიანდელი, 1466-1478 წლებს შორის შედგენილი უცნობი [ზევდგინიძის] საჩივრის წიგნი არკვევს, სადაც აღნიშნულია, რომ „…(ოდეს) ვახტანგ მეფობა დაიჭირა, წყალს იქით მისსა ძმასა პატრონსა დიმიტრის მიანება, თაყას გარეთ“.74 მკვლევარ ჯ. ოდიშელის აზრით, ალექსანდრეს I-ის ძე დიმიტრი „პროვინციის მეფედ“ უნდა მივიჩნიოთ.75 ამ საბუთიდან ნათლად ჩანს, რომ დემეტრე შიდა ქართლის გარკვეული ტერიტორიის (წყალს იქითი – მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპირო) „პროვინციის მეფე“ იყო. ხოლო, რაც ძალზედ ნიშანდობლივია, არც ერთ თავის სიგელში დემეტრე არ ასახელებს არც მეუღლეს და არც შვილებს. სხვათა მიერ გაცემულ საბუთებშიც იგი ცოლ-შვილის გარეშეა მოხსენიებული, მაშინ, როცა მისი თანადროული ყველა მეფე ყოველთვის იხსენიებს სიგელებში თავის მეუღლესა და შვილებს. მაგალითისათვის მოვიყვანოთ იმავე ეპოქის ერთ-ერთი სიგელი – „ჩუენ მეფეთა მეფისს სულკურთხეულისა გ(იორ)გის ძემან მეფემან ალექსანდრე, პატრონმან დედუ(ფა)ლთა დედუ(ფა)ლმან, დედამან ჩუენმან ნესტანდარეჯან და თანამეცხედრემან ჩუენმან დედუფალმან ანამ… დაიწერა… ქ(რონი)კ(ო)ნსა რნიზ [1479 წ.], ინდიგტიონსა მეფობისა ჩუენისასა გ [3], თუესა იენვარსა კგ [23]“.76
დიმიტრის უშვილოდ გარდაცვალების მოსაზრებას ასევე ამტკიცებს 1452-1466 წლებს შორის მეფე გიორგი VIII-ის მიერ სამთავისისადმი გაცემული შეწირულობის სიგელი, სადაც აღნიშნულია: „ქ. ყ(ოვლა)დ საშინელო, არსებისა ხატო სამთავისისაო, მე… პატრონმან და მ(ღრ)თივ–გუირგუინოსანმა[ნ] მეფეთ მეფემან გიორგი, და ძემან ჩუენმან ალექსანდრე, გკადრეთ და მოგახსენეთ მცირე ესე შესაწირავი – უსისტყეს სოფელი, დიმიტრის ნაქონი კაცნი და მამული მათითა... შეიწირე, ეკლესიაო მღთაებისაო“.77
იგივე მოსაზრებას ადასტურებს 1678-1688 წლებს შორის გაცემული საბუთიც, რომელიც საქართველოს კათოლიკოსის ნიკოლოზ VII ამილახვრის მიერ შედგენილ სამთავისისადმი შეწირულობათა ნუსხას წარმოადგენს. საბუთში აღნიშნულია, რომ „ნეტარმან მეფემან გიორგი მამამან ალექსანდრე მეფისამან, უსიტყვე სოფელი მამული დიდი ნაქონი დიმიტრი ბაგრატოანისა რომელსა სახელ იყავნ კურთხეულ; ხოლო შეუდგა ალექსანდრე კეთილსა კვალსა მამისა თვისსა გიორგი მეფისასა, მეფემან ალექსანდრემ და შექმნა ჯვარი დროშად წინამძღვარი ცხოვრებისა და წარმმართებელი მეფობისა, თვისისა პატივად და წინასამძღოლად დიდისა მღუდელ მთავარსა დროშად სამთავისის ეპისკოპოსისა…“.78
ეს სიგელები იმის მადასტურებელია, რომ დემეტრე ალექსანდრეს ძეს ცოლ-შვილი რომ ჰყოლოდა, ანუ ერთი შვილი მაინც, მისი გარდაცვალების შემდეგ მის მამულს მეფე მონასტერს არ შესწირავდა, მამული მემკვიდრეობით გადავიდოდა მისი შვილის მფლობელობაში, აქედან გამომდინარე ქართლის მეფე კონსტანტინე ვერანაირად ვერ გამოდის დიმიტრი ალექსანდრეს ძის შვილი. არადა, როგორც ვიცით, კონსტანტინე სიგელებში თავის თავს დიმიტრის შვილად ასახელებს. მაშ ვინ არის ის დიმიტრი, რომელიც კონსტანტინე II მამად სახელდება?
