საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის 2010 წლის განცხადების დანართი №7

 The Crown of Georgia

 საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის 2010 წლის განცხადების

დანართი №7

ბაგრატიონთა სამი სამეფო სახლიდან თავადურ და აზნაურულ განშტოებათა წარმოშობა 

XV ს.-ის შუახანები საქართველოში დინასტიური ბრძოლის განსაკუთრებული აქტიურობითა და მწვავე შინაპოლიტიკური კონფლიქტებით აღინიშნა, რასაც მოჰყვა დამოუკიდებელი ქართლის, კახეთისა და იმერეთის ბაგრატიონთა სამეფო დინასტიების წარმოშობა.

XIV-XV საუკუნეების ეტაპზე გვერდითი შტოს ბაგრატიონთა ნაწილი, ფრანგული “აპანაჟების” მსგავსად, გარკვეულ სამფლობელოებში ბატონობას – “პროვინციის მეფობას” აღწევს (“მეფის” წოდება ამ შემთხვევაში პირობითია, რადგან სინამდვილეში ისინი დღევანდელი გაგებით რეგიონის/მხარის “გუბერნატორები” იყვნენ და არა კურთხეული მეფეები), XVI-XVIII საუკუნეებისათვის დამახასიათებელ ახალ პირობებში საკითხი კიდევ უფრო მწვავდება, მით უმეტეს გვერდითი შტოებისათვის. ამ ეტაპზე, ბაგრატიონთა შტოების განსაკუთრებით გამრავლების ვითარებაში, ბატონიშვილობის საკითხის სიმწვავე, უპირველესად, მათ უფლებრივ მდგომარეობასა და სტატუსზე იყო დამოკიდებული (დ.ნინიძე. ბაგრატიონთა სამეფო სახლის საგვარეულო განშტოებანი XVI-XVIII სს.-ში. კრებულში: ბაგრატიონები. სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობა. თბ., 2003, გვ.40).

ბაგრატიონთა გვარის ერთი ნაწილი, მიუხედავად მცდელობისა, კარგავს ტახტზე ასვლის ყოველგვარ უფლებას, წყვეტს მისთვის ბრძოლას და ყალიბდება როგორც სამეფო საგვარეულოს გვერდითი განშტოება (Offshoot branch) – ადგილი აქვს პრინციპულ განსხვავებას: თუ XIV-XV საუკუნეების ეტაპზე ბაგრატიონთა სახლის გვერდითი შტოები უკლებლივ ბაგრატიონებად რჩებიან (მაგ., ალასტანელი ბაგრატიონები), XVI საუკუნიდან, სათავადოების არსებობისათვის ხელსაყრელ პირობებში, ზოგიერთი მათგანი ბაგრატიონობას, ანუ „ვერცა გუარობასა მეფეთასა“ ვეღარ ინარჩუნებს; ყალიბდება ბაგრატიონთა საგვარეულოს გვერდითი განშტოებები – იგივე ბაგრატიონთ-ყოფილთა ახალი თავადური სახლები, რაც ახალ გვართა, ანუ ბაგრატიონთა სახლის გათავადებული შტოების წარმოშობის საფუძველი ხდება. სწორედ, „ვერცა გუარობასა მეფეთასა“ ვეღარ კადრულობა განაპირობებს XVI-XVIII საუკუნეებში „ნატომი მეფეთა“ გაჩენას (დ. ნინიძე. ბაგრატიონთა სამეფო სახლის განშტოებათა წარმოშობისათვის, „მაცნე“, 1993, №2).

როგორც ზემოთ აღინიშნა, XVI საუკუნიდან სამეფო საგვარეულოს გამრავლებულ წარმომადგენელთა გვერდითი განშტოებები უკვე ვეღარც “გუარობასა მეფეთასა’’ ინარჩუნებენ, რაც “ნატომი მეფეთა’’ წარმოშობას განაპირობებს. ბაგრატიონთა სახლის ზოგიერთი გათავადებული განშტოების წარმოშობის პროცესის აღმნიშვნელ ტერმინად “გაგვარება” შეიძლება ვიხმაროთ – “…გაიგვარა მამისა თვისისა” სახელის მიხედვით ან “გარნა გაუგვარდათ სახელისა გამო” (იოანე ბატონიშვილი. შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა, “ივერია”, V-VI, 1884.).

ამდენად, საქართველოს სამეფოს დაშლა ბაგრატიონთა სამეფო სახლის ისტორიაში თვისებრივი ტეხილით აღინიშნა, რასაც “გაგვარების” პროცესის, ანუ ბაგრატიონთა საგვარეულოს ზოგიერთი შტოს “ჩამოქვეითების” “გაღარიბების” შედეგად ახალი სახლების – მუხრანბატონების, დავითიშვილების, რამაზიშვილების, გოჩაშვილების წარმოშობა მოჰყვა (დ.ნინიძე. ბაგრატიონთა სამეფო სახლის საგვარეულო განშტოებანი XVI-XVIII სს.-ში. კრებულში: ბაგრატიონები. სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობა. თბ., 2003, გვ.41).

სწორედ, ბაგრატიონ-მუხრანელთა, ბაგრატიონ-გოჩაშვილთა (შეწყდა XVIII საუკუნეში), ბაგრატიონ-დავითიშვილთა, ბაგრატიონ-ბაბადიშთა დღეს არსებული გვერდითი თავადური შტოები ზემოთ ხსენებულ “ნატომ მეფეთა’’ რიგს მიეკუთვნებიან.

თავადი მუხრან-ბატონები, ბაგრატიონ-მუხრანელები, მუხრანსკები

მე-XVI საუკუნის დასაწყისში (1512წ.), ქართლის სამეფოში ჩამოყალიბდა ბაგრატიონ-მუხრანბატონთა გვერდითი თავადური განშტოება. რატომ მაინცდამაინც მუხრანი იქცა სათავადოდ და არა რომელიმე სხვა ისტორიულ-გეოგრაფიული “ქვეყანა”?! უდიდესი სტრატეგიული და სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობის მუხრანი თავიდან სამეფო დომენის ნაწილი იყო და ბაგრატ ბატონიშვილს მამული სწორედ სამეფო დომენიდან შეეძლო მიეღო, მაგრამ ეს საკითხის ერთი მხარეა; ხაზგასასმელია მეორე მომენტი: სამეფო ხელისუფლების დასუსტებისა და “ზარტეხილობის” პერიოდში ქართლის მეფე დავით X-ის ტახტის წინაშე აშკარად დადგა ამ უძველესი სამეფო დომენისა და ხელისუფლების სიძლიერისათვის ძალზე მნიშვნელოვანი რეგიონის დაკარგვის საშიშროება. ქართლის სამეფო ტახტს უნდა გადაეწყვიტა მისი გადარჩენისა და შენარჩუნების საკითხი. საშიშროება აშკარა იყო: 1) მუხრანის მომიჯნავე ორი ძლიერი სათავადოს ქსნისა და არაგვის საერისთავოს მხრიდან; 2) მუხრანის მიმართ აქტიურდებიან მესამე სათავადოს წარმომადგენლები – ზევდგინიძეები,  კახეთის მეფე გიორგი II-ის ქართლში ლაშქრობებისას განდევნილი შტოს – მამისა ზევდგინიძის შვილები. ამ მომენტებიდან გამომდინარე, დავით X-ს რაიმე ღონისძიებებისათვის უნდა მიემართა: იგი ქართლის სამეფო ტახტის სისუსტისა და მუხრანის მიწების სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე იძულებულია აღნიშნული სამეფო დომენის სტატუსი შეცვალოს – ადგილი აქვს უძველესი სამეფო დომენის ტრანსფორმაციას – სათავადოდ.

რაც შეეხება მუხრანბატონთა ისტორიულ სტატუსს, ამას იოანე ბატონიშვილის ლაკონიური გამოთქმა ადასტურებს, რომ მუხრანბატონები არიან “…მეორისა ხარისხით ბაგრატოანად წოდებულნი და პირველნი თავადნი’’. ამ “პირველი თავადის” სტატუსს ფლობდა მხოლოდ ის, ვინც ამ თავადური სახლის უფროსი წარმომადგენელი (მუხრანბატონი) იყო, ანუ “რომელიცა ოჯახსა მათსა შინა არის უპირველესი შვილი”, ხოლო მუხრანელი ბაგრატიონების სხვა დანარჩენი წარმომადგენლები იყვნენ “მეორისა და მესამისა ხარისხის თავადობის ხარისხიანი და იწოდებიან: 1) კონსტანტინეს შვილებად, 2) ბაგრატის შვილებად, 3) სვიმონის შვილებად, 4) ივანეს შვილებად და სხვანი” (იოანე ბატონიშვილი. შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა, გაზ. “ივერია” V-VI, 1884.).

MUXRAN-DROSHA copyასევე, თეიმურაზ II-ის მიერ კონსტანტინე მუხრანბატონისათვის 1745 წელს ნაბოძებ დროშის ვერცხლის ბუნზე არსებული წარწერა – ნატომი მეფეთა’’, სწორედ ამ თავადური შტოს სტატუსს ასახავს (.ნინიძე. ბაგრატიონთა სამეფო სახლის საგვარეულო განშტოებანი XVI-XVIII სს.-ში. კრებულში: ბაგრატიონები. სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობა. თბ., 2003, გვ.41).

მეფე ვახტანგ VI-ის სამართლით თავადთა წოდება იყოფოდა სამ რიგად: დიდებულ (პირველ), შუა (მეორე) და დაბალ (იგივე მესამე ხარისხის) თავადად. სწორედ  ქართლის დიდებული თავადების რიცხვს მიეკუთვნებოდა მუხრანბატონი და არა ქართლის სამეფო სახლს (რასაც სამწუხაროდ ხშირად ვისმენთ არაკომპეტენტურ პირთაგან). მათ თავადურ სტატუსს ასევე ადასტურებს ვახტანგ VI-ის ამალის 1724 წლის სია, სადაც ქართლის მეფე, მუხრანბატონსა და მის ოჯახს, ჩვეულებრივ, ქართლის თავადთა ნუსხაში აღრიცხავს, სადაც ქართლის მემარჯვენე სარდლის, თავად ვახტანგ ამილახვრის შემდეგ იხსენიება თავადი ლევან მუხრანბატონი: “მემარცხენე სრული სარდალი მუხრანის ბატონი თავადი ლევან პაპუნას შვილი” (ს. ყუბანეიშვილი. დავით გურამიშვილი ქართველ ჰუსართა პოლკში. თბ., 1955, გვ.122).

ასე რომ, მუხრან-ბატონები, ისევე, როგორც ქართლის სხვა დიდებული თავადები: არაგვის (ბატონი) ერისთავნი, ქსნის (ბატონი) ერისთავნი, ჯამბაკურ-ორბელიანნი, ციციშვილნი, ამილახვარნი პირველი ხარისხის თავადებს მიეკუთვნებოდნენ, რომელნიც სამეფო კარის ქვეშევრდომნი იყვნენ.

