საქართველოს სამეფო კანცელარიის 2010 წლის განცხადების დანართი №13 (1)

The Crown of Georgia

საქართველოს სამეფო კანცელარიის 2010 წლის განცხადების

დანართი №13

საქართველოს სამეფო ოჯახი გუშინ და დღეს

“რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს,

არცა საიდუმლოჲ, რომელი არა საცნაურ იყოს და

ცხადად მოვიდეს”.

(ლუკას სახარება, თავი 8, მუხლი 17).

90-იანი წლების დასაწყისში ქართული მონარქისტული წრეების წარმომადგენლები შეხვდნენ ბატონიშვილ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის უფროს ქალიშვილს – ბატონიშვილ ანას – იმ მიზნით, რათა მათ, როგორც პატრიოტული სულისკვეთებით აღძრულთ, ერთხელ კიდევ შეეხსენებინათ მისთვის, რომ ის ჩვეულებრივი გოგონა არ არის, რომ ის სამეფო შტოს პირდაპირი მემკვიდრეა და რომ ისინი აუცილებლად იზრუნებდნენ ბატონიშვილისათვის შესაფერისი სასიძოს მოსაძიებლად. ბატონიშვილმა ანამ გულთან მიიტანა უფროსი ადამიანების დარიგება და განუცხადა, რომ დაელოდებოდა მათ შესაბამის ქმედებებს. ამ მამულიშვილური იდეის ჩასაშლელად დესტრუქციულმა ძალებმა უმალ აამუშავეს დეზინფორმაციული მანქანა, რითაც არასამეფო შტოს ზოგიერთ ბაგრატიონს დროდადრო ტახტის მემკვიდრედ წარმოუჩენდნენ მოსახლეობას, ხოლო ბატონიშვილ ანას ჭეშმარიტ სამეფო ოჯახს მიზანმიმართულად ჩქმალავდნენ. ამ ფონზე წარჩინებული გვარის წარმომადგენელთა დაპირებებმა 10 წელს გასტანა. დადგა დრო გათხოვებისა…

თავი 1.

მისი სამეფო უმაღლესობის, ბატონიშვილი ანას პირველი ქორწინება

Patr 2ბატონიშვილი ანა, თავისი თაობის გოგონათა მსგავსად, სიყვარულით ირჩევს მის მომავალ მეუღლეს – არქიტექტორ გრიგოლ მალანიას, რომელიც, მართალია, არა პირდაპირი ხაზით, მაგრამ დედის მხრიდან, საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის ჩამომავალი გახლდათ (იხ. დანართ №14, დოკუმენტი №6).

საქართველოს სამეფო სახლის მეთაურმა, ბატონიშვილმა ნუგზარმა, ტრადიციული წესისამებრ, მისი ქალიშვილი და სასიძო წარუდგინა მის უწმინდესობას. პატრიარქმა დალოცა წყვილი და სასიძოს სთხოვა, რომ მომავალი შვილი სამეფო გვარზე დაეწერა, რაზეც სასიძომ თანხმობა განუცხადა. პატრიარქმა მისცა კურთხევა ქორწინებაზე.