მეფე კონსტანტინე II თავის სიგელებში არ ასახელებს საკუთარ მამას მეფის ტიტულით – „ჩვენ მეფემან დემეტრეს ძემან, პატრონმან აღმაშენებელმან კონსტანტინე დედამან ჩემმან გულაშარ…“.79 ასევე, 1477 წლის დედაბერ ნინოს მიერ გაცემულ ქვათახევის მონასტრისადმი შეწირულობის წიგნში, კონსტანტინე II-ის მამა დემეტრე მოხსენიებულია მეფის ტიტულის გარეშე – „კითხვითა და ბ(რძანე)ბითა დიმიტრის ძისა მეფისა კოსტანტინესითა…“.80 მხოლოდ ერთ-ერთ გვიანდელ, უთარიღო (პირობითად XV ს. მიწურული) სასისხლო სიგელში კონსტანტინე II თავის მამას (მის ადრინდელ სიგელებთან განსხვავებით) ასახელებს მეფეთ-მეფის ტიტულით, თუმცა დედას ისევ ძველებურად დედათა-დედად მოიხსენიებს, რაც უცნაურად გვეჩვენება – „…ქრისტეს ღმერ[თისა] მიერ სულკურთხეულისა, მეფეთ–მეფისა დემეტრესი ძემან, პატრონმან აღმაშენებ(ე)ლმან კონსტანტინე და დედათა დედამან ჩემ(მ)ან, პ[ატრონ]მან გულაშარ“.81 დედოფლის ტიტულის გარეშეა გულაშარი ასევე მოხსენებული ე. თაყაიშვილის მიერ გამოქვეყნებულ „საქართველოს სიძველენში“ – „…კოსტანტინე და დედათა დედამან ჩემმან, პატრონმან გულაშარ…“.82 თუმცა, თავად გულაშარი, მის მიერ გაცემულ ორ სიგელში, თავის თავს უწოდებს დედოფალს – „მე პატრონმა, დედოფალმა გულშარ“.83
დააკვირდით, რომ კონსტანტინე II თავის მამას და დედას ადრინდელ პერიოდში გაცემულ სიგელებში მოიხსენიებს სამეფო ტიტულის გარეშე, მაგალითად – „დემეტრეს ძემან“ და „დედათა დედამან გულაშარ“ და არა „მეფეთ“ ან „დედოფლად“, რაც ბუნებრივად მიღებული ფორმა იყო მეფის მიერ მშობლების მოხსენებისას. მხოლოდ გვიანდელი პერიოდის ერთადერთ სიგელში, როცა უკვე გარდაცვლილია ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი VIII, კონსტანტინე II თავის მამას, დემეტრე დავითის ძეს მეფეთ-მეფის ტიტულით ასახელებს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი საკვლევი პერიოდის, კერძოდ XV საუკუნის I ნახევარში ისტორიულ წყაროებში მხოლოდ ორი დემეტრე ჩანს: 1) დემეტრე, ქვემო ქართლის „პროვინციის მეფის“ დავითის ძე, რომელიც თავისი მამის „მეფობის“ დროს მმართველის ტიტულის გარეშეა მოყვანილი და 2) შიდა ქართლის („წყალს იქითა“) „პროვინციის მეფე“ დემეტრე, ალექსანდრე I დიდის ძე. წარმოდგენილ ისტორიულ საბუთებზე დაყრდნობით ნათელი ხდება, რომ კონსტანტინე II-ის მამა იყო დემეტრე დავითის ძე და არა დემეტრე ალექსანდრეს ძე. ამას ადასტურებს ასევე ის ფაქტიც, რომ ქართლის სამეფო შტოში კონსტანტინეს შემდგომ თაობებში ხშირად მეორდება მისი მამის – დავითის სახელი, რაც ზოგადად გასათვალისწინებელი დეტალია გენეალოგიისათვის. მაგალითად, მეფე კონსტანტინე II-ის ძმასაც84 და მის უფროს შვილსაც85, დავითი ერქვათ. სქემატურად ეს გენეალოგიური ფრაგმენტი ასე გამოიყურება:
საქართველოს მეფის ვახტანგ IV-ის უშვილოდ გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს ტახტზე ადის მისი უმცროსი ძმა გიორგი VIII, რომელსაც მძიმე მემკვიდრეობა ერგო წილად. მის გამეფებამდე დაწყებული ქვეყნის პოლიტიკური დაშლის პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდა. 1465-1466 წლებში გიორგი VIII სამცხის ათაბაგმა, ყვარყვარე II ჯაყელმა ვერაგულად შეიპყრო, ამით ისარგებლა იმერეთის „პროვინციის მეფემ“ ბაგრატმა, გადმოვიდა ქართლში და თავი მეფედ გამოაცხადა.86 ქვეყნისათვის ასეთ მძიმე ვითარებაში პოლიტიკურ არენაზე ასევე გამოჩნდა კონსტანტინეც, რომელიც შემდგომ ქართლის ბაგრატიონთა სამეფო შტოს მამამთავარი გახდა.
1466 წელს ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი VIII იძულებულია კახეთში გამაგრდეს, სადაც კახეთის სამეფო შტოს ფუძემდებელი ხდება.
1466 წელს კონსტანტინე II-ის მიერ ზაქარია ჯავახიშვილისადმი გაცემულ წყალობის სიგელში ის მეფე გიორგი VIII-ს ბიძად მოიხსენებს – „…მას ჟამს, ოდეს ღმრთისა გარეგანმან ყუარყუარე პატრონმა, ბიძასა ჩუენისა მეფესა გიორგის უღალატა და ჩუენსაცა ღალატსა და ავსა აპირებდა… დაიწერა ესე სიგელი ქორონიკონსა რნდ (1466 წ.)“.87 ხაზგასასმელია, რომ კონსტანტინე II ბიძად იხსენიებს გიორგი VIII-ს, თუმცა ისინი ერთმანეთისათვის შორეული ბიძაშვილები იყვნენ. საერთოდ, შუა საუკუნეებში, თუკი ერთი ბიძაშვილი ასაკით დიდად აღემატებოდა მის მეორე ბიძაშვილს, მაშინ უმცროსი უფროსს ხშირად ბიძად მოიხსენებდა.