ასევე ხაზგასასმელია, რომ 1658 წელს, ქართლის სამეფო ტახტზე ასული მუხრანბატონთა თავადური შტოდან გაშვილებული ბახუტა მუხრანბატონი (შემდგომ როგორც ვახტანგ V შახ-ნავაზი), დღევანდელი თავადი ბაგრატიონ-მუხრანელების წინაპარს არ წარმოადგენს, რადგან “შვილობის” აქტის თანახმად, მან, თავისი მემკვიდრეების სახით უკვე გააგრძელა ქართლის მეფე როსტომ ხანის სამეფო ხაზი, რომელიც საბოლოოდ შეწყდა 1919 წელს, ხოლო მისმა უმცროსმა ძმამ – კონსტანტინემ, ჩვეულებისამებრ გააგრძელა მუხრანბატონთა თავადური ხაზი, რომელიც ბაგრატიონ-მუხრანელთა თავადური ოჯახების სახით დღემდე მომდინარეობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვახტანგ V და მისმა 6 მემკვიდრემ, მხოლოდ 49 წელი იმეფეს, თანაც, არცერთი მათგანი მირონცხებით (ქრისტიანული წესით) ტახტზე არ ასულა და არც საქართველოს მიწაზე დაკრძალულან. შეიძლება ვინმემ ამას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭოს, მაგრამ არამირონცხებით ტახტის დაკავება ქართული ეკლესიისათვის, ვფიქრობთ ნიშანდობლივი ფაქტი უნდა იყოს. და რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, ქართლის ამ შვიდი მეფის (ვახტანგ V, გიორგი XI, არჩილ II, ქაიხოსრო, ვახტანგ VI, ბაქარი, იესე) სამეფო დინასტია, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, შეწყდა 1919 წელს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბატონიშვილი ნუგზარის სამეფო ხაზში აშოტ I დიდიდან (780-826) მოყოლებული მხოლოდ მეფე ერეკლე I-ია (ნაზარალი-ხანი) არამირონცხებით ასული ჯერ ქართლის (1688-1703), ხოლო შემდეგ კახეთის (1703-1709) ტახტზე.

ნიშანდობლივი ფაქტია, რომ ბაზალეთის ომის შემდეგ, როდესაც თეიმურაზ I-მა გაიმარჯვა ბრძოლაში და დამარცხებული სააკაძე ქაიხოსრო მუხრანბატონთან ერთად თურქეთში გაიქცა, აწ უკვე მირონცხებულმა ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზმა სამუხრანბატონო ჩამოართვა მუხრანბატონებს და გადასცა საკუთარ შვილს დავით ბატონიშვილს სამფლობელოდ. ეს სათავადო ტერიტორია 1626 წლიდან 1633 წლამდე, ვიდრე ირანის აგრესიამდე, იმყოფებოდა დავით თეიმურაზის ძის მფლობელობის ქვეშ.

1783 წლის 27 ივნისს, მეფე ერეკლე II-ის მიერ, გარსევან ჭავჭავაძისა და იოანე მუხრანბატონისადმი გაცემულ რწმუნებაში ერეკლე II-ის მიერ იოანე და გარსევანი მოხსენიებულნი არიან, როგორც “ერთგული ყმანი ჩვენნი’’, ანუ მეფისა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მუხრანბატონთა სტატუსს (გეორგიევსკის ტრაქტატი. 1783 წლის ხელშეკრულება, რუსეთის მფარველობაში აღმოსავლეთ საქართველოს შესვლის შესახებ. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შესავალი და შენიშვნები დაურთო გიორგი პაიჭაძემ. თბ., 1983, გვ.26).

მუხრანბატონები თავად აღნიშნავდნენ თავიანთ ერთგულ ყმობას სამეფო სახლის მიმართ, რაც კარგად ჩანს მათივე შედგენილი ისტორიული დოკუმენტებიდანაც, მაგალითად, 1786 წლით დათარიღებულ ერეკლე II-სადმი გაგზავნილ არზაში იოანე მუხრანბატონი წერს: “ქ. ღმერთმან ყოვლად მოწყალის ხელმწიფის ჭირი მათს მონას მუხრანბატონის შვილს იოანეს მოსცეს…”. ან თუნდაც, “ღმერთმან ბედნიერის ხელმწიფის ჭირი მოსცეს მათ ფერხთა მიწა-მტვერსა მუხრანის ბატონიშვილს იოანეს” (ქართული სამართლის ძეგლები,. 1981: 684-685;  142-143).

როდესაც ერეკლემ ერევნის სახანო დაიმორჩილა, მეფემ ერევნის ხანს “განუწესა მოურავიცა თვისი მუხრანის ბატონი”, ანუ საქართველოს მეფემ თავისი მოურავი – ივანე მუხრანბატონი დაუნიშნა განმგებლად (ი.ჯავახიშვილი, “ქართველი ერის ისტორია”, წიგნი მეხუთე, თბილისი, 1953, გვ. 72).

გარდა ამისა, 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატზე თავადი იოანე მუხრანბატონი საკუთარი ხელმოწერითვე, საუკუნოდ ადასტურებს მეფე ერეკლე II-ისა და მისი მემკვიდრეების სუზერენულ ღირსებას და მათ უპირატეს უფლებებს ბაგრატიონთა დანარჩენ შტოთა, მათ შორის საკუთარ თავადურ შტოსთან მიმართებაშიც (გეორგიევსკის ტრაქტატი. 1783 წლის ხელშეკრულება რუსეთის მფარველობაში აღმოსავლეთ საქართველოს შესვლის შესახებ. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შესავალი და შენიშვნები დაურთო გიორგი პაიჭაძემ. თბ., 1983, გვ.36,39). 

XVII ს-ის ისტორიკოსი ფარსადან გორგიჯანიძე, რომელიც უშუალოდ მომსწრეა იმ ეპოქის საქართველოს ვითარებისა, თავის ისტორიულ თხზულებაში ხაზს უსვამს მნიშვნელოვან დეტალს, კერძოდ ბახუტა მუხრანბატონის სტატუსს, იქამდე სანამ მას როსტომ მეფე იშვილებდა და აღნიშნავს შემდეგს: “..მუხრანის ბატონს ბახუტა-ბეგს ბატონისშვილი დაუძახეს, სახელი გამოუცვალეს და ვახტანგ უწოდეს,..” (“…его назвали царевичем, сменили имя и стали звать Вахтангом…”) (ფარსადან გორგიჯანიძე. საქართველოს ცხოვრება. ქვეთავი: აქ ომი მეფის ალექსანდრესი და დადიანის ძმისწულის ლიპარის მოკვლა). მ ისტორიული წყაროდანაც ნათლად ჩანს, რომ მუხრანბატონები ქართლის სამეფო სახლის წევრები არ იყვნენ და შესაბამისად არ ფლობდნენ ბატონიშვილის წოდებას.

ცალკე პრობლემაა სამუხრანბატონოს ცენტრის საკითხი: ქსნის ციხე (იგივე მტკვრის ციხე, მტვერის ციხე, კონსტანტილაბადი) როგორც სამუხრანბატონოს მთავარი ციხესიმაგრე მუხრანბატონთათვის თავდაპირველად რეზიდენციის ფუნქციასაც უნდა ასრულებდეს.

XVII საუკუნის II ნახევრიდან მაინც, რეზიდენციის თვალსაზრისით მუხრანბატონები შიოსუბანში არიან. ამდენად, სამუხრანბატონოს ცენტრი დღევანდელი  სოფელი მუხრანია, რომელსაც  XVIII საუკუნის 70-იან წლებამდე შიოსუბანი ერქვა.

1721 წლიდან, ლევან მუხრანბატონის დროს, მუხრანბატონები სამუხრანოს კარგავენ, შესაბამისად, შიოსუბანიც რეზიდენციის ფუნქციას ვეღარ ასრულებს. მამუკას მუხრანბატონობის პერიოდში შიოსუბანში გამოცოცხლება და აქტიური სამშენებლო საქმიანობაა – XVIII საუკუნის 30-იანი წლებიდან შიოსუბანი კვლავ სამუხრანბატონოს ცენტრია. როგორც ჩანს, სოფელ შიოსუბანს თავისი მდებარეობით ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი უკავია, სადაც სამუხრანოს სათავადოს პერიოდში თავადთა რეზიდენცია იმყოფება (დ.ნინიძე. მუხრანბატონები, თბ., 1997).

Untitled-1

თავადი ბაგრატიონ-გოჩაშვილები

ახალი თავადური გვარების, განაყოფებისა და საგვარეულო განშტოებათა წარმოშობის რთული პროცესის ძირითადი მომენტები ვახუშტი ბატონიშვილმა სპეციალურად თავისი თხზულების იმ ნაწილში განიხილა, რომელსაც “აწინდელთა მთავართა გუართათვის” ჰქვია. ვახუშტი აქ გოჩაშვილთა შესახებ მიუთითებს, რომ იგი “აწ მთავარი, არამედ გუარი მეფეთა ბაგრატიონთა არის” (ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. “ქართლის ცხოვრება”, IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1973.).

ნიკო დადიანის მიხედვით, “გოჩაშვილნი არიან გვარნი ბაგრატიონთანი და აწ თავადნი” (ნიკო დადიანი. ქართველთ ცხოვრება, ტექსტი გამოსცა, წინასიტყვაობა, გამოკვლევა, კომენტარები, საძიებლები და ლექსიკონი დაურთო შ. ბურჯანაძემ, თბ., 1962.).

ბაგრატიონთა ეს განშტოება ცნობილი მოღვაწისა და მოწინავის სპასპეტის – გოჩა ბატონიშვილისაგან მომდინარეობს. ქართულ ისტორიოგრაფიაში იგი და, შესაბამისად, გოჩაშვილები გიორგი IX-ის შთამომავლადაა მიჩნეული (დ.ნინიძე. “გუარი მეფეთა ბაგრატიონთა” – გოჩაშვილნი, თბ., 1998.).

როგორც ირკვევა, გოჩა ბატონიშვილი კონსტანტინე II-ის საკმაოდ მრავალრიცხოვანი შვილებიდან ალექსანდრესა და მისი ძის გიორგის შთამომავალია; მართალია, იგი ჯერ კიდევ “ბატონის  შვილად” იწოდება, მაგრამ რეალურად უკვე მაინც ბაგრატიონთა გვერდით, ანუ ტახტს-იქითა შტოს წევრია. გოჩა ბატონიშვილს ქართლის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში თვალსაჩინო ადგილი ეკავა, რომლის ჩამომავლებისაგან ბაგრატიონთა გვერდითი თავადური შტო ყალიბდება; ისინი გოჩადან მომდინარეობის გამო გოჩაშვილად იწოდნენ, “ჩამოქვეითდნენ”, რასაც, ბუნებრივია, “ბაგრატიონობის” დაკარგვაც მოჰყვა (დ.ნინიძე. “გუარი მეფეთა ბაგრატიონთა” – გოჩაშვილნი, თბ., 1998.).

რა ხდება ისეთი, რომ ეს გვერდითი შტოს ბაგრატიონები, სამეფო საგვარულოს წევრები და გოჩა ბატონიშვილის ჩამომავალნი არა თუ ბატონიშვილობას, არამედ ბაგრატიონობასაც ვეღარ ინარჩუნებენ?! გოჩა სპასპეტის მემკვიდრეებს ცხარე ბრძოლა მოუხდათ შესაბამისი უფლებრივი მდგომარეობის მოსაპოვებლად. ისტორიული წყაროებით კიდეც დასტურდება, რომ ისინი არსებულ მდგომარეობას არ ურიგდებიან. გოჩა ბატონიშვილის ჩამომავალნი როსტომსა და ვახტანგ V-ს ქართლის სამეფო ტახტზე ლეგიტიმურ მეფეებად არ მიიჩნევენ – როსტომი, მათი არგუმენტაციით, უცხო ძალის საშუალებით გამეფებული და უზურპატორი დაუთ-ხანის უკანონო შვილია, ხოლო ვახტანგი, მართალია, მეფის მიერ ნაშვილები, მაგრამ მაინც გვერდით შტოს – მუხრანელი ბაგრატიონების ჩამომავალია.

როგორც ჩანს, ბაგრატიონ-გოჩაშვილები ევდემოზ კათალიკოსის დასის პოზიციებს იზიარებდნენ, რაც ქართლის ტახტზე თეიმურაზისა და მისი მემკვიდრეების დაბრუნებას გულისხმობდა, თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ იმ პერიოდში რუსეთში ერეკლე I-ის სახით უკვე ქართლ-კახეთის ლეგიტიმური მემკვიდრე იმყოფება, რომელიც მოგვიანებით, კერძოდ 1688-1703 წლებში გამეფდა კიდეც ქართლში.