სამეფო სახლის მეთაურმა გასცა “ქორწინების წიგნი”- ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მომავალ სიძეს – გრიგოლ მალანიას – უბოძა თავადობა და სახლთუხუცესის წოდება (იხ. “ქორწინების წიგნი” დანართ №14დოკუმენტი №7). სასიძომ, აწ უკვე მისმა ბრწყინვალებამ, თავადმა გრიგოლ მალანიამ, სახლთუხუცესმა, შეასრულა პირობა და ქორწინებიდან დაბადებული ქალიშვილები ბაგრატიონ-გრუზინსკებად დაწერა, რაც ქართული დინასტიური სამართლის ”ზედსიძეობის” ტრადიციას ემყარებოდა (იხ. დ. ნინიძე “ბაგრატიონთა სახლის განშტოებათა ისტორია” (XII-XVIII სს) თბილისი, 2004 წ. გვ.41.), თავად კი სახლთუხუცესობას მოჰკიდა ხელი, შემოიკრიბა ისტორიკოსები, გენეალოგიური საზოგადოება, რის შედეგადაც 2006 წელს ბაგრატოვანთა გვარის სხვადასხვა შტოს წარმომადგენელთა უმრავლესობის მხრიდან ხელი მოეწერა ისტორიულ მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრედ აღიარებულ იქნა ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი. (იხ. დანართი №10). პარალელურად მან ისწავლა თბილისის სასულიერო აკადემიაში და როცა აპირებდა დიპლომის დაცვას, ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რასაც 2007 წელს წყვილის დაშორება მოჰყვა… სამეფო სახლის მეთაურს, ბატონიშვილ ნუგზარს დღესაც კარგი ურთიერთობა აქვს ყოფილ სიძესთან.

Princesses 2

თავი 2.

ბრძოლა სამეფო ოჯახის წინააღმდეგ

პატრიარქის მიერ 2007 წლის ოქტომბრის საკვირაო ქადაგებაში გამოთქმული მოსაზრება საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის, როგორც შესაძლო სახელმწიფოებრივი წყობილების ფორმის შემოღებასთან დაკავშირებით, საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ სიხარულით იქნა აღქმული.

აღნიშნულ ფაქტს საქართველოში მოჰყვა მონარქისტული იდეის მოწინააღმდეგე ძალების გააქტიურებაც, რომელნიც ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისიდან სხვადასხვა ფსევდო-ეროვნული პარტიების დაარსებით, ცდილობდნენ საკუთარ ვიწროპარტიულ საქმიანობაში ბატონიშვილი ნუგზარის გარევას და შესაბამისად მის მართვას, თუმცა მიხვდნენ რა, რომ სამეფო ტახტის მემკვიდრის მანიპულირებას ვერ მოახერხებდნენ, ამიტომ მიმართეს მზაკვრულ ხერხს – გამოეძებნათ ყალბი „ტახტის მემკვიდრე“, რომლის მართვაც იოლი იქნებოდა და რომელსაც დაუპირისპირებდნენ ჭეშმარიტ მემკვიდრეს, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ცრუსა და ყალბის მართვა ბევრად იოლია, ვიდრე ჭეშმარიტისა, ამიტომ ყოველ ღონეს მიმართეს, რათა რაიმე მიზეზით მაინც, საზოგადოებაში შეექმნათ წარმოდგენა, რომ ბაგრატიონებში ტახტის მემკვიდრეობის საკითხი გაურკვეველია და დიდი ქაოსი სუფევს. დესტრუქციული ძალები, როდესაც მეცნიერულად, ან სამართლებრივი გზით ვერ ახერხებენ რაიმეს მტკიცებას, მაშინ მიმართავენ ცნობილ ხერხს – საზოგადოების დეზინფორმაციას ჭორების გავრცელების გზით…

რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, ეს ძალები, შეთხზული ჭორების გასავრცელებლად, ხანდახან ბაგრატიონთა საგვარეულოს ზოგიერთ წარმომადგენელსაც კი წარმატებით იყენებდნენ. პირველი გავრცელებული ჭორი ეხებოდა ბატონიშვილი ნუგზარის ბაბუას – ბატონიშვილ პეტრე ალექსანდრეს ძეს, რომელსაც თითქოს ჯვარი არ ჰქონდა დაწერილი მის მეუღლესთან და ამიტომ ეს შტო უკანონო შტოდ უნდა ჩათვლილიყო (მოგეხსენებათ, რომ სამეფო ლეგიტიმიზმის პრინციპებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქორწინების კანონიერ სტატუსს). ეს შეთხზული ჭორი იმდენად დიდ ხანს მუსირებდა საზოგადოებაში, რომ მგონი დღესაც პირზე აკერია ზოგიერთ დესტრუქციულ პიროვნებას და ავიწყდება, რომ, ჯერ კიდევ 1997 წელს, ქართული გენეალოგიური საზოგადოების პრეზიდენტმა, გენეალოგმა იური ჩიქოვანმა და იოსებ ბიჭიკაშვილმა მიაკვლიეს ჯვრისწერის საბუთს, ამოწერეს და იმდღესვე მიართვეს სამეფო ოჯახს.