1460 წლის ცნობილი ჟურულის სიგელს, რომელიც თავის დროზე ბოძებული იყო მეფე გიორგი VIII-ის მიერ, აქვს მეფე ბაგრატ VI-ის შემდეგი მინაწერი, შესრულებული 1472 წელს: „ქ. შემდგომად ამისა, ჩუენ ღ(მრ)თივ–გუირგუინოსანმან მეფეთ მეფემან ბაგრატ, ნებითა ღ(მრ)თისათა დავიპყარით მეფობა ორისავე ტახტისა ლიხთ–იმერისა და ლიხთ–ამერისა, და ვნახეთ სიგელი ესე სასისხლო შეწყალებისა ბიძის ჩუენისა გ(იორ)გისაგან წყ(ა)ლობით ბოძებული, და ჩუენცა შეგიწყ(ა)ლეთ და დაგიმტკიცეთ… დაიწერა ბ(რძანე)ბა და ნიშანი ესე ჩუენი ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისა ზ [7], ქ(ორონი)კ(ონ)სა რÁ [160 (=1472 წ.)]“.88 ამ სიგელს ასევე ამტკიცებს ქართლის კათოლიკოს-პატრიარქი დავით III (1466-1479) და ამ სიგელშიც მეფე გიორგი VIII არის მოხსენებულია, როგორც ბაგრატ VI-ის ბიძა – „ქ. ჩ(უე)ნ, ესე ვითა ღ(მრ)თივ–გვირგვინოსანსა მეფეთა მეფესა ბაგრატს ბიძისა მათისა ნაბოძები სასისხლო სიგელი და წიგნი დაუმტკიცებია ჟურულისათუის, მე გლახაკი ქ(ართლი)ს კ(ათალიკო)ზი და(ვი)თი კანონითა ვამტკიცებთ“.89 ამ სიგელითაც ნათლად ჩანს, რომ ბაგრატ VI, ისევე როგორც კონსტანტინე II, თავის ბიძაშვილს – მეფე გიორგი VIII ბიძას უწოდებს. ეს ასევე მიუთითებს იმაზე, რომ გიორგი VIII წლოვანებით თავისი თაობის ნათესავებზე (ბაგრატ VI, კონსტანტინე II) ასაკით უფროსია, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს გიორგი VIII-ის სამეფო შტოს გენეალოგიურ უფროსაბას.
ზემოთ მოყვანილ ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით იკვეთება შემდეგი გენეალოგიური სურათი: მეფე კონსტანტინე I, მისი შვილები – მეფე ალექსანდრე I დიდი და ბატონიშვილი გიორგი; შვილიშვილები – გიორგი VIII ალექსანდრე მეფის ძე და ბაგრატ VI გიორგის ძე. სქემატურად ეს გენეალოგიური ფრაგმენტი ასე გამოისახება:
ზემოთ წარმოდგენილი კვლევის შედეგად ნათლად ჩანს, რომ ქართლის მეფე კონსტანტინე II-ის მამა იყო მეფე ბაგრატ V-ის უმცროსი შვილის, „პროვინციის მეფე“ დავითის ვაჟი – დიმიტრი ბატონიშვილი და არა საქართველოს მეფის – ალექსანდრე I დიდის ვაჟი, „პროვინციის მეფე“ დიმიტრი.
ასე დგინდება კახეთის, იმერეთის და ქართლის ბაგრატიონთა სამეფო შტოების წარმომავლობა, რომელსაც სათავე დაუდეს ბაგრატ V-ის შვილთაშვილებმა. (იხ. დანართი, ტაბულა №16)
გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა
- თ.ჭყონია. გორკის ოლქში აღმოჩენილი ქართული სიძველენი. კრებული “ლიტერატურული ძიებანი”, ტ.IV, თბ., 1948, გვ.279; ვახტანგ ბატონიშვილი. “ბაგრატოანთ ნათესაობის წიგნი”. ხელნაწერთა ინსტიტუტი, ფონდი Q-884 (ხელნაწერი).
- თ.ჭყონია. გორკის ოლქში.., დას. ნაშრ. გვ.278.
- თ.ჭყონია. გორკის ოლქში.., დას. ნაშრ. დანართი #1 – “ბაგრატიონთა გენეალოგიური ხე”.
- Р.Р.Орбели. Грузинские рукописи Института Востоковедения АН СССР, вып. I, М.-Л., 1956, стр.77.
- ვახუშტი ბაგრატიონი. საქართველოს ატლასი (XVIII ს.). მთავარი რედაქტორი კ.ტატაშიძე. თბ., 1997, გვ.58-59.
- თ.ჭყონია. გორკის ოლქში.., დას. ნაშრ. გვ.279.
- ვახუშტი ბაგრატიონი. საქართველოს ატლასი.., დას. ნაშრ. გვ.58-59.
- ვახუშტი. საქართველოს ისტორია. განმართებული და შევსებული ახლად შეძენილის არხეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ.ზ.ბაქრაძის მიერ. ტფ., 1885, გვ.339-342.
- M.Deguignes. Histoire generale des Huns, des Turcs, des Mogols. t.I. partie premiere, Tables Chronologiques. Paris, MDCCLVI (1756), p.438.