როგორც ხედავთ, ირანის დახმარებით როსტომმა (მამის მსგავსად) ქართლის ტახტის უზურპირება მეორეჯერ განახორციელა, რასაც თავისივე ახლო ნათესავებიც კი (ბაგრატიონ-გოჩაშვილები) აპროტესტებდნენ იმ ეპოქაშივე. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ გიორგი გოჩაშვილი მოხსენიებულია იმ ქართველთა შორის, რომელნიც თეიმურაზ მეფეს ედგნენ მხარში: ”როსტომის წინააღმდეგ მოწყობილ ამ ახალ შეთქმულებაში მონაწილეობდნენ: ზაალ ერისთავი, იოთამ ამილახვარი, ნოდარ ციციშვილი, კათალიკოსი ევდემონ დიასამიძე, გიორგი გოჩაშვილი, სომხეთის მელიქი ყორხმაზბეგ ათაბეგისშვილი და სხვა ქართველნი” (საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია. მეორე გამოცემა. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე., თბილისი, 2009 წ. გვ. 725)

სწორედ ასეთი პროტესტის გამო ”შეიპყრა მეფემან (ვახტანგ V-მ) და აღმო ადნა თუალნი და წარუხუნა მამულნი” იორამ ბაგრატიონ-გოჩაშვილს (იხ. დ.ნინიძე. ბაგრატიონთა სამეფო სახლის საგვარეულო განშტოებანი XVI-XVIII სს.-ში. კრებულში: ბაგრატიონები. სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობა. თბ., 2003, გვ.46).

მას შემდეგ, რაც გოჩა ბატონიშვილის ამ ჩამომავლებს “წარუხუნეს მამული”, ადგილი აქვს აღნიშნული განშტოების საბოლოო “ჩამოქვეითებას”, ამიტომაც არიან “აწ თავადნი”. როგორც იკვეთება, მათ გათავადებაში გამორჩეული როლი გოჩა ბატონიშვილის მემკვიდრეთა როსტომის წინააღმდეგ შეთქმულებებში მონაწილეობამ და მათში განცდილმა მარცხმა შეასრულა. მიუხედავად ამისა, გოჩაშვილებს ქართლის სამეფოში მაინც სოლიდური მდგომარეობა აქვთ – ვახუშტის მიერ მუხრანბატონები და გოჩაშვილნი ერთმანეთის გვერდზე, ერთ სიბრტყეზე არიან განხილულნი: “ხოლო მუხრანის ბატონი და გოჩაშვილი, აწ მთავარნი”. 

მას შემდეგ, რაც იორამს “წარუხუნეს მამული”, ამას ბაგრატიონთა ამ შტოს საბოლოო “გაგვარება”, ანუ გათავადება მოჰყვა. ასეთი გზით ჩამოყალიბებული სამეფო სახლის საგვარეულო განშტოების – გოჩაშვილთა წარმომადგენელნი ქართლის სამეფო კარიდან გარკვეულ ყმა-მამულს ღებულობენ, რომელიც მათ სამკვიდრო სამფლობელოდ ყალიბდება; ამ პერიოდის მრავალ სათავადოთა გვერდით, ეს ტახტს-იქითა დაკნინებული ბაგრატიონები, უკვე თავადთა რანგში, ქართლის ერთ-ერთ საფეოდალოს – გოჩაშვილთა სათავადოს ბატონ-პატრონები ხდებიან.

ბაგრატიონთა სამეფო სახლის გვერდითი შტოებისა და საგვარეულო განშტოებათა წარმოქმნამ “ნათესავობით ბაგრატოვანთა” და “მეფეთა მონათესავედ წოდვილთა” წარმოშობა განაპირობა. მათი უმეტესი ნაწილი ვეღარც “კნინ მეფობას” აღწევს და ბატონიშვილობის საკითხის განსაკუთრებით გამწვავების ვითარებში “ნატომი მეფეთა” ხდება.

XVI საუკუნიდან, დაშლილობის, ურთულესი პირობებისა და სამეფო გვარის გამრავლებულ შტოთა არსებობის ვითარებაში, მათ შესახებ, ვინც “ვერ იკადრეს” მეფობა და “გაღარიბდნენ”, ისტორიულ წყაროებში მხოლოდ მინიშნებებსა თუ მოკლე ხასიათის ცნობებს ვპოულობთ. ამის პარალელურად არსებობენ ბაგრატიონთა სამეფო საგვარეულოს ისეთი წარმომადგენელნიც, რომელთაც, სულხან-საბა ორბელიანის გამოთქმით, ვეღარ იკადრეს “მეფედ სახელის-დება”, მაგრამ მაინც გარკვეული როლი შეასრულეს (ზოგჯერ დადებითი, ზოგჯერაც უარყოფითი) სათანადო საინტერესო პროცესების განვითარების საქმეში, მაგ., სიმონ I დიდის ძმა – ალექსანდრე ბატონიშვილი, ბახუტა ჰუსეინ ბეგისშვილი ბაგრატიონი, “ნათესავობით ბაგრატოვანი” კახაბრის შვილი გორჯასპი, ვახტანგ ჭუჭუნაშვილი – იმერეთის “მეფე”, რომელსაც “ბაგრატიონად იტყოდნენ” და ა.შ.  

ამ თავადური განშტოების ბოლო წარმომადგენელი ისტორიულ წყაროებში ჩანს 1736 წელს და სავარაუდოდ ეს შტო წყდება XVIII საუკუნეშივე, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ შტოს წარმომადგენელი აუცილებლად იქნებოდა აღრიცხული 1783 წლის “გეორგიევსკის ტრაქტატში” არსებულ თავად-აზნაურთა ნუსხაში.

Untitled-1

 

 

თავადი ბაგრატიონ-დავითიშვილები

იოანე ბატონიშვილის მიხედვით, თავადი დავითიშვილნი “არიან გვარით ბაგრატოანნი” და მოსახლეობენ “ქრცხინვალის კერძოდ ნულის ხეობასა შინა” (იოანე ბატონიშვილი. შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა, “ივერია”, V-VI, 1884.);

ვახუშტის სიტყვებით, “რამაზიშვილი და დავითისშვილი არიან ავ-გიორგის ძმის დიმიტრისაგან, რომელი არჩინა მეფემან, და არიან მიერითგან აქა” ( ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. “ქართლის ცხოვრება”, IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1973. ), ანუ ქართლში.

ვინ არიან “გვარით ბაგრატოანნი” დავითიშვილნი: მეფე გიორგი II-ის (ავ-გიორგის) მოქმედებასა და მის მიერ წარმოებულ პოლიტიკას, მუხრანბატონთა შტოს გარდა, ბაგრატიონთა სამეფო საგვარეულოში მეორე თავადური განშტოების – დავითიშვილთა წარმოშობა მოჰყვა. ავ-გიორგიმ უმცროს ძმას დიმიტრის ,,აღმო ადნა თუალნი” (ბერი ეგნატაშვილის სიტყვებით, ,,ძმასა თუალები დასწვა”), რომლის ქართლში გადმოსვლის შემდეგ სამეფო საგვარეულოს განშტოება ყალიბდება (დ.ნინიძე. “აქა ანბავი თვალდამწვრიანთა” (ბაგრატიონ-დავითიშვილები), თბ., 1999.).

ფარსადან გორგიჯანიძე, რომელიც ამ განშტოებაზე სპეციალურად ჩერდება, მისი თხზულების ამ ნაწილს არქმევს – “აქა ანბავი თვალდამწვრიანთა”, სადაც დიმიტრის “თვალდამწვარს”, ხოლო ჩამომავლებს “თვალდამწვრიანებს” უწოდებს (ფარსადან გორგიჯანიძე. ს. კაკაბაძის გამოცემა, “საისტორიო მოამბე”, II, ტფილისი, 1925.).

ბაგრატიონთა ამ შტოს ქართლში გადასვლის შემდეგ, ისინი “არჩინა მეფემ და არიან მიერითგან” ქართლში, რასაც მათი “გაგვარება” მოჰყვა – დიმიტრის მემკვიდრე დავით თვალდამწვრიანიდან ისინი დავითიშვილებად იწოდნენ, ანუ “გაუგვარდათ ამა სახელისა გამო”; ამიტომ ბაგრატიონთა საგვარეულოს ამ განშტოებას ორივე სახელწოდებით ვხვდებით: “თვალდამწვრიანები” და “დავითიშვილები”. მიუხედავად ამისა, რატომღაც ზოგჯერ მათ ორ სხვადასხვა გვარად მიიჩნევენ. ვფიქრობთ, ეს საკითხი დავას არ უნდა იწვევდეს, “თვალდამწვრიანები” და “დავითიშვილები” ერთი და იგივე საგვარეულო განშტოებაა და, ამდენად, ორივეს აღნიშვნის აუცილებლობა ისტორიულ წყაროებში აღარ არსებობს.

დიმიტრი ბატონიშვილის – “თვალდამწვარის” შვილი დავითი ქართლში კონფლიქტის გამო იმერეთის სამეფოს აფარებს თავს, სადაც იმერთა მეფე ბაგრატ III (1510-1565) მეფობს. მას დავითისათვის გადაუცია: “ზემო ქართლში ნული, თორმანეული, ღვერთეთი, ფლევი, ქანბადი, ცხეთას ჯვარი, მოხის რუისის გლეხები და საღდარი სასაფლავოთ აზნაურნი და ერ აულიძენი და ტატიშვილები”. ეს მნიშვნელოვანი ცნობაა თვალდამწვრიანთა სამფლობელოს წარმოშობის შესახებ; მას საფუძველი დიმიტრი ბატონიშვილის შვილის – დავითის მფლობელობამ ჩაუყარა, სწორედ იგი გვევლინება გვარის ფუძემდებლადაც. ამიტომ ბაგრატიონთა სამეფო სახლის ამ განშტოების გათავადების შედეგად ჩამოყალიბებულ სათავადოს სადავითიშვილო ეწოდა და ზემოჩამოთვლილი სოფლები დავითიშვილთა მთავარი, ცენტრალური მამულებია. ამდენად, ქართლის მამულებში კახეთის ბაგრატიონთა ამ განშტოების გადმოსვლას, აქ მნიშვნელოვანი წინააღმდეგობების ფონზე, მათი გათავადება მოჰყვა, ანუ იგი ახალ ფეოდალურ სახლად ჩამოყალიბდა. ბაგრატიონთა სამეფო სახლის ეს განშტოება ბაგრატიონობას კარგავს და რადგან “გარნა გაუგვარდათ სახელი” მამამთავრისა, ამ ახალი გვარით იწყებენ მფლობელობას (დ.ნინიძე. “აქა ანბავი თვალდამწვრიანთა” (ბაგრატიონ-დავითიშვილები), თბ., 1999.). მათი ქართლში მდგომარეობის განმტკიცება დაკავშირებულია დავით თვალდამწვრიანის შვილის – რამაზის სახელთან: მას “უყიდია” სოფლები და “დარჩომილან” ქართლში, რითაც საკითხი გვარდება, ოღონდ ისინი უკვე როგორც თავადნი, ისე მფლობელობენ. რამაზივე ჩანს ის პირველი წარმომადგენელი ამ განშტოებიდან, რომელიც “დავითიშვილად” იწოდა.

Untitled-1

თავადი ბაგრატიონ-რამაზიშვილები

XVI-XVIII საუკუნეების ისტორიული წყაროების მიხედვით, არაერთხელ და არაერთი მეფე არჩევს დავას ბაგრატიონთა სამეფო სახლის ორ გათავადებულ განშტოებას – დავითიშვილებსა და რამაზიშვილებს შორის წარმოშობილი უთანხმოების გამო. რამაზიშვილები თავიანთ განაყოფს მამულებს ედავებიან, ხოლო დავითიშვილები მათ “სახლიკაცობას” არ იზიარებენ და ხაზს უსვამენ: დავითიშვილების “მამულში მათთვის წილი არავის დაუდვია”. მწვავე დავათა ერთი ნაწილი დავითიშვილების, ხოლო მეორე – რამაზიშვილების სასარგებლოდ წყდება ხოლმე, თავადი დავითიშვილები ყოველმხრივ ცდილობენ მათთან რაიმე კავშირის კვალი მოსპონ ან გაწყვიტონ.