საქართველოს საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ ბატონიშვილის და უგანათლებულესი თავადის პეტრე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონი-გრუზინსკის ჯვრისწერა აზნაურ თამარ დეკანოზიშვილთან, შედგა 1915 წლის 14 მაისს (წმ. თამარ მეფის ხსენების დღეს) წმ. ბარბარეს ეკლესიაში. ჯვრისწერა აღუსრულებია მღვდელ იოსებ ჩიჯავაძეს, ხოლო მეჯვარეები ყოფილან – ირაკლი ევსტათის ძე ფურცელაძე და ლევან ანტონის ძე ფურცელაძე (იხ. დანართი №14, დოკუმენტი №8).

margin-right: 10px;

ეს ძალები არ აპირებდნენ დანებებას და დაიწყეს ახალი ჭორის შეთხზვა. ახალი ჭორი ეხლა უკვე ეხებოდა იმას, რომ თითქოს, ამ ქორწინებიდან შეძენილი შვილები ბატონიშვილი პეტრესი არ იყვნენ. ამ მორიგი აბსურდული ჭორის გასაქარწყლებლად, მხოლოდ 1922 წელს ქართულ პრესაში, ბატონიშვილი პეტრეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ნეკროლოგს მოვიყვანთ, სადაც წერია: „თამარ ალექსანდრეს ასული გრუზინსკისა შვილებითურთ (კონსტანტინე და პეტრე) აუწყებს ნათესავებს და ნაცნობებს უძვირფასესი მეუღლის პეტრე ალექსანდრეს ძის გრუზინსკის გარდაცვალებას… 9 თებერვლის დილას დასვენებას ქვაშვეთის ეკლესიაში და იქედან წასვენებას მცხეთის საგვარეულო აკლდამაში“ (იხ. გაზეთი „კომუნისტი“, 8 თებერვალი 1922 წ. №30).

როგორც ხედავთ, თავის დროზე ვერც ბოლშევიკებმა ვერ აუარეს გვერდი ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო წარმომავლობას და ბატონიშვილი პეტრე დაკრძალეს თავისი უშუალო წინაპრების – ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის გვერდით.

შესაძლოა ბოლშევიკების მხრიდან, ჯერ კიდევ, ასეთი ლოიალური დამოკიდებულება განპირობებული იყო მსოფლიო ცივილიზებული საზოგადოების მხრიდან გამოთქმული პროტესტის გამო, რაც 4 წლით ადრე ნიკოლოზ მეორის ოჯახის დახვრეტით იყო გამოწვეული… საქართველოს ჭეშმარიტი სამეფო ოჯახის განადგურებისათვის კი დრო კიდევ ითმენდა, რადგან ტახტის მემკვიდრეები ჯერ კიდევ პატარები იყვნენ.