- Histoire de la Georgie. Depuis l’Antiqute jusqu’au XIX siecle. vol.V, 2-re partie, 4. Addition, t.IX, Traduction et additions par M.Brosset. S.-Petersbourg, 1856, p.625-626.
- А.Филадельфин. Генеалогия Грузинского Царского Дома. “Кавказский календарь” на 1853 год. Тифлис, 1852.
- Российская родословная книга издаваемая князем Петром Долгоруковым. Часть 2. СПб., 1855, стр.9.
- მარი ბროსსე. საქართველოს ისტორია, ნაწილი მეორე მეფეთა და მთავართა გენეალოგიით და ქრონოლოგიით. გამომცემელი ნ.ღოღობერიძე. ტფ., 1900, დანართი: შთამომავლობითი სია ქართლის და კახეთის მეფეთა.
- ხელნაწერთა ინსტიტუტი, ე.თაყაიშვილის ფონდი #589 – Хронология царствований, л.1-3.
- ხელნაწერთა ინსტიტუტი, ე.თაყაიშვილის ფონდი #603 – `ბაგრატ დიდის გენეალოგია~, ფ.1.
- ნ.ბერძენიშვილი, ივ.ჯავახიშვილი, ს.ჯანაშია. საქართველოს ისტორიის, ნაწ. I. ს.ჯანაშიას რედაქტორობით. უფროსი კლასების საშუალო სკოლის სახელმძღვანელო, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს სსრ სახალხო კომისარიატის საბჭოს მიერ. თბ., 1946.
- მ.სურგულაძე. ბაგრატიონთა სამეფო სახლი. სერია მეფეები და სამეფო ოჯახები. თბ., 1995, გვ.50-51. გენეალოგიური ტაბულები შეადგინეს: მ.სურგულაძემ და მ.ქავთარიამ.
- Histoire de la Georgie. Depuis l’Antiqute jusqu’au XIX siecle. vol.V, 2-re partie, 4. Addition, t.IX, Traduction et additions par M.Brosset. S.-Petersbourg, 1856.
- ხელნაწერთა ინსტიტუტი, ე.თაყაიშვილის ფონდი #589 – Хронология царствований, л.1-3; ხელნაწერთა ინსტიტუტი, ე.თაყაიშვილის ფონდი #603 – `ბაგრატ დიდის გენეალოგია~, ფ.1.
- ივ.ჯავახიშვილი. თხზულებანი თორმეტ ტომად, ტომი III, ქართველი ერის ისტორია, წიგნი III, ნაწ. II (XV ს.). ტომის რედაქტორი მ.დუმბაძე. თბ., 1982.
- ს.კაკაბაძე. გენეალოგია დიდის ალექსანდრე მეფისა. თბ., 1913; ს.კაკაბაძე. უცნობი აფხაზ-იმერეთის მეფე თამარ II. თბ., 1913; ს.კაკაბაძე. ისტორიული საბუთები. წიგნი 2, თბ., 1913; ს.კაკაბაძე. სიგელი ქართლის მეფე კონსტანტინესი 1488 წლისა. თბ., 1913; ს.კაკაბაძე. ვეფხის ტყაოსანი. თბ., 1913; ს.კაკაბაძე. მე-XV საუკუნის I ნახ. აფხაზ-იმერეთის მეფეთა გენეალოგიურ საკითხთაგან. “კვლევა-ძიება საქართველოს ისტორიის საკითხების შესახებ”, თბ., 1920; ს.კაკაბაძე. გენეალოგია ბაგრატ VI აფხაზთა და ქართველთა მეფისა. თბ., 1921.
- თ.ჟორდანია. ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა. ტ.II. თბ., 1897.
- ნ.ბერძენიშვილი. ფეოდალური ურთიერთობიდაბ XV საუკუნეში. “მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის”, ნაკვ. I, თბ., 1937.
- ე.მეტრეველი მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI-XVII სს.). თბ., 1962.
- ჯ.ოდიშელი. აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ისტორიისათვის (XIV-XVII სს.). კრებულში: “XIV-XVIII სს. რამდენიმე ქართული ისტორიული დოკუმენტი”. თბ., 1964.
- მ.სურგულაძე. ბაგრატიონთა სამეფო სახლი. გენეალოგიური ტაბულები შეადგინეს: მ.სურგულაძემ და მ.ქავთარიამ. თბ., 1995.
- პირთა ანოტირებული ლექსიკონი XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით. ტ.I. გამოსაცემად მოამზადეს დ.კლდიაშვილმა, მ.სურგულაძემ, ე.ცაგარეიშვილმა, გ.ჯანდიერმა. თბ., 1991.
- დ.ნინიძე. XIV ს. დამდეგის საქართველოს ისტორიის რამდენიმე ისტორიულ-ქრონოლოგიური საკითხი. თსუ “შრომები”, ტ.283, თბ., 1989; დ.ნინიძე. გიორგი VII წიბააღმდეგ შეთქმულების ისტორიისათვის. ჟურნ. `მნათობი~, #7, თბ., 1991; დ.ნინიძე. “პროვინციის მეფეთა” ინსტიტუტის წარმოშობისათვის. “მაცნე”, ისტორიის სერია, #3, თბ., 1992; დ.ნინიძე. “პროვინციის მეფეები” XIV-XV საუკუნეების საქართველოში. თბ., 1995; ს.ბიჭიკაშვილი, დ.ნინიძე, ა.მხეიძე. ბაგრატიონები. თბ., 1995; ს.ბიჭიკაშვილი, დ.ნინიძე, ა.მხეიძე. ბაგრატიონები. 2 გამოცემა. თბ., 2000; ი.ბიჭიკაშვილი, დ.ნინიძე, ი.ჩიქოვანი. საქართველოს სამეფო დინასტიის – ბაგრატიონების გენეალოგია, ტაბულები #1, #2, #3, #4, #5. წიგნში: ბაგრატიონები. სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობა. თბ., 2003; დ.ნინიძე. ბაგრატიონთა სამეფო სახლის განშტოებათა ისტორია. თბ., 2004.