დავითიშვილთა განშტოების ისტორიის ამსახველი დოკუმენტებით ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ როსტომის მეფობის ხანაში ადგილი აქვს დავა-დაპირისპირებას დავით ბოქაულთუხუცესსა და მის ძმისწულ – რამაზს შორის, რომელიც დავით ბოქაულთუხუცესის უმცროსი ძმის – გიორგის შვილი გამოდის. ამ გიორგის შესახებ მოგვითხრობს ფარსადან გორგიჯანიძის “აქა ანბავი თვალდამწვრიანთა”: დავით დავითიშვილს კონსტანტინეს, ელიზბარის, დავითისა და სიაოშის გარდა უმცროსი ძმა – გიორგიც ჰყავს, რომელიც მათი ნახევარძმაა; იგი რამაზ დავითიშვილის შვილია მეორე მეუღლისაგან, კერძოდ, შავშეთის ბატონის ქალისაგან. როგორც ჩანს, ამ მომენტს ძმებს შორის ურთიერთობის გამწვავება მოჰყვა, ანუ ერთ დროს ბაგრატიონთა, ახლა უკვე გათავადებულ ძმათა, მამულების ფლობის პრობლემასთან დაკავშირებით კვლავ დაისვა ბატონიშვილობის საკითხი: თვალდამწვრიანებს “გიორგი იმათი უმცროსი ძმა გაეგდოთ და ერთი მსახურიც არ მისცეს” (ფარსადან გორგიჯანიძე. ს. კაკაბაძის გამოცემა, “საისტორიო მოამბე”, II, ტფილისი, 1925. ).

გიორგი დავითიშვილი – რამაზის ძე მეორე მეუღლისაგან და უფროსი დავითიშვილების უმცროსი ნახევარ-ძმა – “გაღარიბდა”, მოწყდა ქართლში დავითიშვილთა მამულებს და სამცხეში გადავიდა. იგი დაშორდა ძირითად გვარს. ამიტომ უფროსი შტო გიორგის თავის განაყოფად და “სახლიკაცად” აღარ მიიჩნევს. დავითიშვილებს მოწყვეტილმა და შიდა ქართლიდან განდევნილმა გიორგიმ “ღარიბობას” სამცხეში დააღწია თავი, დიდი მამული მიიღო და “სამცხეს დარჩა”. ამან ახალი თავადური განშტოების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი და მისი გამომწვევი მთავარი მიზეზი გახდა, რადგან მათი განაყოფის პირველი წარმომადგენელი სამცხეში გადავიდა და ამით დაშორდა დავითიშვილებს, ამ მომენტს უფროსი ნახევარ-ძმები სპეციალურად უსვამენ ხაზს: დავითიშვილებზე “უკან ეგენი გარდმოსულან და ჩემს მამულში მაგათთვის წილი არავის დაუდვია”, ამიტომ “ჩემი სახლის კაცი არ არის”. რამაზი როგორც დავითიშვილი ისე დავობს თავის “სახლიკაცთან” – დავით დავითიშვილთან; დავითის სასარგებლოდ როსტომ მეფის დასკვნის გამოტანამ რამაზის “გაღარიბება” გამოიწვია, რის შემდეგაც მის ჩამომავლებს რამაზიშვილნი ეწოდათ. არ არის გამორიცხული, რომ ამით მათ დიდი რამაზ დავითიშვილიდან მომდინარეობისთვისაც გაესვათ ხაზი (დ.ნინიძე. “აქა ანბავი თვალდამწვრიანთა” (ბაგრატიონ-დავითიშვილები), თბ., 1999.).

XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დამდეგს ასეთ თავადურ გვართა ერთი ნაწილი ძველ, ძირითად გვარს იბრუნებს. ასევე მომხდარა დავითიშვილთა განშტოების შემთხვევაშიც.

1783 წლის ქართლ-კახეთის თავადებისა და აზნაურების ნუსხაში ეს საგვარეულო აღნიშნულია როგორც “თავადი დავითისშვილი-ბაგრატოვანი”. ბუნებრივია, ამისათვის რამაზიშვილებიც იბრძოლებდნენ; ისინი როგორც დავითიშვილთა განშტოება, ძველ გვარს – დავითიშვილობას და, შესაბამისად, ბაგრატიონობასაც იბრუნებენ; შანშე ამილახვარმა, მამულების გამო მწვავე დავის პარალელურად, ძველი გვარის დასაბრუნებლადაც იზრუნა – მისი ცდა წარმატებით დასრულდა. ამითაა გამოწვეული შანშეს მოხსენიება ზოგჯერ რამაზიშვილად, ხანაც დავითიშვილად. ამავე მომენტით აიხსნება, რომ XIX საუკუნეში, კერძოდ, თეიმურაზ და ბაგრატ ბატონიშვილებთან შანშე და მისი შტო მხოლოდ დავითიშვილებად იხსენიება. ამ პერიოდისათვის რამაზიშვილების მიერ “დავითიშვილობის” დაბრუნება მომხდარი ფაქტია.

დავითიშვილთა XVII-XVIII საუკუნეების ისტორიის კვლევამ საშუალება მისცა მკვლევარებს დაედგინათ ამ განშტოების გენეალოგია, აღნიშნული ფეოდალური სახლის მეთაურთა ვინაობა; ასეთმა საკითხებმა წარმოაჩინა რამდენიმე ისტორიული პირი თუ პოლიტიკური მოვლენა, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქვეყნის იმ პერიოდის ვითარებაზე. დავითიშვილთა და რამაზიშვილთა სამამულო დავის ისტორიის შესწავლის შედეგად, ასევე დგინდება რამაზიშვილთა გენეალოგიაც, რომელიც XVIII-XIX საუკუნეების მიჯნამდე არსებობს (დ.ნინიძე. “აქა ანბავი თვალდამწვრიანთა” (ბაგრატიონ-დავითიშვილები), თბ., 1999.).

სადავითიშვილოში გაყრის რთული პროცესის განხილვის შედეგად ცნობილი ხდება ამ განშტოების ოთხივე “სახლის” წარმომავლობა: 1. “ზაალის შვილები” – გიორგი დავითიშვილის ძის ზაალისაგან, 2. “ელიზბარის შვილები” – იოანე (ივანე) დავითიშვილის ძის ელიზბარისაგან, 3. “შანშეს შვილები” – შანშე რამაზიშვილისაგან, 4. “ლეონის შვილები” – რამაზიშვილთა განაყოფის ლეონ-ლევან რამაზიშვილისაგან.

დავითიშვილთა რეზიდენციისა და საძვალის საკითხი: მათი უმთავრესი რეზიდენცია ფრონეს ხეობაში, დვანისხევის სოფ. ნულშია, ხოლო მეორე ასეთი ცენტრი იგივე ფრონეს ხეობაში – ფცისხევის სოფ. ფცაში. მესამე რეზიდენცია და დავითიშვილთა ასევე ერთ-ერთი ძირითადი სამფლობელო ფცისხევში, სოფ. ფცას ზევით, სოფ. აბანოში მდებარეობს. ბაგრატიონ-დავითიშვილთა განშტოების მთავარი საძვალე კი რუისის ტაძარი უნდა ყოფილიყო.

Untitled-1

ბაგრატიონ-დავითიშვილების აზნაურული შტო

 

 XVIII ს-ის. I ნახევარში, ბაგრატიონ-დავითიშვილების თავადური სახლიდან წარმოიშვა აზნაურული განშტოება, რომლის ფუძემდებელი იყო ბოქაულთუხუცეს ელიზბარის ძე დავით ბაგრატიონ-დავითიშვილის ვაჟი – იესე. მათ წარმომავლობის შესახებ, იოანე ბატონიშვილი თავის თხზულებაში “შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა” აღნიშნავს: “აზნაური დავითიშვილი. ამათნი შთამამავლობანი არიან თავადის დავითიშვილის მონათესავენი და მისვე დროსანი აზნაურად მიღებულნი მეფეთაგან, რომელიც დავსწერეთ დავითის შვილისთვის და არიან მეფეთაგანცა მიღებულ და ტრაკტატსა შინაცა მოხსენებულ”.1 (1. იოანე ბაგრატიონი. შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა. რედაქტორი და გამომცემელი ზ.კაცელაშვილი. თბ., 1997, გვ.63).

XVIII ს-ის. I ნახევარში, ბაგრატოვანთა საგვარეულოში არსებობს მხოლოდ ერთი თავადი დავით ელიზბარის ძე დავითიშვილი, რომლის შესახებ ჩვენამდე მოღწეულია მრავალი ისტორიული დოკუმენტი.2 (2. “საქართველოს სიძველენი”, ტ.II. ე.თაყაიშვილის რედაქტორობით. ტფ., 1909, გვ.333-334,478-479, 481,483; დ.უჩანეიშვილი. დოკუმენტები საქართველოს ეკონომიკური ისტორიისათვის (XVII-XIX სს.). თბ., 1967, გვ.166-167; ქართული სამართლის ძეგლები, ტ.5. ტექსტები გამოსცა და შენიშვნები დაურთო ი.დოლიძემ. თბ., 1974, გვ.217-218, #128; ქართული სამართლის ძეგლები, ტ.7. ტექსტები გამოსცა და შენიშვნები დაურთო ი.დოლიძემ. თბ., 1981, გვ.180-181; ხელნაწერთა ინსტიტუტი, ფონდი Aდ-1520 (ხელნაწერი); ხელნაწერთა ინსტიტუტი, ფონდი Hდ-472 (ხელნაწერი).

მეფე ერეკლე II-ის მიერ, აზნაური დავითიშვილები დასახელებულნი არიან 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატში, როგორც სახასო (სამეფო) აზნაურები. 3 (3. გეორგიევსკის ტრაქტატი. 1783 წლის ხელშეკრულება რუსეთის მფარველობაში აღმოსავლეთ საქართველოს შესვლის შესახებ. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა შესავალი და შენიშვნები დაურთო გიორგი პაიჭაძემ. თბ., 1983, გვ.59).

პირველი დოკუმენტური ცნობა აზნაურ იესე (იასე) დავითის ძე დავითიშვილზე გამოქვეყნებულია ექვთიმე თაყაიშვილის მიერ “საქართველოს სიძველენის” ერთ-ერთ ტომში, სადაც ნათლად ჩანს, რომ თავად დავით ელიზბარის ძე დავითიშვილს (ბაგრატიონ-დავითიშვილს) ჰყავს ძე იესე, კერძოდ: “ნასყიდობის წიგნი. 1728, თებერვალი 6. დავით დავითიშვილი ყიდულობს ხარება ჭოელიძისაგან ვენახს. № 297”. “ქ. ნებითა და შეწევნითა ღვთისათა ესე ამიერის უკუნისამდე ჟამთა და ხანთა გასათავებელი ნასყიდობის წიგნი მოგართვით ჭოელიძემ ხარებამა, შვილმა ჩემმა დათუნამ, ძმისწულმა ჩემმა ტეტიამა და მომავალთა სახლის ჩვენისათა ყოველთავე თქვენ, ბატონს ჩვენს დავითსა, შვილსა თქვენსა იოთამასა და იასესა და ქრისტეფორეს და მომავალთა სახლისა თქვენისათა ყოველთავე, ასე რომე დამეჭირა და მოგყიდე გიორგის წილი ვენახი, მისის გზითა და წყლითა, შესავლითა და გასავლითა. ავიღე ფასი სრული და უკლებელი, რითაც ჩვენი გული შეგჯერდებოდა. და თუ ვინმე შემოგეცილოს, პასუხის გამცემი მე ვიყო. არის ამისი მოწამე: კაცია ჭაქირაძე, ივანე კანდაელი, ქანთრისშვილი პაპუნა. მე იაკობს დამიწერია და მოწამეცა ვარ. დაიწერა წიგნი ესე ფებერვალს ექვსსა, ქ~კსა უივ”.4 (4. “საქართველოს სიძველენი”, ტ.II. ე.თაყაიშვილის რედაქტორობით. ტფ., 1909, გვ.344-345,587).