თუმცა, როდესაც ახალგაზრდა ბატონიშვილები წამოიზარდნენ, 1938 წელს, მათ დედა ბაშკირეთში გადაუსახლეს, შემდგომ 1939 წელს საეჭვო ვითარებაში 24 წლის ახალგაზრდა ბატონიშვილი კონსტანტინე გარდაიცვალა, ხოლო მოგვიანებით 1945 წელს დახვრეტის მუხლით აპატიმრებენ სამეფო ტახტის ერთადერთ დარჩენილ მემკვიდრეს – ბატონიშვილ პეტრე პეტრეს ძეს, რომელიც სასწაულით გადაურჩა ამ განაჩენს. ბატონიშვილი პეტრეს განაჩენში ვკითხულობთ: “ГРУЗИНСКИЙ-БАГРАТИОНИ П.П. арестован 27 марта 1945 года НКГБ ГССР по ст. 58-10 ч. 2 и 58-11 УК ГССР за совершенные им преступления выражавшиеся в том, что считая себя единственным и первым наследником последнего царя Грузии, мечтал о восстановлении в ней монархического строя”(იხ. დანართი №14, დოკუმენტი №9).

საინტერესოა, თუ რა ჭორებს შეთხზავენ ბოლშევიკების სულიერი მემკვიდრეები დღეს, რა ხერხს მიმართავენ სამეფო ტახტის ლეგიტიმური ოჯახის წინააღმდეგ? თუმცა, რაც არ უნდა იღონონ, ადრე თუ გვიან, ასეთი ცილისწამებისათვის პასუხს აგებენ უფლის წინაშე. სამწუხაროა, რომ მათ არც უფლის შიში არ გააჩნიათ და იქედან მოყოლებული, რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, ჭორების პარალელურად სხვა ხერხსაც მიმართეს, კერძოდ, მათ უკვე დაიწყეს დღემდე არარსებული ქართული დინასტიური წესების გამოგონება, რომლის თანახმადაც აცხადებდნენ, რომ, რადგან ბატონიშვილ ნუგზარს მხოლოდ ქალიშვილები ჰყავს, ამიტომ იგი სამეფო ტახტის მემკვიდრედაც აღარ უნდა განიხილებოდესო და საქართველოს ლეგიტიმურ სამეფო შტოს შეწყვეტილად აცხადებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ცნობილი იყო, თუნდაც ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარის, ბატონი აკაკი ასათიანის წერილის შესახებ მონარქისტულ გაზეთ “ძლევაი”-ში, სადაც ავტორის მიერ ხაზგასმული იყო ქალის ხაზით სამეფო მემკვიდრეობის გადაცემის ქართული წესი (იხ. დანართი №3)

ასე, მიზანმიმართულად ცდილობდნენ სამეფო სახლის ლეგიტიმური მეთაურის იგნორირების ან დაკნინების გზით საზოგადოების ყურადღების არასამეფო შტოს ბაგრატიონებზე და მომავალ თაობაზე გადატანას. მაგალითად, ეგრეთწოდებულ “სამეფო კლუბის” ერთერთ სხდომაზე, ქალბატონი ია მუხრანელი აცხადებდა: “ერთ ტახტის მემკვიდრეზე საუბარი მიუღებელია, ვინაიდან გვყავს ბაგრატოვანთა სახელოვანი გვარის სხვადასხვა შტოს ახალგაზრდობა, რომელნიც უნდა დავაქორწინოთ ერთმანეთზე და ასეთი ხუთი-ექვსი ოჯახიდან შევარჩიოთ საუკეთესონი და მათგან გამოვავლინოთ ტახტის მომავალი მემკვიდრე”. (იხ. გაზეთი “ქართული სიტყვა”, “დიდი აურზაური ბაგრატიონებში”, №24, 30 ივნისი-6 ივლისი, 2010.). (სტატიის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ დანართ №14-ში, დოკუმენტი №17)

როგორც ხედავთ, დინასტიური სამართლის სრული იგნორირებით, მავანნი ერთგვარი “სელექციის” პროექტის თავზე მოხვევით ბაგრატიონებს შორის სამომავლო დაპირისპირებას უყრიდნენ საფუძველს, რაც სავარაუდოდ მონარქისტული იდეის მოწინააღმდეგე ძალთაგან უნდა ყოფილიყო დავალებული.