- თ.ჟორდანია. ქრონიკები.., ტ.II. დას. ნაშრ. გვ.187.
- ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. წიგნში: ქართლის ცხოვრება. ტ.IV. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ. თბ., 1973, გვ.895.
- თ.ჟორდანია. ქრონიკები.., ტ.II. დას. ნაშრ. გვ.188; ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა.., დას. ნაშრ. გვ.895.
- ივ.ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. ტ.3. თბ., 1982, გვ.180-181.
- მიქელ პანარეტოსი. ტრაპიზონის ქრონიკა. “გეორგიკა”, ტ.7. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. ტექსტები ქართული თარგმანუთურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა. თბ., 1967, გვ.202.
- ხელნაწერთა ინსტიტუტი, ფონდი Hდ-1368 (ხელნაწერი); თ.ჟორდანია. ქრონიკები.., ტ.II. დას. ნაშრ. გვ.247-248; ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ.II. ქართული ისტორიული საბუთები XIV-XV საუკუნეები. შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს თინათინ ენუქიძემ, ნინო თარხნიშვილმა, ბაბილინა ლომონაძემ. ტომის რედაქტორი მზია სურგულაძე. თბ., 2013, გვ.219.
- ცხოვრება საქართველოსი (პარიზის ქრონიკა). ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო გიული ალასანიამ. თბ., 1980, გვ.38.
- მიქელ პანარეტოსი. ტრაპიზონის ქრონიკა. დას. ნაშრ. გვ.211-212.
- თოვმა მეწოფელი. ისტორია თემურ-ლენგის და მისი შთამომავლებისა. ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო კ.კუციამ. თბ., 1987, გვ.24-25.
- თ.ჟორდანია. ქრონიკები.., ტ.II. დას. ნაშრ. გვ.213; ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ.II. დას. ნაშრ. გვ.71.
- ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. დას. ნაშრ. გვ.896.
- ვეფხის ტყაოსანი. ს.კაკაბაძის რედაქტორობით. თბ., [1913], გვ.46-47; ე.თაყაიშვილი. საქართველოს სიძველენი, ტ.I, გამოცემა მეორე, წ.I. ტფ., 1920, გვ.6.
- თ.ჟორდანია. ქრონიკები.., ტ.II. დას. ნაშრ. გვ.230; ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ.II. დას. ნაშრ. გვ.145.
- თ.ჟორდანია. ქრონიკები.., ტ.II. დას. ნაშრ. გვ.235; ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ.II. დას. ნაშრ. გვ.153.
- თ.ჟორდანია. ქრონიკები.., ტ.II. დას. ნაშრ. გვ.236-238; ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ.II. დას. ნაშრ. გვ.172-173.
- თ.ჟორდანია. ქრონიკები.., ტ.II. დას. ნაშრ. გვ.238-239; ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ.II. დას. ნაშრ. გვ.168,171,172,182,186,190,191,192,194-196.
- ვეფხის ტყაოსანი. ს.კაკაბაძის რედაქტორობით. თბ., [1913], გვ.44-45; თ.ჟორდანია. ქრონიკები.., ტ.II. დას. ნაშრ. გვ.257,260; ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ.II. დას. ნაშრ. გვ.140,154,157,160,162,165,169,173,184,187,193,197, 202,213,218,220,223,226,232,234.
- თ.ჟორდანია. ქრონიკები.., ტ.II. დას. ნაშრ. გვ.251; ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ.II. დას. ნაშრ. გვ.235.
- თ.ჟორდანია. ქრონიკები.., ტ.II. დას. ნაშრ. გვ.252; ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ.II. დას. ნაშრ. გვ.236.
- თ.ჟორდანია. ქრონიკები.., ტ.II. დას. ნაშრ. გვ.253-254.