აზნაური იესე დავითის ძე დავითიშვილი იხსენიება ასევე გვიანდელ საბუთშიც, კერძოდ ლაზარე ვარძიელასშვილის თხოვნით წერილში, სადაც იესე უკვე თავის შვილთან გლახასთან ერთად ჩანს: “მათის უგანათლებულესობის სრულიად საქართველოს მეფის ძის დავითის წინაშე მოსახსენებელი მათის ყმის ვარძიელასშვილის ლაზარესაგან. მე, ჩემო ხელმწიფევ, ქისიყელი გახლავარ, მამაჩემს იქ კაცი შემოკვდომია, აყრილა და ქართლში გხლებია და დავითიშვილს იასეს შეეხიზნა. მამაჩემი თქვენის ჭირის სანაცვლო შეიქმნა. ორი ობოლო დავრჩით. ჩემი ძმა აქ გორს დამიგირავა, მეც ასე მძლავრობს და მაწუხებს. მეტი ღონე არსაითა მაქვს. სანატრელის ბატონის პაპის თქვენის ოქმიცა მაქვს, რომა მას ჩემთან საქმე არა აქს რა. მართალია, ხიზნათ გახლდით იმასთანა, ამის მეტი დავა არა აქვს რა. ის ისე დავითიშვილიც თქვენის ჭირის სანაცვლო შეიქმნა და იმისი შვილი გლახა აღარ მეშვება, ჩემი ყმა ხარო. ხუთი სული ხიზანი გახლავართ. ღმერთი გაგიმარჯვებს, ნუ დაგვკარგავთ. მრავალი ხიზანი კაცი მდგარა ქართლში, მაგრამ ყმობით კი არავინ დასჭიდებია, ჩემო ხელმწიფევ. მაისისა, ქორონიკონს უპე”. ამ საბუთზე შემდგომ მიწერილია ბატონიშვილი დავითის გადაწყვეტილება: “ბატონიშვილი დავით გიბრძანებ დეკანოზიშვილო იოსებ! მერმეთ ამ არზით რომ ასე მოუხსენებია, რადგან ნეტარხსენებულის პაპის ჩვენის ოქმი აცხადებს, რომ ხიზანი ყოფილა და მაგისი ყმა არა, ხელი უნდა აუმართო და სახასოთ იყოს. და თუ საბუთიანი სიტყვა ჰქონდეს ვისმე, ჩვენ მოგვახსენოს და უსამართლოდ არ წავართმევთ. აპრილის ლ, ქორონიკონს უპე”.5 (5. ქართული სამართლის ძეგლები, ტ.VIII. ტექსტები გამოსაცემად მოამზადა და შენიშვნები დაურთო პროფ. ი.დოლიძემ. თბ., 1985, გვ.633).

ცნობები აზნაურ იესე (იასე) დავითის ძე დავითიშვილის ნათესაური კავშირების შესახებ, მოყვანილია ცნობილი ისტორიკოსის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, დავით ნინიძის ნაშრომში “აქა ამბავნი თვალდამწვრიანთა”, სადაც ავტორი წერს: “ამ პერიოდში, კერძოდ, XVIII საუკუნის საბუთებში არაერთი დავითიშვილი გვხვდება, რომელნიც სწორედ აზნაური დავითიშვილნი უნდა იყვნენ: მათი მთელი შტო – 1728 წ. ნასყიდობის წიგნში მოხსენიებული “ბატონი” დავით და მისი შვილები: იოთამი, იასე და ქრისტეფორე; 1800 წ. არზით, “დავითიშვილს იესეს” ჰყავს შვილი გლახა, რომელიც სხვა საბუთებშიც იხსენიება. მათი შტო ასეთ სახეს იღებს: დავით, მისი შვილები – იოთამი, იესე, ქრისტეფორე და შვილიშვილი – იესეს ძე გლახა”.6 (6. დავით ნინიძე. `აქა ამბავნი თვალდამწვრიანთა~. თბ., 1999, გვ.68).

აზნაური გლახა იესეს ძე დავითიშვილი ასევე იხსენიება სხვა საბუთებშიც.7 (7. ქართული სამართლის ძეგლები, ტ.VIII. ტექსტები გამოსაცემად მოამზადა და შენიშვნები დაურთო პროფ. ი.დოლიძემ. თბ., 1985, გვ.369, 656).

აზნაურ გლახა იესეს ძე დავითიშვილის მეორე სახელი დავითი იყო, როგორც ჩანს ბაბუის საპატივცემულოდ: “აზნაური დიმიტრი გლახას ძე, იგივე დავითის ძე დავითოვი…”.8 (8. საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი (სცია), ფ.489, აღწერა 18, საქმე #242). 

აზნაურ გლახა იესეს ძე დავითიშვილის შთამომავალთა შესახებ ბიბლიოგრაფიული მონაცემები სრული სახით მოყვანილია წიგნში – “ბაგრატიონები – საქართველოს სამეფო დინასტიის და მისი განშტოებების გენეალოგია”.9 (9. ი.ბიჭიკაშვილი. ბაგრატიონები – საქართველოს სამეფო დინასტიის და მისი განშტოებების გენეალოგია. თბ., 2016, გვ.259-277).

XVIII-XIX სს. მათი რეზიდენცია სოფელ შინდისში, ხოლო შემდგომ სოფელ კოშკში და კარბში იყო. მათი საგვარეულო საძვალე მდებარეობდა სოფელ შინდისის ნათლისმცემლის და სოფელ კოშკის სტეფანეწმინდის ეკლესიებში. მათი კარის კვირაცხოვლის ეკლესია იყო სოფელ კოშკში. სოფელ კარბში მდებარეობდა ე.წ. დავითიშვილების ციხე-კოშკი, ხოლო სოფელ კოშკში – თავდაცვითი კოშკი.10 (10. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წიგნი 5. წიგნის რედკოლეგიის ხელმძღვანელი ს.კინწურაშვილი. თბ., 1990, გვ.74).

1801 წელს, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსული მმართველობის სისტემის დამყარების გამო, სახასო აზნაურები დავითიშვილები აღიარებული და შეტანილ იყვნენ რუსეთის იმპერიის აზნაურთა სიაში.11 (11. სცია, ფონდი #213, აღ. 1, საქმე #690 (1847 წ.) – Дело о признании в дворянском достоинстве рода Давыдовых; Список князей и дворян Грузии. Спб., 1850, №564; სცია, ფონდი 213, დამატებითი აღწერა, საქმე #2128 (1850 წ.) – Именной, посемейный список лиц, принадлежащих к княжеским и дворянским родам Грузии; ქართლ-კახეთის თავადთა და აზნაურთა ოჯახები. ფოტოტიპიური გამოცემა ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით. თბ., 2005, გვ.128, 129).

რუსული მართველობის დამყარების შემდეგ, აზნაურ დავითიშვილების გვარის დაბოლოება შეიკვეცა და მათ მოიხსენიებდნენ როგორც აზნაურ დავითოვებს ან დავიდოვებს. 12 (12. სცია, ფ.489, აღწერა 18, საქმე #34, ფ.9ვ; სცია, ფ.489, აღწერა 18, საქმე #140, ფ.45ვ; სცია, ფ.489, აღწერა 18, საქმე #1761, ფ.12ვ; სცია, ფ.489, აღწერა 18, საქმე #1766, ფ.11ვ; სცია, ფ.489, აღწერა 18, საქმე #1772, ფ.4ვ; სცია, ფ.489, აღწერა 18, საქმე #1776, ფ.16ვ; სცია, ფ.489, აღწერა 18, საქმე #1780, ფ.6ვ).

მე-XIX საუკუნიდან აზნაურ დავითიშვილების საგვარეულო გაიყო ორ ნაწილად, რომლის ერთი შტო ცხოვრობს სოფელ კარბში, ხოლო მეორე – სოფელ კოშკში.

2014 წელს აზნაურ დავითიშვილების შთამომავლებმა დაიბრუნეს თავისი ისტორიული გვარი – ბაგრატიონი.13 (13. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისევის განვითარების სააგენტოს 2014 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება. ინახება ბეჟან ბაგრატიონის საოჯახო არქივში და `ბაგრატოვანთა სახლის~ არქივში).

დღეს, აზნაურ ბაგრატიონ-დავითიშვილების შთამომავლები ცხოვრობენ, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

თავადი ბაგრატიონ- ბაბადიშები, ბაბადიმიშვილები

ბუნებრივი მოვლენაა, რომ საგვარეულო განშტოებები თავისი სიძლიერით არ იდგნენ ერთ სიბრტყეზე; მსხვილი განშტოებები სამეფო კარს იყვნენ დაახლოებულნი და, ამდენად, მაღალი “სახელოები” ეკავათ, წვრილნი კი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო კნინდებოდნენ – ისინი მეორე და მესამე “ხარისხის” თავადებად ყალიბდებოდნენ.

ბაგრატიონთა სამეფო სახლის ერთ-ერთ განშტოებას მიეკუთვნებიან თავადი ბაგრატიონ-ბაბადიშები. XVII საუკუნის მეორე ნახევარში კახეთის სამეფოს ბაგრატიონთა დინასტიას გამოეყვნენ თავადი ბაბადიშები. მათი გვარის ფუძემდებელი იყო კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის უმცროსი ვაჟი იოსებ (როსებ) ბაგრატიონი. 1820 წელს თავად ბაბადიშების მიერ თბილისის თავად-აზნაურთა საკრებულოში წარდგენილ საბუთში იოსები (როსები) დასახელებულია, როგორც მათი გვარის ფუძემდებელი (საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი (სცია), ფონდი 213, აღწერა 1, საქმე № 420 (1839 წ.), ფ.7-10 – Дело Тифлисского Дворянского Депутатского Собрания о Княжеском происхождении Захария Григорьевича Бабадышева.).

იოანე ბატონიშვილი ბაბადიშების – თავად ბაბადიმიშვილების შესახებ აღნიშნავს, რომ “ამათი წინაპარი არის ბაგრატიონთა შთამამავლობისა იმამ ყულისაგან და არიან თავადნი მესამისა ხარისხისანი” (იოანე ბატონიშვილი. შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა, “ივერია”, V-VI, 1884. ).

XVIII საუკუნის 20-40-იან წლებში, ბაბადიშების თავადური გვარის წარმომადგენელმა – იოსებ გიორგის ძე ბაგრატიონმა (ბაბადიშმა) თავი გამოიჩინა კახეთის მეფეების დიპლომატიურ სამსახურში (Г.Г.Пайчадзе. Русско-грузинские политические отношения в первой половине XVIII века. Тб., 1970, стр.74,190-195).

თავადი იოსებ გიორგის ძე ბაგრატიონი (ბაბადიში), კახეთის მეფეების – კონსტანტინე II-ის, ალექსანდრე III-ის და თეიმურაზ II-ის ელჩი იყო რუსეთში. რუსეთის იმპერიაში ის ცნობილი იყო როგორც “кахетинский князь Иосиф Багратион”. ერთ-ერთ წარდგენილ სიგელში მის შესახებ წერია, რომ ის არის “кахетинский князь и происходит из царской фамилии Багратиони” (Архив Внешней Политики России (АВПР), фонд Сношения России с Грузией, 1724 г., дело № 12; АВПР, 1738 г., дело №4; ავთ. იოსელიანი. დოკუმენტები რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის ისტორიიდან. კახეთის სამეფოს ელჩობა რუსეთში თავად როსებ გიორგის ძის მეთაურობით 1736 წელს. “საისტორიო მოამბე”, ტ.42, თბ., 1946, გვ.393-394; Российский Государственный Исторический Архив (РГИА), фонд 468, опись 1, часть 2-я, дело № 4006 – Багратион Иосиф, Кахетинский князь; АВПР, 1738 г., дело № 4, л.6).

1783 წ. ქართლ-კახეთის თავადებისა და აზნაურების ნუსხაში, რომელიც რუსეთის მთავრობას წარუდგინა ერეკლე II-მ, კახეთის თავადთა შორის დასახელებული არის “თავადი ბაბადიმიშვილი” (ქართული სამართლის ძეგლები, ტ.II. ტექსტები გამოსცა ი.დოლიძემ. თბ., 1965, გვ.484).

ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ 1820 წელს რუსეთის იმპერიის სენატმა დაამტკიცა ბაბადიშები თავადურ წოდებაში (სცია, ფ. 213, აღ. 1, საქმე №420, ფ.7-10).

როგორც ცნობილია, XIX საუკუნის პირველ ნახევარში ქართული თავად-აზნაურობის წარმომადგენლები “სათავადაზნაურო საკრებულოში” (Тифлисское Дворянское Депутатское Собрание) სხვადასხვა დოკუმენტებს წარადგენდნენ იმპერიის წინაშე მათი გვარის წარჩინებული წარმომავლობის დასამტკიცებლად. საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში დაცულია “Дело Тифлисского Дворянского Депутатского Собрания о княжеском происхождении Захария Григориевича Бабадышева” (საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი (სცსა), ფონდი 213, აღწერა 1, საქმე ¹420.).

თავადი ბაბადიშების წარმომავლობა ბაგრატიონთა სამეფო დინასტიიდან ჩანს ასევე მათი საგვარეულო გერბიდანაც. ცნობილი ჰერალდიკოსის ვ.ციხინსკის (ვიკტორ ზინკევიჩის) მიერ შედგენილ თავადთა საგვარეულო გერბების კრებულში ავტორს მოყვანილი ჰყავს ბაბადიშების გერბი, რომელზეც გამოსახულია: გერბის პირველ მინდორში სამეფო კვერთხი და სფერო, მეორეში – ბიბლიური მეფე დავითის ქნარი და შურდული, მესამეში – ზარბაზანი და მეოთხეში – კრავი (В.Цихинский. Кавказский гербовник. Кн. I. Тавадские роды. Петроград, 1922, стр.57 (рукопись)).

ზაქარია ბაბადიშს გარკვეული საბუთები წარუდგენია მისი თავადური წარმომავლობის დასამტკიცებლად, მათ შორის გვარის გენეალოგიაც – “поколенная роспись”. მართალია, მათ თავადობა დაუმტკიცეს, თუმცა, სანამ ქართული გენეალოგიური საზოგადოებისა და თანამედროვე მკვლევართა მიერ ზემოთ მოყვანილი მტკიცებულებები არ იქნა გამოკვლეული, მათი ნამდვილი წარმომავლობა ბაგრატიონებიდან კითხვის ნიშნის ქვეშ იმყოფებოდა.

თანამედროვე კვლევით დადგინდა, რომ ბაბადიშები მომდინარეობენ თეიმურაზ I-ის უმცროსი შვილის იოსებისაგან (როსებ), რომელიც იხსენიება 1641 წლის სიგელში, რომელშიც თეიმურაზ მეფე შვილებითურთ და მეუღლე ხორეშანთან ერთად მოიხსენიებიან. სწორედ ყველაზე უმცროსი შვილია იოსები – როსები, რომლის შესახებაც ცნობები ასევე ჩანს ცნობილ ისტორიულ თხზულებაში “არჩილიანში”.

Untitled-1

იმერელი (ღვანკითელი) ბაგრატიონები

XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, სოლომონ I-ის უმცროსი ძმის – ბაგრატ ბატონიშვილის (1740-1800) უკანონო შვილისგან – სიმონისგან (1771-?) წარმოიშვა იმერეთის სამეფო შტოს გვერდითი განშტოება, რომელიც დღემდე გრძელდება იმერეთში, კერძოდ სოფელ ღვანკითში მცხოვრები ოჯახის სახით. ამ ოჯახის საგვარეულო სტატუსი მრავალ კითხვებს ბადებდა წლების მანძილზე. მკვლევართა ერთი ნაწილი მათ აზნაურულ სტატუსში მოიხსენებდა, ხოლო მეორე თავადურში. არსებული გაურკვევლობა გამოწვეული იყო იმით, რომ ამ ოჯახის საკითხი ბოლომდე სიღრმისეულად შესწავლილი არ იყო.

მიუხედავად ასეთი ვითარებისა, 2006 წლის ბაგრატოვანთა მემორანდუმში, “ბაგრატოვანთა სახლის” იმდროინდელი წინამძღოლის, ბატონიშვილი ნინო ბაგრატიონისა და საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ამ ოჯახს არა აზნაურული, არამედ თავადური სტატუსი ჩაეწერა. მათი ეს გადაწყვეტილება ძირითადათ ეფუძნებოდა ორ წყაროს, ერთი – კერძოდ მთავარი შტაბის მორიგი გენერლის, პოტაპოვის 1831 წლის პატაკს, სადაც ნახსენებ გენერალს მოყავს სოლომონ II-ის მეუღლის, მარიამ დედოფლის თხოვნით წერილში არსებული სიტყვები, რომლებიც ეხება სიმონ როსტომის ძე ბაგრატიონს: “…дед означенного унтер-офицера Семена Багратиона по имени Семен же был побочный сын Царевича Баграта, который был родной брат покойного Имеретинского Царя Соломона I-го, отец же его Ростом Багратион, а рано и унтер-офицер Семен Багратион рождены от законных браков и что фамилия их получила от Имеретинских Царей небольшой удел-имение и крестьян, коими они и по ныне владеют и при них пользовались также Княжеским достоинством, просит во уважение того, что помянутый унтер-офицер Багратион удален из Отечества малолетним единственно за поведение отца своего, который за учиненный им в 1820 году к мятежникам побег, определен был в военную службу рядовым каковым находился в Сумском Гусарском полку и по Высочайшему повелению в 1829 году уволен от службы, доставить ему Семену Багратиону Дворянское звание”.158 და მეორე, საქართველოს მთავარმართებლის ფონდში დაცულ საბუთს, სადაც ბაგრატ ბატონიშვილის უკანონო შვილი სიმონი თავადის წოდებით მოიხსენიება.159

ზემოთ წარმოდგენილი საბუთის საფუძველზე და ასევე, 2006 წლის მემორანდუმის გათვალისწინებით, ჩვენ, აღნიშნულ ოჯახს, ამ დანართშიც თავადურ სტატუსში მოვიხსენიებთ, თუმცა, ჩვენი პროფესიული პასუხისმგებლობა გვავალდებულებს მკითხველს წარვუდგინოთ სიღრმისეული მეცნიერული კვლევა, რომელიც სულ ახლახან, თავად ამ კონკრეტული ოჯახის (ბაგრატიონ-ღვანკითელების) მოთხოვნის საფუძველზე ჩატარდა. 160

ერთია,  ჩვენი პირადი განწყობა და სურვილი, ხოლო მეორე, ისტორიული ჭეშმარიტება და ლეგიტიმიზმი, ამიტომ მკვლევარი ვალდებულია ეს ყოველივე გამოიკვლიოს.

ქართული დინასტიური წესებიდან გამომდინარე, რომლებიც სიღრმისეულად არის განხილული 2016 წელს გამოცემულ წიგნში – “ბაგრატიონები. სამეფო ტახტის მემკვიდრე”,  ბაგრატიონთა საგვარეულოში უკანონოდშობილ შვილთა სტატუსი კანონიერებთან მიმართებაში დამცრობილი იყო და ამას ამტკიცებს მრავალი ისტორიული ფაქტი. 161

უკანონო შვილის უფლებებს ნათლად განსაზღვრავს მრავალი ისტორიული ფაქტი, მათ შორის ვახტაგ VI-ის სამართლის წიგნში არსებული სპეციალური მუხლი, სადაც წერია: “ნაბიჭვრის წილი არ არის მამულში, თუ თავის ძმებს ეყმობა, სხვათ ხელი არა აქვთ, არც ბიძასა და არც ბიძაშვილსა. ძმებმან ერთის ყმის ალაგს უნდა არჩინონ, და თუ არ უნდა ძმებთან ყოფნა, იმათთან არაფერი წილი არა აქვს, ვისთანაც უნდოდეს, წავიდეს, ძმებს პასუხი არა აქვთ, და თუ ძმებს ეყმოს, მათ სიტყვა არა აქვთ, უნდა არჩინონ ყმურად”.162 სწორედ ამიტომაც იყო, რომ ვახტანგ VI-ის შემდეგ ქართლის სამეფო ტახტზე ავიდა არა მისი უფროსი შვილი – ვახუშტი ბატონიშვილი, არამედ უმცროსი ბაქარი, რადგან ეს უკანასკნელი კანონიერი შვილი იყო მეფისა. ასევე, ხაზგასასმელია, რომ ვახტანგ მეფის ეს კანონი არავის არ გაუუქმებია და თითქმის XIX საუკუნის 60-იან წლებამდე ძალაში იყო საქართველოში.

ზოგიერთი პიროვნება ხშირად არასწორ განმარტებას აძლევს ამ საკითხს და საბაბად იმერეთის ტახტზე გარკვეულ პერიოდებში მეფის არაკანონიერი შვილების გამეფების ფაქტებს ეყრდნობა. იმერეთის სამეფო შტოში უკანონო შვილების გამეფების პრეცედენტები არასწორი არგუმენტია იმისთვის, რომ ეს ნორმად, ან ქართული დინასტიური სამართლის წესად მივიჩნიოთ. ეს ფაქტები იმერეთის სამეფო შტოს არასტაბილურობასა და სისუსტეზე მიუთითებს. უკანონო შვილების ტახტზე ასვლა განპირობებული იყო არა ქართული დინასტიური სამართლით, ან ქართული ეკლესიის მხრიდან ამ პრეცედენტების გამართლებითა და მოწონებით, არამედ იმ უბრალო მიზეზით, რომ დროის იმ კონკრეტულ მონაკვეთებში, როცა კონკრეტული მეფე გარდაიცვლებოდა, იმერეთის სამეფო შტოში უბრალოდ არარსებობდა კანონიერად შობილი მემკვიდრე. არადა, გათავისუფლებულ სამეფო ტახტზე ვინმე ხომ უნდა ასულიყო? სწორედ ამიტომაც ხდებოდა მათი ტახტზე ასვლა, ისევე როგორც სხვა გვარის წარმომადგენლებიც ადიოდნენ ხშირად იმერეთის ტახტზე.

კონკრეტულად განვიხილოთ თითოეული მაგალითი: 1) იმერეთის მეფე როსტომ I-ის კანონიერი შვილი ალექსანდრე ბატონიშვილი, მამის სიცოცხლეშივე გარდაიცვალა და 1605 წელს, იმერეთის სამეფო ტახტზე ავიდა კონსტანტინე ბატონიშვილის უკანონო შვილი, გიორგი III (1605-1639).163 2) 1681 წელს გარდაიცვალა იმერეთის მეფე ბაგრატ IV (1660-1681) და ტახტზე ავიდა მისი სიძე, გიორგი III გურიელი (1681-1683). მისი გარდაცვალების შემდეგ იმერეთის სამეფო ტახტზე ავიდა ბაგრატ IV-ის უკანონო შვილი, ალექსანდრე IV (1683-1695).164 3) 1698 წელს იმერეთის სამეფო ტახტზე ადის ალექსანდრე IV-ის ჯერ უფროსი უკანონო შვილი, სიმონ I (1698-1701), ხოლო 1703 წელს უმცროსი უკანონო შვილი, გიორგი VI (1703-1720). 165

ქართლისა და კახეთის სამეფოებში ქართული დინასტიური წესები უფრო მტკიცედ იყო დაცული, შესაბამისად, მეფის უკანონო შვილები, მართალია ინარჩუნებდნენ ბატონიშვილის სტატუსს (ბატონიშვილი ვახუშტის მაგალითი ქართლში), თუმცა სამეფო ტახტზე ვერ ადიოდნენ (გამონაკლისია უკანონო როსტომ ხანის შემთხვევა, როგორც ტახტის უზურპაციის ნათელი მაგალითი), ხოლო მეფის უკანონო შვილის შვილები კი, უკვე თავადის და არა ბატონიშვილის სტატუსში იმყოფებოდნენ, მაგალითად იმერეთის მეფე დავით II-ის (1784-1789) უკანონო შვილი როსტომი, ბატონიშვილის სტატუსით სარგებლობდა, ხოლო მისი შვილი ტარიელი, თურქეთში ცხოვრებისას ატარებდა ჰეიდარ-ბეგის (ბეგი ნიშნავს თავადს) სტატუსს, რაც შემდგომ გაუგვარდათ კიდეც.