“სასელექციო” გეგმის პარალელურად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცდილობდნენ ბაგრატიონთა არასამეფო – თავადური განშტოებებიდან ვაჟ წარმომადგენელთა „სამეფო“ კანდიდატურებად წარმოჩენას. საქართველოს სამივე კუთხისათვის (ქართლი, კახეთი, იმერეთი) “საკუთარი მემკვიდრეების“ ხელოვნურად გამონახვას, რითაც საზოგადოებაში ერთგვარ გაურკვევლობას თესავდნენ და ვფიქრობთ, სამომავლოდ კუთხურ სეპარატიზმსაც უწყობდნენ ხელს. (იხ. ქართული გაზეთი, სტატია – “ვინ უნდა იყოს მეეთ-მეფე სრულიად საქართველოისა?!”, ავტორი გაიოზ მამალაძე, 11-18. №041 (456), 2007, გვ.10).

როდესაც ღიად იქნა მითითებული ქართულ და საერთაშორისო დინასტიურ სამართალზე, რის თანახმადაც ქართული ტრადიციული დინასტიური წესებით სავსებით მიღებულია ქალის ხაზით სამეფო შტოს გაგრძელება და ის, რომ დინასტიური სამართლის დარღვევად ჩაითვლებოდა არასამეფო შტოს ვაჟი ბაგრატიონების მემკვიდრეებად წარმოჩენა, მათ შეცვალეს თავიანთი უსაფუძვლო პოზიცია და აღიარეს ბატონიშვილი ანა ტახტის ლეგიტიმურ მემკვიდრედ, თუმცა, შემდგომ უკვე „დარტყმა“ მის ქალიშვილებზე (ქართული დინასტიური წესების სრული დაცვით დაბადებულ ქალიშვილებზე) გადაიტანეს, დაიწუნეს ტახტის მემკვიდრეებად. საზოგადოებაში ავრცელებდნენ ახალ კატეგორიულ მოთხოვნას, რომ, თუ არ გათხოვდებოდა ბატონიშვილი ანა, რომელიმე არამონათესავე გვერდითი თავადური შტოს ბაგრატიონზე და არ გააჩენდა ვაჟს, ტახტის საკითხი კვლავ გაურკვეველი დარჩებოდა.

მავანთა ანტიმონარქისტულ სულისკვეთებაზე, ასევე მიგვითითებს მათივე მოქმედების სტილიც, როდესაც ისინი ჭეშმარიტი სამეფო ოჯახის გადაფარვის მიზნით ხელოვნურად ასახელებდნენ სხვადასხვა “კანდიდატებს” სამეფო ტახტის მემკვიდრეებად, იქვე, შემდგომ, მასმედიისა თუ პრესის საშუალებებით, თავადვე ახდენდნენ მათ დისკრედიტაციასაც (იხ. გაზეთი “DRONI.GE”, სტატია – “ის, რაც დავით ბაგრატიონის შესახებ აქამდე არავის უთქვამს…”, ავტორი გაიოზ მამალაძე, 2009 წ., 21 დეკემბერი, გვ.12).