- დ.ბაქრაძე. საქართველოს ისტორია. თბ., 1885, გვ.339; ივ.ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. ტ.3. თბ., 1982, გვ.181,187,189,249,253; ივ.ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. ტ.4. თბ., 1967, გვ.22; ს.კაკაბაძე. მე-XV საუკუნის I ნახ. აფხაზ-იმერეთის მეფეთა გენეალოგიურ საკითხთაგან. `კვლევა-ძიება საქართველოს ისტორიის საკითხების შესახებ~, თბ., 1920, გვ.; დ.გვრიტიშვილი. ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XIII-XV სს.). თბ., 1962, გვ.340; საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ.3. ტომის რედაქტორები ზ.ანჩაბაძე და ვ.გუჩუა. თბ., 1979, გვ.678,683; დ.ნინიძე. შიდაპოლიტიკური ბრძოლა და “პროვინციის მეფეები” საქართველოში XIV-XV სს. დისერტაციის ავტორეფერატი ისტორიული მეცნიერეის კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. თბ., 1992; დ.ნინიძე. “პროვინციის მეფეები” XIV-XV საუკუნეების საქართველოში. თბ., 1995; დ.ნინიძე. ბაგრატიონთა სამეფო სახლის განშტოებათა ისტორია (XIII-XVIII სს.). დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. თბ., 1998; ი.ბიჭიკაშვილი, დ.ნინიძე, ი.ჩიქოვანი. საქართველოს სამეფო დინასტიის – ბაგრატიონების გენეალოგია, ტაბულა #3. წიგნში: ბაგრატიონები. სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობა. თბ., 2003; С.С.Какабадзе. Грузинские документы института народов Азии. Москва, 1967, стр.151; Дворянские Роды Российской империи. т.III, Князья. Москва, 1996, стр.37; Histoire de la Georgie. Depuis L’ Antiqute jusqu’au XIX siecle. Traduite du Georgien par M.Brosset. 1-re Parte. Histoire ancienne jusqu’en 1469 de J.-C.S.-Petersbourg, 1849, p.663,677; Histoire de la Georgie. Depuis l’Antiqute jusqu’au XIX siecle. vol.V, 2-re partie, 4. Addition, t.IX, Traduction et additions par M.Brosset. S.-Petersbourg, 1856, p.625; C.Toumanoff. Manuel de genealogie et de chronologie pour l’histoire de la Caucasie Chretienne (Armenie-Georgie-Albanie). Roma, 1976, p.126.
- თ.ჟორდანია. ისტორიული საბუთები შიო-მღვიმის მონასტრისა. ტფ., 1896, გვ.43.
- თ.ჟორდანია. ქრონიკები.., ტ.II. დას. ნაშრ. გვ.200; ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ.II. დას. ნაშრ. გვ.59-62.
- თ.ჟორდანია. ქრონიკები.., ტ.II. დას. ნაშრ. გვ.190; ჯ.ოდიშელი. აღმოსავლეთ საქართველოს.., დას. ნაშრ. გვ.79; ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ.II. დას. ნაშრ. გვ.53-58.
- ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. დას. ნაშრ. გვ.896.
- თ.ჟორდანია. ქრონიკები.., ტ.II. დას. ნაშრ. გვ.216.
- თ.ჟორდანია. ქრონიკები.., ტ.II. დას. ნაშრ. გვ.215-216; ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ.II. დას. ნაშრ. გვ.98.
- თ.ჟორდანია. ქრონიკები.., ტ.II. დას. ნაშრ. გვ.220; ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ.II. დას. ნაშრ. გვ.109-110.
- ს.კაკაბაძე. დიდის ალექსანდრე მეფის გამეფების თარიღი. თბ., 1913, გვ.3-4.
- ივ.ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, წ.IV, თბ., 1948, გვ.18.
- ივ.ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, წ.IV, თბ., 1948, გვ.24-26.
- ე.მეტრეველი მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI-XVII სს.). თბ., 1962, გვ.72.
- თ.ჟორდანია. ქრონიკები.., ტ.II. დას. ნაშრ. გვ.221; ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ.II. დას. ნაშრ. გვ.118-119.
- თ.ჟორდანია. ქრონიკები.., ტ.II. დას. ნაშრ. გვ.287-288; ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ.III. ქართული ისტორიული საბუთები XV საუკუნის მეორე ნახევარი. შეადგინეს: თინათინ ენუქიძემ, დარეჯან კლდიაშვილმა, მზია სურგულაძემ. გამოსაცემად მოამზადა მზია სურგულაძემ. თბ., 2014, გვ.154.
- ე.მეტრეველი მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI-XVII სს.). თბ., 1962, გვ.170-171.
- თ.ჟორდანია. ქრონიკები.., ტ.II. დას. ნაშრ. გვ.226; ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ.II. დას. ნაშრ. გვ.128-129.
- ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ.II. დას. ნაშრ. გვ.182.
- ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ.II. დას. ნაშრ. გვ.209.
- ნ.ბერძენიშვილი. ფეოდალური ურთიერთობიდან XV საუკუნეში. `მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის~, ნაკვ. 1, თბ., 1937, გვ.9,40.
- დ.ნინიძე. `პროვინციის მეფეთა~ ინსტიტუტის წარმოშობისათვის. “მაცნე”, ისტორიის სერია, #3, თბ., 1992; დ.ნინიძე. “პროვინციის მეფეები” XIV-XV საუკუნეების საქართველოში. თბ., 1995.
- ხელნაწერთა ინსტიტუტი, ფონდი Aდ-1გ, (ხელნაწერი); ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ.III. დას. ნაშრ. გვ.22.
- ხელნაწერთა ინსტიტუტი, ფონდი Aდ-1ე (1445-1450 წწ.), (ხელნაწერი); პირთა ანოტირებული ლექსიკონი, XI-XVII სს. ისტორიული საბუთების მიხედვით, გამოსაცემად მოამზადეს: დ.კლდიაშვილმა, მ.სურგულაძემ, ე.ცაგარეიშვილმა, გ.ჯანდიერმა, ტ.I, თბ., 1991, გვ.272-273.
- Д.Пурцеладзе. Церковные гуджары. Тфл., 1891, стр.52.
- თ.ჟორდანია. ქრონიკები.., ტ.III. დას. ნაშრ. გვ.257; ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ.III. დას. ნაშრ. გვ.21.
- თ.ჟორდანია. ქრონიკები.., ტ.II. დას. ნაშრ. გვ.270.