ეხლა განვიხილოთ სოფელ ღვანკითში მცხოვრები ოჯახის სტატუსის საკითხი სიღრმისეულად. როგორც ზემოთ მოყვანილ, მარიამ დედოფლის თხოვნითი სიტყვებიდანაც ნათლად დასტურდება, ბაგრატ ბატონიშვილის შვილი სიმონი უკანონოდ შობილი იყო. როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ქართული სამართლის თანახმად, სამეფოს არსებობის დროს, მეფის უკანონო შვილი, მიუხედავად იმისა, რომ ინარჩუნებდა ბატონიშვილის სტატუსს, კარგავდა ტახტზე ასვლის უფლებას და ტახტზე მისი კანონიერი ძმა ადიოდა. თუ კანონიერად შობილ ბატონიშვილს ყავდა უკანონო შვილი, ის უკვე არა ბატონიშვილის, არამედ თავადის სტატუსს ღებულობდა, რის ნათელ მაგალითსაც წარმოადგენს თვით ბაგრატ ბატონიშვილის შვილების საკითხი, კერძოდ, ბაგრატის კანონიერი უმცროსი შვილი დავითი სარგებლობს ბატონიშვილის სტატუსით, რასაც მრავალი ისტორიული დოკუმენტი მოწმობს: во время бунта бывшего в Имеретии в 1820 году, находясь при Царевиче Давиде…”;166Давид Багратион Батонишвили [Царевич, i.b.]”;167Царевич Давид Багратион”;168Отправленные в Россию: Семейство Царевича Давида…”;169Отпущенные в Имеретию: Находящиеся в услуге при семействе Давида Царевича…”;170Умершие из семейства Давида Царевича…”;171Список семейства Давида Царевича”;172 “О возвращении из казенного ведомства имения семейству Царевича Давида Багратиона”;173По Высочайшему повелению, о возвращении из казенного ведомства имения семейству Царевича [Давида, ი.ბ.] Багратиона”;174 ხოლო უკანონო სიმონი, მიუხედავად იმისა, რომ იგი ასაკით დავითზე უფროსია, თავადის სტატუსით კმაყოფილდება.175

შესაძლოა ყოველივე ამაზე დაგვესრულებინა ამ კონკრეტულ ოჯახთან დაკავშირებული კვლევა, რაც ფაქტობრივად მარიამ დედოფლის მოწმობასაც ეთანხმება და დაგვედგინა, რომ ბაგრატ ბატონიშვილის უკანონო შვილის სიმონის სახით იმერეთის სამეფო სახლს, ჯერ კიდევ XVIII ს-ში, გამოეყო თავადური განშტოება, რისი მაგალითებიც ისტორიულად,  ბაგრატიონთა სხვა სამეფო სახლებშიც მომხდარა, მაგალითად ბაგრატიონ-დავითიშვილების, ბაგრატიონ-მუხრანსკების და ა.შ. თუმცა, აღმოჩნდა გარკვეული ისტორიული დოკუმენტები, რომელთა იგნორირების უფლება, წმინდა მეცნიერული თვალსაზრისით, არ გვაქვს და საჭიროა მათი ქრონოლოგიურად განხილვაც.

ყველაზე ადრინდელ საბუთს, რომელიც ასახელებს ამ ოჯახის ერთ-ერთ წინაპარს, წარმოადგენს 1820 წლის აღწერილობა. ეს დოკუმენტი ეხება ბატონიშვილი დავით ბაგრატის ძე ბაგრატიონისათვის მამულის ჩამორთმევის და რუსეთის სახელმწიფო ხაზინისათვის გადაცემის ფაქტს. დასჯის მიზეზი კი იყო ის, რომ 1819-1820 წლებში, ბატონიშვილი დავითი იყო იმერეთის აჯანყების ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი. აღნიშნულ დოკუმენტში ნაჩვენებია ბატონიშვილი დავითის პირადი აზნაურებისა და გლეხების ჩამონათვალი, სადაც მე-16 ნომრად ჩაწერილია უკანონოდშობილი აზნაური როსტომ ბაგრატიონი – “№16. Дворянин незаконнорожденный Ростом Багратион”.176.  როგორც მოყვანილი საბუთიდან ნათლად ჩანს, როსტომ სიმონის ძე ბაგრატიონი ირიცხებოდა საკუთარი ბიძის, დავით ბატონიშვილის პირად აზნაურად, ანუ ვახტანგ VI-ის სამართლის თანახმად, იგი ეყმო თავისი მამის კანონიერ ძმას, ისევე, როგორც ჯერ კიდევ მისი მამა, თავადი სიმონ ბაგრატის ძე “იმყოფებოდა მფლობელობასა შინა მის ბაგრატისასა, ხოლო შემდგომ სიკვდილისა მისისა [ანუ ბაგრატისა, ი.ბ.], მამისა მისის ივანესა ბატონიშვილის დავითისა”.176

როგორც ამ ისტორიული დოკუმენტიდან ნათლად ჩანს, ბაგრატ ბატონიშვილის შემდეგ ორ თაობაში მტკიცედ იყო დაცული ვახტანგ მეფის ქართული სამართლის წესი, რის თანახმადაც უკანონოდ შობილი სიმონ ბაგრატიონი, ჯერ იყო საკუთარი მამის “მფლობელობის” ქვეშ, ხოლო მამის გარდაცვალების შემდეგ მისი კანონიერი ძმის – დავით ბატონიშვილის.

ასევე, როგორც იგივე დოკუმენტიდან ჩანს, როსტომი, არა თავადის, არამედ აზნაურის წოდებით არის დასახელებული, თანაც უკანონოდ შობილადაც, რაც ძალზედ საყურადღებო ფაქტია, რადგან მკვლევართათვის აქამდე ცნობილი იყო, მხოლოდ როსტომის მამის – სიმონ ბაგრატის ძე ბაგრატიონის უკანონოდ შობილობა – “…როსტომ ბაგრატიონი… უკანონოდ შობილის ძისა ბატონიშვილის ბაგრატის სიმონისა”.177

როსტომ სიმონის ძე ბაგრატიონის აზნაურობაზე მოწმობს ასევე სხვა დოკუმენტებიც, თუმცა განვიხილოთ კიდევ ერთი მათგანიც, კერძოდ, 1850 წლის 28 აპრილით დათარიღებული დოკუმენტი, რომელიც ეხება მიწასთან დაკავშირებულ იურიდიულ დავას, რომელშიც წერია: “Против иска по настоящему документу ответчик опекун князь Хидирбегов возразил, что продавец имения обозначенного в документе от 28 апреля 1850 года крестьянин Симон Твалиев Гавашелашвили принадлежал помещику дворянину Ростому Багратиону, а последний был подвластным азнауром деда опекаемого им, ответчиком, малолетнего сироты Светлейшего князя Багратиона, а потому ни Ростом Багратион, ни его крестьяне самостоятельно не могли распоряжаться землями…” (Государственный Исторический Архив г. Кутаиси, Фонд 1, Оп. 1, дело №3556 (9 ноября 1904 г.), (лист.19-20).

ზოგიერთი მკვლევარი როსტომის უკანონოდ შობილობას რუსეთის ხელისუფლების მზაკვრულ გამონაგონს მიაწერს იმ მიზეზით, რომ თითქოს რუსეთს სურდა განსაკუთრებით ამ კონკრეტული ოჯახის დასჯა, მათი აჯანყებაში მონაწილეობის გამო. ეს არგუმენტი სრულებით მოკლებულია ელემენტარულ ლოგიკასაც კი, რადგან, ჯერ ერთი, თუკი 1819-20 წლების აჯანყებით გამწარებულ რუსეთის ხელისუფლებას ვინმეს დასჯა ქონდა განზრახული, ისედაც დასჯიდა მას გადასახლებით, კარ-მიდამოს, ან მამულის ჩამორთმევით ან სტატუსის სრულებით გაუქმებით, რაც განახორციელა კიდეც ბატონიშვილი დავითის ოჯახთან მიმართებაში, თუმცა აზნაურობის სტატუსამდე დავით ბატონიშვილის ოჯახი არ ჩამოუქვეითებია. რუსეთი მზაკვარი და დაუნდობელი იყო ყველას მიმართ, ვინც იმპერიის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ პიროვნებათა სოციალური სტატუსის განსაზღვრის თვალსაზრისით მკაცრი და შეძლებისდაგვარად უშეცდომო. მეორეც, თუკი რუსეთს ვინმეს სამაგალითოდ დასჯა უნდა ნდომებოდა აჯანყების გამო, ეს პირველრიგში უნდა ყოფილიყვნენ ამ აჯანყების მეთაურები, სულისჩამდგმელები და არა რიგითი მონაწილეები, როგორიც მაგალითად როსტომ ბაგრატიონი იყო, რადგან ის აჯანყებაში იმყოფებოდა თავის ნათესავ-მემამულესთან, თავის ბატონთან – დავით ბატონიშვილთან, აჯანყების ერთერთ ლიდერთან (“находился при Имеретинском Царевиче Давиде”), რომელიც ამ აჯანყების დროს მოკლულ იქნა. რასაც თავად როსტომიც ადასტურებს თავის განცხადებისას – ” По возмущению сей страны в 1820 году, он по несчастию вмешался в партию составленную дядем его по отцу Князем Давидом. По убиении сего последнего, он добровольно явился в г. Кутаис к Российскому Правительству с восьми летним сыном своим Семеном, надеясь получить чрез таковой его поступок прощение от Правительства”.178  

როგორც აღვნიშნეთ, ამ აჯანყების დროს დაიღუპა დავით ბატონიშვილი. დავითის უფროსი ვაჟი, 10 წლის ივანე აჯანყებულებმა გადამალეს თურქეთში, ხოლო 4 წლის თეიმურაზი რუსეთის ხელისუფლებამ გადაასახლა რუსეთში, სადაც მას ჩამოართვეს ბაგრატიონის გვარისა და წოდების ტარების უფლება. თუკი როსტომ ბაგრატიონის ოჯახი ქართველ აჯანყებულთათვის, რამენაირად მაინც მნიშვნელოვანი იყო რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაშინ, რატომ არ გადამალეს აჯანყებულებმა მისი მცირეწლოვანი შვილი სიმონიც?