2010 წლის 15 მაისს, ჟურნალისტთა კავშირის დარბაზში შედგა “სამეფო კლუბის” წევრთა შეხვედრა საქართველოს სამეფო სახლის კანცლერთან, ბატონ კახა ქორიძესთან. შეხვედრისას, როდესაც სამეფო სახლის კანცლერის მიერ წარმოთქმულ სამართლებრივ და მყარ პოზიციას დამსწრე საზოგადოების 99 პროცენტმა დაუჭირა მხარი, “სამეფო კლუბის” სპიკერმა, ბატონმა გაიოზ (გია) მამალაძემ ხმამაღალი სიტყვით გააპროტესტა და განაცხადა: “მე თქვენ გაფრთხილებთ, რომ ესპანელი და ღვანკითელი ბაგრატიონები იჩივლებენ”, რაზეც, თავისავე “სამეფო კლუბის” წევრებისგან მან მკაცრი პასუხები მიიღო. კერძოდ, პროფესორმა ლევან ფრუიძემ ასე უპასუხა მას: “ტახტის მემკვიდრის ძიება სხვადასხვა თავადური წარმომავლობის ბაგრატიონთა საგვარეულოდან, როდესაც გვყავს ჭეშმარიტი ტახტის მემკვიდრე და ეს არის ბატონიშვილი ნუგზარი, უბრალოდ არასწორია. ამ დროს გამოუნახოთ ცალ-ცალკე ქართლს, კახეთს და იმერეთს ტახტის მემკვირეები, ეს არა მხოლოდ კონსტიტუციური მონარქიის იდეის დამანგრეველ აზრად მეჩვენება, არამედ საქართველოს დამანგრევლადაც”, ასევე, ძალზედ საინტერესოა აკადემიკოს ვახტანგ ქიზიყურაშვილის პასუხიც: “ბატონო გაიოზ, ეგ აზრი მხოლოდ თქვენ გაქვთ! ყველა აქ დამსწრე ვიზიარებთ, რომ “სამეფო კლუბი” უნდა მიუერთდეს მემორანდუმს და ვაღიაროთ სრულიად საქართველოს ერთადერთ და ჭეშმარიტ მემკვიდრედ ბატონიშვილი ნუგზარი და დავიწყოთ კონსტიტუციური მონარქიის იდეის სწორად მიწოდება საზოგადოებისათვის, რაც სამეფო სახლის მეთაურის გარშემო გაერთიანების გარეშე, როგორც ყველა ვხედავთ, გვირთულდება” (იხ. დანართი №14, დოკუმენტი №16)

მიუხედავად ზემოთ მოყვანილი ფაქტებისა, დესტრუქციული ძალები დღესაც ჯიუტად აგრძელებენ ბაგრატიონებში ქაოსის ხელოვნურად დამკვიდრებას.

ის, რომ ბატონიშვილი ნუგზარის მეფე-წინაპრებმა ღვთის წყალობით, სისხლითა და ოფლით, მაინც მოახერხეს საქართველოს გაერთიანება (თუნდაც ნომინალურად. იხ. დანართი №8), ეს ისტორიული რეალობა მავანთათვის რასაკვირველია ყელში გაჩხერილი ფხასავით არის, ამიტომ, დღეს, მათ მიერ ყველა კუთხისათვის საკუთარი “ტახტის მემკვიდრის” ხელოვნურად გამონახვა, ვგონებთ, უნდა ემსახურებოდეს იმ საშიშროებას, რაც ზემოთ ნახსენებ შეხვედრაზე დააფიქსირა პროფესორმა ლევან ფრუიძემ.

აი, ასე ხელოვნურად ახდენდნენ და ახდენენ სამეფო ოჯახის გარშემო მძიმე დამთრგუნველი ფონის შექმნას, რამაც, გარკვეულ წილად, თავისი შედეგი გამოიღო კიდეც…

დესტრუქციული ძალების ერთი ნაწილი, რომელმაც თავიდანვე იცოდა ჭეშმარიტება, თუმცა მაინც ცდილობდა ბატონიშვილი ნუგზარის ოჯახის მნიშვნელობის მიჩქმალვას, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, პრესის საშუალებით ავრცელებდა მოსაზრებას, რომ, რახან ბატონიშვილ ნუგზარს მხოლოდ ქალიშვილები ჰყავს, ამიტომ კარგი იქნებოდა თუკი იგი იშვილებდა მუხრანელ ბაგრატიონთა წარმომადგენელ ვაჟს და ამ “შვილობის აქტით” გადასცემდა მას საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრეობას, მაგალითად, როგორც ეს ისტორიულად მოხდა როსტომ ხანის მიერ ბახუტა მუხრანბატონისა, ან დავით III კურაპალატის მიერ ბაგრატის შვილობის აქტით (იხ. გაზეთი “ჯორჯიან ტაიმსი”, ბაგრატიონთა რომელი შტოდან და რა გვარისა უნდა იყოს საქართველოს მომავალი მეფე, ავტორი გაიოზ მამალაძე, 22-28.09.2005, №037, გვ. 10).