- ხელნაწერთა ინსტიტუტი, ფონდი შდ-1242 (1466-1478 წწ.), (ხელნაწერი); ნ.ბერძენიშვილი. ფეოდალური ურთიერთობიდან.., დას. ნაშრ. გვ.50.
- ჯ.ოდიშელი. აღმოსავლეთ საქართველოს.., დას. ნაშრ. გვ. 82.
- თ.ჟორდანია. ქრონიკები.., ტ.II. დას. ნაშრ. გვ.301; ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ.III. დას. ნაშრ. გვ.242-243.
- სცია, ფონდი 1449, საბ. #1613 (1452-1466 წწ.); ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ.III. დას. ნაშრ. გვ.62.
- ხელნაწერთა ინსტიტუტი, ფონდი Aდ-565 (1678-1688 წწ.), (ხელნაწერი); თ.ჟორდანია. ქრონიკები.., ტ.II, თბ., 1897, გვ.261; პირთა ანოტირებული ლექსიკონი, ტ.I, დას. ნაშრ. გვ.272-273.
- თ.ჟორდანია. ქრონიკები.., ტ.II. დას. ნაშრ. გვ.265.
- სცია, ფონდი 1449, საბ. #1488 (1477 წ.); ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ.III. დას. ნაშრ. გვ.224.
- ხელნაწერთა ინსტიტუტი, ფონდი შდ-521 (XV ს. მუწურული), (ხელნაწერი); ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ.III. დას. ნაშრ. გვ.323.
- ე.თაყაიშვილი. `საქართველოს სიველენი~, II, თბ., 1909, გვ.41-44, #31;
- ხელნაწერთა ინსტიტუტი, ფონდი Hდ-1355 (1462 წ.), (ხელნაწერი); სცია, ფონდი 1449, საბ. #1489 (1488 წ.);ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ.III. დას. ნაშრ. გვ.128-129,283.
- სცია, ფონდი 1448, საბ. #5027 (1464 წ.); ხელნაწერთა ინსტიტუტი, ფონდი Hდ-14903 (1475 წ.), (ხელნაწერი); ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ.III. დას. ნაშრ. გვ.138; ბერი ეგნატაშვილი. ახალი ქართლის ცხოვრება. წიგნში: ქართლის ცხოვრება. ტ.II. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ. თბ., 1959, გვ.349; ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ქც. ტ.IV (1973), დას. ნაშრ. გვ.303; ნ.ასათიანი. ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლის ისტორიიდან (კახეთის სამეფოს წარმოქმნის საკითხისათვის). თსუ `შრომები~, ტ.78, თბ., 1963; ნ.ბერძენიშვილი. ფეოდალური ურთიერთობიდაბ XV საუკუნეში. `მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის~, ნაკვ. I, თბ., 1937, გვ.140; ნ.ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები, წიგნი 2. თბ., 1965, გვ.124-125,139; დ.ნინიძე. ბაგრატიონთა სამეფო სახლის განშტოებათა ისტორია (XIII-XVIII სს.). დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. თბ., 1998; ი.ბიჭიკაშვილი, დ.ნინიძე, ი.ჩიქოვანი. საქართველოს სამეფო დინასტიის – ბაგრატიონების გენეალოგია, ტაბულა #4. წიგნში: ბაგრატიონები. სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობა. თბ., 2003.
- ახალი ქართლის ცხოვრება (მესამე ტექსტი). წიგნში: ქართლის ცხოვრება. ტ.II. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ. თბ., 1959, გვ.486-487,490-493; ვახუშტი. ქც. ტ.IV. (1973), დას. ნაშრ. გვ.295,300-301,392-400; მცირე ქრონიკები. (1968), დას. ნაშრ. გვ.39-40; ცხოვრება საქართველოსი (პარიზის ქრონიკა). (1980), დას. ნაშრ. გვ.40-41,134; თ.ჟორდანია. ქრონიკები.., ტ.II. (1897), დას. ნაშრ. გვ.187,305-309,320,326; პირთა ანოტირებული ლექსიკონი. ტ.I. (1991), დას. ნაშრ. გვ.267-269,766; ივ.ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. ტ.4. თბ., 1967, გვ.125,127-128,205-207,217-221; ნ.ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის.., წიგნი 2, (1965), დას. ნაშრ. გვ.99-102; დ.გვრიტიშვილი. ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან.., (1962), გვ.144,181,186; საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ.4. რედაქრორი მ.დუმბაძე. თბ., 1973, გვ.93, 95,98,102,226; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.III. მთ. რედაქტორი ირ. აბაშიძე. თბ., 1978, გვ.336; ი.ბიჭიკაშვილი, დ.ნინიძე, ი.ჩიქოვანი. საქართველოს სამეფო დინასტიის – ბაგრატიონების გენეალოგია, ტაბულები #1 და #4. წიგნში: ბაგრატიონები. სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობა. თბ., 2003.
- ივ.ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, წ.IV, თბ., 1948, გვ.97.
- ი.დოლიძე. ქართული სამართლის ძეგლები, ტ.II, თბ., 1965, გვ.134.
- თ.ჟორდანია. ქრონიკები.., ტ.II. დას. ნაშრ. გვ.280; ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ.III. დას. ნაშრ. გვ.62.
- თ.ჟორდანია. ქრონიკები.., ტ.II. დას. ნაშრ. გვ.280; ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ.III. დას. ნაშრ. გვ.117.