მიუხედავად იმისა, რომ დავით ბატონიშვილის ოჯახი, რომლის წევრები მართლაც საშიშროებას წარმოადგენდნენ რუსეთის იმპერიისთვის, რაც 4 წლის ბავშვის გადასახლებითაც დადასტურდა, რუსეთის მთავრობამ 1831 წელს, თურქეთიდან დაბრუნებულ ივანეს (დავითის უფროს ძეს) დაუბრუნა მამული და წოდება, ხოლო უმცროს ძმას, თეიმურაზს მოგვიანებით აღუდგინა იგივე უფლებები და არ ჩამოუქვეითებია ისინი აზნაურულ წოდებამდე! 179

როსტომ სიმონის ძის უკანონოდ შობილობის შესახებ, ასევე მოწმობს 1829 წლის, 2 ოქტომბრის საბუთი, რომელიც განიხილავს ამ უკანასკნელის თხოვნას სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. სადაც წერია “Обьявитель сего, служившим в Сумском Гусарском полку рядовым, Ростом Багратион, как по полковому формулярному списку значится 39-ти лет, уроженец Имеретинского Княжества, незаконнорожденный сын Князя Симона Багратиона”.180 ზემოთ მოყვანილი დოკუმენტის ქართული თარგმანი მოყავს მკვლევარ მანანა ხომერიკს თავის, 2012 წელს გამოცემულ წიგნში: “ამის წარმდგენელი, სუმის ჰუსართა პოლკში რიგითად მოსამსახურე როსტომ ბაგრატიონი, როგორც ფორმულარულ სიაშია აღნიშნული, 39 წლის “იმერეთის სამთავროდან”, თავადი სიმონ ბაგრატიონის უკანონო შვილი…” თუ შევადარებთ რუსულ ორიგინალ ტექსტს, მის ქართულ თარგმანთან, რომელიც ქ-ნ მ.ხომერიკს ეკუთვნის, ნათლად ვლინდება “მთარგმნელის” მიერ ორიგინალი ტექსტის დამახინჯება, რადგან уроженец Имеретинского Княжества ითარგმნება შემდეგნაირად – იმერეთის სამთავროს მცხოვრები და არა “იმერეთის სამთავროდან”, თან, რატომღაც ბრჭყალებში?! 181

ასევე, მთავარი შტაბის მორიგი გენერლის, პოტაპოვის 1831 წლის პატაკში, გარდა მარიამ დედოფლის თხოვნითი სიტყვებისა, მოყვანილია როსტომ ბაგრატიონის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების საქმე:  “Из дела производившегося в Инспекторском Департаменте об увольнении от службы отца унтер-офицера Багратиона рядового Сумского Гусарского полка Ростома Багратиона видно, что он происходит из незаконнорожденных детей Имеретинского князя Симона Багратиона”.182

ამ დოკუმენტიდანაც ჩანს, რომ როსტომ ბაგრატიონი არაკანონიერი შვილი იყო თავადი სიმონისა, შესაბამისად, ქართული სამართლის თანახმად თავადის უკანონო შვილი, უკვე აზნაურის წოდებას ღებულობდა. ე.ი. საქმე გვაქვს ორმაგ უკანონოდ შობილობასთან ხაზში, რაც ადასტურებს ბატონიშვილი ნინოს ზეპირგადმოცემასაც, როცა «ბაგრატოვანთა სახლის” უხუცესი წინამძღოლი იხსენებდა მის წინაპართა გადმოცემას იმის თაობაზე, რომ მისი ნათესავები, ანუ სიმონ ბაგრატის ძის შთამომავალნი, სტატუსობრივად აზნაურის წოდებას ატარებდნენ და მისი წინაპრების მამულში ირიცხებოდნენ, თუმცა როგორც ზემოთ უკვე ვახსენეთ, ბატონიშვილმა ნინომ, 2006 წლის მემორანდუმში, ეს ოჯახი, მიუხედავად ყოველივესი, თავადური სტატუსით დააფიქსირა.

შესაბამისად ჩნდება ლოგიკური კითხვები, თუკი, რუსეთის მთავრობას, აჯანყების ერთერთი მეთაურის ოჯახი (ბატონიშვილი ნინოს წინაპრები) სტატუსით არ ჩამოუქვეითებია და მეტიც, მის წევრებს, აღუდგინა კიდეც პირვანდელი წოდებრივი მდგომარეობა, მაშ რაში უნდა დასჭირვებოდათ მათთვის პოლიტიკურად არასაშიში თავადური ოჯახის აზნაურულ ხარისხამდე ჩამოქვეითება? ის რომ რუსეთისთვის როსტომ ბაგრატიონი არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენდა, ამაზე ხომ გარკვეული ისტორიული დოკუმენტებიც მოწმობენ, კერძოდ თბილისის სამხედრო გუბერნატორის, გენერალ-ლეიტენანტის ბროიკოს პატაკი რუსეთის იმპერიის სამხედრო მინისტრთან, სადაც წერია: “имею честь почтеннейше донести, что к возвращению имеретинца Ростома Багратиона на родину, я с своей стороны, согласно с местным Грузино-Имеретинского Гражданского Губернатора, которого о сем запрашивал, непредвижу никаких препятствий, и не имею ни малейшего повода к сомнению, чтобы возвращение его Багратиона в Имеретию могло иметь какое-либо влияние на имеретинский народ”.183

მეტიც, როსტომ ბაგრატიონის ფიგურა რომ არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენდა რუსეთის მთავრობისთვის, დასტურდება იმითაც, რომ როსტომი, აჯანყების ჩახშობის შემდეგ, თავის 8 წლის შვილთან – სიმონთან ერთად, საკუთარი ნებით განცხადდა რუსეთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რაზეც მოწმობს შემდეგი დოკუმენტი: “По убиении сего последнего [Царевича Давида, ი.ბ.], он [Ростом, ი.ბ.] добровольно явился в г. Кутаис к Российскому Правительству с восьмилетним сыном своим Семёном, надеясь получить чрез такой его поступок прощение от Провительства”.184

იგივეს ადასტურებს მარიამ დედოფალიც თავის თხოვნით წერილში, სადაც წერია: “Имеретинская Царица Мария в прошении к Господину Управляющему Главным Штабом Его Императорского Величества… просит воуважение того, что помянутый унтер-офицер Багратион удален из Отечества малолетним единственно за поведение отца своего, который за учиненный им в 1820 году к мятежникам побег, определен был в военную службу рядовым каковым находился в Сумском Гусарском полку и по Высочайшему повелению в 1829 году уволен от службы, доставить ему Семену Багратиону Дворянское звание”.185

რასაც თავის მხრივ ადასტურებს ისტორიკოსი მანანა ხომერიკიც თავის წიგნში: “…1819 წელს, იმერეთში მომხდარი ბუნტის დროს, როსტომ ბაგრატიონი იმყოფებოდა თავის ბიძასთან, იმერეთის ბატონიშვილ დავითთან, იმალებოდა აჯანყების დასრულებამდე, რის შემდეგაც თავად გამოცხადდა იქაურ ხელისუფლებასთან”.186 როგორც დოკუმენტებიდან ნათლად ჩანს, როსტომ ბაგრატიონი თავისი ნებით მივიდა რუსეთის ხელისუფლებასთან და ითხოვდა შეწყალებას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ როსტომი, შეუპოვარი სულის მქონე, ან შეურიგებელი მებრძოლი არ ყოფილა, პირიქით, იგი, როგორც ამას ქ-ნი მანანა ხომერიკი წერს “იმალებოდა აჯანყების დასრულებამდე”, მაშ, აბა რას უნდა გამოეწვია რუსეთის მხრიდან მისი განსაკუთრებული დასჯის სურვილი? შესაბამისად, კვლავ გაუგებარია, რატომ უნდა ჩამოექვეითებინა რუსეთის ხელისუფლებას მაინცდამაინც ეს ოჯახი სტატუსობრივად? თანაც, აწ უკვე რუსეთის ხელისუფლების წინაშე მონანიებული ოჯახი? ალბათ, სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ რუსეთმა 1831 წლის შემდეგ, ყველა მონანიებულ ოჯახს აღუდგინა პირვანდელი სტატუსი და შესაბამისად, როსტომ ბაგრატიონის ოჯახსაც ის სტატუსი, რაც ამ ოჯახს აჯანყებამდე რეალურად გააჩნდა.

ასევე, საინტერესო რამ ხდება ამ შტოს მესამე თაობაში (როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ამ უკანონო განშტოების პირველი ორი თაობა ქართული (ვახტანგისეული) სამართლის შესაბამისად ცხოვრობდა), როცა, აწ უკვე კანონიერად შობილმა სიმონ როსტომის ძემ,  1853 წლის 4 ივნისს,  ქუთაისის სათავადაზნაურო დეპუტატთა საკრებულოს მიმართა თხოვნით, რათა მისთვის თავადური ღირსება დაემტკიცებინათ. ქუთაისის სათავადაზნაურო საკრებულომ განიხილა ეს საქმე და არასაკმარისი მტკიცებულებების გამო მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 187

1915 წლის ერთერთ საეკლესიო ჩანაწერში, რომელიც სოფელ ღვანკითის წმ. სამების ეკლესიის მეტრიკულ წიგნშია მოყვანილი, დაფიქსირებულია მიხეილ სიმონის ძის დაბადება, სადაც ნათლად ჩანს ამ ოჯახის სტატუსი: “წ. 1915, 4 მაისი, მოინათლა 10 მაისს, მიხეილი, მშობლები – აზნაური სიმონ როსტომის ძე ბაგრატიონი და სჯულიერი ცოლი მისი ანნა ირაკლის ასული, ორნივე მართლმადიდებლური სარწმუნოებისა”  (ფონდი 489, აღწერა 27, საქმე №967, გვ.11ა).

ასევე ყურადსაღებია ის, რომ გენეალოგიურ ტაბულებში, რომლებიც იმერეთის სამეფო შტოს გენეალოგიურ აღწერას ასახავდა და სხვადასხვა დროს წარდგენილი იყო ქუთაისის სათავადაზნაურო დეპუტატთა საკრებულოში, არსად სიმონ ბაგრატის ძე ბაგრატიონის ხაზი არ არის მოყვანილი. მაგალითად: 1) ბატონიშვილის ივანე დავითის ძე ბაგრატიონის (1810-1869) მუხლობრივი აღწერა (XIXს.);188 2) ბატონიშვილის ივანე დავითის ძე ბაგრატიონის (1810-1869) მუხლობრივი აღწერა (1869 წ.);189 3) ბატონიშვილის ალექსანდრე ივანეს ძე ბაგრატიონის (1851-1895) მუხლობრივი აღწერა (1869 წ.);190 4) ბატონიშვილის დავით ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკის (1894-1937) მუხლობრივი აღწერა (1903 წ.).191 მხოლოდ ერთხელ, თვით სიმონ როსტომის ძე ბაგრატიონის მიერ სათავადაზნაური დეპუტატთა საკრებულოსადმი წარდგენილ გენეალოგიურ ფრაგმენტში არის მისი განშტოება მოყვანილი. 192

GVANKITI GEN..cdr

 

* * *

სამწუხაროდ, ზოგიერთი პიროვნება მცდარად მიიჩნევს, რომ ბატონიშვილის წოდება მხოლოდ მეფის შვილს ეკუთვნოდა, ხოლო ბატონიშვილის შვილს კი უკვე თავადისა. სწორედ ამიტომ, გვსურს დავაფიქსიროთ, რომ სამეფო ოჯახის, ხაზს უსვამთ – სამეფო ოჯახის კანონიერი მემკვიდრეები, სამეფო ტახტის გაუქმების შემდგომაც კი, თითქმის XIX ს. 60-იან წლებამდე ბატონიშვილებად (Царевич, Царевна) იწოდებოდნენ. თანაც, არა მხოლოდ მეფე გიორგი XII-ის შვილები, არამედ მისი შვილიშვილ-შვილთაშვილებიც კი. (იხ. Российский  Государственный  Исторический  архив,  Департамент Общих  Дел  МВД,  Фонд  № 1284, опись  235  (Опись  делам   главного  пристава  при  членах  бывших  Царских Закавказских   Домов), 1804-1861 гг., Переписка о Царевичах, Царевнах и детях их.  – Дело № 44 (1807 г.); Дело № 58 (1815 г.); Дело № 60 (1811 г.); Дело № 251 (1861 г.).

ამას, ასევე ადასტურებს თეიმურაზ ბატონიშვილის ნაშრომი – “Сведения о Грузинских Царевичах и Царевнах” (1841 г.) ხოლო,  XIX ს-ის, უკვე 60-იანი წლებიდან რუსეთის იმპერიამ სამეფო ოჯახის კანონიერ მემკვიდრეებს – ბატონიშვილებს, სხვა გვერდითი თავადი თუ აზნაური ბაგრატიონებისაგან გამოსარჩევად, ანუ მეფის შთამომავლებს უგანათლებულესობის წოდება მიანიჭა (Светлейший).

ქართული დინასტიური სამართლის თანახმად, სამ სამეფოში წარმოშობილი გვერდითი თავადური თუ აზნაურული განშტოებები, არც ისტორიულად წარსულში და არც დღეს, არ განიხილებიან სამეფო მემკვიდრეობითი უფლებების მქონედ, ან საქართველოს სამეფო სახლის წევრებად, მით უმეტეს, როდესაც არსებობს საქართველოს ჭეშმარიტი სამეფო ოჯახი.

2010 წლის განცხადებაში დაბრუნება

Gerbi patara zoma