ზემოთხსენებულ სტატიაში ავტორი გამალებული ცდილობს, რათა ისტორიული პარალელების მოყვანით ერთგვარი მორალური ზეწოლა განახორციელოს ბატონიშვილ ნუგზარზე, რათა სტატიით გამოწვეული სინდისის ქეჯნით, მან დავით კურაპალატისა და აფხაზთა მეფე თეოდოსი III-ის მამულიშვილური მაგალითი გაიმეოროს, თუმცა ავიწყდება, რომ არც დავით III კურაპალატს და არც თეოდოსი III-ს შვილები არ ჰყავდათ, ამიტომ ამ მაგალითების მოყვანა უბრალოდ შეუსაბამოა, რადგან არავინ იცის, თუ როგორ მოიქცეოდნენ აღნიშნული პიროვნებები მათ რომ თუნდაც საკუთარი ქალიშვილები ჰყოლოდათ; და ასევე საინტერესოა, რატომ მაინცდამაინც მუხრანელ ბაგრატიონთა გვარიდან უნდა ეშვილა ბატონიშვილს და არა რომელიმე სხვა, მაგალითად იმერელ ბაგრატიონთა შტოდან ?!…

დინასტიურ სამართალში შედარებით გათვითცნობიერებულმა დესტრუქციული ძალების მეორე ნაწილმა, მიხვდა რა, რომ ამ გეგმის განხორციელებით ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო დინასტია ვერ ჩანაცვლდებოდა მუხრანელთა თავადური შტოთი, რადგან ნაშვილები ირაკლი მუხრანელი უკვე გახდებოდა ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო ხაზის გამგრძელებელი, თანაც ლეგიტიმური გამგრძელებელი, ხელი აიღო ამ გეგმაზე, ვინაიდან კონსტიტუციური მონარქიის იდეის მოწინააღმდეგეთა მიზანს არ წარმოადგენს ლეგიტიმური მემკვიდრის არსებობა, ისედაც ყელში აქვთ გაჩხერილი ბატონიშვილი ნუგზარის ლეგიტიმურობა და ეხლა კიდევ მისი ახალი ნაშვილები “ვაჟი” ?!… ეს ხომ მათთვის კატასტროფა იქნებოდა, რადგან გალეგიტიმურებული ირაკლის, ან დავითის, როგორც აწ უკვე ბაგრატიონ-გრუზინსკის მართვა, ასე იოლი აღარ იქნებოდა.

როგორც ხედავთ, 2005 წლიდან მოყოლებული, მავანთა გეგმა – შვილობის აქტით მომხდარიყო ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო უფლებების “მიღება”, მიზანშეუწონადი აღმოჩნდა, ამიტომ მათ შეცვალეს გეგმა და მიმართეს მადრიდსა და ლოზანაში უკვე აპრობირებულ, არატოლფარდოვანი ქორწინებების, აწ უკვე ნაცად ხერხს – ქორწინების გზით სამეფო ღირსების მოპოვებას…

ის, რომ თვით დავით მუხრანელიც კი არ იყო წინააღმდეგი იმისა, რომ ბატონიშვილ ნუგზარს, თუნდაც ქორწინების შემდგომაც ეშვილა იგი, ეს ნათლად ჩანს მისივე წარმომადგენლის, ბატონი ვ. ჯორჯიკიას პოზიციიდანაც, რაც მან დააფიქსირა ქორწინების დაგვიანებულ ხელშეკრულებაზე მუშაობის დროს ერთერთ შეხვედრაზე (იხ. დანართი №14, დოკუმენტი №15).

გაგრძელება