დანართი
ვახტანგ VI-ის მიერ შედგენილი გენეალოგიური ტაბულა №1 (თ.ჭყონია. გორკის ოლქში აღმოჩენილი ქართული სიძველენი. კრებული “ლიტერატურული ძიებანი”, ტ.IV, თბ., 1948, გვ.279; ვახტანგ ბატონიშვილი. “ბაგრატოანთ ნათესაობის წიგნი”. ხელნაწერთა ინსტიტუტი, ფონდი Q-884 (ხელნაწერი)).
დანართი
ვახტანგ VI-ის მიერ შედგენილი გენეალოგიური ტაბულა №2 (ვახუშტი ბაგრატიონი. საქართველოს ატლასი (XVIII ს.). მთავარი რედაქტორი კ.ტატაშიძე. თბ., 1997, გვ.58-59).
დანართი
ვახუშტი ბაგრატიონის მიერ შედგენილი გენეალოგიური ტაბულა №3 (ვახუშტი. საქართველოს ისტორია. განმართებული და შევსებული ახლად შეძენილის არხეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ.ზ.ბაქრაძის მიერ. ტფ., 1885, გვ.339-342).
დანართი
ბაქარ ბაგრატიონის მიერ შედგენილი (1737-1738 წწ.) გენეალოგიური ტაბულა №4 (M.Deguignes. Histoire generale des Huns, des Turcs, des Mogols. t.I. partie premiere, Tables Chronologiques. Paris, MDCCLVI (1756), p.438).
დანართი
აკად. მარი ბროსსეს მიერ შედგენილი გენეალოგიური ტაბულა №5 (Histoire de la Georgie. Depuis l’Antiqute jusqu’au XIX siecle. vol.V, 2-re partie, 4. Addition, t.IX, Traduction et additions par M.Brosset. S.-Petersbourg, 1856, p.625-626.)
დანართი
ა.ფილადელფინის მიერ შედგენილი გენეალოგიური ტაბულა №6 (А.Филадельфин. Генеалогия Грузинского Царского Дома. “Кавказский календарь” на 1853 год. Тифлис, 1852).
დანართი
პ.დოლგორუკოვის მიერ შედგენილი გენეალოგიური ტაბულა №7 (Российская родословная книга издаваемая князем Петром Долгоруковым. Часть 2. СПб., 1855, стр.9).
დანართი
აკად. მარი ბროსსეს მიერ შედგენილი გენეალოგიური ტაბულა №8 (მარი ბროსსე. საქართველოს ისტორია, ნაწილი მეორე, მეფეთა და მთავართა გენეალოგიით და ქრონოლოგიით. გამომცემელი ნ.ღოღობერიძე. ტფ., 1900, დანართი: შთამომავლობითი სია ქართლის და კახეთის მეფეთა)
დანართი
აკად. ექვთიმე თაყაიშვილის მიერ შედგენილი გენეალოგიური ტაბულა №9 (ხელნაწერთა ინსტიტუტი, ე.თაყაიშვილის ფონდი #589 – Хронология царствований, л.1-3)
დანართი
აკად. ექვთიმე თაყაიშვილის მიერ შედგენილი გენეალოგიური ტაბულა №10 (ხელნაწერთა ინსტიტუტი, ე.თაყაიშვილის ფონდი #603 -“ბაგრატ დიდის გენეალოგია”, ფ.1)
დანართი
აკად. ივ.ჯავახიშვილის, ს.ჯანაშიას და ნ.ბერძენიშვილის მიერ შედგენილი გენეალოგიური ტაბულა №11 (ნ. ბერძენიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია. საქართველოს ისტორია. ნაწ. I. ს.ჯანაშიას რედაქტორობით. თბ., 1946).
ბაგრატიონთა საქართველოს სამეფო სახლის ძირითადი შტოს გენეალოგიური ტაბულა.
ერთიანი საქართველოს მეფეები
დანართი
მ.სურგულაძის და დ.კლდიაშვილის მიერ შედგენილი გენეალოგიური ტაბულა №12 (პირთა ანოტირებული ლექსიკონი XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით. ტ.I. გამოსაცემად მოამზადეს დ.კლდიაშვილმა, მ.სურგულაძემ, ე.ცაგარეიშვილმა, გ.ჯანდიერმა. თბ., 1991, გვ.764-765)
დანართი
მ.სურგულაძის და მ.ქავთარიას მიერ შედგენილი გენეალოგიური ტაბულა №13 (მ.სურგულაძე. ბაგრატიონთა სამეფო სახლი. სერია მეფეები და სამეფო ოჯახები. თბ., 1995, გვ.50-51. გენეალოგიური ტაბულები შეადგინეს: მ.სურგულაძემ და მ.ქავთარიამ.).
დანართი
ს.დუმინის მიერ შედგენილი გენეალოგიური ტაბულა №14 – Династическое старшинство в Царской династии Багратионов (краткая родословная схема).
დანართი
2016 წელს, “საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს” მიერ გამოცემული გენეალოგიური ტაბულა სახელწოდებით “საქართველოს თავად-აზნაურთა წინამძღოლის დავით თარხან-მოურავის გენოგრამა”. ტაბულა №15
დანართი
ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის გენეალოგიური ფრაგმენტი (XIV-XV სს.). შედგენილი ი.ბიჭიკაშვილის მიერ. თბ., 2015. ტაბულა №16